ხელოვნება სასტუმროს ინტერიერში

ქალაქი უმეტესწილად იმ ხელოვნებასთან ასოცირდება, რომლითაც ხვდება სტუმრებს. სასტუმროს კი, როგორც წესი, იმის მიხედვით ვირჩევთ, რამდენად ახლოსაა მასთან ყველა ის ობიექტი, რომელთა ნახვაც გვსურს ამ ქალაქში. ასე რომ, ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია მანძილზე სასტუმროდან მუზეუმებამდე, საგამოფენო დარბაზებამდე, საუკეთესო რესტორნებამდე, სავაჭრო ცენტრებამდე ან სხვა ეზოთერული სიამოვნების მომნიჭებელ ადგილებამდე. თუმცა, თუ ჩვენს მთავარ სამიზნედ ხელოვნებას ვირჩევთ, შეგვიძლია დავბინავდეთ სასტუმროში, რომელიც მასპინძლობს ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრების მსოფლიო დონის გამოფენას და ამგვარად, სასტუმრო თავად მოიტანს ამ გამოფენას ჩვენამდე.

Ellerman House, კეიპტაუნი

გემთმშენებლობის მაგნატ ლორდ ჯონ ელერმანის ყოფილი სახლი, რომელიც ბენტრი-ბეის რაიონში, პირდაპირ ლაიონზ-ჰედის მთის ფერდობზეა აღმართული, ამჟამად 14-ოთახიან მდიდრულ სასტუმროდაა ქცეული. სასტუმრო ამაყობს თავისი არაჩვეულებრივი ხედებით და ძირითადად თანამედროვე სამხრეთაფრიკული ხელოვნების ნიმუშთა მდიდარი კოლექციით, აქ იხილავთ გრეგუარ ბუნზაიერის Washer Woman-ს („მრეცხავი ქალი“), უილიამ კენტრიჯის Growing Old-ს („დაბერება“) და ირმა შტერნის The Cotton Pickers-ს („ბამბის მკრეფავები“). ამ უკანასკნელის ნამუშევრებს ერთი ოთახი აქვს დათმობილი. გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთით და მხოლოდ სასტუმროს რეგისტრირებული სტუმრებისთვის. გამოფენას კონკურენციას უწევს ატლანტის ოკეანის თვალწარმტაცი ხედები და, შესაძლოა, სასტუმროს რესტორნის ადგილობრივი ღვინოების გრძელი სია.

Ritz-Carlton Millenia, სინგაპური 

სასტუმრო Ritz-Carlton Millenia ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმრო სინგაპურში. გარდა ამ სტატუსისა, ის განთქმულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საკუთარი გამოფენით, რომლის 4 200 ექსპონატის საერთო ღირებულება $5 მილიონია. აქ იხილავთ ფრენკ სტელას (მისი Cornucopia („სიუხვის რქა“) მარცხნივ არის ნაჩვენები), დეილ ჩიჰულის, რომელმაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა მინის სკულპტურის ხელოვნება, ასევე დევიდ ჰოკნისა და მეოცე საუკუნის სხვა მხატვრების ნამუშევრებს. ხელოვნების ნიმუშთა 90% თვითონ ამ სასტუმროს შეკვეთით შესრულდა. იმისათვის, რომ დაათვალიეროთ სასტუმროს ვესტიბიულის კედლებზე გამოფენილი ნახატები - დაწყებული უორჰოლით, დამთავრებული ჰუ ვეით - სასტუმროში დაბინავება არ გჭირდებათ. როგორც სასტუმროს სტუმრებს, ისე ფართო საზოგადოებას შეუძლიათ ისარგებლონ უფასო აუდიოტურით, რომელიც გაგაცნობთ საინტერესო დეტალებს, მათ შორის - თვით სასტუმროს არქიტექტურის შესახებაც. აუდიოტური მიჰყავს პრიცკერის პრემიის ლაურეატ კევინ როშეს - თანამედროვე ხელოვნების ამ საოცარი და ბრწყინვალე ნიმუშის პროექტის ავტორს. ტურის მოსმენა შესაძლებელია ინგლისურ, ჩინურ და იაპონურ ენებზე.

Hotel Negresco, ნიცა

რომ არ ყოფილიყო რესტორანი Le Chantecler-ი ან რომ არ მდგარიყო ისეთ შესანიშნავ ადგილას, როგორიცაა ბაიე-დე-ანჟი (ყურე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე), სასტუმრო Negresco (რომელიც წელს თავისი არსებობის მეასე წლისთავს იზეიმებს) მაინც სახელგანთქმული იქნებოდა ფრანგული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების თავისი კოლექციით, რომელიც უკვე სამ საუკუნეს ითვლის. საითაც გაიხედავთ, ყველგან სიურპრიზი გელით: ბელგიური ხალიჩა, მოქსოვილი 1863 წლის სამეფო ქორწილისთვის; 16 800 ცალი Baccarat-ის ფირმის ჭაღი; და ამ ყველაფრის ფონზე - პიკასოს, დალისა და კოქტოს ნამუშევრები. ხელოვნების ყველა ეს ნიმუში ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც სასტუმროს ნომრების კედლებს ამშვენებს. ამ კოლექციის დათვალიერება სრული კმაყოფილების განცდას მოგანიჭებთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სასტუმროსთან ძალიან ახლოს შაგალისა და მატისის მუზეუმები მდებარეობს.

Dolder Grand, ციურიხი

ამ სიის ყველაზე პატარა კოლექცია იმავდროულად ყველაზე ეკლექტიკურიცაა და ისეთივე შთამბეჭდავი, როგორიც დიდი გამოფენები. შიდა ეზოს ცენტრალური ობიექტია საოცარი ჟან დიუბუფეს Tour aux Figure, maitre modele, რომელიც ტონს აძლევს დანარჩენ ვიზუალურ გამოცდილებას. ტერასაზე ხუან მიროს ნამუშევარი კიდია, კამილ პისარო კი სასადილო ოთახს ამშვენებს. არანაკლებ სასიამოვნოა თანამედროვე ტალანტის გამობრწყინება ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორებიც არიან კეით ჰეირინგი და გერჰარდ რიხტერი. ეს სასტუმრო განსაკუთრებით მიმზიდველია ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლითაა დაფარული და შეგიძლიათ ისრიალოთ ყინულის მოედანზე, საიდანაც ციურიხის მშვენიერი ხედები იშლება.

Merrion Hotel, დუბლინი

სასტუმრო Merrion-ი განსაცვიფრებელია თავისი სრულყოფილი ბალანსით ტრადიციულ გეორგიანულ და თანამედროვე სტილთა შორის, რაც იგრძნობა როგორც მის ნომრებში, ისე ხელოვნების ნიმუშების რუდუნებით შეგროვილ კოლექციაში. 1995 წელს ადგილობრივი ოსტატების დახმარებით დაიწყო სასტუმროს შენობის სრული განახლება, რის შედეგად მივიღეთ XVIII საუკუნის მდიდრული ატმოსფერო, გაზავებული XXI საუკუნის უახლესი ტექნოლოგიებით. ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია მოიცავს პოეტ უილიამ ბატლერ იეიტსის, ასევე პირველი ირლანდიელი კუბისტი მხატვრის, მეინი ჯელეტის, ნამუშევრებს. კერძო ტურებისათვის საჭიროა წინასწარი შეკვეთა ახლომდებარე ეროვნული გალერეის ან კონსიერჟის საშუალებით.

წინა სტატია

ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ გავლენას
15 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ფული, სექსი და ძალაუფლება: როგორ მივიღოთ ერთ-ერთი მათგანი დიდი რაოდენობით?
18 თებერვალი, 2014
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა