მდიდრდება თუ ღარიბდება საქართველო?

ქვეყნის სიღარიბე და სიმდიდრე შედარებითი ცნებებია. იმის გასარკვევად, თუ რამდენად ღარიბია/მდიდარია საქართველო, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი უნდა შევადაროთ სხვა ქვეყნებისას. მაგალითად, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, იაპონიაზე, სინგაპურზე, ავსტრალიასა და ასევე ბევრ სხვა ქვეყანაზე ღარიბია, მაგრამ სომალისთან, ავღანეთთან, ყირგიზეთთან, პაკისტანთან, ინდოეთსა და სხვა უღარიბეს ქვეყნებთან შედარებით მდიდარია. ერთ მოსახლეზე შემოსავალს განსაზღვრავს როგორც ეკონომიკის (მშპ-ის) სიდიდე, ისე მოსახლეობის რაოდენობა. ეკონომიკის სიდიდე არის მოსახლეობის მიერ წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული ერთობლივი შემოსავალი. ბუნებრივია, ეს შემოსავალი რაც უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდება, საშუალოდ ერთ ადამიანს უფრო ნაკლები შეხვდება.

ერთ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვანაირად შეიძლება გაიზომოს, მაგალითად: ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე ფასებში (ნომინალური შემოსავალი), ეროვნულ ვალუტაში ფიქსირებულ ფასებში (რეალური შემოსავალი), უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარს იყენებენ) მიმდინარე ფასებში და ე.წ. საერთაშორისო დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (Purchasing Power Parity – PPP).

რომელი მეთოდით დათვლილი შემოსავალი უნდა გამოვიყენოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის ვიყენებთ ამ მაჩვენებელს. ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ნომინალური და რეალური შემოსავლები ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ რეალური შემოსავალი ინფლაციით ეკონომიკის ზრდის ეფექტს გამორიცხავს (რადგან ეკონომიკის სიდიდე წარმოებული პროდუქციისა და ფასების ნამრავლის ჯამია, ფასების ზრდა, იგივე ინფლაცია, ნომინალურ ეკონომიკას ზრდის). შესაბამისად, თუ გვინდა გავიგოთ, ქვეყნის შიგნით ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი იზრდება თუ არა, რეალური შემოსავლის ცვლილება უნდა ვნახოთ.

საქართველოში ერთ მოსახლეზე რეალურ შემოსავალს ზრდის ტენდენცია აქვს. 2004 წელს 3 396 ლარი იყო, 2016 წელს კი 7 269 ლარი შეადგინა. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით მკვეთრი ზრდა საყოველთაო აღწერის შედეგებითაა გამოანგარიშებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონი ადამიანი იყო, როცა 2014 წლის დასაწყისში ოფიციალურად 4.5 მილიონი ადამიანი აღირიცხებოდა. რომ არა მოსახლეობის შემცირება, 2015-2016 წლებში ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი 1000 ლარით ნაკლები იქნებოდა. 2010-2016 წლებში შემოსავლის საშუალო ზრდის ტემპი 7.5% იყო, როცა ამავე პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპმა 4.8% შეადგინა. სხვაობა მოსახლეობის რაოდენობის კლებით აიხსნება.

ის, რომ საქართველოში ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი იზრდება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველო მდიდრდება. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ქვეყნის სიმდიდრე/სიღარიბე სხვა ქვეყნებთან შედარებით განისაზღვრება. სხვა ქვეყნებთან შედარებისას უნდა გამოვიყენოთ ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ. ეს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ნომინალში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3,715 დოლარს მიაღწევს, მსყიდველობითი უნარის მიხედვით ის 10,645 დოლარს გაუტოლდებოდა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში გარკვეული პროდუქციის შეძენაზე თუ დავხარჯავთ 10,645 დოლარს, იმავე პროდუქციის შესაძენად საქართველოში საკმარისი იქნება 3,715 დოლარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს, ერთ მოსახლეზე 10,645 PPP დოლარის შემოსავლით, მსოფლიოს 187 ქვეყანას შორის საქართველო 106-ე ადგილს დაიკავებს. 2016 წლის მონაცემებითაც 106-ე ადგილზე ვიყავით. თუ ვნახავთ 2004 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს, საქართველოს პოზიტიური ტენდენცია აქვს, თუმცა პროგრესის ტემპი საკმაოდ დაბალია: 2012 წლის შემდეგ მხოლოდ 4 ადგილით გაგვიუმჯობესდა პოზიცია. სავალუტო ფონდს საქართველოს მოსახლეობის კლება 2004 წლიდანვე აქვს გათვალისწინებული და არა მყისიერად 2015 წლიდან.

საინტერესოა, რომელი ქვეყნებია საქართველოს მეზობლები ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, ანუ რომელი ქვეყნებია ეკონომიკური განვითარების დაახლოებით ჩვენს დონეზე. 2017 წლის პროგნოზით, საქართველოს შემოსავლებთან ყველაზე ახლოს ეკვადორი და სვაზილენდია. ჩვენი უახლოესი მეზობლების შემოსავლები კი შემდეგნაირად გამოიყურება: სომხეთი – 8 621 PPP დოლარი, აზერბაიჯანი – 17 439 PPP დოლარი, თურქეთი – 24 900 PPP დოლარი და რუსეთი – 26 490 PPP დოლარი.

2016 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალი შემოსავლები ყატარში (128 000 PPP დოლარი) და ლუქსემბურგშია (104 000 PPP დოლარი). მესამე ადგილზე სინგაპურია 88 000 PPP დოლარით. ყველაზე ღარიბი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა 652 PPP დოლარით (სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება სომალიზე, რომელიც, სავარაუდოდ, ცენტრალურ აფრიკაზე ღარიბია). ბოლოდან მეორე ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 773 PPP დოლარით. ამ ქვეყნებში ადამიანების საშუალო დღიური შემოსავალი (და, შესაბამისად, ხარჯიც) დაახლოებით 2 დოლარია.

ევროპაში ყველაზე ღარიბი ბოსნია და ჰერცეგოვინაა 11 565 PPP დოლარით, რომელიც ამავე დროს საქართველოზე მდიდარია.

განვითარებადი ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარი ტრინიდადი და ტობაგოა 32 500 PPP დოლარით. განვითარებული ქვეყნებიდან კი ყველაზე ღარიბი ლატვიაა 27 200 PPP დოლარით (სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, განვითარებული ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ერთ მოსახლეზე შემოსავალი არ განსაზღვრავს).

2017 წლის საპროგნოზო მონაცემებით, ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა ბულგარეთია 21 500 PPP დოლარით. საქართველო რომ ბულგარეთს დაეწიოს, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგებაა საჭირო (მოსახლეობის რაოდენობის უცვლელობის პირობებში). რა დრო დასჭირდება საქართველოს ეკონომიკის გაორმაგებას, ეს ეკონომიკის ზრდის ტემპზეა დამოკიდებული, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის 4%-ია. 4%-იანი ზრდით დღევანდელ ბულგარეთს 18 წელიწადში დავეწევით. თუ დავუშვებთ, რომ ბულგარეთის ეკონომიკა წლიურად 2%-ით გაიზრდება, მაშინ მის დასაწევად 36 წელი დაგვჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა და, შესაბამისად, შემოსავლებიც იზრდება, ჯერ ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურზე ვართ. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე მაღალია. დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპით რთული იქნება მსოფლიოში დღევანდელი პოზიცია (106 ადგილი) გავიუმჯობესოთ. ზრდის ტემპის გაორმაგების შემთხვევაშიც კი მინიმუმ 10 წელი დაგვჭირდება ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებს რომ დავეწიოთ, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (8% და მეტი) მოსახლეობა წლიდან წლამდე იგრძნობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

საქართველო მდიდრდება, მაგრამ ნელი ტემპით. ნელი ტემპის ერთ-ერთი შედეგი კი ის არის, რომ საყოველთაო კეთილდღეობა უმნიშვნელოდ იზრდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ცხოვრების დონითა და პერსპექტივით. სიღარიბის მინიმუმამდე დასაყვანად, უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე შესამცირებლად (როცა რეალურად უმუშევრობა პრობლემა აღარაა) და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად საქართველოს ერთ მოსახლეზე შემოსავლის გაცილებით სწრაფად ზრდა სჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. ამ ზრდას მოსახლეობის რაოდენობის კლების ტემპის გამოკლებით უნდა მივაღწიოთ. თავის მხრივ, შემოსავლების ზრდა მოსახლეობის რაოდენობის კლებასაც შეაჩერებს, რადგან საქართველოს მოსახლეობა ემიგრაციის გამო მცირდება. ემიგრანტები კი სხვა ქვეყნებში ძირითადად უკეთესი შემოსავლის გამო მიდიან.

წინა სტატია

Чистая годовая прибыль Корпорации нефти и газа Грузии выросла в 2,5 раза
04 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

ძველი ბრენდი - ახალი ამოცანები
05 ივლისი, 2017
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა