ანტი-“სილიკონის ველის” სტარტაპი

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

Apprenda წარმატებით მიიწევს წინ პროგრამისტებისთვის ისეთი პირობების შეთავაზების წყალობით, რომლებსაც ისინი ბეი-არეაზე ვერ მიიღებენ – ეს არის იაფფასიანი საცხოვრებელი, დაბალი გადასახადები და საინტერესო სამუშაო.

ფლუორესცენტული შუქით განათებულ ერთ ოთახში თავმოყრილი ექვსი პროგრამისტი გულდასმით ჩაჰკირკიტებს პროგრამულ კოდებს, გენერალური აღმასრულებელი პატარა კაბინაში ზის – იმ კედელთან, რომელიც ემიჯნება სამზარეულოს, სადაც ფეხბურთის მაგიდის გვერდით დგას „კეგერატორი“ – თანამშრომელთა მიერ გამოხდილი ლუდით სავსე მაცივარი. შემოსასვლელის ბოლოს სავარჯიშო დარბაზია, სადაც სამსახურში გვიანობამდე შემორჩენილ პროგრამისტებს შეუძლიათ შხაპი მიიღონ, რათა შემდეგ კვლავ საქმეს დაუბრუნდნენ.

ეს არ გახლავთ სილიკონის ველის სტარტაპი. ეს არის Apprenda – პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული კომპანია, რომელიც ექვსი წლის წინ დაფუძნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, კლიფტონ-პარკში (ნიუ-იორკის შტატი) – არაფრით გამორჩეულ დასახლებაში, ქ. ოლბანიდან ჩრდილოეთით 15 მილის დაშორებით. Apprenda ქმნის აპლიკაციებს (ე. წ. „პლატფორმა, როგორც სერვისი“ (PaaS)), რომლებიც ეხმარება მის კლიენტებს – მათ შორის, JPMorgan Chase-ს, Honeywell-ს, Diebold-სა და მედიკამენტების საბითუმო დისტრიბუტორ AmerisourceBergen-ს – შექმნან და აამოქმედონ მობილური და ღრუბელი-აპლიკაციები საკუთარი IT განყოფილებების დატვირთვის გარეშე.

Apprenda თავისი ზრდის პიკზეა. შუა ნოემბრის ერთ ცივ დღეს მან გამოაცხადა დაფინანსების მესამე რაუნდში $16 მილიონის მოპოვების თაობაზე (რამაც მისი ვენჩურული წილი $32 მილიონამდე გაზარდა) და გაააქტიურა მოთხოვნა თანამშრომლებზე. ის გეგმავს წლის განმავლობაში თანამშრომელთა რიცხვი გააორმაგოს და ასამდე გაზარდოს. „გასულ კვირას ჩვენ ხუთი ადამიანი დავიქირავეთ, – ამბობს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, 34 წლის მეტ ამერმანი. – ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ განყოფილებას, პროგრამული უზრუნველყოფით დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებითა და მარკეტინგით დამთავრებული“. მიუხედავად თანამშრომლების დაქირავებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, 31 წლის გენერალური აღმასრულებელი, სინკლერ შულერი ამტკიცებს, რომ Apprenda-ს მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. „ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ვართ, რომელიც სილიკონის ველზე არ მდებარეობს, უპირატესობას გვაძლევს იმდენად, რამდენადაც აიძულებს ინვესტორებს, ყურადღება ჩვენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას მიაქციონ და არა ადგილმდებარეობის პრესტიჟულობას“. ასე ფიქრობს დამფინანსებელთა ფართო წრეც. New Enterprise Associates-ისაგან, რომელსაც ოფისები მენლო-პარკის სენდ-ჰილ-როუდზე აქვს და Ignition Partners-ისაგან, რომელსაც აქვს ფილიალი სილიკონის ველზე, საერთო ჯამში მათ $20 მილიონი მიიღეს. Ignition-ის დირექტორი, ფრენკ არტეილი ამბობს, რომ ის იშვიათად ახორციელებს ინვესტირებას შორს მდებარე კომპანიებში: „თუმცა ჩვენ ვიცით, სანამ მათ შეუძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის ტალანტების შემოკრება, კომპანია წარმატებული იქნება“.

თუ სილიკონის ველი პროგრამისტებს იზიდავს მკაცრი კონკურენტული გარემოთი, ხელფასით, რომელიც $250 000-ს აღწევს და კარგი ამინდით მთელი წლის განმავლობაში, კლიფტონ-პარკი თავის თანამშრომლებს ხიბლავს სტაბილურობით, დაბალი ფასებითა და საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც ექვსჯერ იაფია, ვიდრე კალიფორნიაში. ოლბანიში პროგრამისტების ყველაზე მაღალი ხელფასი $130 000-ია, მაგრამ ადამიანები სამუშაოდ აქ უფრო დიდხანს რჩებიან. სილიკონის ველის პროგრამისტები ხშირად ერთ წელიწადში ტოვებენ სამსახურს, Apprenda კი მისი დაფუძნების დღიდან მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა დატოვა და მათგან მხოლოდ ერთი გადავიდა დასავლეთ სანაპიროზე.

იმ პერიოდში, როდესაც Apprenda სტარტს იღებდა, მისი სამი თანადამფუძნებელი ოფისს თვეში $200-ად ქირაობდა. იმ დროს ამერმანი ცხოვრობდა ახლომდებარე ქალაქ ტროაში (ნიუ-იორკის შტატი) ფართო, ორსაძინებლიან აუზიან ბინაში, რომელშიც $800-ს იხდიდა. მისი კოლეგები შულერი და 33 წლის აბრაამ სულტანიც მსგავს პირობებში ცხოვრობდნენ. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მათ მეგობრებისა და ნათესავებისგან პირველი, $100 000-იანი დაფინანსება მიიღეს. მაშინ შულერმა მიატოვა სამსახური ოლბანის ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ოფისში და Apprenda-ში სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება თანამშრომლების დაქირავებას, ოლბანის რეგიონში საოცრად ბევრი ნიჭიერი პროგრამისტია. სულტანისა და შულერის „ალმა მატერი“, რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხშირად მოიხსენიება წამყვან ტექნოლოგიურ სკოლათა შორის. ასევე არსებობს ოლბანის ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი, სადაც ამერმანმა მიიღო დიპლომი, იუნიონ-კოლეჯი ქალაქ სკენეკტადში, კოლეჯი სკიდმორი სარატოგა-სპრინგსში და კლარკსონი პოტსდამში. დასავლეთისკენ ორი საათის სავალზე სირაკუზის უნივერსიტეტი მდებარეობს. ბევრ ახალგაზრდა პროგრამისტს არ სურს სხვა ადგილას გადასვლა და დასავლეთ სანაპიროს კონკურენციაში ჩაბმა. Apprenda-ს ერთ-ერთი პროგრამისტი, ნიუ-იორკის შტატის ბინგამტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 27 წლის ერიკ კოონრანდტი, ოლბანის გარეუბან ისტ-გრინბუშში გაიზარდა. მას სახლთან ახლოს ყოფნა სურდა. „მე მაქვს ეს უცნაური რეგიონული სიამაყე, – ამბობს ის. – მომწონს, რომ ჩვენ აუტსაიდერები ვართ“.

Apprenda-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი, დინ იაკოვეტი, რომელიც ადრე მისი კადრების დაქირავების შტატგარეშე აგენტი იყო, ამბობს, რომ მისთვის საუკეთესო წყაროა თანამშრომელთა რეკომენდაციები. კომპანია სთავაზობს $5 000 იმ თანამშრომლებს, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს ახალი ღირებული კადრების მოზიდვას. იაკოვეტი ასევე ხშირად ათვალიერებს LinkedIn-ს ნიჭიერი ადამიანების მოსაძებნად და გადმოსაბირებლად ისეთი კომპანიებისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოთამაშების შემქმნელი Vicarious Visions-ი და ტექნოლოგიური კომპანია CommerceHub-ი. აღმოჩენილი ტალანტი გადის ხუთეტაპიან შემოწმებას (მათ შორის, სატელეფონო ინტერვიუს, პროგრამულ დავალებასა და პიროვნულ ტესტს), რომლის მიხედვითაც ფასდება მისი კონკურენტუნარიონობა, პირადი პასუხისმგებლობა და სხვა თვისებები.

მას შემდეგ, რაც Apprenda-მ მაღაზია გახსნა, მისკენ გადაინაცვლა რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ, პირველ რიგში, GlobalFoundries-მა – მილპიტასში (კალიფორნია) ბაზირებულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა, რომელსაც აბუ-დაბის მთავრობა ფლობს. 2009 წლის შემდეგ მან განახორციელა დაახლოებით $7 მილიარდის ინვესტიცია, რათა ქ. მალტის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად აეშენებინა 222-აკრიანი კამპუსი, რომელიც მოიცავს მიკროჩიპების საწარმოს (სახელმწიფომ ის $1,4 მილიარდით დააფინანსა). ამჟამად საწარმოში შეიქმნა 2 200 სამუშაო ადგილი ტექნიკოსებისთვის, რამაც რეგიონის რეპუტაცია გაზარდა, ეს კი თავის მხრივ ნიჭიერი ადამიანების მოზიდვას უწყობს ხელს. ოლბანიში მდებარე ეკონომიკური განვითარების ცენტრს „ტექნოლოგიების ველს“ უწოდებენ. „თავდაპირველად დამფინანსებლები სილიკონის ველზე ჩვენ გადაყვანას ცდილობდნენ, – ამბობს Apprenda-ს გენერალური აღმასრულებელი შულერი, – მაგრამ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ“.

წინა სტატია

$1000-ის ქცევა $42 მილიონად
23 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

სათამაშოების ომები
25 თებერვალი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა