"ალიანს ჯგუფს" საქართველოში Wyndham Garden-ი შემოჰყავს

Wyndham Hotel Group-ს, სასტუმროების უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც 73 ქვეყანაში 8000 სასტუმროთია წარმოდგენილი, საქართველოში მსოფლიოში აღიარებული ბრენდი Wyndham Garden-ი შემოჰყავს. ამ მიზნით, სასტუმროების მსოფლიო ლიდერმა არჩევანი მულტიფუნქციურ 3-ცათამბჯენიან კომპლექს “ალიანს ჰაილაინზე” შეაჩერა, რომელსაც წამყვანი ქართველი დეველოპერი ალიანს ჯგუფი ვაკეში აშენებს. Wyndham Hotel Group-ის განვითარების მენეჯერი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ევრაზიასა და აფრიკაში, ფილიპ ბიჟუ აცხადებს, რომ საქართველო Wyndham Hotel Group-ის გაფართოებისთვის საინტერესო ბაზარია, ამ მხრივ კი მათი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი “ალიანს ჯგუფია”, რომელთან ერთადაც ახალ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ფილიპ ბიჟუ, ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო კომპანიის ქართულ გეგმებზე ვრცლად გვესაუბრა: “ალიანს ჯგუფთან” ერთად Wyndham Hotel Group-ი მთას, ზღვასა და დედაქალაქს მოიცავს.

თქვენი აზრით, რა ნიშნით არის საინტერესო პატარა ქვეყანა საქართველო სასტუმროების გიგანტისთვის, რომელიც 79 ქვეყანაში 8000 სასტუმროთია წარმოდგენილი?

Wyndham Hotel Group-ი ავითარებს სასტუმროებს იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი მზარდია. რეგიონის ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ საქართველოში მოგზაურობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. უცხოელები აქ იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც ჩვენ მასშტაბურად ვართ წამოდგენილი. სასტუმროების განვითარება საქართველოში, ამ ულამაზეს ქვეყანაში ასევე ულამაზესი დედაქალაქით, ჩვენთვის იმით არის მიმზიდველი, რომ აქ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, სამზარეულო - გემრიელი, თავად ქვეყანა კი უნიკალური ისტორიით გამოირჩევა. დედაქალაქის ცენტრში არაერთი ისტორიული შენობაა. საქართველოში საუცხოო მთებია, გაქვთ ზღვაც, ამ ქვეყანაში ყველაფერია იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი დააინტერესოს - როგორც ბიზნესმოგზაურები, ასევე, უბრალოდ, კარგი დასვენების მოყვარულები.

აღსანიშნავია საქართველოს ბიზნესგარემო. მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიზნესის კეთება აქ უცხოელებისთვის მარტივი და გასაგებია. მაგალითისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი, ეს ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს – ჩემი კლიენტების სანახავად საქართველოში ჩამოსვლის დაგეგმვა ორი თვით ადრე არ მიწევს. ქართული საგადასახადო სისტემა გამჭვირვალეა და კარგად არის განვითარებული. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მუშაობს საერთაშორისო აეროპორტები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ლოკალური აეროპორტები მესტიასა და ამბროლაურში. ყველაფერი ეს საინვესტიციო კლიმატის განვითარების წამახალისებელი პირობებია, რაც დადებითად აისახება ყველა მიმართულებაზე, მათ შორის - სასტუმროების სექტორზე, რომელსაც გაფართოების დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში მაღალი კლასის სასტუმრო ცოტაა და ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ამ სფეროში არსებულ მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ.

Wyndham Hotel Group-ს საქართველოში Wyndham Garden-ი შემოჰყავს, რომელიც თქვენი კომპანიის მფლობელობაში არსებული მსოფლიოში აღიარებული 19 ბრენდიდან ერთ- ერთია. სასტუმრო თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში შენდება, სადაც, სულ მცირე, ორი ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება. რა უპირატესობებით გაუმკლავდება Wyndham Garden-ი ბაზარზე არსებულ კონკურენციას?

მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ჯავშნებსა და ჩამომსვლელთა რაოდენობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მოთხოვნა სასტუმროებზე საქართველოში ძალიან მაღალია. ასეთი რეალობიდან გამომდინარე, Wyndham Hotel Group-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ახალი ობიექტის შეთავაზება მოთხოვნაზე სწორი რეაგირებაა. Wyndham Garden-ი, რომელიც მდიდრულ კომპლექს “ალიანს ჰაილაინში” განთავსდება, 4-ვარსკვლავიანი ბრენდი გახლავთ. სასტუმრო დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ყველა მიმართულებით, იქნება ეს კომფორტული ოთახები დახვეწილი დიზაინით, სასმელი და საკვები თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სერვისი, რაც შეიძლება სტუმარს დასჭირდეს თბილისში გაჩერებისას.

Ramada, მსოფლიოში ცნობილი კიდევ ერთი ბრენდი, 2016 წელს ტურიზმისა და დასვენების საერთაშორისოდ აღიარებულმა PKF hotelexperts-მა ყველაზე სწრაფად განვითარებად ბრენდად დაასახელა. 2017 წელს Ramada-ს შემდგომი გაფართოების გეგმებში კი საქართველოა, კერძოდ, Ramada Resort-ი, რომელსაც სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელი “ალიანს ჯგუფთან” ერთად ახორციელებს. რამ მიგიზიდათ საქართველოს ახალ სათხილამური კურორტ გოდერძიზე, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზეა?

Ramada-ს წარმატება მხოლოდ მისი გაფართოების სწრაფი ტემპით არ განისაზღვრება, ეს არის ბრენდი, რომელსაც იდენტობა აქვს. Ramada-ს კარგად იცნობენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სტუმრებისთვის მთავარი - გაწეული მომსახურებაა, სწორედ ამას აფასებენ ისინი და მაღალი ხარისხის სერვისების მისაღებად Ramada-ს ირჩევენ.

Wyndham Group-ი საქართველოში Ramada-ს ბრენდით ექვსი სასტუმროს აშენებას გეგმავს, რომელთაგან ორი, Ramada Resort-ი კურორტ გოდერძიზე და Ramada ბათუმში “ალიანს ჯგუფთან” პარტნიორობით განხორციელდება. გოდერძის პროექტი Wyndham Hotel Group- სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ახალ სათხილამურო კურორტზე წამოდგენილი პირველი საერთაშორისო ბრენდი ვართ, პირველობა კი ყოველთვის უპირატესობაა. მსგავსი უნიკალური ოთხსეზონიანი კურორტი ძალიან ცოტა თუ შეგხვდებათ მსოფლიოში, გოდერძი ავსტრიისა და შვეიცარიის სათხილამურო კურორტების კარგი ალტერნატივაა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რაც Wyndham Hotel Group-ს ხელმძღვანელობთ, საქართველოს გარდა სხვა რომელი ახალი ბაზარი “აღმოაჩინეთ” კომპანიის განვითარებისთვის?

საქართველო Wyndham Hotel Group-ის სასტუმროების ქსელის გაფართოებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია. საქართველო ლიდერია რეგიონში.

კიდევ ერთი “აღმოჩენა” ჩემთვის ინდოეთია. ამ ულამაზეს ქვეყანას, რომელიც ბევრად დიდია საქართველოზე, განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მჯერა, რომ ძალიან მალე ინდოეთი განვითარებადი ბაზრიდან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნად გადაიქცევა. ასევე, დავინტერესდი სამხრეთ აფრიკით. Wyndham Hotel Group-ი გაფართოებისთვის არ ირჩევს ბაზრებს, სადაც ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შევდივართ იქ, სადაც განვითარებისა და ზრდის კარგი შესაძლებლობებია. ადგილობრივი პერსონალისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ გადამზადების კურსებს - ჩვენ ამ ადამიანებს პროფესიას ვაძლევთ და მათთვის სამუშაო ადგილებს ვქმნით. საქართველოში პერსონალი კარგი უნარ-ჩვევებით გამოირჩევა, განსაკუთრებით კვალიფიცირებულნი არიან მზარეულები, რომლებიც ჩვენგან სწავლებას არ საჭიროებენ.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, სადაც Wyndham Hotel Group-ი წლებია, ძლიერად არის წარმოდგენილი, საშუალოზე მაღალი დონის სასტუმროებისთვის ახალ, დამოუკიდებელი კონცეფციის ბრენდს - The Trademark Hotel Collection-ს ვქმნით.

თქვენს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ უძრავი ქონებისა და სასტუმროების განვითარების სფეროში, რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას, რა იქნებოდა განვითარების სწორი სტრატეგია ადგილობრივი ბაზრისთვის?

ჩემი რჩევაა აეროპორტებისა და ავიახაზების მიმართულების მეტი განვითარება. ეს არის წარმატების წინაპირობა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბი რეგიონში. ტურიზმის განვითარების შეფასება სწორედ აეროპორტში დაფიქსირებული ჩამოსვლების რაოდენობით ხდება. ასევე მნიშვნელოვანია გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა. გამართული სატრანსპორტო კომუნიკაციები ერთადერთი გზაა ვიზიტორების მოსაზიდად. უცხოელების გაჩერებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ - Ramada-სა და Wyndham Garden-ის გარდა, Wyndham Hotel Group-ი საქართველოში დამატებით რამდენიმე ბრენდის შემოყვანას გეგმავს. ჩვენი ყველა ბრენდი სწორად სეგმენტირებულია, რაც მნიშვნელოვანია განსხვავებული შემოსავლების მქონე სტუმრებზე მოსარგებად. ქართულ ბაზარზე სამომავლოდ უფრო ხელმისაწვდომი ბრენდებით შემოვალთ, რომლებიც გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებელზე.

აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი:

“მომავალი მთლიანად ინოვაციას გულისხმობს, ინოვაცია კი, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ის, რასაც “ალიანს ჯგუფი” სთავაზობს ვაკეში, ჭავჭავაძის 49ბ-ში მდებარე “ალიანს ჰაილაინის” მცხოვრებლებს და მულტიფუნქციურ კომპლექსში განთავსებული Wyndham Garden-ის სტუმრებს. ექსკლუზიური არქიტექტურით გამორჩეული პროექტის ღირებულება $75 მილიონს აჭარბებს. ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან ერთად, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო კომპანიაა, სასტუმროს ვავითარებთ კურორტ გოდერძიზეც, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წამყვანი საერთაშორისო ბრენდი Ramada შემოგვყავს “ალიანს რიზორთში”. ასევე ამერიკულ და მსოფლიო ლიდერ სასტუმრო ქსელთან, Marriott International–თან თანამშრომლობით, ბათუმში ვაშენებთ ცათამბჯენს “ალიანს პალასს”, რომლის პირველ ექვს სართულს Courtyard by Marriott-ი დაიკავებს. “ალიანს ჯგუფს” ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო 12 წლის განმავლობაში $200 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე 3 პროექტში (“ალიანს ჰაილაინი”, “ალიანს რიზორთი”, “ალიანს პალასი”) დამატებით $130 მილიონს ვაბანდებთ”.

სერგეი ეგოროვი, Wyndham Hotel Group-ის განვითარების მენეჯერი რუსეთსა და დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნებში:

“პარტნიორი სანდოობისა და კარგი რეპუტაციის გამო შევარჩიეთ. “ალიანს ჯგუფი” უძრავ ქონებაში ყოველთვის მაღალ სტანდარტებზე აკეთებს სწორებას და ეს არის ის, რაც მათთან ურთიერთობაში მოგვწონს. “ალიანს ჯგუფის” მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დახვეწილი არქიტექტურით ხასიათდება. ეს ჯგუფი, ისევე როგორც ჩვენ, ყველა მიმართულებით საუკეთესო პარტნიორებს ირჩევს. “ალიანს ჯგუფის” მიერ განვითარებული სასტუმროების მენეჯმენტს სასტუმროების მართვის საერთაშორისო კომპანია SOPHOS Hotels SA-ის პროფესიონალები აწარმოებენ. 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა საკმაოდ გრძელი ვადაა, ჩვენ თანამშრომლობის ორ ათწლეულს ვანდობთ “ალიანს ჯგუფს”. “სასტუმრო Wyndham Garden-ი ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე კომპლექს “ალიანს ჰაილაინში” რეგიონის ღირსშესანიშნაობა იქნება”. 

წინა სტატია

Иностранный визитёр тратит в Грузии в среднем 343 доллара
11 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი
12 ივლისი, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
პიარი "ჰაი ჰილსებზე"
Forbes Woman | ივლ, 06, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა