ბანკები საქართველოში

სტატიაში განხილულია 2016 წლის საბანკო სექტორის ძირითადი ტენდენციები და მოვლენები, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული მოვლენების გავლენა საქართველოს საბანკო სექტორზე. სტატია მომზადებულია EY საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, კომერციული ბანკების მიერ ფასს-ის მიხედვით მომზადებულ და გამოქვეყნებულ ანგარიშგებებზე, ეროვნული ბანკის საჯარო სტატისტიკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მსოფლიო ეკონომიკა და მისი ტენდენციები

2016 წელს მსოფლიო ეკონომიკამ 2.3-%-იანი ზრდა განიცადა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ამგვარი შემაშფოთებელი ტენდენცია გლობალური ვაჭრობის შემცირებული ტემპების, ინვესტიციების დაბალი მოცულობისა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნების არაპროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკის არასახარბიელო გავლენის შედეგია.

გლობალური ვაჭრობის შემცირება ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის სუსტი ზრდით აიხსნება. სახელდობრ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა 1.6%-ის ოდენობის ზრდა განიცადა, ხოლო იაპონიამ – მხოლოდ 1%-იანი ზრდა.

ამერიკული ეკონომიკისათვის ასეთი შედეგი საკმაოდ მოკრძალებულია, რადგან 2015 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. 2016 წელს ზრდის ტემპის კლება ძირითადად სუსტი ექსპორტითა და ინვესტიციების შემცირებული რაოდენობით აიხსნება.

შემცირება ევროზონის ქვეყნების ზრდაშიც აღინიშნება იმდენად, რამდენადაც 2015 წელს არსებული 2%-იანი ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 1.6%-მდე დავიდა. ამ მხრივ ევროკავშირი განიცდის როგორც შემცირებული შიდა მოთხოვნის არასახარბიელო გავლენას, ისე საექსპორტო ზრდის შეფერხებას.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 3.4%-ით გაიზარდა, რაც არსებულ პროგნოზებს არსებითად არ სცილდებოდა. აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ნაწარმის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკა მცირე ზრდით გამოირჩეოდა, რამაც საშუალოდ 0.3%-ი შეადგინა. გამონაკლისი შემთხვევაა რუსეთის ფედერაცია, რომელმაც არსებულ კრიზისულ მდგომარეობას შედარებით ადვილად გაართვა თავი და ბრაზილია, რომელმაც შეძლო ეკონომიკის შემცირების ტემპების აღკვეთა. რაც შეეხება სამრეწველო ნაწარმის იმპორტიორ ქვეყნებს, მათ შედარებით უკეთესი ეკონომიკური შედეგები აჩვენეს 5.6-%-იანი ზრდის სახით. ასეთი სახარბიელო შედეგების ძირითადი მიზეზები ძლიერ შიდა მოთხოვნაში, სამრეწველო პროდუქტის დაბალ ფასსა და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ.

ნიშანდობლივი იყო გარკვეული არაეკონომიკური ფაქტორების უარყოფითი გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ მოლოდინებზე, კერძოდ კი აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვალვის მოლოდინი, აღმოსავლეთისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო ომების განვითარება და ევროპის რიგ ქვეყნებში ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისი, ასევე ზიკას ვირუსი ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და აშშ-ის სამხრეთ შტატებში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზონიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლამ არ იქონია მყისიერი უარყოფითი გავლენა ევროკავშირის ეკონომიკის დინამიკაზე 2016 წლის განმავლობაში.

მსოფლიო ეკონომიკის გავლენა საქართველოზე და ქართული ეკონომიკის სხვა ტენდენციები

საგარეო ეკონომიკაში ასახული უარყოფითი ტენდენციები 2016 წელს ქართულ ეკონომიკაზეც გავრცელდა, რის შედეგადაც 2016 წელს ეკონომიკის ზრდამ მხოლოდ 2.7% შეადგინა.

საგარეო ეკონომიკაში განვითარებულმა არასახარბიელო ტენდენციებმა ხშირ შემთხვევაში გამოიწვია ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება, რამაც ქართული ეკონომიკის ექსპორტზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.3%-ით გაიზარდა და 13.3% შეადგინა. კერძოდ, ამგვარი ტენდენციები აღინიშნებოდა თურქეთთან (7.1%-ით შემცირება), აზერბაიჯანთან (36.7%-ით შემცირება) და სომხეთთან (16.4%-ით შემცირება) არსებულ ექსპორტში. მეორე მხრივ, გაიზარდა ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა (26.6%-იანი ზრდა) და უკრაინაში (22.3%-იანი ზრდა), რომელთა ეკონომიკამაც 2016 წელს წინსვლის ნიშნები გამოავლინა.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთისა და საბერძნეთის ეკონომიკის შედარებითი გაუმჯობესება ტრანსფერების გაზრდის წინაპირობად იქცა 2016 წელს, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა საგადამხდელო ბალანსზე. ასევე აღსანიშნავია ტურისტული მომსახურების ზრდა, რამაც $2.17 მილიარდი შეადგინა, რაც წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.9%-ით აღემატება. შესაბამისად, აღინიშნა ვიზიტორთა ზრდაც. ტურისტული დარგის გარდა, 2016 წელს ზრდა სამშენებლო დარგმაც აჩვენა, რომლის მიზეზი როგორც სახელმწიფო სექტორის მიერ ინფრასტრუქტურული დაფინანსების ზრდა, ისე კერძო სექტორის მეტი აქტიურობაა. კერძო სექტორიდან აღნიშვნის ღირსია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ახალი მილსადენის პროექტი. ამ დარგის ხვედრითი წილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდია. სხვა დარგები, რომლებიც 2016 წელს დაწინაურდა, არის გადამმუშავებელი წარმოება, ფინანსური მომსახურება და ვაჭრობა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული.

ზემორე მოვლენების გათვალისწინებით, ეკონომიკის გაუარესების ტენდენციების შემცირებისა და დამატებითი საგარეო შოკების არარსებობის პირობებში, ეროვნულმა ბანკმა შეარბილა წინა პერიოდების მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით, 6.5%-მდე შეამცირა. ამის შედეგად კი საბანკო სექტორში მოხდა ლარით გაცემული სესხების მაღალი ტემპით ზრდა და ასეთ სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ასეთმა პოლიტიკამ პირველ რიგში განაპირობა იპოთეკური სესხების ზრდა საბანკო სისტემაში, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო სექტორისათვის გარკვეულ სტიმულს წარმოადგენდა. 

საბანკო სექტორის ზოგადი დინამიკა

2015 წლის მძაფრ კრიზისთან შედარებით, 2016 წლის ეკონომიკური გარემოს გარკვეულწილად სტაბილიზებამ საბანკო სექტორს დაკრედიტების გაზრდისკენ უბიძგა, რის შედეგადაც მთლიანმა საბანკო პორტფელმა 2016 წლის ბოლოსთვის 19 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, ზრდამ მხოლოდ 10.8 % შეადგინა. კორპორაციული და მცირე და საშუალო მსესხებლების სეგმენტზე აღინიშნა სა%-ო განაკვეთების შემცირება, ხოლო საცალო სეგმენტზე – საპროცენტო განაკვეთების მცირე ზრდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, განიცდიდა იპოთეკურ, სამომხმარებლო და მომენტალური განვადების ტიპის სესხებზე მოთხოვნის ზრდას, რის შედეგადაც საპროცენტო განაკვეთებმა ოდნავ მოიმატა კიდეც, მიუხედავად შერბილებული მონეტარული პოლიტიკისა. მეორე მხრივ, მოთხოვნის წარმოშობის საპასუხოდ, საბანკო სექტორმა საცალო სესხების გაცემის პირობები შეამსუბუქა და ბაზარს დაკრედიტების უფრო გრძელვადიანი პირობები შესთავაზა. ამგვარი ტენდენციები, აშშ დოლარის გამყარებასთან ერთად, ბაზარზე გარკვეული სარისკო ტენდენციების წარმოშობისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კრიტიკის მიზეზი გახდა.

2016 წელს საკრედიტო პორტფელის რეზერვი, ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, 6%-ს შეადგენდა, თუმცა სხვადასხვა სეგმენტის დანაკარგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ტრადიციულად, კორპორაციული სეგმენტის დანაკარგები [საშუალო რეზერვი 8.35%] აღემატება მცირე და საშუალო და საცალო პორტფელის დანაკარგებს [4.87 და 5.21%], რაც განპირობებულია ამ ბოლო ორი სეგმენტის შედარებით დაბალი ვალის ტვირთის მოცულობითა და, შესაბამისად, რისკის დაბალი დონით. მეორე მხრივ, კორპორაციულ სექტორში, მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, საპროცენტო განაკვეთები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც გამძაფრებული საბანკო კონკურენციის შედეგია. კორპორაციულ სექტორზე ბანკების მხრიდან დიდი კონკურენცია, თავის მხრივ, გამოწვეულია კორპორაციული სექტორის ზრდის დაბალი ტემპით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საბანკო რესურსის ათვისებას. სუსტი კორპორაციული სექტორის გამო, საცალო დაკრედიტების ზრდით შექმნილი დამატებითი მოთხოვნის მთავარ ბენეფიციარად კვლავ იმპორტი რჩება. ეს კი საკმაოდ რისკის შემცველი ტენდენციაა, რადგან კორპორაციული სექტორი ვალის შედარებით მაღალი ტვირთითა და სავალუტო რისკებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. სავალუტო რისკები მაღალია ასევე საცალო სექტორშიც, რადგან უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები კვლავაც უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი რჩება მოსახლეობისთვის, ეროვნული ვალუტაში აღებულ სესხებთან შედარებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკრედიტო რისკის გარდა, საბანკო პორტფელისთვის ასევე დამახასიათებელი იყო გაზრდილი სავალუტო რისკი, რაც, თავის მხრივ, მაღალი დოლარიზაციითაა განპირობებული (ლარში გამოხატული სესხები შეადგენდა ფიზიკური პირებისადმი გაცემული სესხების მხოლოდ 45%-სა და მთლიანი სესხების 35%-ს). შესაბამისად, ლარის არასტაბილურობის ფონზე სავალუტო რისკები შენარჩუნდა.

ნიშანდობლივია, რომ საბანკო სისტემაში შესაბამისად დაბალია საპროცენტო რისკი, რაც მთლიანად საბანკო აქტივების სპეციფიკით აიხსნება, და ლიკვიდურობის რისკი, რაც ბანკებში არსებული ლიკვიდურობის ტრადიციულად მაღალ დონეს უკავშირდება.

2016 წელს ასევე აღინიშნებოდა ცვლილებები საბანკო სექტორის ვალდებულებების სტრუქტურაში, სადაც ნიშანდობლივი ტენდენცია იყო სავალო ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით ნასესხები სახსრების წილის ზრდა. მიუხედავად ამისა, საბითუმო დაფინანსების წყაროებიდან მიღებული თანხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. 2016 წლისათვის საბითუმო დაფინანსების 51% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდიოდა, 25% – მშობელ/დაკავშირებულ კომპანიებზე, ხოლო 24% – სხვა კერძო ინსტიტუტებზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალი წილი და საბითუმო დაფინანსების გრძელვადიანი სტრუქტურა საბითუმო დაფინანსებასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებდა.

რაც შეეხება საცალო დაფინანსებას, ის 2016 წლის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა და 17 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობამ განაპირობა დეპოზიტების დოლარიზაციის დონის მატება, რამაც წლის ბოლოსთვის 71%-ს მიაღწია.

მიუხედავად ყველაფრისა, საბანკო სექტორი აგრძელებს სახარბიელო ფინანსური შედეგების ჩვენებას. საშუალო აქტივებზე და კაპიტალზე უკუგებამ 2016 წელს, შესაბამისად, 2.6% და 18.2% შეადგინა (2015 წელს ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 2.3%-სა და 15.4%-ს გაუტოლდა). ამ ეფექტის ძირითადი მამოძრავებელი ძალა აქტივების 19.8%-იანი და სასესხო პორტფელის 17.7%-იანი ზრდა იყო (გაცვლითი კურსის ჩათვლით), რასაც მასშტაბის ეფექტიანობის შედეგად დადებითი ეფექტი ჰქონდა მოგებიანობაზე. უარყოფითი შედეგებიდან, რომლებმაც ხსენებული დადებითი ტენდენციების ეფექტი შეამცირა, აღსანიშნავია საპროცენტო სპრედის, ლიკვიდური აქტივების მოგებიანობისა და არასაპროცენტო შემოსავლების შემცირება.

საბანკო სექტორის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების საკადრო პოლიტიკაში შეიძლება დავინახოთ. EY საქართველოს ყოველწლიური სახელფასო კვლევის შედეგები ცხადყოფს საბანკო სექტორში საშუალო და მაღალ პოზიციებზე ანაზღაურების დონის მნიშვნელოვან უპირატესობას დანარჩენ ეკონომიკასთან. ეს კი აისახება ბანკების შესაძლებლობაზე, მოიზიდონ საუკეთესო გამოცდილი თანამშრომლები და საუკეთესო კურსდამთავრებულები. 2017 წელს EY საქართველოს მიერ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტუდენტებმა დასაქმებისთვის ყველაზე მიმზიდველ სექტორად სწორედ საბანკო სექტორი დაასახელეს, ხოლო ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებლებად პირველ და მეორე პოზიციებზე საქართველოს ორი წამყვანი ბანკი. 

საბანკო სეგმენტის სხვა ტენდენციები

2016 წელს გრძელდებოდა წინა პერიოდში დაწყებული ბანკების გამსხვილების პოლიტიკა. დასრულდა „თიბისი ბანკის“ მიერ „ბანკ რესპუბლიკის“ შერწყმის პროცესი, რამაც კიდევ უფრო გაამსხვილა ქართული საბანკო სექტორი. ამ ტენდენციის ნაწილია ასევე ეროვნული ბანკის მიერ სამი კომერციული ბანკისთვის საბანკო ლიცენზიის გაუქმება და მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის 50 მილიონამდე გაზრდა.

აღსანიშნავია ასევე მსხვილი კომერციული ბანკების მიერ უცხოეთის საფონდო ბირჟებზე ევროობლიგაციების განთავსების ტენდენციის ზრდა. კერძოდ, 2016 წელს მოხდა ევროობლიგაციების გამოშვების, წინასწარი დაფარვისა და რეფინანსირების გარიგებები. ასევე ნიშანდობლივია „საქართველოს ბანკის“ მიერ 2017 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ლარში გამოხატული ევროობლიგაციების გამოშვება. თავის მხრივ, ადგილობრივი საფონდო ბირჟაც გამოირჩეოდა აქტიურობით. აქ განხორციელდა სამი მსხვილი ქართული კორპორაციის მიერ 30 მილიონი აშშ დოლარისა და 30 მილიონი ლარის ჯამური მოცულობის ობლიგაციების ემისია, რაც ცხადყოფს ალტერნატიული საკრედიტო ბაზრების ჩამოყალიბების ტენდენციას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა და გარკვეულწილად მომავალ პერიოდებზეც გავრცელდება, საბანკო სექტორის მიერ ფასს 9-ზე გადასვლის პროცესის დაწყებაა. საბანკო ინდუსტრიისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი სააღრიცხვო სტანდარტი სავალდებულო ხდება 2018 წლის 1 იანვრიდან მომზადებული ფინანსური ანგარიშგებებისთვის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ეფექტი რეტროსპექტულად უნდა გავრცელდეს წინა პერიოდებზე, აუცილებელია 2017 წლის ფინანსური შედეგების ამ სტანდარტის მიხედვით გაანგარიშება (2018 წლის ანგარიშგებაში ასახვისთვის). ხსენებული სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა საბანკო სექტორზე გაცემული სესხების გაუფასურების აღრიცხვის ცვლილებაა. კერძოდ, თუ დღეს არსებული მოთხოვნებით სესხების გაუფასურებისას ხდება მხოლოდ მომხდარი საკრედიტო ზარალების გათვალისწინება, ფასს 9 მოითხოვს პრინციპულად ახალი, მოსალოდნელ საკრედიტო ზარალებზე დაფუძნებული გაუფასურების მოდელის შემოღებას. ასეთი ცვლილება აღრიცხვის პრინციპებში საბანკო სექტორს სესხების გაუფასურების რეზერვების ახალი მოდელების შექმნას აიძულებს, რაც დაკავშირებულია ბანკების საინფორმაციო სისტემების მოდიფიკაციასთან და, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან ფინასურ ინვესტიციებთან.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც 2016 წლიდან დაიწყო, მთავრობის მიერ აქტიური ლარიზაციის ხელშეწყობის პოლიტიკა გახდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი 2016 წელს აშშ დოლარში გამოხატული სესხების გალარებისას მთავრობის მიერ სუბსიდირებაში გამოიხატა. ასევე შემოღებულ იქნა უცხოურ ვალუტაში ფასების რეკლამირებისა და სახსრების მოზიდვაზე შეზღუდვები, რომლებიც ძირითადად 2017 წელს შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის რთული სათქმელია, რამდენად წარმატებული იქნება ეს ქმედებები ლარიზაციის დონის გასაზრდელად, თუმცა დამაჯერებლად შეიძლება მტკიცება, რომ მათ მნიშვნელოვანი ეფექტი ექნებათ არასაბანკო ფინანსურ სექტორზე. უკვე ცნობილია, რომ 2017 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედომ“ მიიღო საბანკო ლიცენზია და საქმიანობას განაგრძობს, როგორც „კრედო ბანკი“. სავარაუდოდ, არასაბანკო საფინანსო სექტორშიც მოსალოდნელია გამსხვილების ტენდენციები და მცირე მოთამაშეების მიერ ბაზრიდან გასვლის მცდელობები.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ეკონომიკაში ძლიერი განვითარების ტენდენციები არ იკვეთება, საბანკო სექტორი აგრძელებს განვითარებას აქტივების ზრდის, ინვესტირებულ კაპიტალზე ამონაგებისა და მთლიანი მოგების აბსოლუტური ციფრების ზრდის გზით. მთლიანობაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ 2016 წელი საბანკო სექტორისათვის საკმაოდ წარმატებული იყო. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ, საბანკო სექტორის გამსხვილების ტენდენციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ბანკების მიერ მასშტაბის მეტი ეკონომიის მიღწევა და, შესაბამისად, უფრო მეტად გამძაფრებული კონკურენცია.

საგარეო ეკონომიკური შოკები და ლარის არასტაბილურობა, რომელიც ამ ეკონომიკური მოვლენების პირდაპირი შედეგია, ბანკების წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ეს მოვლენა, ერთი მხრივ, აძლიერებს ვალდებულებების სტრუქტურის დოლარიზაციის ტენდენციებს, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული მსესხებლების სავალო ტვირთს ზრდის, რაც საბანკო სისტემისთვის გარკვეული რისკების მომტანია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელი კაპიტალის ადეკვატურობის ჯანსაღი დონე საკმარისია ასეთი პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად.

მიუხედავად ყველა უარყოფითი ფაქტისა, საბანკო სექტორი აგრძელებს ინსტიტუციურ გაძლიერებას და მზარდი ფინანსური შედეგების დემონსტრირებას.

საქართველოში მოქმედი ბანკების რეიტინგი

2016 წელს გრძელდებოდა ბანკების გამსხვილების პოლიტიკა. ამ ტენდენციის ნაწილია ასევე ეროვნული ბანკის მიერ სამი კომერციული ბანკისთვის საბანკო ლიცენზიის გაუქმება.

წინა სტატია

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები საქართველოში
26 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

ქსელური მარკეტინგის ავთისებიანობა
27 ივლისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა