ბრძოლა გონებისთვის

"დასავლეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავს თვითმყოფადობაზე უარის თქმას. სულ პირიქით: ყველა დასავლური ქვეყანა სხვადასხვანაირია. დასავლეთი მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარი. ერთმანეთს ყველაზე მეტად ანტიდასავლური ქვეყნები ჰგვანან" – გიგა ზედანია

“ევროპაში ეს უკვე დაიწყო – ონანიზმის გაკვეთილები 5 წლის ბავშვებისთვის”, “ევროკავშირის მოთხოვნით სკოლებში ჰომოსექსუალური ლიტერატურის შეტანა იგეგმება”, “გერმანიაში ბავშვი სკოლიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ პორნოგრაფიის ყურებაზე უარი თქვა”, “ევროპაში უკვე ინცესტს აკანონებენ” – ეს იმ სტატიების სათაურების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სოკოებივით მომრავლებულ უცნაურ სააგენტოებში ან ამ საქმეში უკვე ისეთ სტაჟიან და გავლენიან გაზეთებში, როგორიც “ასავალ-დასავალი” და “ალიაა”.

ეს “ნიუსები” თითქმის ზუსტად ემთხვევა იმ “პრობლემატურ თემატიკას”, რომელსაც რუსული ტელევიზიები უკრაინის ევრომაიდანის აქციების გაშუქების პარალელურად უყვება თავის მაყურებელს – “ევროკავშირად” წოდებულ რუბრიკაში. კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ეს სულისკვეთება უკრაინელებმა რუსული არხების პაროდიით ზუსტად გამოხატეს: “ნორვეგიაში მცხოვრები ქალი გრინფისმა აიძულა პინგვინს გაჰყოლოდა ცოლად, ქალი მოკვდა. დანიაში ერთი გოგონა სკოლაში ჯვრით მივიდა, უთხრეს რომ ჯვარი მოეხსნა, მაგრამ ის არ დამორჩილდა, რის გამოც ჯვარზე გააკრეს, გოგო მოკვდა. ინგლისში ერთ ბიჭს უთხრეს, რომ ჰომოსექსუალი უნდა გამხდარიყო, მან ჯერ არ დაიჯერა, მერე შეხედა სხვა ჰომოსექსუალებს და თვითონაც ჰომოსექსუალი გახდა. ჰოლანდიაში ერთი ქალი ეკლესიაში მივიდა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ეკლესია დაიკეტა, ახლა მის ადგილას ბორდელი იყო გახსნილი და მას ამ ბორდელში უნდა ემუშავა.მან უარი თქვა, შემდეგ კი ჰომოსექსუალებმა ის ჯვარზე გააკრეს, ქალი მოკვდა”.

თუმცა პაროდია არ ყოფილა ის, რაც უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა იანუკოვიჩის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა – ჩვენ იმიტომ ვთქვით უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომ ისინი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას გვთხოვდნენო.

წლების წინ საბჭოთა ანტიდასავლური კამპანიის სტრატეგიული ხაზი ძირმომპალი “კაპიტალიზმის” სულისშემძვრელი მანკიერებების გამოაშკარავებაზე გადიოდა. მაგალითად, როგორ ჭამდნენ ვირთხები ქარხანაში მომუშავე ბავშვებს (ეს ისტორია განსაკუთრებით მძაფრად დამამახსოვრდა ჟურნალ “პიონერიდან”). თუმცა დღეს, მზარდი გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ადამიანებმა თავად იხილეს კაპიტალისტების “ცუდი” ცხოვრება და მათაც იგივე მოუნდათ, პოსტსაბჭოთა ფესვებზე აღმოცენებული რუსული პროპაგანდა ყველაზე ბასრ იარაღად “ევროპის გარყვნილებას” იყენებს.

ადვილი შესამჩნევია, რომ ის ანტიდასავლური კამპანია, რომელიც რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც ყოვლისმომცველ მასშტაბებს იღებს – ერთი – რუსული ცენტრიდან იმართება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჰომოფობიაზე დამყარებული ანტიდასავლური პროპაგანდა უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის მოახლოების პარალელურად განსაკუთრებით გააქტიურდა და მას ყოფილი პრეზიდენტის, კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი და პუტინის ახლო მეგობარი მედვედჩუკი ედგა სათავეში. რუსები თავადაც არ უარყოფდნენ, რომ მედვედჩუკის ეს კამპანია მოსკოვიდან იყო დაფინანსებული. საქართველოში ქართველი “მედვედჩუკი” ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თუმცა თუ თვალს მივადევნებთ აქ დაწყებულ ანტიდასავლურ რიტორიკას, ცხადი გახდება, რომ პროპაგანდის მასშტაბი სულ უფრო და უფრო იზრდება და ის რამდენიმე მიმართულებით ეფექტურად იმართება.

წლების განმავლობაში ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ზოგადად, ფაშისტური იდეების გასავრცელებლად სხვა წვრილ-წვრილ გაზეთებთან ერთად ორი ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემა “ასავალ-დასავალი” და “ალია” გამოიყენებოდა. მაგრამ სოციალური ქსელების პოპულარობამ დღის წესრიგში ბევრი პატარა სააგენტოს შექმნის აუცილებლობაც დააყენა, რათა მათ მიერ გამოქვეყნებული აბსურდული ამბების დაშეარება სწრაფად მოხდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გონებაში დაილექოს ინფორმაცია კოდით – რა ცუდია ევროპა. თუმცა მედიის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტური მასალების გავლენა ნაკლებია იმ ძალაზე, რომელსაც ეკლესია ფლობს და იყენებს თავისი მრევლის ზომბირებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ბევრს უკვირდა, რატომ არ იყენებდა რუსეთი საქართველოში ე.წ. რბილ ძალას და მხოლოდ ბომბებისა და ტანკების იმედზე რატომ იყო. მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ძალა მისი ყველაზე ახლო მოკავშირე აღმოჩდა.

თეოდორე გიგნაძე ერთ-ერთი ცნობილი მღვდელია დღეს, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიაში ქადაგებს, სტუდენტებთან შესახვედრად უნივერსიტეტებშიც დადის და თავისი აზრების გასავრცელებლად მედიის საშუალებებსაც აქტიურად იყენებს. ეს აზრები კი ასეთია: “როცა მე ევროპა ან ამერიკა პირობებს მიყენებს: შენ თუ გინდა, ჩვენთან შემოხვიდე, ამისთვის ვალდებული ხარ, აღიარო და დააკანონო აღვირახსნილობა და სხვა სექსუალური გადახრებიო, მე ვალდებული ვარ, დავფიქრდე, ესენი რატომ მეპატიჟებიან. მიზეზი? როცა ადამიანი მეუბნება, აღიარე ერთსქესიანი ქორწინებებიო ნორმად, თვალნათელი ხდება, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვერასდროს გავუგებთ!” გიგნაძის ციტატა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ ანტიდასავლური კამპანიის, რომელიც დღეს ქართული ეკლესიის ამბიონიდან ვრცელდება და უპირობოდ მიიღება მრევლის მიერ. თუმცა ქადაგება ერთადერთი საშუალება არ არის – ამ თემისადმი მიძღვნილი ვიდეოების მთელი წყება ვრცელდება ინტერნეტითაც , რომლის ტიპური ნიმუშიც არის კლიპი “ევროპა – ჯოჯოხეთის კარიბჭე”.

აქამდე ევროპასთან ეკლესიის მთავარი ბრძოლა შტრიხკოდებზე გადიოდა, ინერგებოდა მოსაზრება, რომ ევროპელები ინდივიდუალურ სულს გვართმევენ და “გვჩიპავენ”. დღეს ეს თემა მრევლის მხოლოდ ძალიან მარგინალურ ნაწილზე მოქმედებს, იმ ნაწილზე, რომელიც ახლა ID ბარათების გაპროტესტებით არის დაკავებული. სამაგიეროდ, ეკლესიამ ბევრად უფრო მტკივნეული თემა იპოვა და შესაბამისად, შტრიხკოდებთან ბრძოლა ჰომოსექსუალობასთან ბრძოლით ჩაანაცვლა. ეს თემა რომ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა მრევლის დასარაზმად – ამის საუკეთესო ილუსტრაცია 17 მაისია. ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის დასარბევად მრევლთან ერთად გამოსულ ეკლესიის გავლენიან სასულიერო პირებს სამების ტაძრიდან ქორეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობდა, რომელმაც იმავე საღამოს მადლობა გადაუხადა სუპერმარკეტებსა და მეტროს სადგურებში ადამიანებზე მონადირეებს ერის სულიერების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

სულიერება ის სუსტი წერტილია, რომელზე აპელირებაც გულუბრყვილო მასასთან მიმართებით ყველაზე კარგად მუშაობს – მართალია, მე ცუდად ვცხოვრობ, ბევრად ცუდად, ვიდრე ევროპელები – ფიქრობს რიგითი “მრევლი” (როგორც ამ ხალხის მოხსენიება ქართულ ტელევიზიებს უყვართ), მაგრამ სამაგიეროდ, მე მართლმადიდებელი ვარ, სამოთხეში კი მხოლოდ მართლმადიდებლები ხვდებიან. გარდა ამისა, მე სულიერებით და ტრადიციებით გამორჩეული კაცი ვარ, რომელსაც ევროპელი კაცის მსგავსად სხვა კაცი არ ააბობღდება (როგორც ამას ლევან ვასაძე ამბობს). სწორედ ამ “უპირატესობის” განცდა აძლევს მას მოტივაციას ებრძოლოს დასავლეთის “მავნე” გავლენას და ქუჩაში “გეებზე” ნადირობით დაიცვას თავის შვილები “გაპიდარასტებისგან”. რადგან, როგორც ერთი ქართველი მღვდელმსახური ამბობს, სინამდვილეში “ქართველი გეიები” არ არსებობენ და მათი მომრავლება საქართველოში მხოლოდ დასავლური პროპაგანდის შედეგია.

ჰომოსექსუალობის პროპაგანდის შიში, ეს ის არგუმენტია, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობენ დისკუსიაში არა მხოლოდ მართული ანტიდასავლელი პროპაგანდისტები, არამედ რიგითი ადამიანები, რომელთაც შვილების “გაპიდარასტებით” მართლაც გამუდმებით აშინებენ. თუმცა არა მხოლოდ ამით – მათ იმითაც აშინებენ, რომ შეიძლება ერთი მეჩეთის აგებით, ან მეჩეთზე მინარეთის მიშენებით მათ სულიერებასა და ჭეშმარიტ ქართველობას საფრთხე შეექმნას. ამიტომაც ჰომოფობიის პარალელურად სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება საშიშროება ჭალასა და ნიგვზიანში მომხდარი რელიგიური კონფლიქტების გამეორებისა, რომელთა ინსპირატორები, უმეტეს შემთხვევაში, საპატრიარქოს გავლენიანი პირები არიან. ასეთ დროს ევროკავშირის ან რომელიმე უცხოური ორგანიზაციის შეშფოთება და მოწოდებები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ხშირად უკუეფექტის მატარებელია, რადგან მრევლში ეს ისე ითარგმნება, როგორც ევროპელების მიერ ქართველობის, ტრადიციებისა და სულიერების წართმევა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ნიადაგი გრძელვადიანი ანტიდასავლური კამპანიისთვის უკვე კარგად შემზადებულია და ეს ნოყიერი ფონი დღეს რუსეთის ხელში ყველაზე მოგებიანი კოზირია. მან, მართალია, ეკონომიკური და ენერგობერკეტები თითქმის დაკარგა, მაგრამ, რაც მთავარია, არ დაკარგა გავლენა ადამიანების გონებაზე – ეკლესიის უზარმაზარი რეიტინგისა და უკრიტიკო იმიჯის დახმარებით, რაც იმედს აძლევს, რომ ერთმორწმუნე რუსი ძმების საფარქვეშ წარმოებული ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდა ერთ დღეს მისთვის სასურველ შედეგს გამოიღებს. ეს ალბათ, ასეც მოხდება, თუ ამ წამლეკავ საინფორმაციო კამპანიას და დეზინფორმაციას არაფერი დაუპირისპირდა, რადგან ეკლესიის მიერ შექმნილი მითოსის ეს სქელი საბურველი უფრო და უფრო ბინდავს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გონებას.

ერთი შეხედვით, ამ მითოსიდან თავის დაღწევის საუკეთესო გზა ეკონომიკური წინსვლაა – მაგრამ ეს ძალიან გრძელვადიანი მიზანია, რომელსაც ან მივაღწევთ, ან არა. ასე რომ, ეკონომიკური განვითარებისა და “მერე ყველაფერი კარგად იქნებას” იმედად ყოფნა დიდი შეცდომაა, თან, როგორც ფილოსოფოსი გიგა ზედანია თავის ბლოგ “ანტიდასავლეთში” წერს, “ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრების თამაში აპრიორი წაგებული აქვთ, ვერასოდეს ააშენებენ თანამედროვე ქვეყანას”.

თუ დღეს საქართველოში არსებულ პროდასავლურ ფრონტს გადავხედავთ, ის არცთუ ისე იმედისმომცემად გამოიყურება – “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პროდასავლური ძალის დისკრედიტირება პირდაპირ არის დაკავშირებული თვითონ იდეის დისკრედიტაციასთანაც. სუსტია არასამთავრობო სექტორიც, რომელსაც კიდევ უფრო ასუსტებს მიზანმიმართული პიარ-კამპანია (ზუსტად ისეთი, როგორიც რუსეთშია) – რომ NGO -ები ევროპელების აგენტები არიან და ფულის გულისათვის ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს.

“არ დავუშვათ მითოლოგიის გავრცელება, რომელიც მოკლავს განვითარების შანსს. შევქმნათ რაციონალობის ანკლავები მტრულ გარემოში, მოვახდინოთ კრიტიკული აზრის ინსტიტუციონალიზაცია მედიაში, უნივერსიტეტებში, ენ-ჯი-ოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებში”, – წერს გიგა ზედანია თავის ბლოგში. თუმცა ეს არცთუ ისე ადვილია, განსაკუთრებით მედიასა და პოლიტიკურ პარტიებში, რადგან საქართველოში პრესის ნაწილი პირდაპირ მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, ან თავად არის ასეთი პროპაგანდისა და არაინფორმირებულობის მსხვერპლი. სამაგიეროდ, ცოტაა მედიაში ისეთი ხალხის რიცხვი, ვისთვისაც დასავლური ღირებულებები და პროფესიული სტანდარტები ამოსავალი წერტილია. პოლიტიკური პარტიები კი ბოლომდე არიან მორგებულნი დღეს არსებულ კონიუნქტურას, რომელიც მათგან, თუ შავბნელი აზრების მხარდაჭერას არა, მინიმუმ გაჩუმებას მაინც მოითხოვს. ამ კონიუნქტურას თავის დროზე, “ნაციონალური მოძრაობაც” კი ვერსად გაექცა, განსაკუთრებით მმართველობის ბოლო წლებში, როცა “ეკლესიის მნგრეველთა” იარლიყით დაკომპლექსდა. შესაბამისად, ეკლესიიდან მომდინარე შავრაზმულ აზრებთან ჯანსაღ დაპირისპირებას მაშინდელმა ხელისუფლებამ საეკლესიო პირების “ჯიპებით” მოთაფვლა არჩია, რასაც ეკლესიისა და მის მიერ ნაქადაგები იდეების კიდევ უფრო გაძლიერება მოჰყვა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთი თემებით ცდილობს ამომრჩეველთა მიზიდვას. ამის კლასიკური მაგალითი ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ, რომლებიც მოწმენდილ ცაზე, მაშინ როცა ეს თემა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში, ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის კონსტიტუციაში ჩაწერას ითხოვდნენ. არჩევნების შემდეგ კი ეს პარტია დღევანდელმა საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ წარმატებით ჩაანაცვლა – ახლა “ქართული ოცნების” დეპუტატების დიდი ნაწილი ცდილობს ამომრჩევლის ემოციებზე ოსტატურად ითამაშოს და ამით პოლიტიკური კაპიტალი და პოპულარობა მოიხვეჭოს.

დღევანდელ პარლამენტში მკაფიოდ გამოხატული დასავლური ღირებულების მქონე პოლიტიკოსები მუდმივი პოლიტიკური დარტყმის ქვეშ მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” და მმართველი გუნდის უმცირესობა არიან. მათ დიდ ნაწილსაც კი ხშირად არ ჰყოფნით გამბედაობა, ღიად და მკაფიოდ ილაპარაკონ ეკლესიის მიერ გავცელებულ ანტიდასავლურ მითებზე – ასეთ გამონაკლისს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატები წარმოადგენენ, რომელთაგანაც უმრავლესობიდან მეხსიერებაზე ძალდაუტანებლად მხოლოდ თამარ კორძაია შეიძლება გაგახსენდეს.

პარტიებისაგან განსხვავებით არცთუ ისე უიმედოდ გამოიყურება უნივერსიტეტებში კრიტიკულ და ჯანსაღ აზრზე მუშაობის პერსპექტივა. სტუდენტების დიდი ნაწილი, მართალია, ლიბერალური აზროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს მათი ოჯახებისა და სკოლის პედაგოგების “დამსახურებაა”. შესაბამისად, საბაზისო განათლების მიღების პარალელურად მათი დისკუსიაში ჩართვა და მაქსიმალური ინფორმირება, შესაძლოა, კარგი გამოსავალი იყოს. ეს კი ელემენტარული ინფორმაციის მიწოდებით უნდა დაიწყოს – რომ ევროპელები არც ერთ შემთხვევაში არ გვთხოვენ გეი-ქორწინების დაკანონებას ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ჰომოსექსუალობა არ გადადის პროპაგანდით და მეჩეთის აშენებით ან ეკუმენისტური ლოცვით მართლმადიდებლების სულიერებას საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, მართალია, მედიასაშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა შავრაზმულია, მაგრამ დღეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია “რუსთავი 2”-ია და ის პროდასავლურ ფრონტზე დგას. ამიტომაც მას შეუძლია სურვილის შემთხვევაში პროდასავლური კამპანიის ლოკომოტივი გახდეს. ასეთი კამპანია კი აუცილებელია დეზინფორმაციით მოწამლული საზოგადოების დეზინტოქსიკაციისთვის. ასე რომ, დღეს რუსეთ-საქართველოს მთავარი ბრძოლა არა ოკუპაციის ხაზთან, არამედ ხალხის გონებაზე გადის – ვინ მოიპოვებს მასზე კონტროლს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

წინა სტატია

ჩინეთი ბიტკოინების წინააღმდეგ
09 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

ტყუილები გრძელდება
10 მარტი, 2014
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა