ეკონომიკური ზრდა და სოციალური კეთილდღეობა

ეკონომიკური ზრდა და სოციალური კეთილდღეობა

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

კლასიკური ეკონომიკური სკოლები ქვეყნის კეთილდღეობას მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს უკავშირებენ. ამ თეორიების მიხედვით სოციალურ პროგრესს ეკონომიკური ზრდა განაპირობებს. ტრადიციულად კი სოციალური აქტივობები მხოლოდ დანახარჯებთან ასოცირდება. როგორც წესი, ეკონომისტები კრიტიკულად აფასებენ ან საერთოდ მიჯნავენ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას ერთმანეთისგან. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც. უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ინდიკატორებს შორის კავშირს ადგენს. განყენებულად ეკონომიკური ცვლადები სოციალური პროგრესის შესახებ სრულ სურათს არ გვაძლევს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სოციალური პროგრესი ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა და მისმა უგულებელყოფამ შესაძლოა ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რომელთა წინაშეც არაბული სამყარო 2010 წელს დადგა. სოციალური უკმაყოფილებით გაჯერებული სამოქალაქო რევოლუციის ეს ტალღა “არაბული გაზაფხულის” სახელით არის ცნობილი, რომლის დროსაც ხალხის მოთხოვნა ძირითადად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობებს უკავშირდებოდა.

სწორედ ასეთი შემთხვევების სიმრავლის გამო დგება საკითხი, რომ არსებული მიდგომები, საზომები არ არის საკმარისი, ამიტომ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ და გვქონდეს სისტემური ხედვა იმისა, თუ რეალურად რა სურთ ადამიანებს, რა შესაძლებლობები აქვს საზოგადოებას ადამიანის ბაზისური საჭიროებების, ცხოვრების ხარისხის ჩამოყალიბების, განვითარებისა და შენარჩუნების დასაკმაყოფილებლად. ასეთ თემებს სოციალური პროგრესის ტერმინებში ვაქცევთ და ვამბობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ ინდივიდებს მიეცეთ საშუალება მიაღწიონ საკუთარი რეალიზების მაქსიმალურ დონეს და ვუშვებთ, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ აქტივობებისა და უნარების კონსოლიდაციას მოვახდენთ.

საკითხის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ 2013 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნა სოციალური პროგრესის ინდექსი. აღნიშნულს საფუძვლად უდევს პარადიგმა: “რასაც ვზომავთ, სწორედ ეს განსაზღვრავს გადაწყვეტილებებს, რომელთაც ვიღებთ”. შესაბამისად, აქცენტი კეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის კეთილდღეობას. მაგალითად: ბაზისური საჭიროებები, უსაფრთხოება, წვდომა ჯანდაცვაზე, განათლება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

ამ მიდგომას წინ უძღოდა დელოიტის მიერ 28 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. კითხვარის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები საზოგადოებისთვის, რომელთა წინაშეც დადგება მსოფლიო ახლო მომავალში. კვლევის შედეგებით პირველ ათ ადგილზე მოხვედრილი პრობლემებიდან მხოლოდ სამი არის ეკონომიკური. ხუთეულში კი მხოლოდ ერთი ეკონომიკური შინაარსის მქონე პრობლემა შევიდა. მაგალითად, გამოკითხულთა 33% გამოწვევებში რესურსების შეზღუდულობას, 32% – კლიმატურ ცვლილებებს და 23% პიროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საკითხების პრიორიტეტულობა ეკონომიკურთან შედარებით მნიშვნელოვანად დიდია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. გამოკითხულები ფინანსურ კეთილდღეობაზე წინ განათლებას, წვდომას ჯანდაცვაზე და უსაფრთხოებას აყენებენ. მთავრობის როლს აღიქვამენ, როგორც სოციალური პროგრესის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელს. მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობისთვის პლატფორმის შექმნა და სჯერათ, რომ სწორედ სოციალურ პროგრესზე ორიენტირებას მოჰყვება ავტომატურად სხვა ფასეულობების გაუმჯობესება.

სოციალური პროგრესის იმპერატივის წლიურ ანგარიშში წერია, რომ ეს ინდექსი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ინსტიტუციებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ობიექტური, შედეგზე დამყარებული საზომი ქვეყნის კეთილდღეობისა, რომელიც დამოუკიდებელია ეკონომიკური ინდიკატორებისგან.

 სოციალური პროგრესის ინდექსის არქიტექტურა სამ განზომილებაში იშლება:

1. ადამიანის ბაზისური საჭიროებები, რაშიც გაერთიანებულია შემდეგი კომპონენტები: კვება და პირველადი სამედიცინო დახმარება; ჰაერი, წყალი და სანიტარული ნორმები; საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა; პერსონალური უსაფრთხოება.

2. კეთილდღეობის საფუძვლები, რაც გაზომილია ბაზისურ განათლებაზე, ინფორმაციასა და საკომუნიკაციო არხებზე ხელმისაწვდომობით, მდგრადი ეკოსისტემის, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების დონით.

3. შესაძლებლობები, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებს, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, არჩევანისა და თავისუფლების ხარისხს, თანასწორობასა და ჩართულობას.

დღესდღეობით სოციალური პროგრესის ინდექსი 50 ქვეყნის შედეგებს გვთავაზობს. შერჩეული ქვეყნები მსოფლიოს 2/3-ს ფარავს. 2014 წლის ბოლოს ქვეყნების რაოდენობა 120-მდე გაიზრდება. პირველ ეტაპზე დგინდება ათვლის წერტილი, რომელიც მომავალში ბენჩმარკის როლს შეასრულებს და დინამიკაში დაგვანახებს სურათს. ამ ინდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულებაა, დროულად მიეწოდოს ინფორმაცია როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორს, რათა მათ შეძლონ რესურსების ოპტიმალურად გამოყენება გადაუდებელი სოციალური და გარემო პრობლემების მოსაგვარებლად.

კვლევის შედეგების მიხედვით, სოციალური პროგრესის ინდექსით ერთ დონეზე მყოფ განვითარებულ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა ეკონომიკური მაჩვენებლებით. მაგალითად, ეს ქვეყნები სხვადასხვა დიაპაზონში ხვდება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით. სოციალური პროგრესის ინდექსის და მშპ-ს შედარება ქვეყნების მიხედვით ამტკიცებს, რომ ეკონომიკური განვითარება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სოციალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკის ზრდას სოციალური პროგრესი განაპირობებს.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ინდექსით პირველ ადგილს სკანდინავიის ქვეყნები, დასავლეთი ევროპა, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები იკავებენ. საქართველო 29-ე ადგილზეა. მის პოზიციონირებას საგრძნობლად აუარესებს ადამიანის უფლებების, არჩევანის თავისუფლების, თანასწორობისა და ჩართულობის კრიტიკული დონე.

სოციალური პროგრესის ინდექსი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იყენებს ტრადიციულ ეკონომიკურ ინდიკატორებს, საშუალებას გვაძლევს განვითარება დავინახოთ ახალ პრიზმაში, ზუსტად დავადგინოთ ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორები და კონკრეტული ცვლადების გაუმჯობესებით მივაღწიოთ მდგრად და უწყვეტ განვითარებას.

დასასრულს ისევ აღვნიშნავ, რომ, თუ კონკრეტული ქვეყანა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაითვალისწინებს სოციალური პროგრესის ინდექსის შედეგებს და პრიორიტეტებს შესაბამისად დასახავს, ეს, ერთი მხრივ, აუცილებლად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე და, მეორე მხრივ, სერიოზული პოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება. იმავე წარმატებით შეიძლება დაიგეგმოს კორპორაციული სოციალური კამპანიები ბიზნესსექტორში: მიზანმიმართული სოციალური აქტივობები ორგანიზაციების ცნობადობას ზრდის და მეტ ლოიალურ მომხმარებელს იზიდავს. არასამთავრობო სექტორისთვის კი ამ ინდექსის შედეგებზე ორიენტირი ვიტალური მნიშვნელობისაა. ის პირდაპირ ეხმიანება მათ ძირითად საქმიანობას და შედეგებს გლობალურად ზომავს.

წყარო: სოციალური პროგრესის იმპერატივის წლიური ანგარიში www.socialprogressimperative.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *