Snapchat. დატკბი სურათით, სანამ შეგიძლია

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

23 წლის ევან შპიგელმა და 25 წლის ბობი მერფიმ Snapchat-ი და თვითწაშლადი ფოტოები ამერიკელი მოზარდების საყვარელ აპლიკაციად გადააქციეს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია იმისათვის, რომ მის შემქმნელებს $3-მილიარდიანი შემოთავაზება მიეღოთ Facebook-გან. გადაიქცევიან ისინი ორ, ყველაზე ახალგაზრდა, მილიარდერად, თუ  მალევე გაუჩინარდებიან ბიზნესის ანალებში?

ცამეტი თვის წინ, ოც წელს გადაცილებულმა ყველაზე მდიდარმა ახალგაზრდამ ისტორიაში, Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მოწვევა გაუგზავნა Snapchat-ის შემქმნელ ევან შპიგელს, რომელიც ზედამხედველობას უწევს შედარებით ნაკლებშემოსავლიან ფოტოების წამშლელ აპლიკაციას. მოწვევაში, რომელიც ევანის პირად ელექტრონულ ფოსტაზე იყო გაგზავნილი, ეწერა: „მოდი მენლო-პარკში (ცუკერბერგის ადგილსამყოფელი) და ერთმანეთი გავიცნოთ”. შპიგელი ახლა 23 წლისაა და ყველაზე თავხედი ვუნდერკინდის სახელს ატარებს, თუ არ ჩავთვლით ცუკერბერგს და მის დავას სასამართლოში კოლეჯის მეგობართან, რომელიც მას კომპანიის შექმნაში დაეხმარა. აი, შპიგელმა კი, რომლისთვისაც ცუკერბერგი მისაბაძი მაგალითი იყო, ასე უპასუხა მას: ძალიან გამეხარდება შენთან შეხვედრა... თუ შენ მოხვალ ჩემთან.

მართლაც, Facebook-ის მთავარი ოფისის დიზაინის საქმესთან დაკავშირებით, არქიტექტორ ფრენკ გერისთან შეხვედრის წინაპირობით შეიარაღებული ცუკერბერგი შპიგელის მშობლიურ ქალაქ ლოს-ანჯელესში გადაფრინდა და წინასწარ მოაგვარა საქმე ისე, რომ ეს საიდუმლო შეხვედრა კერძო ბინაში ჩატარებულიყო. შპიგელი თავის თანადამფუძნებელთან, ბობი მერფისთან, ერთად მივიდა, რომელიც Snapchat-ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობს. ცუკერბერგს მზად ჰქონდა განსაზღვრული დღის წესრიგი შეხვედრის ჩასატარებლად. ის შეეცადა გადმოეცა ის ხედვა, რომელიც პარტნიორებს Snapchat-თან დაკავშირებით აქვთ და შემდეგ სტუმრებს Facebook-ის ახალი პროდუქტი, Poke-ი გააცნო – ფოტოების გაზიარებისა და შემდეგ მათი გაქრობის მობილური აპლიკაცია. მისი თქმით, ამ აპლიკაციის დებიუტი რამდენიმე დღეში შედგებოდა. ბოლოს, თითქოს რაღაც გაახსენდაო, დააყოლა, რომ მალე ის აპირებდა Silicon Valley-ის კამპუსის შესასვლელთან გამოფენილი Facebook-ის საკულტო სიმბოლოს, „like”-ის აღმნიშვნელი „ცერი მაღლას” შეცვლას Poke-ის სიმბოლოთი. შპიგელი იხსენებს: „თითქოს მეუბნებოდა, ‘ჩვენ შენს განადგურებას ვაპირებთ’”.

შპიგელი და მერფი დაუყოვნებლივ ოფისში დაბრუნდნენ და მათი კომპანიის ექვსივე თანამშრომლისთვის შეუკვეთეს სუნ ცუს წიგნი, The Art of War („ომის ხელოვნება”).

Snapchat-ი წარმოადგენს უდიდეს ეგზისტენციალურ საფრთხეს და ის ასევე Facebook-ის უძლიერესი გუნდის არსებობასაც ემუქრება. დღეს მოზარდებმა შეითვისეს ერთი რამ, რასაც თავის დროზე ალღო ვერ აუღეს მათმა უფროსმა მეგობრებმა – ის, რასაც სოციალურ მედიაში გამოაქვეყნებ – კარგს, ცუდს, მიუღებელს, – სამუდამოდ რჩება იქ. ამიტომაც ისინი რეგისტრირდებიან Snapchat-ში მისი. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად 50 მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ აპლიკაციით. საშუალო ასაკია– 18 წელი. ამ დროს, საყოველთაო აღიარების თანახმად, Facebook-ი პოპულარობას კარგავს მოზარდებში. მის მომხმარებელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 40 წლამდე ავიდა.

ცუკერბერგმა საფრთხე იგრძნო, რითაც შეიძლება აიხსნას მისი თამაში საეჭვო მეთოდებით. Poke-ის დებიუტის შემდეგ, 2012 წლის 21 დეკემბერს, ცუკერბერგმა შპიგელს ელექტრონული წერილი მისწერა. წერილში იგი იმედს გამოთქვამდა, რომ შპიგელი დიდად ნასიამოვნები დარჩა მისი ახალი პროდუქტით. შპიგელმა, რომელმაც გააუქმა საკუთარი გვერდი Facebook-ში, სასწრაფოდ გამოიძახა მერფი ცუკერბერგის ახალი პროდუქტის განსახილველად. მერფიმ პირქუშად გამოთქვა თავისი აზრი – ეს იყო ჩვენი აპლიკაციის თითქმის ზუსტი ასლი.

მაგრამ სასაცილო რამ მოხდა დაბერებისკენ მიმავალ Facebook-ის გზაზე. Poke-მა, საკუთარი დებიუტიდან მეორე დღესვე პირველი ადგილი დაიკავა iPhone-ის აპლიკაციების მაღაზიაში, მაგრამ სამ დღეში, 25 დეკემბერს, Snapchat-მა დაიკავა მოწინავე პოზიცია რეკლამის დახმარებით, რადგან Facebook-ის აპლიკაცია აღარ იყო ყველაზე პოპულარული 30 აპლიკაციისგან შემდგარ სიაში. შპიგელი იცინის: „თითქოს გაისმოდა, „ბედნიერ შობას გილოცავ, Snapchat!’”

ეს ნათელს ჰფენს იმას, თუ რა მოხდა შემოდგომაზე, როდესაც ცუკერბერგი ხელმეორედ დაუკავშირდა შპიგელს. ის მზად იყო კაპიტულაციისთვის ქაღალდზე დაწერილი ისეთი დიდსულოვანი პირობებით, რომ მათთვის აბსურდულიც კი შეგეძლოთ გეწოდებინათ. იმ ადამიანების სიტყვებით, რომლებისთვისაც ცნობილია ცუკერბერგის შემოთავაზება, ეს იყო 3 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით ორი წლის აპლიკაციისთვის, შემოსავლის გარეშე და შემოსავლისთვის განრიგის დაწესების გარეშე (Facebook-მა უარი განაცხადა ამ სტატიის კომენტარზე). კიდევ უფრო აბსურდული იყო, რა თქმა უნდა, ის, რომ შპიგელმა უარი უთხრა ცუკერბერგს ამ წინადადებაზე. ეს იყო გასული წლის განმავლობაში ყველაზე გულდასმით მოფიქრებული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა თავბრუდამხვევ მათემატიკას. Forbes-ის გამოთვლით, იმ დროისათვის შპიგელი და მერფი, თითოეული მათგანი, Snapchat-ის 25%-იანი სააქციო პაკეტის მფლობელები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავს იკავებდნენ ციდან ჩამოვარდნილი 750 მილიონი დოლარის მოგების მიღებაზე. „ვხვდები, რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი Facebook-თვის, – უთხრა Forbes-ს ერთ-ერთმა სარისკო წამოწყების კაპიტალის მფლობელმა, – მაგრამ ღირს კი ის შედეგი, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანს, 3 მილიარდი დოლარი? ჩემი აზრით, არც ერთ სამყაროში, რომელსაც კი ვიცნობ”.

თუმცა ამ გადაწყვეტილების წარმომავლობა ნათელი იყო ყველასთვის, ვინც იცოდა იმ სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც შპიგელმა და მერფიმ თავიანთი გუნდის ყველა წევრს დაურიგეს. წიგნის, „ომის ხელოვნება”, მეექვსე თავში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მტერზე იერიშის მიტანა, როდესაც ის ამჟღავნებს თავის სისუსტეს. შპიგელი და მერფი გრძნობენ ნაპრალის არსებობას და მტკიცედ არიან დარწმუნებულები, რომ აპლიკაციის გაყიდვის ნაცვლად, მათ უნდა გადაატრიალონ სოციალური მედიის იერარქია 50 მილიონი დოლარის ბიუჯეტით შეიარაღებულებმა, რომელიც მათ დეკემბერში მიიღეს, მისი შედარებით დაბალი (მაგრამ მაინც ღირსშესანიშნავი) ღირებულების, 2 მილიარდი დოლარის პირობებში. „უაღრესად მცირეა იმ ადამიანების რიცხვი მსოფლიოში, რომლებიც ცდილობენ ბიზნესი ამ გზით ააწყონ, – ამბობს შპიგელი. – მე ვფიქრობ, რომ გარკვეული მოკლევადიანი მოგებისთვის თამაში საინტერესო არ არის”.

მათთვის, ვინც ანგარიშს აწარმოებს: „მოკლევადიანი მოგება” 23 წლის ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მამის სახლში ცხოვრობს, ახლა, როგორც ჩანს, მილიარდი დოლარის სამი მეოთხედის ტოლია. უფრო გრძელვადიანი მოგებისთვის შპიგელის მიერ წამოწყებული ბრძოლა ან იმით დასრულდება, რომ ის დიდი მილიარდერი ვუნდერკინდის ამპლუაში მოგვევლინება, ან კიდევ ეს იქნება ახალგაზრდული სიამაყისთვის ჭკუის სასწავლებელი ამბავი.

6,1 ფუტის სიმაღლის აყლაყუდა. ღილებზე შეკრული პერანგი, დიზაინერული ჯინსი და უბრალო, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი მეტყველებს, რომ ევან შპიგელს მოუხეშავი მოზარდის ჯავშანი ჯერ არ გადაუგდია. ვენის ბიჩზე მდებარე Snapchat-ის ახალ მთავარ ოფისში მედიასთვის პირველი სერიოზული ინტერვიუს მიცემისას, ევანის ხრინწიან სიცილს სწრაფად ცვლის გაყინული მზერა, ამასთან ერთად, ის გაუთავებლად მუჭაში იყრის ჟელეს დათუნიებს და Goldfish-ის კრეკერებს. მისი საუბარი სავსეა სიტყვებით: „როგორც” და „რაც გინდა იყოს”. მაშინ, როდესაც შპიგელი თავს ამჟღავნებს უკიდურესად თავდაჯერებულ მოსაუბრედ ისეთ თემებზე, როგორიცაა პოლიტიკა, მუსიკა, ის უარს აცხადებს კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ ყველაზე უბრალო საკითხების განხილვაზეც კი, ისეთის, როგორიცაა მისი იდეალური მართვის გუნდი, ან Snapchat-ის მისეული გრძელვადიანი ხედვა.

თუმცა, თუ თქვენ საკმარისი მოთმინების უნარი გაქვთ, – ერთ-ერთი ჩემი საუბარი მასთან ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა – ჩვენი საუბრის მთლიან წინაისტორიას მიიღებთ, რომელშიც კარგად მჟღავნდება მისი უცნაური მსგავსება მის მტერთან, ცუკერბერგთან.

ცუკის მსგავსად შპიგელმაც შედარებით პრივილეგიურ პირობებში გაატარა ბავშვობა. ორი წარმატებული ადვოკატის (დედა მელისა, ჰარვარდის სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და პრაქტიკას გადიოდა საგადასახადო სამართალში შპიგელის დაბადებამდე, ხოლო მამამისი, სასამართლოს ადვოკატი ჯონ შპიგელი, იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სერგეი ბრინისა და Warner Bros-ის ინტერესების დამცველი იყო) პირველი შვილი, მშობლებთან ერთად Pacific Palisades-ის ფეშენებელურ რაიონში, მალიბუს ზუსტად აღმოსავლეთით ცხოვრობდა. ცუკერბერგის მსგავსად, ისიც საშუალო სკოლის „ნერდი” მოსწავლე გახლდათ, რომელმაც თავშესაფარი ტექნოლოგიურ სფეროში ჰპოვა. თავისი პირველი კომპიუტერი მეექვსე კლასში სწავლისას ააწყო, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ატარებდა ფოტოშოპში და ყოველი კვირის ბოლოს, ადგილობრივი საშუალო სკოლის ზედა კლასების არტლაბორატორიაში მუშაობას ანდომებდა. „ჩემი საუკეთესო მეგობარი კომპიუტერის მასწავლებელი, დენი იყო”, – იცინის შპიგელი.

ზედა კლასებში შპიგელმა გამბედაობის გამომჟღავნება დაიწყო, რაც ცუკერბერგმა უფრო მოგვიანებით მოახერხა. შპიგელის მხრიდან ეს გამოიხატებოდა კლუბებსა და ბარებში Red Bull-ის რეკლამის გაკეთებასა და საკუთარი მშობლების განქორწინების ბერკეტულ ტაქტიკად გამოყენებაში. მამასთან საცხოვრებლად პირველად მაშინ გადავიდა, როდესაც ამ უკანასკნელმა ნება დართო თვითონ გადაეწყვიტა საკუთარი ოთახის მოწყობისა და სტუმრების არჩევის საკითხი. „რამდენიმე ხმაურიანი წვეულება მოვაწყვე”, – ამბობს ის თავმომწონე ღიმილით. როცა მამამ, BMW-ს იჯარისთვის ფულის მიცემაზე უარი განუცხადა, ის დედასთან გადაბარგდა. კოლეჯის დამთავრებიდან მოყოლებული, მან სამუდამოდ დაიდო ბინა მამასთან, ქვით მოპირკეთებული ფასადის მქონე დიდ სახლში, რომელიც ჩრდილოეთით, ოკეანისგან ნახევარი მილითაა დაშორებული. „ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ სასიამოვნოა, რომ ეს ერთი რამ მაინც მუდმივია ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ის თითქოსდა თავის გამართლების მიზნით. – ეს ასევე საკმაოდ მეხმარება მიწაზე დაშვებაში”.

მან სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში, პროდუქტის დიზაინის მიმართულებით გააგრძელა და 2010 წელს, მეორე კურსზე ყოფნის პერიოდში, Kappa Sigma-ს სტუდენტურ საცხოვრებელში დასახლდა. ბობი მერფი, მათემატიკასა და გამოთვლით მეცნიერებებში წარმატებული უფროსკურსელი, კორიდორის მეორე მხარეს ცხოვრობდა. „ჩვენ „მაგარი ბიჭები” არ ვიყავით, – ამბობს მერფი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შესახებ, – ამიტომ ვცდილობდით რაღაცები შეგვექმნა, რათა ყურადღება მიგვეპყრო”.

სანამ შპიგელი გაცხოველებით ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სიტყვას ფრთხილად არჩევს, მერფის, სახელმწიფო მოსამსახურეების ვაჟს (დედამისი ემიგრანტია ფილიპინებიდან), მშვიდად გადაუდია ფეხი ფეხზე და მეგობარს უსმენს. „ის ბერს უფრო მაგონებს, – ამბობს დევიდ კრავიცი, Snapchat-ის პირველი დაქირავებული თანამშრომელი. – ვერ ვიხსენებ, ოდესმე აღელვებული მენახოს”. სტენფორდში სწორედ მერფიმ დაიქირავა პირველად შპიგელი, რომელსაც Google Circles-ით შთაგონებული ონლაინ სოციალური ქსელის დიზაინის შექმნა დაავალა, რაც უშედეგოდ დასრულდა.

და მაინც, თანდათან, შპიგელს ყურადღება მიაქციეს. Intuit-ის დამაარსებელზე, სკოტ კუკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა პასუხმა, როდესაც კუკი, მოწვეული ლექტორის რანგში, პეტერ ვენდელის პოპულარული გამოსაშვები კურსის გაკვეთილზე ატარებდა ლექციას თემაზე, „მეწარმეობა და სარისკო კაპიტალი”. „როდესაც გაკვეთილი დასრულდა, კომენტარი გავაკეთე, კერძოდ, ამ სტუდენტის გონებამახვილობასა და დასაბუთების უნარზე, – ამბობს კუკი. – პროფესორმა ვენდელმა კი მითხრა, გაგიკვირდებათ, მაგრამ ის არ არის ბიზნესის მართვის მაგისტრატურის სტუდენტი. ის ბოლო კურსის სტუდენტია, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამ კლასს’”. კუკმა მაშინვე დაიქირავა შპიგელი, რომელსაც Intuit-ის ერთ პროექტზე უნდა ემუშავა. ამ პროექტის საშუალებით, ვებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, ინდოეთში გადაიცემა.

თუმცა შპიგელი მეტისმეტად ჩქარობდა, რომ ბევრი აეთვისებინა როგორც მოსწავლეს. 2010 წლის ზაფხულში მან და მერფიმ შეიმუშავეს Future Freshman-ი – ონლაინ პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლების, უფროსკლასელებისა და მეთოდისტების დახმარებას კოლეჯში სტუდენტების მიღების პროცესის მართვის განსახორციელებლად. „ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ის გადაიქცა არაჩვეულებრივად სრულფუნქციურ ვებგვერდად”, – იხსენებს მერფი. ერთი პრობლემა, რომელიც წამოიჭრა, იყო ის, რომ „დაახლოებით ხუთი თანამშრომელი დავიქირავეთ მისი მომსახურებისთვის”, – ამბობს შპიგელი. სწორედ მაშინ სტუდენტური საცხოვრებლის კიდევ ერთი ბინადრის, რეგი ბრაუნის სახით, შპიგელის ოთახში იღბალმა შემოაბიჯა. ბრაუნი მასთან სალაპარაკოდ მოვიდა. ის აღელვებული იყო, რადგან ვიღაცას გაუგზავნა ფოტო, რასაც ახლა ძალიან ნანობდა. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

მაშინ, როდესაც Snapchat-ზე საკუთრების უფლება ცხელ დებატებს იწვევს, როგორც ჩანს, მისი წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება სუფევს: ბრაუნს რაღაც ამის მაგვარი უთქვამს: „ნეტავ არსებობდეს სურათების გამგზავნი ისეთი აპლიკაცია, რომელიც შემდეგ ამ სურათებს გააქრობდა”. მან უარი თქვა Forbes-თან საუბარზე სასამართლოში მიმდინარე დავის მიზეზით, მაგრამ ამ ისტორიაში მისი როლის შესახებ მაინც ცნობილი გახდა უამრავი სასამართლო დოკუმენტის (მათ შორის, ფიცით ჩვენების მიცემის) შესახებ სასამართლოდან გამოჟონილი ხმების მეშვეობით. ბრაუნის სიტყვების თანახმად, შპიგელი „ძალიან გამოცოცხლდა” და ბრაუნის ნათქვამს განუწყვეტლივ „მილიონდოლარიან იდეას” უწოდებდა (შპიგელი აღიარებს, რომ ის ძალიან აღელვებული იყო, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია „მილიონდოლარიანი იდეის” შესახებ). იმ ღამესვე დეველოპერის ძებნას შეუდგნენ. ბრაუნი აცხადებს, რომ ორმა კანდიდატმა უარი განაცხადა; ბოლოს მერფის შესთავაზეს, რომელსაც ის-ის იყო დიპლომი მიეღო.

თავდაპირველად როლები სამართლიანად განაწილდა: მერფი ტექნიკური დირექტორი გახდა, ბრაუნი მარკეტინგის დირექტორი, შპიგელი გენერალური დირექტორი და ამ იდეას ავითარებდა დიზაინის კურსზე, რომელსაც ის გადიოდა. პირველად იყო მოუხეშავი ვებგვერდი, რომელიც მომხმარებლებს ფოტოს ჩატვირთვას და მის გაგზავნამდე ტაიმერის ჩართვას სთხოვდა. „ევრიკას” მომენტი მხოლოდ მაშინ დადგა, როდესაც ამ იდეამ მობილურზე გადაინაცვლა. „რაღაც მომენტში ეს იყო აღმოჩენა, ტელეფონზე ხომ კამერა არის, ეს უფრო იოლი არ იქნება?” – ამბობს შპიგელი.

ამ სამუშაოს კულმინაცია გახდა სარისკო წამოწყების კაპიტალის მფლობელების ჯგუფისთვის გაკეთებული პრეზენტაცია. ბრაუნმა აპლიკაციის სახელი გამოიგონა –Picaboo, ხოლო მერფი დღეში 18 საათი მუშაობდა იმისათვის, რომ მოქმედი პროტოტიპი მიეღო. „მეწარმეების მხრიდან რეაქცია ძირითადად ასეთ ხასიათს ატარებდა, – ჰმმმმმმ, კეთილი, გმადლობთ თქვენი პროექტი რომ გვაჩვენეთ”, – იხსენებს შპიგელი. ერთმა ინვესტორმა ურჩია, რომ Best Buy-ის პარტნიორები გამხდარიყვნენ. ბევრს უკვირდა, საერთოდ რატომ უნდა მოენდომებინა ვინმეს თვითწაშლადი ფოტოს გაგზავნა.

პირველი ვერსიის დებიუტი iOS-ის აპლიკაციების მაღაზიაში შედგა 2011 წლის 13 ივლისს... ყოველგვარი ხმაურის გარეშე. აპლიკაციამ, სახელად „Instagram-ის ზღაპარი” – იმ დღეს 25 000 ჩამოტვირთვა დააგროვა. „თუმცა ასე სჯობდა”, – მალავს უკმაყოფილებას მერფი. გუნდმა ბევრი იმუშავა, მაგრამ გვერდი აუარა ერთ ფატალურ ნაკლს – ის ფაქტი, რომ ფოტოს მიმღებს შეუძლია ეკრანს გადაუღოს სურათი და ამგვარად ფოტო, რომელიც ქრება, სამუდამოდ შეინარჩუნოს. შედეგად შეიქმნა სისტემა, რომელიც ფოტოს გამგზავნს ატყობინებს, თუ მისი ფოტო „დაასკრინშოტეს”, რაც მძლავრი სოციალური შეკავების იარაღია. და მაინც ზაფხულის ბოლოსთვის, Picaboo-ს მხოლოდ 127 მომხმარებელი ჰყავდა. პათეტიკურია.

შეცდომა შემდეგში იყო: ბრაუნი აპოზიციონირებდა აპლიკაციას, როგორც სექსუალური ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის ინსტრუმენტს („Picaboo საშუალებას აძლევს წყვილებს ერთმანეთს გაუგზავნონ ფოტოები სანახავად და არა შესანახად!” – წერია მის მიერ დაწერილ პირველ პრესრელიზში). მერფის მშობლები ევედრებოდნენ შვილს, რომ რეალური სამსახური ეშოვა და შპიგელმაც, როგორც ჩანს, დაიწყო მოქმედება ჯგუფის გამოსაფხიზლებლად. ბრაუნის სიტყვების თანახმად, ბრაუნმა გაიგონა, როგორ გეგმავდნენ შპიგელი და მერფი მის გადაყენებას.

გარდატეხის მომენტი მაშინ დადგა, როდესაც საქმე სააქციო კაპიტალის წილების გაყოფამდე მივიდა. 16 აგვისტოს შინ, სამხრეთ კაროლინაში დაბრუნებულმა ბრაუნმა ორივე პარტნიორს დაურეკა და თავისი მოთხოვნა ამცნო: მას კომპანიის აქციების დაახლოებით 30% სურდა, რაც ერგებოდა მის მიერ შეტანილი წვლილის მიხედვით, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. პროდუქტის თავდაპირველი იდეა მას ეკუთვნოდა, სახელი Picaboo მისი გამოგონილი იყო და ამჟამად ცნობილი მოჩვენების ლოგოც – მისი შექმნილი. შპიგელი და მერფი შეეპასუხნენ, რომ ის არ იმსახურებდა არაფერს ამდაგვარს. როდესაც ბრაუნმა განაცხადა, რომ ის შპიგელისა და მერფის „ნიჭს ხელმძღვანელობას” უწევდა, მერფი იხსენებს, რომ განრისხებულმა შპიგელმა ყურმილი დაკიდა. შპიგელმა და მერფიმ შეცვალეს ადმინისტრაციული პაროლები აპლიკაციისთვის და ბრაუნთან კავშირი გაწყვიტეს; მხოლოდ რამდენიმე დაძაბული ელექტრონული წერილი გაუგზავნეს მოსალოდნელი პატენტის შესახებ. ბრაუნი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ტყუპ ძმებ უინკელვოსებსა და ედუარდო სავერინს შორის არსებული უთანხმოების მსგავსი Snapchat-ის ვერსია თამაშდებოდა (რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ბრაუნთან ბრძოლაში Snapchat-მა იქირავა იურისტების გუნდი, რომელიც თავის დროზე, ტყუპი ძმის, უინკელვოსების, ინტერესებს იცავდა Facebook-ის წინააღმდეგ.)

ორი კაცის მფლობელობაში მყოფმა ორგანიზაციამ სახელი Picaboo შეიცვალა და Snapchat-ი მას შემდეგ გახდა, რაც იმავე სახელის მქონე ფოტოწიგნის კომპანიამ წერილი გამოუგზავნა თხოვნით, რომ შეეწყვიტათ უკანონო მოქმედება. „ეს იყო, რაღაც უდიდესი შვების მომგვრელი მომენტი”, – იხსენებს შპიგელი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შპიგელმა და მერფიმ აპლიკაციას ფოტოზე წარწერის ფუნქცია დაამატეს, როგორც ჩანდა, ისინი განწირულები იყვნენ იმისათვის, რომ განმეორებულიყო მათი წინა პროექტის, Future Freshman-ის გამოცდილება – ტექნიკურად გამართული პროდუქტი, რომელიც, ფაქტობრივად, არავის სურდა. შპიგელი სტენფორდში დაუბრუნდა ბოლო კურსს; მერფიმ iPad-ის კლიენტების მომსახურების პუნქტში Revel Systems-ში დაიწყო მუშაობა, სადაც პროგრამულ კოდებს წერდა.

შემოდგომაზე Snapchat-ს უკვე მაჯისცემა შეენიშნებოდა. როდესაც მისი მომხმარებლების რიცხვი1000-ს მიუახლოვდა, უცნაური მოდელი ჩამოყალიბდა: ამ აპლიკაციის გამოყენება პიკს აღწევდა დილის 9 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე და ზუსტად ემთხვეოდა სკოლის საათებს. შპიგელის დედამ თავის ძმისშვილს შეატყობინა ამ აპლიკაციის შესახებ და გოგონას სკოლის Orange County-ის უფროსკლასელები უმალ Snapchat-ობანამ მოიცვა, რასაც სკოლის მიერ დარიგებული iPad-ების საშუალებით ახორციელებდნენ. რადგან Facebook გამოყენება აკრძალული იყო, ეს აპლიკაცია მათ საშუალებას აძლევდა, გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიზუალური ბარათები გაეგზავნათ ერთმანეთისთვის და უფრო უკეთესი, ყველა მტკიცებულება მომენტალურად ქრებოდა. მისი გამოყენება კიდევ უფრო იზრდებოდა არდადეგების განმავლობაში, რადგან მოსწავლეებს შედარებით სწრაფი iPhone-ბი უჩნდებოდათ. მომხმარებლების რიცხვმა დეკემბერში 2 241-ს მიაღწია. იანვრის თვისთვის მათი რიცხვი 20 000-მდე გაიზარდა; აპრილში კი 100 000-ს მიაღწია.

მაგრამ მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად სერვერის გადასახადიც გაიზარდა. მაშინ როდესაც შპიგელი ამ გადასახადს ბაბუამისის ფულით იხდიდა, მერფის თავისი ხელფასიდან უწევდა მისი გადახდა. როდესაც თვიურმა გადასახადმა 5000 დოლარს მიაღწია, აუცილებელი გახდა დოტაციაზე გადასვლა.

ბოლოს ისინი Lightspeed Venture Partners-ის პარტნიორმა, ჯერემი ლიუმ გადაარჩინა. მისი პარტნიორის ქალიშვილისგან მან შეიტყო, რომ სილიკონის ველზე მდებარე სკოლაში, სადაც გოგონა სწავლობდა, Snapchat-ი ისეთივე პოპულარული გამხდარიყო, როგორც Instagram-ი და Angry Birds-ი, მაგრამ შპიგელთან და მერფისთან დაკავშირება არც ისე იოლი აღმოჩნდა; მათი ვებგვერდი არ შეიცავდა საკონტაქტო ინფორმაციას და არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა LinkedIn-ის გვერდზე. ბოლოს ლიუმ „whois” („ვინ არის”) საძებნ პროგრამას მიმართა აპლიკაციის ვებდომენის მესაკუთრის ვინაობის გასაგებად და გამოარკვია, რომ ეს გაურკვეველი წარმოშობის შპს დარეგისტრირებული იყო შპიგელის სახელზე და საბოლოოდ ის Facebook-ის საშუალებით მოძებნა. „მისი პროფილის სურათში ლიუ გადაღებული იყო ობამასთან ერთად, – მხრებს იჩეჩს შპიგელი, – ამიტომ ვიფიქრე, რომ კანონმორჩილ პიროვნებასთან გვქონდა საქმე”.

2012 წლის აპრილში Lightspeed-მა კომპანიაში 485 000 დოლარი დააბანდა კომპანიის 4,25 მილიონ დოლარად შეფასების საფუძველზე. „ეს იყო ყველაზე საოცარი შეგრძნება, რაც კი ოდესმე მქონია, – ამბობს შპიგელი. – არაფერი შეედრება მას”. იმ დღეს, როდესაც ფული კომპანიაში გადმორიცხეს, ის აუდიტორიაში იჯდა, გამყიდველი-ავტომატის შესახებ ლექციას უსმენდა და საქმიანად ანახლებდა Wells Fargo-ს აპლიკაციას (რომელიც გამოიყენება საბანკო ანგარიშში სწრაფად და უფასოდ შესასვლელად) თავის iPhone-ზე. ცუკერბერგისთვის საბოლოო პატივის მიგება იყო, როდესაც ფულის ანგარიშზე დაჯდომის შემდეგ, ის მივიდა თავის ლექტორთან და კურსსაც და სტენფორდის უნივერსიტეტსაც თავი დაანება, დიპლომის აღებამდე ზუსტად რამდენიმე კვირით ადრე.

SNAPCHAT-მა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა მასში თავდაპირველი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, რადგან კომპანია გაიზარდა, თუმცა მისი გუნდი ჯერ კიდევ მცირერიცხოვანია და მხოლოდ 35 კაცს შეადგენს. მისი ახალი ოფისები განლაგებულია ყოფილ სამხატვრო სტუდიაში, ერთ კვარტალში ვენის ბიჩის პრომენადიდან – შესაბამისად, ანონიმურია. მხოლოდ ერთი პატარა მოჩვენების ლოგო ამშვენებს მათ, რათა მიგნება შესაძლებელი იყოს. თუმცა Snapchat-ის განვითარების უმეტესი ნაწილი, რომელმაც მას ვირუსული სენსაციის სახელი მოუტანა, 2012 წელს განხორციელდა, როდესაც კომპანიის შტაბბინა შპიგელის ბაბუის სახლში იყო განთავსებული. „მან დაგვარწმუნა, რომ მიგვეტოვებინა სტენფორდი და გადავსულიყავით ლოს-ანჯელესში და ეს მხოლოდ ერთი საუბრის განმავლობაში მოახერხა”, – ამბობს დენიელ სმიტი, რომელიც კრავიცთან ერთად აიყვანეს Snapchat-ში სამუშაოდ.

გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა და სადაც მუშაობდა, იქვე იძინებდა. „სმიტი ცხოვრობდა შპიგელის დის ოთახში, რომლის კედლებს გოგონების საყვარელი ფერების, ნარინჯისფერი და ვარდისფერი კოპლები ამშვენებდა, რაც მშფოთვარე შეგრძნებას ბადებდა, – იხსენებს შპიგელი. – ბობის ჩვევად ჰქონდა კოდის მოდიფიკაციის პროცესის დაწყება და შემდეგ დასაძინებლად წასვლა, – ამბობს შპიგელი, რომელიც შემდეგ იძულებული იყო თვითონ დაესრულებინა სამუშაო. – დილას ვიღვიძებდი და ვიწყებდი, ოჰ, ღმერთო ჩემო!’” მერფი ამატებს: „ჯერ კიდევ კოშმარები მაწუხებს, კიბეზე ჩამავალი მისი ნაბიჯების ხმა რომ მახსენდება”.

Lightspeed-თან დადებული შეთანხმება საოცრად ეფექტური აღმოჩნდა. Lightspeed-ის პარტნიორი ლიუ აღნიშნავს: „მათ შეუძლიათ ერთმანეთს უშვერი სიტყვები ეძახონ, მაგრამ შემდეგ თავში უკეთესი იდეები მოსდით”. ის, რაც მათ შექმნეს, იყო აპლიკაცია, რომელსაც უფრო მეტად, ვიდრე ინსტრუმენტს Facebook-ის „like”-ბისთვის, შეუძლია მისთვის კონკურენციის გაწევა. იღბლისა და დიზაინის წყალობით, Snapchat-ი სამ გამაფრთხილებელ სიგნალს აძლევს Facebook-ს. პირველი – ის უფრო ინტიმური და ექსკლუზიურია. ისევე, როგორც Facebook-მა აიღო ანონიმური ინტერნეტი და გადააქცია ის კონკრეტული ადამიანების სივრცედ, რომლებსაც თქვენ იცნობთ. Snapchat-ი Facebook-ის „მეგობრების” სიას, – რომელიც თქვენი ნაცნობების ფართო სპექტრსაც მოიცავს, დაწყებული დიდი ხნის მივიწყებულ კლასელებით და დამთავრებული ბუზღუნა დეიდებით – თქვენს სატელეფონო კონტაქტებამდე ავიწროებს – იმ ადამიანებამდე, რომლებსაც თქვენ რეალურად ელაპარაკებით.

მეორე – ის აღიქმება, როგორც უფრო ახალგაზრდული და უფრო „მაგარი”. Facebook-ში მოზარდების უმეტესობა ალბათ საკუთარ ბებიას ან ბაბუას პოულობს. ის ფაქტი, რომ Snapchat-ის წარმომავლობა მობილურიდან იღებს სათავეს, აპლიკაციებისადმი დიდი ნდობის ფაქტორს აჩენს გაზრდილ თაობებში, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერებს სულ უფრო ხშირად მიიჩნევენ ისევე მოძველებულად, როგორც მათი მშობლები მიიჩნევდნენ შავ-თეთრ ტელევიზორებს.

Facebook-ის მშობლების მიერ კონტროლისა და „შურისსაძიებელი პორნოგრაფიის” (ყოფილი პარტნიორები საჯაროდ აქვეყნებენ ყოფილი საყვარლების შიშველ ფოტოებს) ეპოქაში, თვითგანადგურების ფუნქცია სულ უფრო რეზონანსული ხდება. „ეს არ არის სულელური მცირე ზომის შეტყობინებების გამგზავნი აპლიკაცია, – დაჟინებით იმეორებს ლიუ. – ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, დაბრუნდნენ იმ დროში, როდესაც მათ არასოდეს არ სჭირდებოდათ თვითცენზურაზე ზრუნვა”.

მთელი ქვეინდუსტრია, ეგრეთ წოდებული ეფემერული, ან დროებითი სოციალური მედია აღმოცენდა მის ნიადაგზე. Poke-ის გარდა რომლის პოპულარობამაც საკმაოდ იკლო), მათ შორისაა Clipchat-ი (Snapchat-Twitter-ის ჰიბრიდი), Wickr-ი (გაუჩინარებადი ტექსტები) და ათობით მათი აპლიკაცია, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის საზღვრებს უკან წევენ იმ სივრცემდე, რასაც ოდესღაც ტელეფონის ლაპარაკს ვუწოდებდით – კომუნიკაციის მეთოდი, რომლის დროსაც ძალზე მცირე საფრთხეა იმისა, რომ ოდესღაც ის ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება და ზიანს მოგაყენებს.

თუმცა ყველა ისინი ერთ ადგილას გაჩერდნენ და წინ ვეღარ მიდიან, ამიტომაც თვალს არ აშორებენ შპიგელს და მერფის, რომლებმაც მოახერხეს Snapchat-ის უფრო მხიარულ და იოლ აპლიკაციად გადაქცევა. მომენტალური ფოტოს მომხმარებელთა მიერ თავიანთი ტელეფონების ეკრანებზე თითის გარკვეული დროით დაჭერის აუცილებლობა ასევე შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მიზანდასახულად შექმნილი სიძნელე იმისათვის, რომ მის მომხმარებლებს გაუჭირდეთ მეორე კამერით ეკრანისთვის ფოტოს გადაღება. გაქრობადი ვიდეო ამჟამად არჩევანის შესაძლებლობას იძლევა. მაშინ, როდესაც მოზარდები ფლობენ სივრცეს, სადაც მათ ვერ მისწვდებიან აბეზარა ცნობისმოყვარე მშობლები ან მომავალი დამქირავებლები, მოზრდილები ცდილობენ დაეწიონ მათ. მთლიანობაში, Snapchat-ის მომხმარებლები გზავნიან 400 მილიონ ფოტოს და ვიდეოს ყოველდღე, რაც Facebook-სა და Instagram-ში ფოტოებისა და ვიდეობის ატვირთვების ერთად აღებულ რაოდენობას შეესაბამება.

„რა თქმა უნდა, იმისათვის არ დაგვიბანდებია მასში კაპიტალი, რომ შემდეგ გავყიდოთ ის”, – ამბობს მიჩ ლასკი, Snapchat-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და სარისკო წამოწყების კაპიტალის ფირმის, Benchmark Capital-ის პარტნიორი, რომელიც ხელმძღვანელობდა Snapchat-ის 13,5 მილიონი დოლარის ფინანსების მოზიდვის რაუნდს ერთი წლის წინ (მათ ასევე მოიზიდეს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება ივნისში Institutional Venture Partners-გან) – და რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს Twitter-ში კაპიტალდაბანდება განახორციელა.

ყველა ამ განსაცვიფრებელ ზრდაზე, შეფასებებსა და დამოუკიდებელ მომავალზე საუბრისას ერთი მომენტი გვავიწყდება – შემოსავალი. აზიას აქვს შესაძლო პროექტის შემოთავაზება. იქ, ერთი მუჭა, საოცრად პოპულარული მობილური შეტყობინებების სერვისები, დარწმუნების გზით აიძულებენ მომხმარებლებს ზედმეტი „აპლიკაციების შიდა-აპლიკაციები” შეიძინონ”. როდესაც შპიგელი შემოსავლის სტრატეგიაზე საუბრობს, ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს ის დაწერილ ტექსტს კითხულობსო, – „აპლიკაციების შიდა-აპლიკაციის გარიგებები, რომლებსაც მოჰყვება სარეკლამო კამპანია, აი, ეს არის ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ”.

ზოგიერთი კომპანიის შესახებ ინფორმაციის დეტალურად შესწავლა, რომელსაც შპიგელი ეყრდნობა, უფრო მეტ შეკითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს. ჩინური WeChat-ი, მასობრივი შეტყობინებების აპლიკაცია, რომელიც ჩინეთის ინტერნეტის უმსხვილესი კომპანიის Tencent-ის კუთვნილებაა, ხელს უწყობს მომხმარებლებს, რომ გამოიწერონ ცნობილი ადამიანების მისალმებები და შეიძინონ მატერიალური საქონელი, მაგრამ ეს უმეტესად ტექსტური აპლიკაციაა და ამ აპლიკაციის შეტყობინებები არ ქრება. კორეული KakaoTalk-ი და იაპონური Line-ი თავიანთი შემოსავლების უდიდეს ნაწილს მობილური თამაშებიდან იღებენ, რომლებიც ბუნებრივ ჰარმონიაში არ იმყოფება Snapchat-თან. და, რაღა თქმა უნდა, ციფრული პროდუქცია, როგორიცაა წამახალისებელი სტიკერების პაკეტები, ღიმილის სიმბოლოები („სმაილები”) და ანიმაციები, ასევე შემოსავლის წყაროა აზიაში, თუმცა შპიგელისთვის, როგორც ჩანს, ეს მიუღებელია. „ამას აზრი ექნება Snapchat-ის მეთოდით მოქმედების შემთხვევაში, მაგრამ ეს არ იქნება სტიკერები”, – ამბობს ის.

Snapchat-ის რეკლამაც ასევე ეშმაკური რამ არის. მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით, Snapchat-ის მთავარი უპირატესობები (თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია და თქვენი სურათები ქრება!) ზიანს აყენებენ მიზანდასახულ რეკლამას, რომელსაც სოციალური მედიაკომპანიების უმეტესობა ეყრდნობა (Snapchat-ს ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ი-მეილი, ასაკი, ტელეფონის ნომერი – ამასთან თქვენი სარეკლამო განცხადება ქრება!)

მაგრამ მას აქვს ერთი უპირატესობა, რომელიც, ფაქტობრივად, არც ერთ სხვა ციფრული რეკლამის კომპანიას არა აქვს – გარანტირებული ვალდებულება. მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში თითი დაჭერილი უნდა ჰქონდეთ ფოტოზე ან ვიდეოზე იმისათვის, რომ ნახონ ის – ეს ეხება ასევე მასში ჩაგდებულ ნებისმიერ სარეკლამო განცხადებასაც. Snapchat-ს სრული თავდაჯერებით შეუძლია უთხრას რეკლამის განმთავსებლებს, მათი რეკლამა ნანახი იქნა თუ არა, რაც იშვიათი მონაცემია მეტრული მონაცემებით მართულ ციფრულ სამყაროში.

Facebook-ის მსგავსად, ამ კომპანიასაც შეუძლია დაადანაშაულოს კომპანიები ბრენდირებული ანგარიშების შექმნაში. Acura, Taco Bell-ი და New Orleans Saints-ი უკვე იყენებენ ამ აპლიკაციას ახალი პროდუქტების დებიუტირების მიზნით და სცენის მიღმა კადრების საჩვენებლად. კომპანიის ფუნქცია „Stories” („ისტორიები”), რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აჩვენონ ბოლო 24 საათის განმავლობაში გადაღებული მომენტალური ფოტოების ნაკრებები, სასარგებლოა ბრენდებისთვის, რომელთაც კლიენტებისთვის უფრო გრძელი ამბის შეთავაზების იმედს აძლევს. მაგალითი: ინტერნეტმაღაზია Karmaloop-ი იყენებს ამ ფუნქციას იმისათვის, რომ აჩვენოს ფასდაკლების კოდებიანი ახალი მოდელები და ახალი საქონელი. სხვებმა, როგორიცაა, მაგალითად, გაყინული იოგურტის მაღაზიების ქსელი,16 Handles-ი, ექსპერიმენტები ჩაატარეს „ფეთქებად კუპონებზე”.

შპიგელი და მერფი, რომლებიც კოლეჯის წლებში ნელი ტემპებით ეგუებოდნენ ახლადშექმნილ ციფრულ პლატფორმებს, ასევე ყველანაირად ცდილობენ,იგივე შეცდომა აღარ დაუშვან. სექტემბერში, მაგალითად, Snapchat-ს დებიუტი ჰქონდა Samsung Galaxy Gear-ის ჭკვიანი საათის მექანიზმზე (smartwatch). „ხალხს აზრადაც არ მოსვლია ახალი გამომთვლელი პლატფორმების გამოყენება”, – ამბობს თომას ლაფონტი, ჰეჯ-ფონდ Coatue-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე ბოლოდროინდელი 50 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება, – ერთი შეხებით იღებთ ფოტოს, კიდევ ერთი შეხება და შეგიძლიათ გააზიაროთ ის. წარმოიდგინეთ [სიძნელე], როგორია Instagram-ში ფოტოს გამოქვეყნება Google Glass-ის მოწყობილობიდან”.

აჰ, Instagram-ი. ცუკერბერგის Poke-ი შესაძლოა ძალას კარგავს, მაგრამ ცუკერბერგს ჯერ კიდევ აქვს მილიარდი დოლარის ღირებულების ბოლო აპლიკაცია იმისათვის, რომ სტენფორდიდან გარეთ გამოვიდეს. კევინ სისტრომის მიერ მისთვის 1 მილიარდ დოლარად მიყიდული Instagram-ი, რითაც ხშირად ამართლებენ Snapchat-ის მიერ Facebook-ის პრიორიტეტულ მილიარდებზე უარის თქმას. (Instagram-ის ფასი ახლა ათჯერ მეტი იქნება.) ცუკერბერგი კვლავ მეორე ადგილს იკავებს Snapchat-ის შემდეგ, Instagram-ის მცირე სახეცვლილებით Instagram Direct-ით, რომელიც Snapchat-ის გადამღერებაა ერთი ძირითადი განსხვავებით, სურათები თავისით არ ქრებიან, თუ მომხმარებლები თვითონ არ შევლენ და არ წაშლიან მათ.

შპიგელსა და მერფის კიდევ ერთი თავის ტკივილი აქვთ – ბრაუნის სარჩელი, რომლის მიხედვით ის ითხოვს კომპანიის ერთ მესამედს დამატებული ზიანის ანაზღაურების სადამსჯელო ზომები, რაც შეიძლება სასამართლოზე იქნას გატანილი წელს. თანხა, რომელსაც ვითხოვთ უდავოდ ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს”, – ამბობს ლუან ტრენი, ბრაუნის სამი ადვოკატიდან ერთ-ერთი. ამ ამბავში გათვითცნობიერებული პირები ამბობენ, რომ Snapchat-ს სურს სასამართლოს ჩატარება, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრაუნის გუნდის ხელშეწყობით, სასამართლოდან გაჟონილი ჩვენების მიცემის ვიდეოჩანაწერებში შპიგელი და მერფი ბევრად უფრო საეჭვოდ და გულმავიწყად გამოიყურებიან, ვიდრე მათი ოპონენტი. „მე უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მოგვარდება და არ აღმოჩნდება, რომ ეს ყურადღების გადატანის საშუალებაა”, – ამბობს ლასკი.

ლეგენდარული „მოზრდილები” იქნენ მოწვეულები კომპანიაში, მათ შორის, ფილიპ ბრაუნინგი – მონეტიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც CBS-დან გადმოიყვანეს და ოპერატიული დირექტორი ემილი უაიტი, რომელიც, დიახაც, Instagram-ის ბიზნესის განყოფილებიდან გადმოიბირეს, მაგრამ კომპანიამ თავიდან აიცილა რომელიმე მათგანისთვის Forbes-ის მიერ ინტერვიუს ჩამორთმევა.

ამრიგად, მოცემულ მომენტში, ის ადამიანები ჭარბობენ, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ კომპანიის მომავალში. „არსებობს თითქმის რიტუალური მაგიური ფორმულა, როდესაც ეს ამბები მიაღწევს ყოველდღიურად მოქმედი 50 მილიონი მომხმარებლის ყურამდე, ხალხი იტყვის, – მათ არა აქვთ არავითარი შემოსავალი, – ამბობს ლასკი. – უპატიოსნო საქციელია ელოდო, რომ ეს მოგიტანს შემოსავალს ასე სწრაფად განვითარების ფონზე”. მისი თვალსაზრისით, იმავეს ამბობდნენ Twitter-სა და Facebook-ზეც, მაგრამ მაშინაც ამას წარმოთქვამდნენ ინტერნეტკომპანიის ორაკულები კატასტროფის წინადღეს, 15 წლის წინ. Snapchat-იც დასუსტდება MySpace-ის მსგავსად და მაქსიმალურ ფასად გაიყიდება, როგორც მარკ კუბანმა გაყიდა Broadcast.com-ი? თუ ახალ უდიდეს ღია სააქციო კომპანიად წარმოაჩენს თავს? პასუხი ამ კითხვაზე ორი წლის თავზე უნდა მივიღოთ, ზუსტად მაშინ, როდესაც შპიგელი მოწიფულობის ასაკს – 25 წელს მიაღწევს.

ფოტოზე: ევან შპიგელი და  ბობი მერფი (ფოტოგრაფი: მაიკლ გრეკო Forbes-სთვის)

წინა სტატია

ირანთან საქმის მოგვარება შეუძლებელია?
14 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

საქართველოს ბიზნესსკოლების სამომავლო პერსპექტივა
16 მარტი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა