საქართველოს ბიზნესსკოლების სამომავლო პერსპექტივა

მიხეილ ბატიაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

საქართველოში ბიზნესის სწავლა საკმაოდ ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიძლება, რომელთა შორის განსხვავება შემოიფარგლება ძირითადად სასწავლო პროგრამებისა და ლექტორების მიხედვით. დანარჩენი ფორმატი თითქმის ყველგან ანალოგიურია: ლექცია, პრაქტიკულები, დავალებები, შეფასებები და ა.შ. – თითქმის ყველაფერი მხოლოდ სწავლის პროცესთან დაკავშირებული აქტივობებით განისაზღვრება.

სტუდენტებისთვის კარგი თეორიული ცოდნის მიწოდება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რაც გამოიხატება ნაკლები პრაქტიკული უნარების არსებობაში, რაც ასე მნიშვნელოვანია მისი წარმატებული ბიზნესკარიერისთვის. რეალურ ბიზნესგარემოსთან ნაკლებად ადაპტირებული სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტს ამთავრებენ და მუშაობის დაწყებას ცდილობენ, სამუშაოს მოძიებისას სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, ასევე კომპანიებს უჩნდებათ პრობლემა, რადგან დამატებითი რესურსების ხარჯვა უწევთ ბიზნესრეალობასთან მათი ადაპტირებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის შეხედულება სრულიად განსხვავებულია – ის სწორედ საუკეთესო ბიზნესსკოლების ათწლოვან გამოცდილებას ეფუძნება. აკადემიური საქმიანობა (ლექციების კითხვა) კვლევითი სამუშაოების გარეშე ნაკლებად ეფექტური გზაა, რომელსაც საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის ჭრილში ნაკლები წარმატების მოტანა შეუძლია. მაშინ როდესაც ორივე მიმართულების გაერთიანება სამომავლო პერსპექტივაში სერიოზული კონკურენტული უპირატესობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

მსოფლიოში აღიარებული ნებისმიერი უნივერსიტეტის წარმატების მაგალითების განხილვა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა განაპირობებს ბიზნესსკოლის განვითარების ეფექტურ გზას.

იმავე ჰარვარდის ბიზნესსკოლის მაგალითის განხილვა, რომელიც ნებისმერ რეიტინგში ყოველთვის ერთ-ერთ მოწინავე ადგილებს ინარჩუნებს, გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური საქმიანობის გარდა კვლევითი საქმიანობის წარმოება. “Harvard Business Review”-ის ეგიდით ყოველწლიურად ასობით კვლევითი თუ თეორიული სახის სტატია ქვეყნდება. გარდა სტატიებისა, იწერება ათობით ახალი წიგნი ბიზნესის თეორიის მიმართულებით, რომლებიც ხშირად მსოფლიო “ბესტსელერებად” იქცევა. ასე დაიბადა მაიკლ პორტერის ახალი სტრატეგიული ხედვა, რომელსაც არა მარტო კომპანიები, არამედ მთელი რიგი სახელმწიფოები საკუთარი განვითარების ძირითად საშუალებად მიიჩნევენ; ან კაპლანისა და ნორტონის “ბალანსირებული მაჩვენებლების” თეორია, რომელმაც ბიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომების ახალი ერა დაიწყო. აღნიშნული პროფესორები, ჰარვარდის ბიზნესსკოლის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იმ მეცნიერების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ბიზნესის მართვის დღევანდელ ახალ იდეებს ქმნიან. დღეს ჰარვარდის სკოლა სწავლისა და კვლევის მიმართულების სიმბიოზის გარეშე წარმოუდგენელია. თუნდაც იმავე კომპანიების ბიზნესკეისების  შექმნას, რაც სწავლების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ითვლება, სწორედ მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები უდევს საფუძვლად და მას, გარდა აღნიშნული უნივერსიტეტისა, ასობით სხვა უნივერსიტეტიც იყენებს, როგორც სწავლების ძირითად მასალას.

იგივე შეიძლება ითქვას “უორტონის უნივერსიტეტის” მიმართ, რომელიც საუკეთესოდ ითვლება ფინანსების განხრით, ხოლო “კელოგი” – მარკეტინგის განხრით. იმავე კვლევების მიმართულებით საკმაოდ აქტიურია ევროპაში საუკეთესო “ლონდონის ბიზნესსკოლა”, რომლის პუბლიკაციები Business Strategy Review საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს. წარმატებული ბიზნესსკოლების პირველი ათეულების განხილვისას ვნახავთ, რომ ყველა წარამტებული სკოლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ძლიერი კვლევითი კომპონენტის არსებობა.

ევროპული ბიზნესსკოლები


 

ამერიკული ბიზნესსკოლები

დღევანდელ გლობალურ სამყაროში ახალი ბიზნესიდეები, რაც კომპანიების და იმავე ტრანსნაციონალური ორგანიზაციების განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა, უმეტესად სწორედ უნივერსიტეტების კვლევითი პროექტებიდან იბადება და ვითარდება. ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა ეფექტის მიღება შეიძლება, როდესაც სტუდენტებს ასწავლიან პროფესორები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული არიან კვლევით სამუშაოებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად სწორედ სტუდენტებიც არიან ჩართული ასეთ კვლევით პროექტებში.

სტუდენტების ჩართულობა კვლევით პროექტებში გულისხმობს: რეალურ ბიზნესმაგალითებთან შეხებას, სტუდენტებმა თვითონ უნდა იკვლიონ და აღმოაჩინონ არსებული პრობლემები, გააანალიზონ და ასევე იმუშაონ მის აღმოფხვრაზე. რეალურ გარემოსთან სტუდენტების ყოველდღიური შეხება ეხმარება მათ როგორც რეალურ გარემოსთან ადაპტირებაში, ასევე რეალური ბაზრის თავისებურებებთან გაცნობაში. .

ბიზნესსკოლის ამოცანაა, სტუდენტებს მისცეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა მათ, ინფორმაციის მოძიებისა და ანილიზის საფუძველზე, სწრაფი და სწორი ბინზნესგადაწყვეტილებები მიიღონ.

“ილიას ბიზნესსკოლაში” შექმნილია კვლევითი ცენტრი Iliauni Business Review, რომლის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით კვლევა ჩატარდა და ბევრი მათგანი სხადასხვა გამოცემის მიერ იქნა გამოქვეყნებული. კვლევით პროექტებში ასევე ჩართულია ასობით სტუდენტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობენ ბაზრის რეალურ მონაცემებს, აფასებენ კომპანიებს და ა.შ. სწორედ აღნიშნული კვლევითი მიმართულების დამსახურებაა “ჰარვარდის ბიზნესსკოლასა” და “მაასტრიხტის ბიზნესსკოლასთან” ერთობლივი კვლევითი პროექტების დაწყება. ასევე მზადების სტადიაშია კვლევების პირველი ერთობლივი გამოცემაც.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტუდენტებთან პრაქტიკოსი ლექტორების მუშაობა, რომელთაც რეალური გამოცდილება გააჩნიათ იმ კონკრეტულ სფეროებში. ლექტორმა, რომელიც ფინანსებს უკითხავს სტუდენტებს და რომელსაც არც ერთი დღე არ უმუშავია კონკრეტულ კომპანიაში, არანაირი კვლევითი სამუშაოები არ უწარმოებია ან კონსულტაციები არ გაუწევია, რა პრაქტიკული გამოცდილება უნდა გადასცეს სტუდენტებს?[S2]  ალბათ მხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული და პრეზენტაციებად მომზადებული, რაც ნამდვილად ნაკლებეფექტური გზაა. თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტებმა ლექტორისგან უნდა მიიღოს ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მათ მომავალ კარიერულ წინსვლაში. იმავე ილიას ბიზნესსკოლაში 90%-ზე მეტი პრაქტიკოსი ლექტორია, რომლებიც, სწავლების გარდა, დასაქმებული არიან წარმატებული ორგანიზაციების წამყვან პოზიციებზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სტუნტების სტაჟირებები და დასაქმება. ნებისმიერი ბიზნესსკოლის წარმატების ინდიკატორია, თუ მისი სტუდენტების რა პროცენტია დასაქმებული და როგორ ზრუნავს თვითონ ბიზნესსკოლა საკუთარი სტუდენეტების სამომავლო დასაქმებაზე. ილიას ბიზნეს სკოლაში შექმნილია კარიერული ცენტრი, რომლის დახმარებით ათასობით სტუდენტმა გაიარა სხვადასხვა მოწინავე კომპანიაში სტაჟირება, ხოლო ასობით მათგანი უკვე წარმატებით დასაქმდა როგორ კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებში. ასევე მნიშვნელოვანი დასაქმების სტიმულია “დასაქმების გამოფენა”, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში წელიწადში ორჯერ იმართება და რომელშიც ათობით კომპანია მონაწილეობს.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ სტუდენტური ბიზნესპროექტების წახალისება, რომელთაც, შესაძლოა, კომერციული პერსპექტივა გააჩნია. სწორედ ასეთი პროექტების კომერციალიზაციისთვის შექმნილი გვაქვს “ბიზნესინკუბატორი”, სადაც სტუდენტები და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების ექსპერტები მუშაობენ კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელებაზე.

კვლევები, პროექტების მომზადება, სტაჟირებები, მუდმივი თემატური კონფერენციები, სტუდენტური კლუბების საქმიანობა, აკადემიურ პროცესთან ერთად, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომელთა გარეშეც მომავალი წარმატებული ბიზნესლიდერების დაბადება შეუძლებელია. დღევანდელ დინამიკურ სამყაროში მხოლოდ აქტიური ჩართულობა და პროექტებში მუდმივი მონაწილეობა შესაძლოა გახდეს მომავალი წარმატებული კარიერული წინსვლის საფუძველი.

ჩვენი ბიზნესსკოლის სხავდასხვა მიმარულებით აქტიურობის შედეგია ალბათ, რომ გასულ წელს სტუდენტების მხრიდან (ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით) ყველაზე მაღალი ყურადღება დავიმსახურეთ და სხვა უნივერსიტეტის პროგრამებთან მიმართებით ყველაზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა (19 000-მდე), რაც მეტყველებს ბიზნესსკოლის განვითარების სწორ მიმართულებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

წინა სტატია

Snapchat. დატკბი სურათით, სანამ შეგიძლია
16 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

გენმოდიფიცირებული საფრთხე თუ ბუნებრივი პოპულიზმი?
17 მარტი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა