სატელიტური ტელევიზია

საქართველოში სატელიტური ტელევიზიის მზარდი აუდიტორიისა და სამომავლო პერსპექტივის შესახებ SES-ის ვიცე-პრეზიდენტს, ნორბერტ ჰოლცლეს გავესაუბრეთ.

“მაგთისატი”, რომელიც ASTRA-ს თანამგზავრების მეშვეობით მაუწყებლობს, ორი წლის იუბილეს 100 ათასზე მეტი მომხმარებლითა და საკუთარი წარმოების სამი ახალი ციფრული სატელევიზიო არხით შეხვდა.

გარდა ამისა, პარტნიორის, სატელიტური ოპერატორის, SES-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი DHT ტელევიზია საიუბილეო თარიღისათვის თავის მომხმარებელს უკვე 100-ზე მეტ სტანდარტულ და ექვს მაღალი გარჩევადობის არხს სთავაზობს სხვადასხვა პაკეტის ფარგლებში.

სწორედ SES-ის კუთვნილი სატელიტის მიერ მოწოდებული თანამგზავრული მაუწყებლობის საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი “მაგთისატის” მომსახურება მთელ საქართველოში, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით.

“ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად არის შემზადებული ციფრული მაუწყებლობისათვის. ქვეყანაში არის IPTV-სა (ინტერნეტტელევიზია) და სატელიტურ ტელევიზიას შორის არჩევანის შესაძლებლობა; კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა – უკაბელო ინტერნეტი ბევრ ადგილასაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით – ქალაქებში. ეს მაფიქრებინებს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ადვილად წარიმართება ტელემაყურებლებისთვისაც და კომპანიებისთვისაც”, – განაცხადა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი თანამგზავრული კომპანიის, SES-ის, ვიცე-პრეზიდენტმა ნორბერტ ჰოლცლემ.

მისი თქმით, “მაგთიკომს” ამ თვალსაზრისით უკვე ძალიან მოგებიანი პოზიცია უკავია ბაზარზე, თუმცა, SES-ი განიხილავს სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობასაც. მეტად სავარაუდოა, რომ ეს თანამშრომლობა ისევ “მაგთიკომის” შუამავლობით განხორციელდეს.

“იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ ციფრულ მაუწყებლობასთან ერთად მაყურებელთა უმრავლესობა სატელიტზე გადაერთოს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ახალი პარტნიორების შეძენის შემთხვევაშიც “მაგთიკომი” იქნება დამაკავშირებელი რგოლი, რადგან მასთან უკვე შექმნილი გვაქვს სისტემა, სატელიტური სიგნალის განაწილების მექანიზმი”, – დასძინა ჰოლცლემ.

საქართველოსა და რეგიონში ციფრული მაუწყებლობის მოხმარების გლობალური ტენდენციებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2013 წლის დასასრულს SES-მა “მაგთიკომთან” ერთად ექსპლუატაციაში კავშირის აღმავალი ხაზის სადგური გაუშვა. საოპერაციო მოცულობითა და სიმძლავრით ეს ერთადერთი სადგურია საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი – კავკასიის რეგიონში. ანტენის რადიუსი 6,3 მეტრს აღწევს, კონსტრუქციის წონა კი 6 ტონაზე მეტია. 

SES-ის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ორი წელი, რაც საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად დარჩა, აბსოლუტურად საკმარისია ამ პროცესის მშვიდად წარსამართად.

“მთავარი პოლიტიკური ნებაა”, – მიიჩნევს ჰოლცლე.

მანამდე კი სატელიტური ოპერატორი თავადაც ძლიერდება რეგიონში, ვინაიდან კონკურენცია დიდია.

მარტის დასაწყისში SES-ი ახალ, მძლავრ სატელიტს გაუშვებს, რომელიც მთლიანად რეგიონის მოხმარებაზეა გათვლილი. ASTRA 5B გაზრდის SES-ის ტრანსპონდერის სიმძლავრესა და გეოგრაფიულ არეალს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.

“ამ სატელიტის გაშვება, საქართველოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია, კარგ ეკონომიკურ სიტუაციაში აყენებს”, – მიიჩნევს SES-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, თუ შევადარებთ ზედა სახმელეთო მაუწყებლობის ხარჯებს სატელიტური მაუწყებლობისას, პროპორცია 80/20-ია, რადგან ის რესურსი, რომელიც ზედა სახმელეთო მაუწყებლობის შემთხვევაში სჭირდება მოსახლეობის 20 პროცენტის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფას, სატელიტური მაუწყებლობის შემთხვევაში, 80 პროცენტის უზრუნველყოფას ჰყოფნის. სწორედ ამიტომ მიაჩნია ჰოლცლეს, რომ ასეთი ძლიერი სატელიტური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველო რესურსების ოპტიმიზაციას წარმატებით მოახდენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი სწორედ ახლა იწყება.

წინა სტატია

გენმოდიფიცირებული საფრთხე თუ ბუნებრივი პოპულიზმი?
17 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

ICC Georgia გაცნობებთ
18 მარტი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა