Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!

ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც ნათლად ასახავდა ქვეყნის განვითარების ისტორიას. თუმცა რა ისტორიას გადმოსცემს პირველი ქართული დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა და რამდენად რეალისტურია საქართველოში ამ ტიპის ინვესტიციის წარმატება, ამაზე დეტალურად Forbes Georgia პირველი ქართული ვირტუალური ვალუტის შემქმნელს, ვახტანგ გოგოხიას ესაუბრა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქართული კრიპტოვალუტების შექმნა?

კრიპტოვალუტის შექმნის იდეა სამი თვის წინ, მაისში გაჩნდა. რამდენიმე ჩემი მეგობარი დაინტერესებული იყო “მაინინგით”, სახლში ჰქონდათ პატარა დანადგარები, ზოგს ცალკე ფართი ჰქონდა ამისთვის გამოყოფილი. მათთვის ეს დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ჩვენც დავინტერესდით ამ სფეროთი და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ერთიანი მასშტაბური პროექტისთვის მოგვეკიდა ხელი. ჩვენი მიზანი პირველი ქართული კრიპტოვალუტის შექმნა იყო და სწორედ ასე დაიბადა იდეა “ოქროს საწმისის” შესახებ.

“ოქროს საწმისი” - რატომ ეს სახელწოდება?

სახელზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით. რადგან გათვლა საერთაშორისო მასშტაბზე გვქონდა, გვინდოდა სახელს, ერთი მხრივ, კავშირი ჰქონოდა ვალუტასთან, ფულთან და ამიტომაც ავირჩიეთ ეს “ოქროს” ნაწილი, მეორე მხრივ, ისეთი სიტყვა ან წინადადება უნდა აგვერჩია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა საქართველოსთან და უცხოელებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნებოდა. იდეის განხორციელება იქ გადავწყვიტეთ, სადაც ელექტროენერგიის წარმოების დიდი ნაწილია განთავსებული. დატაცენტრის აშენება დასავლეთ საქართველოში გვინდოდა და სახელის იდეაც აქედან წამოვიდა - “ოქროს საწმისი”, Golden Fleece Token.

ტექნიკურად როგორ იქმნება ქართული კრიპტოვალუტა  და როგორ უნდა გამოიყენოს იგი მომხმარებელმა?

ჩვენი ბიზნესმოდელი მარტივ პრინციპზეა აგებული: ვაშენებთ სასერვეროებს, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, ესენია: ეთერიუმი, ბიტკოინი, დაში, მონერო, ზიკეში. ხოლო იმისთვის, რომ დატაცენტრის ასაშენებელი სახსრები მოვიზიდოთ, გამოვუშვით ჩვენი საკუთარი კრიპტოვალუტა “ოქროს საწმისი”. Golden Fleece Token-ი განთავსებულია საერთაშორისო ფირმა Waves-ის პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა კომპანიას Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებისა და ახალი კრიპტოვალუტის შექმნის  საშუალებას აძლევს. ასეთი გახლავთ ორი ძირითადი ფირმა: “ეთერიუმი” და Waves-ი. Waves-ი იმის გამო ავირჩიეთ, რომ მომხმარებლისთვის შედარებით მარტივია, მას აქვს ინტეგრირებული გაცვლითი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ, დოლარი ან ევრო ჩარიცხოთ და ჩვენი კრიპტოვალუტა ან ბიტკოინი იყიდოთ. Waves პლატფორმას აქვს ვებსაიტი, www.waveswallet.io, ასევე აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს და ამით მარტივად ისარგებლოს. Waves-ზე ჯერჯერობით ხუთი ძირითადი ვალუტაა განთავსებული: დოლარი, ევრო, ბიტკოინი, ეთერიუმი და თვითონ Waves-ის ვალუტა. ამ ხუთი ვალუტის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენ მიერ გამოშვებული ქართული კრიპტოვალუტის ყიდვას შეძლებთ. რადგან ინვესტორების დიდი ნაწილი “ეთერიუმის” პლატფორმას იყენებს, გადავწყვიტეთ, 50 მილიონი Golden Fleece Waves-ის პლატფორმაზე გავყიდოთ, ხოლო 20 მილიონი - “ეთერიუმის”  პლატფორმაზე. დანარჩენ 30 მილიონს შევინახავთ და მომდევნო წელს გამოვიტანთ გასაყიდად.

ჩვენ ის კი არ გვსურს, რომ “ოქროს საწმისი” ეროვნული სულისკვეთების გამო შეიძინოს მომხმარებელმა, არამედ თვითონ მომხმარებელი იყოს გათვითცნობიერებული და იცოდეს, თუ რაში აბანდებს ფულს, რა ბიზნესმოდელი აქვს კომპანიას და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ პოტენციურ ინვესტორებს. ნებისმიერი მომხმარებელი პოტენციური ინვესტორია, არა აქვს მნიშვნელობა, 10 დოლარს ჩადებს თუ 10 მილიონ დოლარს, ყოველი მყიდველი კომპანიის თანამოწილე გახდება.

უკვე არის თუ არა ეს ვალუტა გაშვებული და რამდენი მომხმარებელი ჰყავს?  

რაოდენობრივად ბევრი მომხმარებელი არ გვყავს. 15 აგვისტოს ვიწყებთ ძირითადი გაყიდვის ეტაპს. ჩვენ ახლა ვიზიდავთ ინვესტორებს. ვალუტის მყიდველს ვუყურებთ, როგორც ინვესტორს. ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი ინვესტორი Monkey Capital-ი გახლავთ. მასთან უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები, შეთანხმება შედგა და გაყიდვის ყოველ ეტაპზე Monkey Capital-ი 25%-იან წილს შეიძენს. ყიდვას ბიტკოინით განახორციელებს და გადმორიცხვა ტრანშების სახით ორ კვირაში ერთხელ მოხდება.  

რაც  შეეხება “ოქროს საწმისის” ფასს, 15 აგვისტოდან ერთი Golden Fleece-ის ღირებულება 80 ცენტი იქნება, ხოლო 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე  - ფიქსირებული 90 ცენტი. შემდგომში ფასების ეტაპობრივი ზრდა მოხდება. ჩვენი პროგნოზით, სექტემბრის ბოლოდან კრიპტოვალუტის ღირებულება შეადგენს ერთ დოლარს და სამომავლოდ თვეში Golden Fleece-ის ფასი 2-5%-ით გაიზრდება. ასევე დივიდენდების გაცემის მაგივრად ვაპირებთ საკუთარი ვალუტის გამოსყიდვას, შესაბამისად, კრიპტოვალუტის რაოდენობა მიმოქცევაში შემცირდება, ფასი კი გაიზრდება. ფასების ზრდაზე იმოქმედებს სხვა კრიპტოვალუტების ფასების ცვლილებაც.

რა იყო პირველადი დანახარჯი Golden fleece token-ის შექმნისას და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი?

ტექნიკურად ვალუტის შექმნისათვის დიდი თანხები არ არის საჭირო, თუმცა ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ სასერვეროს მოწყობაში, ასევე დატაცენტრის აშენებაში, შევიძინეთ უძრავი ქონებაც, სადაც საბოლოო დატაცენტრი უნდა განთავსდეს. ამ დროისთვის 200 ათასი დოლარი გვაქვს დახარჯული. ნაწილობრივ პირადი თანხები ჩავდეთ, ნაწილობრივ - სესხი. თუმცა Pre-ICO ეტაპზე ერთი მაგდენი შემოსავალი უკვე მივიღეთ, რომლის გამოყენებასაც მარკეტინგული და ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ვაპირებთ, რადგან ყველაზე მთავარი ამ ბიზნესში მაინც მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა.

კრიპტოვალუტებს ფასის მუდმივი ვოლატილობა ახასიათებს. მთავარი თემა არის მაინც ის არგუმენტი, რომ კრიპტოვალუტები არ არის არაფრით გამყარებული, გარდა მათზე მოთხოვნისა, რომელიც მუდმივი არ არის. რას დაუპირისპირებდით ამ არგუმენტს?

ჩვენი ბიზნესმოდელი განსხვავებულია და “ოქროს საწმისიც” განსხვავდება სხვა კრიპტოვალუტებისგან. ჩვენ დატაცენტრებს ავაშენებთ და, შესაბამისად, ეს იქნება უძრავი ქონება, ის მატერიალური ღირებულება, რომლითაც ჩვენი ვალუტა იქნება გამყარებული.ზოგადად ეს ისეთი ტექნოლოგიაა, რომელსაც მომავალი აქვს და ის აუცილებლად იქნება ფართო მასშტაბით გამოყენებული. ყოველდღიურად ახალ-ახალი ქვეყნები და ინვესტორები ინტერესდებიან და ერთვებიან ამ სფეროში, მთავარ ტექნიკურ უპირატესობას კი სიმარტივე და ტრანზაქციების სიჩქარე წარმოადგენს.

რა პრობლემების წინაშე დგას ეს სფერო და რა არის საჭირო მის გასავითარებლად?

საქართველოს ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ ზოგადად ამ სფეროს შემაფერხებელი ფაქტორი კანონმდებლობის არარსებობა გახლავთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს არის მიმდინარე პროცესი. ასევე პრობლემაა ნდობის მოპოვებაც. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პირველი დატაცენტრი, რომელიც ფოთის ინდუსტრიულ ზონაში აშენდება და უკვე  2018 წლის თებერვალში დასრულდება, “წარმატების მაგალითად” იქცეს. ამის შემდეგ ბევრი სხვა პროექტი გვაქვს მიზნად დასახული, რომელთაც აუცილებლად დავიწყებთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან. ასევე განვიხილავთ რამდენიმე ჰესთან დატაცენტრის აშენების ვარიანტსაც. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება Emoney-სთან ექსკლუზიურ ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე გვაქვს საპარტნიორო ურთიერთობა ქართველების მიერ შექმნილ კიდევ ერთ პროექტთან, რომელსაც ქვია “უშბა” – www.ushba.io.  მათ ექნებათ სავაჭრო პლატფორმა, სადაც ჩვენი კრიპტოვალუტაც იქნება განთავსებული. სექტემბერში არის დაგეგმილი “ბლოკჩეინ ჯორჯიას” ფორუმი, სადაც სწორედ კომპანია “უშბასთან” ერთად გამოვალთ პრეზენტაციით. მიმდინარეობს მოლაპარაკება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია Easymine-თან, წამყვანი დატაცენტრის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და პარტნიორობასთან დაკავშირებით. ამჟამად  ვგეგმავთ სასერვეროების მინიმალურ ფასებში ჩამოტანას და, გარდა ჩვენი დატაცენტრების მშენებლობისა, რეგიონში  სასერვერო აპარატურის დისტრიბუციას, რაც ხარჯების შემცირებაში დაგვეხმარება. საქართველო პატარა ქვეყანაა და ინფორმაციის გავრცელება უფრო ადვილია, რაც ნდობის ფაქტორს ზრდის. ჩვენი სურვილია, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ “მაინინგ” კომპანიად ვიქცეთ. ეს არის ჩვენი 2018 წლის გეგმა.

Golden Fleece Token კრიპტოვალუტა ქართული კრიპტოვალუტა ვახტანგ გოგოხია

წინა სტატია

ქვევრის უპირატესობა
15 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

Georgia’s Position in International Property Rights Indexes
15 აგვისტო, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა