ჟღარუნა მილიარდერი

როდესაც Alex and Ani-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კეროლინ რაფაელიანი ოთახში შემოდის, ჯერ მისი სამკაულების ხმა ისმის და თავად მხოლოდ შემდეგ ჩნდება. ჟურნალ Forbes-თან შეხვედრის პირველ დღეს კეროლინი ოფისში ძვირფასი ლითონისა და სპილენძის სამაჯურების, ყელსაბამებისა და ბეჭდების ჟღარუნითა და წკარუნით შემოდის, და ამ აქსესუართაგან 12-ის დიზაინერი თავად გახლავთ.

ყველაზე დიდ ხმაურს მისი ზეელეგანტური ბესტსელერი სამკაული გამოსცემს: კულონებით დამშვენებული სამაჯურების ნაკრები, რომელთა ათასობით ვარიანტი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის, ზოდიაქოს ნიშნის, სპორტული გუნდის გულშემატკივრობის, საქველმოქმედო კამპანიის ან რელიგიურ ემბლემას ატარებს. მშვიდობის, სიყვარულისა და დიდი ფულის სიმბოლოებით დამშვენებული თითოეული ამ სამაჯურის ფასი დაახლოებით $33-ს შეადგენს, რადგან მის დასამზადებლად დიზაინერმა გადამუშავებული ლითონის ჯართი გამოიყენა. კეროლინ რეფაელიანის წლიური შემოსავალი უკვე 10 მილიონს აღემატება.

“ფული მთავარი მამოძრავებელი ძალა არ არის”, - ამბობს რაფაელიანი თავისი როდაილენდური აქცენტით.

როდ-აილენდის მოკრძალებულ ქალაქ კრანსტონში განლაგებული Alex and Ani-ის შემოსავალი 2010 წელს $5 მილიონიდან 2016 წელს $500 მილიონამდე გაიზარდა. კერძო სააქციო მონაცემთა ბაზა Pitchbook-ზე დაყრდნობით, ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ კომპანიის წმინდა მოგების ზღვარმა სულ ცოტა ხნის წინ 23 პროცენტი შეადგინა.

რაფაელიანის აზრით, თითოეული სამკაული ისეთი ენერგეტიკითაა დამუხტული, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს მის მატარებელზე (რაფაელიანის პროდუქციას სამღვდელო პირი და შამანი აკურთხებენ). 7.5 ინჩი სიგრძის კლაკნილი მავთულის ფასნადები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეროლინ რაფაელიანი მარკეტინგის დიდი ოსტატია.

“ისინი არამხოლოდ სამკაულებით ვაჭრობენ, - ამბობს მოდური სამკაულებისა და აქსესუარების სავაჭრო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბრენტ კლივლენდი. - Alex and Ani ასევე ყიდის პოზიტიურ ენერგიას. სამაჯური მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ეს ენერგია მომხმარებლამდე აღწევს”.

Alex and Ani-ის ყველა სამაჯურს “განმარტებითი ბარათი” მოჰყვება. მაგალითად, ბუდისტური სიმბოლო “ომ” “სიცოცხლის ციკლში განასახიერებს ღმერთს, უზენაეს ძალასა და ყველა არსების ერთიანობას”. უბრალო აფრიანი ნავის კულონით დამშვენებული სამაჯური “მის პატრონს გარდატეხის პერიოდებში სიმშვიდეს ანიჭებს”... ასეთი პოზიტიური ენერგეტიკის სამყარო ამ ბრენდის მოყვარულებს თავიანთი კოლექციის გაზრდისაკენ უბიძგებს.

სწორედ ასე გახდა რაფაელიანი როდ-აილენდზე მამის ქარხნის სარდაფში დაწყებული ბიზნესით ამერიკის ერთადერთი იუველირი მილიარდერი. კეროლინ რაფაელიანს მე- 18 ადგილი უკავია ჟურნალ Forbes-ის ამერიკის უმდიდრეს “სელფმეიდ” ქალბატონების სიაში. იგი თავისი, სულ მცირე, $1.2 მილიარდად შეფასებული კომპანიის 80%-ს ფლობს.

მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველაფერი, რაც ამ სიმდიდრესა და პოპულარობას ახლავს თან - ამჟამად არემონტებს 56,000 კვადრატულ ფუტზე გაჭიმულ სასახლეს ნიუ-პორტში, სადაც მალე მუზეუმი განთავსდება და ასევე ახლომდებარე ლიტლ-კომპტონში Sakonnet-ის ვენახში ყურძნის ახალი ჯიშები გამოჰყავს. პირველადი საჯარო შეთავაზება ჯერ კიდევ წინ არის. “სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის მომწიფებული ვართ, ჩვენ მზად ვართ, - ამბობს კეროლინი. - ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა”.

საჯარო ბაზარზე იშვიათად თუ შეხვდებით ასეთი თავისუფალი სულის მქონე 50 წლის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას პლანეტების განლაგებას ითვალისწინებს. რაფაელიანი ჰყვება, რომ მას ბავშვობაში გამოგონილი მეგობარი ჰყავდა და მიუხედავად იმისა, რომ სომხურ ქრისტიანულ-სამოციქულო ტრადიციებით გაიზარდა, იგი ხშირად სხვა რელიგიებსა და ტრადიციებსაც მიმართავს თავისი აქსესუარების შესაქმნელად. სამსახურში ერთ-ერთ უჯრაში სალბის გამხმარ ფოთლებს ინახავს და როდესაც ნეგატიური ენერგიის განდევნა სურს, ამ ფოთლებს წვავს. თავისი სამუშაო მაგიდის უკან კი საქაღალდე თაროებზე სამკურნალო კრისტალი აქვს შემოდებული.

შესაძლოა, ასეთი “ნატურალისტური” მიდგომა ყველასათვის მისაღები არ იყოს, მაგრამ რაფაელიანის მიერ შექმნილი პროდუქცია ავთენტურობისაკენ მსწრაფ თაობას საშუალებას აძლევს, სწორედ ამ სამკაულებით გამოხატონ ის, რაც მათთვის ძვირფასი და ღირებულია.

“ორი აზრი არ არსებობს, რომ Alex and Ani-ის სამკაულები ყველასათვის სანუკვარ პროდუქციად იქცა, - ამბობს საცალო ინვესტორი კრისტოფერ ბერჩი, რომელიც ეხმარებოდა როგორც თავის ყოფილ მეუღლეს დიზაინერ ტორი ბერჩს, ასევე Alex and Ani-ის კონკურენტ კომპანია BaubleBar-ს. - ეს არ არის უბრალოდ ქალის აქსესუარი. ეს მისი გარდერობის შემადგენელი ნაწილია”.

ნაკლებად ცნობილი ფაქტი: ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს ბიჟუტერიის დედაქალაქი ამერიკის ყველაზე პატარა შტატი გახლდათ. სულ რაღაც 30 წლინ წინ ბიჟუტერიის დაახლოებით 80% როდ-აილენდზე მზადდებოდა. ისევე როგორც ამერიკული წარმოების დიდი ნაწილი, ბიჟუტერიის წარმოებამაც საზღვრებს გარეთ გადაინაცვლა. მაგრამ რაფაელიანის ბიზნესის ფესვები მაინც ამ შტატში უნდა ვეძიოთ.

ამ ინდუსტრიასთან კეროლინის მამაც მჭიდროდაა დაკავშირებული. თავდაპირველად მან მუშაობა დაიწყო თავისი სიძის კომპანიაში, რომელიც აწარმოებდა გულსაბნევებსა და საყურეებს იმ პერიოდში ისეთი ცნობილი ბრენდებისათვის, როგორიცაა Trifari და Monet. 1966 წელს, როდესაც კეროლინი მოევლინა ამ სამყაროს, მამამისმა უკვე საკუთარი კომპანია - Cinerama Jewelry დააფუძნა პროვიდენსის შემოგარენში მდებარე ქალაქ კრანსტონში. იგი ამზადებდა სხვადასხვა ბიჟუტერიას, მაგრამ სომეხი ემიგრანტის შვილმა ყველაზე მეტად სახელი ამერიკული დროშის ქინძისთავებით გაითქვა, რომლებსაც იგი ბითუმად ყიდდა. eBay-ზე კიდევ შეიძლება რალფ რაფაელიანის პატარა სვაროვსკისთვლიანი ვარსკვლავების პოვნა.

ცუდი საქციელისათვის სასჯელის სახით კეროლინს და მის ოთხ დედმამიშვილს ქარხნის სარდაფში ამწესებდნენ ხოლმე. საკმაოდ ჯიუტი და მიზანდასახული კეროლინი იხსენებს, როგორ ამაგრებდა 1980-იან წლებში მოდურ ექსტრავაგანტურ საყურეებს მუყაოს ქაღალდის ნაჭრებზე. “ეს ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის”, - სიცილით ჰყვება იგი. მან თავი დააღწია იქაურობას და როდ-აილენდის უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. მოგვიანებით კი გამოყენებითი ხელოვნების კერძო ამერიკურ კოლეჯში ჩააბარა, რომელიც უკვე აღარ არსებობს. 22 წლის კეროლინ რაფაელიანი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და თავისი სამკაულების პირველ კოლექციაზე ტრიბეკას რაიონში წიგნების მაღაზიის თავზე მდებარე თავის ბინაში დაიწყო მუშაობა. ზოგიერთი მისი ნაწარმი Bloomingdale-ის მსგავს მაღაზიებში იყიდებოდა. მის მიერ შექმნილი დიზაინი არც ისე განსხვავდებოდა მამამისის ხელოვნური მარგალიტისა და ყვავილებიანი გულსაბნევებისაგან.

“მე ვქმნიდი იმას, რისი ტარებაც თავად მსურდა, - ამბობს რაფაელიანი. - ჩემი არჩევანი კოქტეილის ბეჭდები და ვერცხლის ნაკეთობები იყო”.

23 წლის ასაკში კეროლინ რაფაელიანი გათხოვდა და 25 წლისას მას პირველი ქალიშვილი, ალექსი შეეძინა. კიდევ ორ წელიწადში მეორე ქალიშვილი, ენი გაუჩნდა. იგი დაუბრუნდა როდ-აილენდს და სტაბილურ (თუნდაც არასექსუალურ) ბიჟუტერიის სფეროს. კეროლინმა დაიწყო საკუთარი ლეიბლით საყურეებისა და ყელსაბამების წარმოება. მისი ნაკეთობები იყიდებოდა ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა Bebe, Express-ი და Victoria’s Secret-ი.

კეროლინის კომპანია მამამისის ქარხნის, Cinerama-ს შენობაში განთავსდა.

მაშინ, როდესაც კეროლინი ნიუ-იორკიდან მიღებულ $150,000-იან შეკვეთებზე მუშაობდა, მამამისი - რალფ რაფაელიანი - უშედეგოდ ცდილობდა კონკურენცია გაეწია იაფი აზიელი მწარმოებლებისათვის. “კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გავაანალიზე, რომ ქარხნის ყველა თანამშრომელი ჩემ მიერ მოტანილი შეკვეთების წყალობით იყო დასაქმებული”,- იხსენებს კეროლინ რაფაელიანი.

“სულ რაღაც წამებში მივხვდი, რომ ეს ადამიანები ჩემზე იყვნენ დამოკიდებული”.

პარალელურად, კეროლინი საკუთარ ბრენდზე მუშაობასაც ცდილობდა, რომელსაც თავისი უფროსი ქალიშვილების პატივსაცემად Alex and Ani უწოდა. “ამით მათი ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი. ალექსი მაშინ თავის მაგიდა-სკამზე იყო წამოსკუპებული, ხოლო ენი, სავარაუდოდ, “ბაუნსერ” სავარძელში იჯდა, - ჰყვება კეროლინი. - მაშინ მეჩვენებოდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა”.

ათწლეულის მანძილზე კეროლინი ოჯახური ბიზნესის გადარჩენას სხვადასხვა არაგლამურული ბრენდებისათვის კერძო შეკვეთით ექვსი საყურისაგან შემდგარი კომპლექტების წარმოებით ახერხებდა, რომელსაც თვითონ სამ დოლარად ყიდდა, ხოლო მაღაზიებში მათი ფასი $16 იყო.

იმავდროულად, Alex and Ani ნელ-ნელა ძალებს იკრეფდა: მაშინ, როდესაც ადგილობრივი კომპანიები იხურებოდა, რაფაელიანი ვინტაჟურ ქვებს ყიდულობდა და მათგან ბროლით მორთულ სამაჯურებსა და პეპლის ფორმის თმის სამაგრებს ამზადებდა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში ორივე სანაპიროზე. ამ აქსესუარების შეძენა Henri Bendel-ისა და Fred Segal-ის მაღაზიებში იყო შესაძლებელი.

რაფაელიანის ბესტსელერებს შორისაა მავთულზე აცმული სხვადასხვა ქვით მორთული რგოლი-საყურე. 2000 წლის დასაწყისში მანჰეტენსა და როდ-აილენდს შორის მანქანით გადაადგილებისას, მესამე ქალიშვილის შეძენიდან მალევე, რაფაელიანს გაუჩნდა იდეა, რომელმაც მთლიანად განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერა: იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ დიამეტრის გაზრდით სრულიად შესაძლებელი იყო იმავე დიზაინის მიხედვით სამაჯურის დამზადება.

“მიუხედავად იმისა, რომ უკვე შუაღამე იყო, მე პირდაპირ ქარხნისაკენ გავეშურე”, - იხსენებს რაფაელიანი.

2004 წელს რაფაელიანმა დააპატენტა თავისი Alex and Ani-ის 1.63 მმ-იანი დრეკადი მავთულისაგან დამზადებული სამაჯური. ეს არის კომპანიის მიერ მოპოვებულ 30 პატენტთაგან ერთ-ერთი, რომლის დაცვაც მას ყველაზე ხშირად უწევს სასამართლოში. “მილიონი სახეობის სპორტული ფეხსაცმელი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ერთია Nike-ი”, - ამბობს იგი.

Cinerama-ში დაანონსებულ სეილზე იმდენი მყიდველი მოვიდა, რომ რაფაელიანმა პოლიციასაც კი უხმო დაცვის უზრუნველსაყოფად. ერთმა ქალბატონმა მაღაზიის გახსნამდე ოთხი საათით ადრე სკამი დადგა კარების წინ. რაფაელიანი სასწრაფოდ გაიქცა ქარხანაში და თავად შეუდგა კულონიანი სამაჯურების აწყობას.

Alex and Ani-ის პოპულარობა სტაბილურად იზრდებოდა. პროდუქციის შეძენა ძირითადად ისეთ სავაჭრო ცენტრებში იყო შესაძლებელი, როგორიც Bloomingdale-ი და Nordstrom- ია. 2009 წელს რაფაელიანმა გახსნა თავისი პირველი საცალო მაღაზია ნიუპორტში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ფართომასშტაბიანი წარმოება. გაყიდვებიდან, მათ შორის საბითუმო ვაჭრობიდან შემოსული თანხა დაახლოებით $5 მილიონს შეადგენდა. როდ-აილენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა იუბილეზე რაფაელიანი შეხვდა შტატის ყოფილ სენატორ ჯოვანი ფეროჩეს, რომელსაც სათვალეების წარმოების გამოცდილება ჰქონდა. ფეროჩემ მაშინვე დაინახა Alex and Ani-ის სრული პოტენციალი.

“მისი სამკაულები არის სხეულის ტატუ, ტატუს გარეშე”, - ამბობს ფეროჩე, რომელმაც 2010 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

დაოსიზმის შეურაცხყოფა იქნებოდა მათი დუეტის აღწერა, როგორც ინისა და იანის. ერაყის ომის ვეტერანი ფეროჩე ფილმ “სამსახურებრივი ვალის” (Call of Duty) ერთი-ერთი გმირის მსგავსად ლაპარაკობს. მეტიც, იგი შეეცადა, სამხედრო დისციპლინა დაემყარებინა რაფაელიანის “ყვავილების ძალაზე” დამყარებულ კომპანიაში. “ეს უნარები გაცხარებული საომარი მოქმედების პერიოდში შევიძინე, - ჰყვება ჯოვანი ფეროჩე. - კატარში ყოფნისას პრაქტიკულად ვოცნებობდი იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებდი ამ ყველაფერს ჩემს ბიზნესში”.

მომდევნო სამი წელიწადი ქარიშხალს ჰგავდა. ფეროჩემ ამ ოჯახურ ბიზნესში ისეთი სახის პროფესიული სისტემა დანერგა, რომელმაც ბიზნესის ზრდას შეუწყო ხელი. წყვილმა დააარსა კერძო სააქციო ფირმა JH Partners-ი 20%-იანი წილით. (2014 წელს JH Partners-მა თავისი წილი $1 მილიარდად სხვა ინვესტორს, კერძოდ Lion Capital-ს მიჰყიდა.)

აგრესიული მარკეტინგული კამპანიის, მათ შორის სუპერბოულის რეკლამისათვის შერჩეული დრო უკეთესი ვერ იქნებოდა. უნივერსალური მაღაზიის თაროებზე უსახელო საბითუმო სამკაულებთან შედარებით, ბრენდული სამკაულების წილი ბაზარზე ერთიორად გაზარდა და 20 პროცენტი შეადგინა. ამ წარმატების ერთ-ერთ მიზეზად კი საკუთარი აქსესუარებით გარკვეული განაცხადის გაკეთების სურვილი იქცა. McKinsey-ის საკონსულტაციო ფირმის მონაცემებით, ეს პროპორცია 2020 წელს 40 პროცენტს მიაღწევს.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ნებისმიერ ‘უსახო’ კომპანიას აქვს პრობლემები, - ამბობს ფეროჩე. - ამ კომპანიას კი ჰქონდა თავისი სახე. რაღაც პერიოდში ეს ჩვენ ვიყავით, ახლა კი კეროლინ რაფაელიანია”.

2011 წელს საჩუქრების მაღაზიათა ქსელმა Paper Store-მა $11 მილიონი დახარჯა თავის 72 აუტლეტში Alex and Ani-ის მაღაზია-სტენდების ასაშენებლად. “ჩვენ თავდაყირა დავაყენეთ ჩვენი კომპანია, - ამბობს Paper Store-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი ტომ ანდერსენი. - ზოგიერთმა შეიძლება ამას რისკი უწოდოს. მაგრამ ფაქტია, რომ პროდუქციის შემოტანას ვერ ვასწრებდით, რომ ყველაფერი მაშინვე იყიდებოდა”.

მოგვიანებით უფრო დიდმა ქსელებმა - Harvey Nichols-მა და Saks Fifth Avenue-მ - შემოიტანეს თავიანთ მაღაზიებში რაფაელიანის ჟღარუნა სამაჯურები. კიდევ ერთი ოსტატური სვლა: 2012 წელს კომპანიამ ლიცენზირებული გარიგებების დადება დაიწყო ჯერ Walt Disney-სთან, შემდეგ კი ეროვნულ საფეხბურთო ლიგასთან, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების “სადაქალოებთან” და დიახაც, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან. ჩამოთვლილთაგან ყველამ აღმოაჩინა, რომ ქალებს ხიბლავთ საკუთარი ლოიალობის წარმოჩენა.

დისნეის თემატიკაზე შექმნილ სამაჯურებზე კლასიკურ მიკი და მინი მაუსებს ახალი გმირებიც დაემატა, მაგალითად, ელზა Frozen-იდან. (ამჟამად დისნეის მაღაზიის საიტზე ხუთიდან ოთხი ყველაზე გაყიდვადი სამაჯური სწორედ Alex and Ani-ის ბრენდს ეკუთვნის.) კომპანიამ საკუთარი მაღაზიების გახსნა ისეთ წამყვან ბაზრებზე დაიწყო, როგორიცაა კალიფორნია და ნიუ-იორკი. წლის ბოლოსთვის მაღაზიების რიცხვი 80-ს გადააჭარბებს.

კომპანიას თუ დავუჯერებთ, ეს იყო ზრდის ლეგენდარული აფეთქება. 2010 წლიდან, როდესაც ფეროჩე კომპანიაში მივიდა, გაყიდვები $5 მილიონიდან 2013 წელს უკვე $230 მილიონამდე გაიზარდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაფაელიანმა მოახერხა წარმოების პროცესის ყველა კომპონენტის - დიზაინით, ჩამოსხმით, შედუღებით დაწყებული და მარკეტინგით დამთავრებული - კრანსტონის მთავარი ოფისიდან რამდენიმე მილის დაშორებით დაეტოვებინა.

კეროლინის მამის ქარხანა Cinerama უცებ აგუგუნდა და გაფართოებაც დაიწყო. ქარხანაში მომუშავე აურაცხელი თანამშრომელი ხელით აწყობდა მოდურ ჟღარუნა სამაჯურებს. “დახვეწილი სამკაულების მომწოდებელი Tiffany & Co.-ს მსგავსად, Alex and Ani-ც თავად აკონტროლებს მთელ თავის მიწოდების ქსელს, - ამბობს კლივლენდი. - მათ უბრალოდ უარი თქვეს შუამავალზე”.

მიუხედავად მის მიერ გაწეული ძალისხმევისა, 2014 წელს ფეროჩე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს. “როდესაც კომპანიამ გაფართოება დაიწყო, მე ბევრი სხვა დამფუძნებლის მსგავსად, ისევ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დაბრუნება გადავწყვიტე”, - ცოტათი ბუნდოვნად და ორაზროვნად ამბობს რაფაელიანი (ფეროჩეს მემკვიდრე, Yankee Candle-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჰარლან კენტი ერთ წელიწადზე ნაკლებ ხანს გაჩერდა კომპანიაში და მას სხვა უფროსი მენეჯერებიც მიჰყვნენ). ყოველთვის რთულია მუშაობა კომპანიაში, რომელსაც დამფუძნებელი მართავს; ორმაგად რთულია მუშაობა კომპანიაში, რომლის დამფუძნებელიც ვარსკვლავებისგან იღებს რჩევებს.

“ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ცვლილებები აუცილებელი გახდა”, - ამბობს ფეროჩე, რომელმაც, Forbes-ის ვარაუდით, თავისი წილი ისევ რაფაელიანს მიჰყიდა. ამჟამად ფეროჩე საათების კომპანია Benrus-ს ხელმძღვანელობს.

“მე ბრძოლის ველი მოვამზადე, მან კი პროდუქტი შექმნა. ჩვენ ერთად გადავლახეთ ფრონტის ხაზი, - ამბობს ფეროჩე. - ახლა იგი აქტიურად არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. მთელმა მსოფლიომ იცის Alex and Ani-ის შესახებ და ვისაც ჯერ არაფერი სმენია, მალე შეიტყობს”. მისია შესრულებულია.

ნოემბრის თვის ერთ ნაშუადღევს რაფაელიანი დიზაინერების რვაკაციან გუნდს თავის გაშლილ, თანამედროვე ტერასიან კაბინეტში უყრის თავს. თავად არტ-დეკოს სკულპტურებით გაწყობილ ხის სათათბირო მაგიდასთან ჯდება. სკულპტურებს შორისაა ნახევრად შიშველი მოცეკვავე 1920-იანი წლების “ფლეპერის” ვარცხნილობით და მარმარილოს პანტერა.

ქალბატონები - შეხვედრას მხოლოდ ქალბატონები ესწრებიან, რადგან რაფაელიანის თანამშრომლების ძირითად ნაწილს ქალები წარმოადგენენ - სხვა საკითხებთან ერთად, ცდილობენ კეროლინთან შეათანხმონ ისეთი დეტალები, როგორიცაა: რეგიონალურ მაგისტრალებზე სარეკლამო ბილბორდები; მაღაზიის ვიტრინების გაფორმება; ეპოქსიის ხარისხი; სამაჯურების საკეტების მარყუჟების ზომა; პოტენციურ მოდელთაგან რომელიმე ზედმეტად ახალგაზრდა ან გამხდარი ხომ არ არის?; ლიცენზიატ კომპანია Wonder Woman-თან ფრენჩაიზი და ა.შ.

სინდი დიპიეტრანტონიო, ტანსაცმლის გიგანტ Jones Group-ის 30-წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანი და ბობ ვუდრაფი - Nike-ს ყოფილი მთავარი ფინანსური ოფიცერი - იმ ლეიტენანტთა შორის არიან, ვინც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რაფაელიანის კომპანიის მბრუნავ კარში შემოაბიჯა.

ისინი უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან. მოდა ძალიან ხანმოკლეა, მომხმარებლის გემოვნება კი მალე იცვლება. ის, რაც წელს აქტუალურია, მომავალ წელს ცუდ ტონად იქცევა. რაფაელიანმა უნდა მოახერხოს და ერთი ნაბიჯით წინ უნდა გაუსწროს მოდის ცვალებადობას და ასევე თავისი პროდუქციის იმიტატორებს.

დიდი პერსპექტივა კი საზღვარგარეთ იმალება: ამჟამად აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაყიდვები Alex and Ani-ის შემოსავლის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. რაფაელიანი ელის, რომ ეს რიცხვი 2020 წლისთვის გაორმაგდება, ამისათვის კი კეროლინს მოუწევს უცხოურ ბაზრებზე კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა დანიური სტერლინგის ვერცხლის სამკაულების მწარმოებელი Pandora, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,100 მაღაზია აქვს, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალი $12 მილიარდს შეადგენს.

Alex and Ani-ის მსგავსად Pandora-საც აქვს კულონებაკინძული იდეალური სასაჩუქრე სამაჯურები. მაგრამ Pandora-ს კატალოგი განსხვავდება იმით, რომ თითოეული კულონის ფასი, როგორც წესი, Alex and Ani-ის თითბრის სამაჯურის ფასს აღემატება.

სამკაულების გარდა, რაფაელიანმა ასევე გამოუშვა სხვა პროდუქციის ნაირსახეობა, მათ შორის ტყავის ჩანთა-კლაჩი და $28-იანი სანთლები.

არომატის ეროსი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია: რაფაელიანის სურნელოვანი ხაზის, Scent 7-ის წყალობით, მის მაღაზიებში ლავანდისა და გერანიუმის ნაზი არომატი დგას. Alex and Ani-ის $12-იანი სურნელოვანი შესასხურებელი მიესადაგება მომხმარებლის ჩაკრას, რაც სანსკრიტზე ადამიანის სხეულის ენერგეტიკულ ცენტრს ნიშნავს “როდესაც Alex and Ani-ის ცხოვრების წესთან ასოცირებულ კომპანიად მოიხსენიებ, ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მოდურ აქსესუარს რაიმე სიმბოლოთი დაამშვენებ, - ამბობს რაფაელიანი. - ეს ჩემი ცხოვრებაა”.

ეს ცხოვრების წესი კი მთელ მის ორგანიზაციაზე აისახება. რაფაელიანის და კვლავ სათავეში უდგას მამის ძველ ქარხანას (2012 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დები არიან ამ ქარხნის მფლობელები).

თავის დახვეწილ კაბინეტში რაფაელიანი მაჩვენებს საქაღალდე კარადის თავზე შემოდებულ ძველ ტყავის ჩემოდანს. 1913 წელს სომხეთში გენოციდს გამოქცეული რაფაელიანის ბაბუა სწორედ ამ ჩემოდნის ამარა ჩამოვიდა პროვიდენსში ელისის კუნძულის გავლით.

გასული წლის შემოდგომაზე, ნაწილობრივ ბაბუის პატივსაცემად, კეროლინ რაფაელიანმა გამოუშვა 14-კარატიანი ოქროს გულსაკიდების კოლექცია. თავისუფლების ქანდაკების პატარა ლამპარის გარშემო 50 ბრილიანტის თვალია ჩამწკრივებული. თითოეული მათგანი ამერიკის ერთი შტატის სიმბოლოა, ხოლო ლამპარზე ოდნავ ამობურცული ალი დამზადებულია იმ სპილენძისაგან, რომელიც ოდესღაც თავად თავისუფლების ქანდაკების შიგნით იყო მოთავსებული.

რაფაელიანმა უკვე ათიათასობით ასეთი გულსაკიდი გაყიდა. გულსაკიდის ამგვარი პოპულარობა ნაწილობრივ იმის წყალობით აიხსნება, რომ რაფაელიანმა 2012 წელს შეიძინა 1984 წელს ქანდაკების რესტავრაციის დროს ამოღებული ნამსხვრევები. გულსაკიდების გაყიდვიდან მიღებული მოგების ნაწილი თავისუფლების ქანდაკებას, კერძოდ ელისის კუნძულის ფონდს მოხმარდება.

მე-19 საუკუნის სპილენძის კოჭებში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა კეროლინისათვის დამახასიათებელი საქციელია და ეს სულაც არ უკვირთ მათ, ვინც მას კარგად იცნობს: ის იმპულსური, სიურპრიზებით აღსავსე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალზე პრაქტიკული და წინდახედულია. “მე სხვებს არ ვუსმენ, - ამბობს რაფაელიანი. - და ალბათ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა”.

აქსესუარები კეროლინ რაფაელიანი Alex and Ani

წინა სტატია

Man of Business
22 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

რას გვთავაზობს თანამედროვე ათენი
22 აგვისტო, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა