განათლების ჯოკერი

განათლების ჯოკერი

15 წელი კერძო განათლების სფეროში, საკუთარი უნივერსიტეტი და საერთაშორისო პლატფორმა განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად. კახა შენგელია გლობალურ ასპარეზზეც აქტიურდება.

ივლისის თვე კახა შენგელიასთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პირველ პირად აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელმა და ქართველმა დაიკავა.

ინაუგურაციის ცერემონია ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 30-მდე წარმომადგენელი და მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ინოვაცია განათლებაში უკეთესი მომავლისათვის – ეს არის კახა შენგელიას სამწლიანი პრეზიდენტობის მთავარი ლაიტმოტივი. მისი საინაუგურაციო სიტყვის გაცნობის შემდეგ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ხედავს უმაღლესი განათლების ძალას ყველგან და ყველაფერში. ამ მთავარი იარაღით აპირებს ისეთი გლობალური პრობლემების, სულ მცირე, შემსუბუქებაში თავისი წვლილის შეტანას, როგორიცაა, მაგალითად, კონფლიქტები ან არატოლერანტული დამოკიდებულებები. როგორც თავად ამბობს, ამ სამი წლის განმავლობაში დიდ ძალისხმევას დახარჯავს იმისთვის, რომ აფრიკაში, კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს; ინტერკულტურული დიალოგის მიმართ ახალი მიდგომები დაინერგოს; უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციური პარტნიორული მოდელები შემუშავდეს და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა ლიდერს გაუჩნდეს მოტივაცია, უფრო აქტიურად ჩაებას ამ მიზნების განხორციელების პროცესში.

“ბედნიერი ვიქნები, თუ იმის ნახევარს მაინც მივაღწევ, რაც ჩემს საინაუგურაციო გამოსვლაში ვთქვი”, – ამბობს კახა შენგელია.

კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რაც ინტერვიუს განმავლობაში იკვეთება, კახა შენგელიასთვის საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა. როგორც თავად განმარტავს, IAUP-ის პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ რექტორების ერთმა ჯგუფმა, არამედ მთელმა მსოფლიომ – მაგალითად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, რომელიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ასოციაციის მიღწევების მონიტორინგში.

საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე კახა შენგელია მას შემდეგ დაფიქრდა, რაც 2012 წელს საქართველოში გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტის რექტორი ჩამოიყვანა და მათგან თორმეტმა ატლანტისკენ აიღო ბილეთი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ატლანტაში – ჯორჯიის შტატის დედაქალაქში მიიწვიეს.

IAUP-ი, კახა შენგელიას შეფასებით, ამ კუთხით საუკეთესო პლატფორმაა. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უმაღლესი საკონსულტაციო უფლებები გაეროსთან და ფორმალური საკონსულტაციო უფლებები იუნესკოსთან. კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, ამ ორგანიზაციის წევრი ათზე მეტი ქართული უნივერსიტეტია. მათ შორის, თსუ-ც, რომლის რექტორიც – გიორგი შარვაშიძე ასოციაციამ აღმოსავლეთ ევროპის რექტორების გაერთიანების პრეზიდენტად აირჩია.

კახა შენგელია ასოციაციასთან დაკავშირებულ გეგმებსაც გვიმხელს: მისი მმართველობის სამი წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 12 კონფერენცია უნდა ჩატარდეს, 2020 წელს კი რექტორების კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

სანამ განათლების სფეროში გლობალურ ასპარეზზე გავიდოდა, კახა შენგელიამ გრძელი და არცთუ ადვილი გზა გამოიარა. როგორც თავად ამბობს, რომ არა ამერიკა და იქ მიღებული განათლება და გამოცდილება, დღეს არავინ იცის, მიაღწევდა თუ არა იმას, რასაც მიაღწია: “ამ ქვეყანამ რეალურად თავიდან შემქმნა”.

ამერიკაში წასვლამდე, სამტრედიიდან ჩამოსული კახა შენგელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ბოლო კურსზე იყო, როცა მის ცხოვრებაში ამერიკაში წასვლის რეალური შანსი გამოჩნდა. ყველა ხარჯს ამერიკული მხარე იღებდა თავის თავზე. მხოლოდ ბილეთის ფული უნდა ეშოვა – 600 დოლარი. 1992 წელს ეს დიდი ფული იყო. “

გუშინდელივით მახსოვს, დედაჩემმა ყველაფერი დააგირავა, გაყიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოვაგროვეთ ეს ფული. 100 დოლარი გვაკლდებოდა, რომელიც ჩვენმა ძალიან ახლო ნათესავმა დაგვიმატა. ამერიკაში რომ ჩავფრინდი, ჯიბეში 17 დოლარი მედო, არადა, აეროპორტიდან კამპუსამდე მისასვლელი ავტობუსის ბილეთი 25 დოლარი ღირდა”, – იხსენებს კახა შენგელია.

ძალიან გაუჭირდა. ინგლისური არ იცოდა. ორი ღამე აეროპორტში გაათენა. იქ რუსი ებრაელი გაიცნო, რომელიც აეროპორტში მუშად მუშაობდა. სხვა გზა არ ჰქონდა – იცრუა, გამქურდეს, საფულე მომპარეს და ფულის გარეშე დავრჩიო. სთხოვა, მენდე, 25 დოლარი მასესხე და ჩავალ თუ არა, უკან გამოგიგზავნიო. “ამ კაცს არც უფიქრია, ამოიღო და მომცა ეს ფული”, – დღესაც ვერ მალავს მადლიერებას კახა შენგელია.

კარგად სწავლობდა. თან მუშაობდა. როგორც თავად იხსენებს, ცხრა წლის განმავლობაში, რაც ამერიკაში იყო, ძალიან ცოტა ეძინა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბევრი სამუშაო გამოიცვალა, თუმცა მომავალ ბოსთან შემთხვევით თვითმფრინავში შეხვედრამ, სადაც მათი ადგილები გვერდიგვერდ აღმოჩნდა, მისი ბედი კიდევ ერთხელ სასიკეთოდ გადაწყვიტა: ნიუ- იორკში დაიწყო მუშაობა და როცა, ერთწლიანი დავალებით, თბილისში კავკასიის ოფისის ხელმძღვანელად დაბრუნდა, ვადის გასვლის შემდეგ ბოსის შეთავაზებაზე უარი თქვა და თავის ქვეყანაში დარჩა. ამავე პერიოდში ცოლიც მოიყვანა და ნელ- ნელა თბილისში დაფუძნება დაიწყო. თუმცა სამსახური ისევ თავიდან უნდა მოეძებნა. ეს უკვე 2000 წელია.

კავკასიის ბიზნესის სკოლამდე გზა “რეზონანსში” დაბეჭდილ ვაკანსიაზე გავიდა. “მე და ჩემი მეუღლე ვსხედვართ ავტობუსში, მუხიანში ვცხოვრობდით მაშინ, და შინ მივდივართ. ვფურცლავ “რეზონანსს” და იქ ვაკანსიაა: კავკასიის ბიზნესის სკოლა, რომელიც თსუ-ს, სტუ-ს და თეუსუ- ს ბაზაზეა, ეძებს დეკანს. ზუსტად ვერგებოდი მოთხოვნებს”, – იხსენებს კახა შენგელია.

განაცხადის შეტანაზე ბევრი არ უფიქრია და უნივერსიტეტების რექტორებით, ამერიკის საელჩოსა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებით, ევრაზიის ფონდის მონაწილეობით დაკომპლექტებული საბჭოს წინაშეც წარდგა. ბიზნესის სკოლის დეკანად თავი ცხრა კანდიდატს წარმოედგინა – ზოგი მათგანი დოქტორი იყო, ზოგიც – აკადემიკოსი. თუმცა ბორდმა ჩათვალა, რომ მენეჯმენტს თავს ყველაზე კარგად სწორედ კახა გაართმევდა. “მაშინაც ხდებოდა რაღაც კარგი”, – ამბობს კახა შენგელია. ისევ 2000 წელია.

შრომამ ორი წლის შემდეგ გამოიღო შედეგი და ნელა, მაგრამ ძალიან სტაბილურად და თანამიმდევრულად, კავკასიის ბიზნესის სკოლამ მაშინ ყველაზე პოპულარულ სასწავლებელს იესემ-ს გაუჩინა თავსატეხი. იმ წლებში ამ ბაზარზე უპირობო ლიდერების დრო კავკასიის ბიზნესის სკოლის გააქტიურებით დასრულდა.

შემდეგ იყო პოლიტიკა. ჯერ ქალაქის ვიცე- პრემიერი გახდა სამი წლით, შემდეგ – პარლამენტის წევრი ოთხი წლით. პოლიტიკაში მეგობრების რჩევით და თხოვნით მოვიდა: ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ჯერ კიდევ 1995 წლიდან, ვაშინგტონიდან იცნობდა; ზვიად ძიძიგური კი მისი ბავშვობის მეგობარი იყო.

“შვიდი წელი ცოტა არ არის. თუმცა პოლიტიკა ჩემი საქმე მაინც არ იყო. ჩემი საქმეა ის, რასაც დღემდე ვაკეთებ კერძო სექტორში, განათლებაში და რასაც, გულწრფელად მიმაჩნია, სიკეთე და სარგებელი მოაქვს”, – ამბობს კახა შენგელია.

პოლიტიკამ გადაწყვიტა საბოლოოდ კავკასიის უნივერსიტეტის ბედიც. ახალი კანონის მიხედვით, უნივერსიტეტები შპს-ებს ვეღარ შეიფარებდნენ; შესაბამისად, კახა შენგელიამ მიიღო წინადადება – კავკასიის ბიზნესის სკოლა ან უნივერსიტეტს უნდა შეერთებოდა, ან – ცალკე გასულიყო. კახა შენგელიამ მეორე გადაწყვეტილება მიიღო. ასე დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტი – კავკასიის ბიზნესის სკოლის სამართალმემკვიდრე და მისი ბრენდის განმავითარებელი.

“2000 წელს ათი სტუდენტი მყავდა; დღეს – 4000. მაშინ მქონდა მხოლოდ ერთი სკოლა; დღეს – ცხრადა მეათესაც ძალიან მალე გავხსნი”, – სიამაყით ამბობს კახა შენგელია.

ახალი სკოლების დამატება მისთვის წმინდად ბიზნესმოდელის ნაწილია: “რაზეც ჩნდება მოთხოვნა, იმას იმავე წამს ვავლებთ ხელს და ვავითარებთ”.

დღეს ასეთი სამედიცინო მიმართულებაა და, როგორც ჩანს, კავკასიის უნივერსიტეტი მხოლოდ ჯანდაცვის ადმინისტრირებით აღარ დაკმაყოფილდება და ცალკე სამედიცინო სკოლასაც გახსნის. კახა შენგელია ამბობს, რომ ამის დრო უკვე დადგა, რადგან უცხოეთიდან შეუძლია ჩამოიყვანოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემასაც უზრუნველყოფენ.

კახა შენგელია გვიხსნის, რომ ახალი სკოლის დამატება დროს მოითხოვს. უნივერსიტეტი, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში ჯერ შრომის ბაზარს იკვლევს დეტალურად, მერე აფასებს, რაზე უფრო მაღალი მოთხოვნაა, შემდეგ პროგრამა იწერება და აკრედიტაციას გადის. ბიუროკრატიული მექანიზმები ამ პროცესს ვეღარ აფერხებს, რადგან ყველაფერი თავიდანვე დეტალურად გაწერილი და ფორმალურ წესებს მორგებულია.

განვითარების მთავარ წინაღობად კახა შენგელია დღეს კვლევის ხარისხსა და პროფესიონალი კადრების სიმწირეს მიიჩნევს. მისი შეფასებით, სასწავლო უნივერსიტეტები გლობალურად უფრო ნაკლებწონიანები არიან, ვიდრე კვლევითი უნივერსიტეტები. მისთვის ერთი გამოსავალია, სახელმწიფომ გაცილებით მეტი თანხა მიმართოს კვლევითი მიმართულებების დაფინანსებისთვის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, თავისი უნივერსიტეტის გამოცდილებით თუ იმსჯელებს, ამისთვის თანხები საკმარისი არასდროს არის. მეორე პრობლემა მისთვის კადრების ნაკლებობაა: ვინც კვალიფიციურია, ის ბევრ უნივერსიტეტშია ერთდროულად დასაქმებული, ნაწილი კი – უბრალოდ საზღვარგარეთ მიდის. “საბედნიეროდ, დღეს ეს არც ისე დიდი პრობლემაა, მაგრამ ტვინების გადინება გაგრძელდება, თუ დროულად არ მივხედავთ სისტემას”, – ამბობს კახა შენგელია.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს საკუთარი უნივერსიტეტის შეფასების სისტემაც აქვს. მისთვის სამი ძირითადი კომპონენტია წამყვანი: დასაქმება; ვინ არიან შენი კურსდამთავრებულები და როგორ მიგიღებს საზოგადოება. ამბობს, რომ ველოსიპედი არ გამოუგონია და ბევრი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია თუ ჟურნალი სწორედ ამ კომპონენტებზე დაყრდნობით ითვლის წარმატების კოეფიციენტს. “კავკასიის უნივერსიტეტი დღეს ყველაზე ძვირი უნივერსიტეტია საქართველოში. ამის მიუხედავად, ერთ სულზე გაანგარიშებით აქ ყოველთვის ყველაზე მაღალი კონკურსია და მე ვიტყოდი, რომ წარმატებულები ვართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში და ჩემი მსოფლიო უნივერსიტეტების გაერთიანების პრეზიდენტობით, ახლა უკვე – ალბათ მთელ მსოფლიოშიც”, – ამბობს კახა შენგელია. ამ აღიარებების მიუხედავად, განათლება მისთვის ბიზნესი არ არის. დიდი მოგების შოვნაზე არასდროს უფიქრია. ყველა თეთრი ისევ რეინვესტირებას ხმარდება. “თუ მოინდომებ, ფულს სახლში აუცილებლად წაიღებ, მაგრამ ბაზარი იმდენად კონკურენტულია და მოგებიანობის მარჟა – იმდენად დაბალი, რომ რეინვესტირების გარეშე პირველობის შენარჩუნება რთული იქნება. სანამ მე ვარ აქ პრეზიდენტი, ფულს სახლში არასდროს წავიღებ. კარგი ხელფასი მაქვს, სულ ეს არის”, – ამბობს კახა შენგელია.

კიდევ ერთი სტატისტიკა, რომლითაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი განსაკუთრებით ამაყობს – ეს მისი კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელია. ამბობს, რომ პროცენტი მათგან გამოჰყავს, ვისაც რეალურად უნდა სწავლის შემდეგ მუშაობის დაწყება. მათი 99% დღეს დასაქმებულია. “ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ საქართველოში, – მთავრობა, კერძო სექტორი – ჩვენი კურსდამთავრებული იქ აუცილებლად შეგხვდებათ. დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას ჩვენზე – აქედან წასულ ბავშვებზე. მათ ყველა ბანკში უმაღლეს თანამდებობებზე ნახავთ, ჩვენი ორი კურსდამთავრებული მინისტრია, ყველა სამინისტროში მინიმუმ მოადგილე მაინც არის ჩვენი კურსდამთავრებული”, – გატაცებით ჰყვება კახა შენგელია.

მისი შეფასებით, ამ შედეგს უნივერსიტეტში სწავლის მკაცრი წესებიც იწვევს. უნივერსიტეტში მოხვედრა პრობლემა არ არის, თუ ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტი მაღალ ქულას მიიღებს, თუმცა საშუალოდ მათი 60% ამთავრებს უნივერსიტეტს. გაცდენა, დაგვიანება მკაცრად აკრძალულია. “ციხეა, კარგი გაგებით. ყველა ვერ უძლებს ამ რეჟიმს და დატვირთვას”, – ამბობს კახა შენგელია. რამდენადაც მარტივია კახა შენგელიასთვის წარმატების ფორმულა – დასაქმება, კურსდამთავრებულები, ხარისხი – იმდენად მარტივია უნივერსიტეტის არსიც: მენეჯმენტი, პროფესორი, სტუდენტი. ეს ყველაფერი მისთვის ბრენდს ქმნის.

დღეს უკვე თავად ბრენდის ავტორს რჩევები დამწყები რექტორებისთვისაც აქვს: გადარდებდეთ თქვენი უნივერსიტეტი; იყავით თავმდაბლები; გამოავლინეთ მადლიერება.

მომავალ წელს კავკასიის უნივერსიტეტს ოცი წელი უსრულდება. ის იუბილეს ახალი სკოლით, ორმაგი დიპლომების შესაძლებლობით, კარგად აღჭურვილი საინჟინრო ლაბორატორიითა და კავკასიაში ყველაზე დიდი, მწვანე კამპუსით შეხვდება და თავს მოუყრის ყველა კურსდამთავრებულს, რათა ერთად აღნიშნონ კავკასიის უნივერსიტეტის დაბადების დღე.

“ყველაზე დიდი რეკლამა – შენი სტუდენტია. ამაზე დიდი რეკლამა არ არსებობს. არსად”, – ამბობს კახა შენგელია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *