როგორ გავიმარჯვოთ დასავლეთზე?

მართალია, NCSoft-ს მშობლიური აზიური ბაზრისთვის სუპერწარმატებული ჰიტები აქვს შექმნილი, ამერიკაში ფეხის შედგმა გაუჭირდა... მანამ, სანამ კომპანიის მილიარდერმა დამფუძნებელმა კონტროლის სადავეები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) განათლებამიღებულ ცოლს არ ჩააბარა.

1998 წელს სტარტაპმა, სახელად NCSoft-მა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაში ჩაუშვა, თუმცა თქვენ მის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ. ბაზარზე გამოჩენიდან 18 თვეში, თამაშმა, შემოსავლების სახით, $2.6 მილიარდი მოიხვეჭა, მათ შორის, $330 მილიონი – 2016 წელს. მაგრამ თქვენ ალბათ არავის იცნობთ, ეს თამაში რომ უთამაშია.

დაფუძნებიდან ოცი წლის თავზე, სამხრეთკორეული NCSoft-ი თამაშების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა პლანეტაზე, ჰიტებისა და წარმატებული ფრანშიზების ვრცელი ჩამონათვალით. და მიუხედავად ამისა, წყნარი ოკეანის გადაღმა მას, ფაქტობრივად, არ იცნობენ. ისეთი თამაშები, როგორიც, მაგალითად, მისი ფლაგმანი Lineage-ია, აზიაში ბლოკბასტერებად იქცა, მაგრამ დასავლელ მოთამაშეებს მაინც ვერ აუწყო ფეხი. შეერთებულ შტატებში ბიზნესის გაფართოების არაერთი მცდელობა კრახით სრულდებოდა.

მაგრამ კომპანიის მილიარდერ აღმასრულებელ დირექტორს, კიმ ტაეკ-ჯინს ვითარების შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ბოლო ორ წელიწადში NCSoft-მა თამაშების ახალი სტუდია ააშენა კალიფორნიაში, კურსი რისკიანი მობილური სტრატეგიისკენ იცვალა და დასავლური აუდიტორიისთვის ახალი პროდუქტების შექმნა დაიწყო. კიმი იმდენად მოწადინებულია, NCSoft-ის წარმატება დასავლურ კულტურაში გადაიტანოს, რომ ამ საქმეში ოჯახიც კი დადო ფსონად: მისი ცოლი, იუნ სონგი – კორეაში Genius Girl-ით ცნობილი წარმატებული აღმასრულებელი და ნეირომეცნიერი – ამერიკული შვილობილის სამართავად, 2014 წელს ბავშვებთან ერთად კალიფორნიაში გადასახლდა.

„დასავლურ ბაზარზე დიდი ხანია, გვიდგას თვალი და ეს ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – ამბობს იუნი, NCSoft West-ის აღმასრულებელი დირექტორი. – აზიასა და კორეაში კარგად გვიცნობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გლობალური აუდიტორია გვჭირდება“.

კიმმა NCSoft-ი 1997 წლის მარტში დააარსა, როცა 30 წლის ინჟინერი იყო და ნამუშევარი ჰქონდა Hyundai Electronics-ის კვლევისა და განვითარების განყოფილებაში და იმ განყოფილებაშიც, რომელიც კორეის პირველ ინტერნეტპროვაიდერს ოპერირებდა. თავდაპირველად NCSoft-ი სისტემების ინტეგრირების კომპანიად იქნა პოზიციონირებული, მაგრამ კიმი და რამდენიმე წამყვანი თანამშრომელი ენთუზიასტი გეიმერები იყვნენ და მალევე მიხვდნენ, რომ იმ ნოუ-ჰაუთი, რაც ნეტვორკინგის სფეროში ჰქონდათ, შეეძლოთ, ვიდეოთამაშებით ერთდროულად ათასობით მომხმარებელი უზრუნველეყოთ. 1998 წლის სექტემბერში NCSoft-მა Lineage-ი ჩაუშვა – კორეის ერთ-ერთი პირველი მასობრივად ბევრ მოთამაშეზე გათვლილი როლური ონლაინთამაშების სერია, იგივე MMPRPG-ი, სადაც მოთამაშეები შუა საუკუნეების ფენტეზი-ანტურაჟში იბრძვიან და იკაფავენ გზას. თამაში ჰიტი გამოდგა: სამი წლის შემდეგ მას სამ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, რომლებიც თვეში დაახლოებით $25-ს იხდიდნენ.

კიმმა წარმატების ამერიკაში განმეორება მალევე სცადა. 2000 წლის მაისში კომპანიამ NCSoft Interactive-ი ჩაუშვა – თავისი შვილობილი ოსტინში (ტეხასი), ერთი წლის მერე კი Lineage-ის ინგლისურენოვანი ვერსია გამოუშვა ჩრდილო ამერიკაში. მაგრამ დასავლელი გეიმერები გაცილებით ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენდნენ, ვიდრე მათი კორეელი კოლეგები. თამაში აზიელი მომხმარებლებისთვის იყო შექმნილი, რომლებიც ხშირად მეგობრებთან ერთად თამაშობდნენ, მათ შორის, ინტერნეტკაფეებში ან შედარებით დაბალი სიმძლავრის კომპიუტერებზე. ამერიკელები კი ინდივიდუალურად თამაშობდნენ, სახლში და უფრო ახალ კომპიუტერებზე, ასე რომ თამაში მათთვის რთული ჩანდა, რუტინული და მოძველებული.

მართალია, Lineage-ს აშშ-ში გაუჭირდა, NCSoft-ს ფარ-ხმალი არ დაუყრია. 2001-ში, კვლავ ოსტინში, კომპანიამ Destination Games-ი შეიძინა, მაგრამ სტუდიას ექვსი წელი დასჭირდა პირველი ბრენდის, MMORGPG-ის, Tabula Rasa-ს გამოსაშვებად, რომელიც ისე ცუდად გაიყიდა, რომ სულ რაღაც 15 თვეში NCSoft-მა ის გააუქმა. 2002-ში NCSoft-მა სიეტლში დაფუძნებული დეველოპერი, ArenaNet-ი იყიდა და ამჯერად საქმე უკეთ წაუვიდა: ArenaNet-ის 2005-ის Guild Wars-ი დღემდე NCSoft-ის მცირეოდენ ჰიტთა რიცხვშია ჩრდილო ამერიკაში. თუმცა აი, მშობლიურ კორეაში NCSoft-ი ძველებურად ყვაოდა. დღეს კომპანიას 3,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ამუშავებს შვიდ წარმატებულ MMORPG-ს, ხოლო მსოფლიო გაყიდვებმა 2016-ში $860 მილიონზე მეტი შეადგინა. „მსხვილი კომპანიაა კორეაში, სწორედ იქიდან აქვთ შემოსავლის უმთავრესი ნაწილი“, – ამბობს ბაზრის კვლევის ფირმის, DFC Intelligence-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ქოული. – აშშ-ში მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციის კომპანიას წარმოადგენენ“.

თუ NCSoft-ი ამ პრობლემას მოაგვარებს, პასუხისმგებლობა NCSoft West-ის აღმასრულებელ დირექტორს, Genius Girl-ს დაეკისრება. კორეულმა გაზეთებმა იუნს ეს მეტსახელი მაშინ შეარქვეს, როცა 2000-ში, 24 წლის ასაკში, MIT-ში კომპიუტერულ ნეირომეცნიერებაში სადოქტორო ხარისხი მოიპოვა, მერე კი მალევე დაწინაურდა McKinsey & Co.-სა და სეულში დაფუძნებულ უკაბელო გიგანტ SK Telekom-ში. 2007-ში ის კიმზე დაქორწინდა, ხოლო ერთი წლის თავზე ქმარს უკვე NCSoft-შიც შეუერთდა.

„ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი და ტვინის მეცნიერება ისე ვისწავლე, რომ ვერც კი ვიფიქრებდი, თამაშების ინდუსტრიაში თუ დავიწყებდი მუშაობას, – ამბობს იუნი. – მაგრამ ყველაფერი საოცრად ურთიერთდაკავშირებული აღმოჩნდა“. NCSoft-ის სტრატეგიების დირექტორის რანგში, მან კომპანია ხელოვნური ინტელექტის რელსებზე გადაიყვანა (რათა მომხმარებლებს არ შეეწყვიტათ გადახდა და თამაში) და Guild Wars-ის წარმატებული გაგრძელების შექმნას უხელმძღვანელა. NCSoft West-ის აღმასრულებელი დირექტორი იუნი 2011 წლის ნოემბერში გახდა.

2015 წლის მაისში იუნმა Iron Tiger Studios-ი ჩაუშვა – სან-მატეოში (კალიფორნია) დაფუძნებული მობილური თამაშების ახალი განყოფილება. ამ დრომდე NCSoft-ი მობილური თამაშების სფეროს მხოლოდ წასთამაშებოდა. კომპანიის მთავარი პროდუქტები დიდი, კომპლექსური და ხარჯიანი თამაშები იყო – მობილურ ბაზარზე გაბატონებული პატარა და შედარებით იაფი თამაშებისგან რადიკალურად განსხვავებული.

რისკიანი სტრატეგიაა. უამრავ კომპანიას წარუმატებლად უცდია აშშ-ში თავიანთი პროდუქტების მობილურ ბაზარზე გადატანა. მაგრამ მობილური, ასევე, „აუთვისებელი საზღვარია, უფრო მცირედი თანდაყოლილი სუბიექტურობით, – ამბობს Wedbush Securities-ის სააქციო კაპიტალის კვლევის მმართველი დირექტორი მაიკლ პეჩტერი. – ჩემი აზრით, ზოგიერთი მათი პროდუქტი მობილურზე უკეთ იმუშავებს დასავლეთში“.

ასე თუ მოხდა, ჯილდო, შესაძლოა, თვალწარმტაცი გამოდგეს. ბაზრის კვლევის ფირმა Newzoo-ს თანახმად, მობილური $100-მილიარდიანი თამაშების გლობალური ბაზრის ყველაზე მსხვილი და ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია და, გათვლების თანახმად, 2017 წელს მისი შემოსავლები 19%-ით, $46.1 მილიარდამდე შეიძლება, გაიზარდოს.

NCSoft-მა Iron Tiger-ი სწრაფად შექმნა. წლის ბოლოსთვის 150 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო სტუდიის პირველ თამაშს (Aion: Legions of War-ი) რამდენიმე თვეში ელოდებიან. ამასობაში, NCSoft-ი თავისი კორეული თამაშების უფრო ვესტერნიზებულ ვერსიებზე მუშაობს: არა მხოლოდ თარგმნის თამაშის ენას, არამედ ხელოვნებას დასავლურ სტილს ურგებს და სათავგადასავლო სულისკვეთებას დასავლელი გეიმერების ყაიდაზე ჭრის.

„თამაშების პირდაპირ კორეიდან გადმოტანამ, მათმა თარგმნამ და გამოშვებამ გვასწავლა, რა მუშაობს და რა – არა, – ამბობს იუნი. – დასავლელი მოთამაშეები ყურადღებას აქცევენ ნარატივებს და საკუთარ გამოცდილებას თამაშის კონტექსტში... თუმცა აუცილებელი არაა, დიდ დროს ხარჯავდნენ თამაშის უკან მდგარი საგისა და ლეგენდის გაგებაზე“. მისი თქმით, ამერიკელებსაც მოსწონთ გმირებად ყოფნა და უპირატესობას ინდივიდუალურად თამაშს ანიჭებენ.

ჯერჯერობით სტრატეგია მუშაობს. გასული წლის იანვარში NCSoft-მა თავისი საბრძოლო ხელოვნების თამაშის, Blade & Soul-ის (მისი დებიუტი კორეაში 2012 წელს შედგა) ვესტერნიზებული ვერსია გამოუშვა. თამაში უმალ ჰიტად იქცა– პირველ თვეში მას მილიონზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა. დღეს პროდუქტს უკვე 4 მილიონი გადამხდელი მოთამაშე ჰყავს და კორეაში შექმნილი ერთ-ერთი უდიდესი ჰიტიცაა, რაც კი NCSoft-ს ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში გამოუშვია. შედეგად, 2016-ისთვის ეს რეგიონი გაყიდვების მხრივ 25%-იანი ზრდის მოწმე შეიქნა – კომპანიას სხვა ტერიტორიებზე ამხელა ზრდისთვის არასდროს მიუღწევია. 2017-ში, ანალიტიკოსთა პროგნოზით, კომპანიის მსოფლიო შემოსავლები, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, 1.3 ტრილიონ კორეულ ვონს აარტყამს, რაც $1.1 მილიარდზე მეტია.

მეტიც, მალე ჩრდილოამერიკელი გეიმერები მანამდე შეძლებენ NCSoft-ის თამაშებით გულის ჯერებას, სანამ კომპანიის აზიური აუდიტორია გაუსინჯავს მათ გემოს. კომპანიის უახლესი ფრანშიზი, მულტიმოთამაშეებისთვის გამიზნული საბრძოლო ონლაინთამაში Master X Master-ი ამჟამად სეულში, NCSoft-ის წამყვან სტუდიაში იქმნება, მაგრამ მისი გლობალური დებიუტი წლის ბოლოსკენ ჩრდილო ამერიკაში შედგება.

„კორეაშია შექმნილი, მაგრამ ჯერ აშშ-ში გამოვა, რადგან სწორედ დასავლური რეგიონებიდან მიღებულ უკუკავშირს ვეყრდნობით, – ამბობს იუნი. – და თუ მაგარი თამაში იქნება, მაშინ ყველას მოეწონება, გნებავთ, ამ ბაზრის წარმომადგენელი იყოს, გნებავთ, სულ სხვა“.

ვიდეოთამაშები NCSoft სამხრეთ კორეა

წინა სტატია

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 23.4 მილიონი დოლარით შემცირდა
07 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 14.3 პროცენტით შემცირდა
08 სექტემბერი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა