ქარავანი გამოძახებით

ქარავანი გამოძახებით

მგზავრობის გაზიარების სტარტაპი Careem-ი Uber-ს არაბულ სამყაროში უსწრებს, რისი მიზეზიც კულტურის ჩინებული ცოდნა, უკეთესი რუკები და მეტი ენერგიაა. 

წმინდა პატრიკის დღეს Uber-მა მომხმარებელს საშუალება მისცა, ხანმოკლე სერენადისთვის მესტვირე გამოეძახა. ამ მარკეტინგულ ხრიკს სხვა მსგავსი უცნაურობები მოჰყვა: ლეკვები Super Bowl Sunday-ს Puppy Bowl-ისთვის, საშობაო ნაძვის ხეები და საზაფხულო ნაყინი. მაგრამ ამ ეტაპზე ცხვრის მსხვერპლშეწირვა Uber-ის რეპერტუარში არ შედის. ეს ერთ-ერთი სფეროთაგანია, სადაც Careem-მა, მისმა მთავარმა მეტოქემ ახლო აღმოსავლეთში (ისრაელის სტარტაპებს თუ არ ჩავთვლით) და რეგიონის ერთადერთმა „ზღაპრულმა მარტორქამ“, მგზავრობის გაზიარების დარგში წარმართული რეგიონალური ბრძოლა მოიგო. 2016 წლის სექტემბერში Careem-მა ერ-რიადის (საუდის არაბეთი) მომხმარებლებს მუსლიმური წესისამებრ მსხვერპლშეწირული ცხვარი შესთავაზა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ყურბან-ბაირამის პერიოდში ტრადიციის გამარტივებას ისახავდა მიზნად, ტრადიციის თანახმად კი ხალხს ადგილობრივ ფერმაში მისვლა, ცხვრის ან ბატკნის ყიდვა, მისი როგორმე შინ მიტანა, მსხვერპლშეწირვა და ხორცის მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისა და გაჭირვებულებისთვის დარიგება მოეთხოვებათ. „ჩვენ უკვე მსხვერპლშეწირული და ყუთებში მოთავსებული მიგვქონდა ხალხთან“, – ამბობს Careem-ის თანადამფუძნებელი, სტენფორდში განათლებამიღებული 39 წლის პაკისტანელი მუდასირ შეიხა, რომელსაც, ნამდვილი ინჟინრის გატაცებით, ყველაფრის ოპტიმიზების სურვილი ამოძრავებს. Careem-მა იმაზეც იზრუნა, რომ ხორცი ადათის შესაბამისად ყოფილიყო გადანაწილებული: ერთი ყუთი – თქვენთვის, ერთი – ოჯახისა და მეგობრებისთვის და ერთიც – საქველმოქმედოდ. მეტიც, როცა რამდენიმე მომხმარებელმა თქვა, ცოცხალი ცხვარი მირჩევნია, მანამდე რომ მას ბავშვები ეთამაშონო, Careem-მა მთელი წყება სატვირთო მანქანების მობილიზება მოახდინა.

Careem-ის აკვიატებული ფოკუსირება რეგიონის მცხოვრებთა უნიკალურ მოთხოვნებზე, გეოგრაფიასა და ინფრასტრუქტურაზე (ან მის დეფიციტზე) მას დაეხმარა, არაერთ ქვეყანაში – მაროკოთი დაწყებული, პაკისტანით დამთავრებული – Uber-ი უკან ჩამოეტოვებინა. შეიხა იმედოვნებს, რომ ამ მიდგომის წყალობით, Careem-ი „ახლო აღმოსავლეთში ადამიანებისა და საგნების უმსხვილეს ტრანსპორტიორად“ იქცევა. ჯერ მარტო ადამიანების ტრანსპორტირება უკვე საკმაოდ დიდი შესაძლებლობებისთვის ხსნის კარს: რეგიონში 700 მილიონი მოსახლეა, რაც, შეიხას თანახმად, ქმნის პოტენციალს, დღეში 150 მილიონიდან 200 მილიონამდე მგზავრობა განხორციელდეს.

ხუთი წლის მანძილზე, 11 ქვეყნის 60 ქალაქში Careem-მა 10 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი დააგროვა, რაც, სავარაუდოდ, უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე Uber-ს ჰყავს, რომელიც რეგიონში გვიან შევიდა. Careem-ისთვის დაახლოებით 250,000 კონტრაქტორი მძღოლი მუშაობს, მგზავრობის მაჩვენებლები კი ბოლო ორი წელია, თვეში 25%-ით იზრდება. კერძო მფლობელობაში არსებული კომპანია მორცხვობს რიცხვებზე საუბრისას და მხოლოდ იმას დასძენს, რომ წლიური შემოსავლები „ასობით მილიონ“ დოლარს შეადგენს, მოგებას კი „ერთ ან მაქსიმუმ ორ წელიწადში“ ნახავენ. Careem-ის მტკიცებით, ის დუბაისა და საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქშიც კი ხსნის რეკორდებს. შეიხა და მისი შვედი პარტნიორი, თანადამფუძნებელი მაგნუს ოლსონი, რომელიც McKinsey-ში კონსულტანტად მუშაობის დროს გაიცნო (ოლსონიც კონსულტანტი იყო), რვაციფრიან წილს იყოფენ Careem-ში – ახლო აღმოსავლეთის მგზავრობის გაზიარების პირველ სტარტაპში, რომელიც $1 მილიარდად იქნა შეფასებული. უწოდეთ მას „ზღაპრული აქლემი“ – მახვილგონივრულად შენიშნავს შეიხა; ის სათავო ოფისშია, დუბაის ლაპლაპა ცათამბჯენში, რომელიც იმავე ქუჩაზე მდებარეობს, სადაც Uber-ის რეგიონალური ცენტრი.

შეიხას ვარაუდით, მგზავრობის ეს ტიპი ტრადიციული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაზე მოიპოვებს გამარჯვებას არაბულ სამყაროში ზუსტად ისევე, როგორც ჭკვიანმა ტელეფონებმა მოიპოვა გამარჯვება ტრადიციულ ქსელის ტელეფონებზე განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილში. საჯარო ტრანსპორტი რეგიონში სავალალოდ ჩამორჩენილ მდგომარეობაშია და მართალია, ზოგი მთავრობა გზებში ფულს ღვრის, მანქანის მფლობელობის მაჩვენებელი დაბალია; შედარებისთვის: აშშ-ში მანქანას მოსახლეობის 80% ფლობს, საუდის არაბეთში – 40%, ეგვიპტეში – 5%, პაკისტანში კი 2%-ზე ნაკლები. კიდევ უფრო ცუდი სიტუაცია ქალებისთვისაა საუდის არაბეთში, ვინაიდან სახელმწიფო კრძალავს მათთვის მართვის მოწმობის გაცემას.

და თუ Uber-ი უდავოდ აგრესიული მეტოქეა და თანაც ისეთი, საუდის არაბეთის Public Investment Fund-ისგან $35-მილიარდიანი ინვესტიციით რომ სარგებლობს, Careem-ი, სამაგიეროდ, ნომერ პირველი ტრანსპორტიორის სტატუსით სარგებლობს. როცა 2013 წლის აგვისტოში Uber-ი დუბაიში ჩაეშვა, Careem-ს რეგიონში უკვე ერთი წელი გაეტარებინა. რაც $15 მილიარდად შეფასებულ Uber-ს ვენჩურული კაპიტალის სახით აქვს მოზიდული, ზღვაში წვეთად აქცევს იმ $425 მილიონს, Careem-მა რომ სახელმწიფოს მიერ მართული Saudi Telecom-ისა და იაპონური ელ-ვაჭრობის გიგანტის, Rakuten-ისგან მოიზიდა; მიუხედავად ამისა, Careem-ს უკეთ გამოსდის, მძღოლებს მისცეს ის, რაც სჭირდებათ, მათ შორის, გაცილებით უკეთესი რუკები და საქმისთვის თავგადაკლული ქოლ-ცენტრები.

როგორც Uber-ს, ისე Careem-ს აქვთ შანსი, ციდან მოულოდნელად ჩამოვარდნილი საჩუქრით იხეირონ. დონალდ ტრამპი გვყავს მხედველობაში. ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკის გამო – მათ შორის, მისი მცდელობისა, მუსლიმი უმრავლესობით დასახლებული ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზებსა და მოგზაურობაზე შეზღუდვები დაუწესოს – ამ რეგიონში დაბადებული და სილიკონის ხეობაში გამოწვრთნილი სულ უფრო ბევრი ინჟინერია მოწადინებული, და მეტისმეტადაც კი, შინ დაბრუნდეს. ბოლო ექვს თვეში Careem-ის ახალი ინჟინრების თითქმის 15%-ს ხეობიდან დაბრუნებულები წარმოადგენენ. შეიხას სტენფორდში განათლებამიღებულები უერთდებიან, რომელთაც სილიკონის ხეობის სტარტაპებში რვა წელი აქვთ გატარებული, ხოლო მისი აღმასრულებლების მეოთხედს ტრენინგი სილიკონის ხეობის ისეთ საკულტო კომპანიებში აქვს გავლილი, როგორიც HP და Facebook-ია. აშშ-ში ინჟინრები ხშირად ასახელებენ „ახალი მთავრობის ადმინისტრაციას, როგორც დიდ ფაქტორს, რატომაც ჩვენთან იწყებენ მოლაპარაკებას“, – ამბობს Careem-ის ტალანტების მოძიების მენეჯერი ნიკი ჰაგი.

ცხადია, ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება იმასაც გულისხმობს, რომ მორალურ დილემებს უნდა შეეგუო; ქალ მძღოლებზე დაწესებული აკრძალვა საუდის არაბეთში, მართალია, ბევრ აშშ-ში განათლებულ პროფესიონალს სძაგს, მაგრამ Careem-ს ნამდვილად ეხმარება. მისი საუდის არაბეთის მომხმარებელთა თითქმის 80% ქალია და ქალებივე წარმოადგენენ მისი მომხმარებლების მთელი ბაზის 60%-ს. „ჩვენ მათი გადაადგილების საშუალება ვართ სამეფოში“, – ამბობს შეიხა.

შეიხამ და ოლსონმა Careem-ი 2012-ში წამოიწყეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა McKinsey-ში კოლეგები იყვნენ. ოლსონის ამბიციებისთვის სასიკვდილო გამოცდილებას შეენთო ცეცხლი: ერთი წლით ადრე, როცა სულ რაღაც 29 წლისა კემბრიჯში (ინგლისი) მენეჯმენტის ტრენინგის სემინარს ესწრებოდა, ტვინში სისხლი ჩაექცა და ყველაფერი შესაძლოა, ფატალურად დასრულებულიყო. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ოპერაციამ ის სიკვდილისგან იხსნა, რის შემდეგაც ტაილანდში გაფრინდა, რათა ბუდისტ ბერებთან ერთად სიჩუმეში მჯდარიყო და საკუთარი ცხოვრება გადაეფასებინა. „რაიმე უნდა შემექმნა, რაიმე დიდი და აზრიანი“, – ამბობს ის.

ოლსონმა, რომელსაც მოსწონს სერიოზული მონოლოგები შიშისგან განთავისუფლების შესახებ, შვედეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, Lund Unversity-ში მიიღო განათლება. ის არაბულად ლაპარაკობს. მივლინებაში წასულმა, პალესტინელი გოგონა გაიცნო, რომელიც მისი ცოლი გახდა. და მასთან ერთად აბუ-დაბიში დასახლდა. McKinsey-დან წამოვიდა, შეიხამ კი შვებულება აიღო და დუბაისა და აბუ-დაბის კაფეებში ეს ორნი ბრეინსტორმინგს აწყობდნენ. და ასე მიადგნენ ტრანსპორტირებას – როგორც მასიურ რეგიონალურ პრობლემას, რომელიც საკონსულტაციო სამუშაოების დროს საკუთარ ტყავზე გამოეცადათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს საკუთარი მძღოლი ჰყავდა იმ ქალაქებში, სადაც ხშირად უწევდათ ჩასვლა, მძღოლი ხშირად მიუწვდომელი იყო და ძმას ან ბიძაშვილს გამოგზავნიდა ხოლმე, რომელმაც იშვიათად იცოდა გზა. „ფასზე უნდა გევაჭრა, ნაღდი ფულით უნდა გადაგეხადა, – ამბობს ოლსონი. – სრულიად აბსურდული მდგომარეობა იყო“.

წყვილმა Careem-ი (რაც არაბულად ,,გულუხვს“ ნიშნავს) კორპორაციული კლიენტებისთვის, მანქანის დაჯავშნის სერვისის სახით, წამოიწყო; 500 კვადრატული ფუტის ოთახში, მედიასიტიში მუშაობდნენ – დუბაის გადასახადებისგან თავისუფალ ბიზნესცენტრში. მომხმარებლებმა თანდათანობით Careem-ის მანქანების შეკვეთა აეროპორტში პირადი გადაადგილებისთვის დაიწყეს, ქალები მომსახურებას ბავშვების სკოლაში წასაყვანად იყენებდნენ, ჰოდა, Careem-იც უფრო ფართო, მომხმარებლებზე ორიენტირებულ სერვისად იქცა.

პირველ პერიოდში Careem-ს ცუდ რუკებსა და მისამართებთან დაკავშირებულ დაბნეულობასთან მოუხდა გამკლავება. მეტი შანსია, დუბაის მცხოვრებლებმა ქუჩის სახელის ნაცვლად, ადგილობრივი ცათამბჯენის სახელი გითხრან, ხოლო პაკისტანში, როგორც პროდუქტის ხელმძღვანელი ვაელ ნაფი ამბობს, „სახლი“ შეიძლება, იყოს „სურსათის მაღაზიიდან მეორე, ხელმარჯვნივ“. როცა Jumeirah Village Triangle-ი – ასობით მოქალაქის საცხოვრებელი სივრცე დუბაიში – Google Maps-ზე ცარიელ ლაქად გამოჩნდა, შეიხამ იქ ტელეფონებით შეიარაღებული თანამშრომლები გაგზავნა, რათა რაც შეიძლება ბევრი GPS-ადგილსამყოფელი აღერიცხათ. „რამდენადაც მაგარია Google-ის და Nokia-ს რუკები, იმდენადვე საზიზღრობაა სამყაროს ამ მხარეში“, – ამბობს ნაფი.

Uber-ისგან განსხვავებით, Careem-ი არ არის გლობალურ ბატონობაზე ფოკუსირებული. მისმა ადგილობრივმა ფოკუსმა (ამ მხრივ Uber-ის სხვა კლონებს ჰგავს, მაგალითად, Didi’s-ს – ჩინეთში და Ola Cabs-ს – ინდოეთში), სილიკონის ხეობის ნოუ-ჰაუსთან გაწყვილებულმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მშვენიერი ნაყოფი მოისხას. მართალია, Uber-ი ცალსახად ხეირობს ერთგვარი მოდური ფაქტორით რეგიონის ახალი ათასწლეულის წევრებში, მაგრამ Careem-მა ეს ფაქტორი მოაბლაგვა სოციალური მედიის საზრიანი კამპანიებითა და სატირული ვიდეოებით YouTube-ზე (ერთ-ერთი რეკლამა ყალბი საპნის ოპერასავით მიდის). „ვქმნით, რათა დროს გავუძლოთ, – ამბობს შეიხა, – და ინშალაჰ [ღმერთმა ინებოს], ეს საქმე მრავალი ათწლეულის ან საუკუნის მანძილზე დარჩეს“. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *