ახალი ორლეანის ფულის ორმო

ახალი ორლეანის ფულის ორმო

გერივილში, ლუიზიანის შტატში, ტემპერატურა 86 გრადუსს აღწევს და ახალი ფილმის Selfless-ის (“თავდადებული”) გადამღები ჯგუფი ოფლად იღვრება. სანამ კინოვარსკვლავი რაიან რეინოლდსი და რეჟისორი ტარსემ სინგჰი კონდიცირებულ შენობაში ფილმის გადაღების პროცესს ხვეწენ, ტექნიკოსების მცირე არმია გარეთ უსაქმოდ დასეირნობს და იქაური ნესტის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს,

თუმცა მათ არავინ უსმენს. პროდიუსერები მზად არიან, გადამღები ჯგუფის დისკომფორტი ფულით სავსე კალათებზე გაცვალონ, რადგან 35%-იანი საგადასახადო სუბსიდია, რომელსაც ლუიზიანა სთავაზობს ფილმის ბიუჯეტისთვის, ძალზე სარფიანი შემოთავაზებაა მათთვის. “ეს ფილმი ლოს-ანჯელესში რომ გადაგვეღო, ბევრად ნაკლებ დროში უნდა დაგვესრულებინა სამუშაო, – ამბობს პროდიუსერი რემ ბერგმანი, რომელიც რვა წლის განმავლობაში თავის მეოთხე ფილმს იღებს ლუიზიანაში, – ლოს-ანჯელესში გადაღებების ერთადერთი უპირატესობა ცხოვრების კარგი პირობებია”.

ლუიზიანის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ეკონომიკის გადასარჩენად კინოინდუსტრიის მოზიდვის მიზნით მოფიქრებულმა უფასო პროგრამამ შედეგად ოქროს ციებ-ცხელება მოუტანა პროდიუსერებსა და მოხერხებულ ადგილობრივებს, მაგრამ ასევე ნათლად გამოაჩინა, რომ ეს წამოწყება ვერ შექმნიდა დიდი რაოდენობით მუდმივ სამუშაო ადგილებს, რაც საშემოსავლო გადასახადის ნამდვილად შემცირების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ახალი ორლეანის გარეუბანში არსებული, 250 000 კვადრატული ფუტის ფართობის შენობა, ვრცელი NASA-ს კომპლექსის ნაწილი, რომელიც ოდესღაც კოსმოსური ხომალდის საწვავი ავზების ასაწყობად გამოიყენებოდა, პროდიუსერმა ჰერბერტ გეინმა გადასაღებ მოედნად აქცია. მანამდე აქ Summit Entertainment-მა სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი, Ender’s Game (“ენდერის თამაში”) გადაიღო. პროდიუსერები, რომლებსაც წინათ გადაღებებზე ჯგუფის ასობით წევრი ჩამოჰყავდათ ლოს-ანჯელესიდან, ახლა მხოლოდ განყოფილებების უფროსების თანხლებით დადიან და დანარჩენ მომსახურე პერსონალად ადგილობრივ მოსახლეობას ქირაობენ. 2012 წელს კინო- და სატელევიზიო კომპანიებმა 717 მილიონი დოლარი დახარჯეს ლუიზიანის შტატში, რაც 2010 წლიდან დღემდე, დახარჯული თანხების დაახლოებით 85%-ს შეადგენს. ისეთი ფილმები, როგორიცაა Twilight: Breaking Dawn (“ბინდი: აისი”), Green Lantern (“მწვანე ლამპარი”)და 21 Jump Street (“21 ჯამპ-სტრიტი”) ლუიზიანაშია გადაღებული. აქვე გადაიღეს სატელევიზიო სერიალები American Horror Story (“ამერიკული საშინელებათა ამბავი”) და Ravenswood (“რეივენსვუდი”). კინოს გადაღების თვალსაზრისით, ლუიზიანამ ჩაანაცვლა ნიუ-იორკი, ტეხასი და პენსილვანია.

ეკონომიკური განვითარების ლუიზიანის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, ამგვარი ზომის მიღება – კინოინდუსტრიის საგადასახადო შეღავათის პროგრამის წამოწყება – ფინანსურად შეჭირვებულ სახელმწიფო ხაზინას 2012 წელს 168 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს ის თანხა არ გახლდათ, რომელიც მას გააკოტრებდა, მაგრამ ეს საფასურია, რომელმაც მთელ რიგ შტატებს, მათ შორის, არიზონას, ვისკონსინსა და კონექტიკუტს, ამგვარი პროგრამების შემცირებისკენ უბიძგა. ამ მოვლენას ფონად გასდევდა მთელი რიგი შეკითხვებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო გაერკვიათ, ქვეყნის საფინანსო პოლიტიკაში მიღებული ამგვარი ზომები შეუწყობდა ხელს კინოინდუსტრიის აღმავლობას, თუ უბრალოდ, კინემატოგრაფისტებს გაუსქელებდა ჯიბეებს და ხანგრძლივი ვადისთვის მეტად მცირე მოგებას მოიტანდა. ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ Albany-მ 2013 წელს 374 მილიონი დოლარი გადაიხადა კინოს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდიაში, რაც შტატის მიერ შეთავაზებული საგადასახადო სუბსიდიის 21,5%-ს შეადგენდა. ამ ფაქტმა განაპირობა ნიუ-იორკში არსებული ასეთივე პროგრამის გადახედვის აუცილებლობა.

 “იმისათვის, რომ ამას აზრი ჰქონდეს, პარალელურად ისეთი ინდუსტრია უნდა იქმნებოდეს, რომელიც საბოლოოდ დამოუკიდებლად იარსებებს, – ამბობს სუზან კრისტოფერსონი, Cornell-ის უნივერსიტეტის პროფესორი საქალაქო დაგეგმვის დარგში, რომელიც 1980-იანი წლებიდან შეისწავლის იმას, რასაც ლოსანჯელესელები “არაკონტროლირებად პროდუქციას” უწოდებენ, – სხვა შემთხვევაში, მოხდება ის, რომ უბრალოდ სახელმწიფო სექტორის კიდევ ერთი განყოფილება შეიქმნება”.

სწორედ ეს ხდება ლუიზიანის შტატში. აქ 2002 წელს შემუშავდა გეგმა, რომელიც კინოს შემქმნელთა მოსყიდვას ითვალისწინებდა. თავდაპირველი პროგრამა 35%-იან საგადასახადო სუბსიდიას გულისხმობდა, თუმცა გაჯერებული იყო დამატებითი შენიშვნებით. Ray-ის (“რეი”) პროდიუსერმა, სტიუარტ ბენჯამინმა, 2003 წელს ამ პროგრამასთან დაკავშირებით პრესის მეშვეობით უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, ის შეაცდინა შტატის მიერ მიცემულმა პირობამ, რომლის თანახმადაც, თითქოს ადვილად შეძლებდა მისი კუთვნილი საგადასახადო კრედიტების ადგილობრივებისთვის მიყიდვას, რაც სინამდვილეში, არსებული სისტემის ფარგლებში, იოლი არ აღმოჩნდა (თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მან მაინც მოახერხა საკუთარი კრედიტების გაყიდვა).

ფულის საკითხებში კარგად გარკვეულმა ადამიანებმა, მათ შორის, უილ ფრენჩმა, ამ პროგრამაში შემოსავლის მიღების შესაძებლობა დაინახეს. ფრენჩმა, რომელიც Mardi Gras-ის მეფეებისა და დედოფლების გრძელი სიის წარმომადგენელია, საკუთარი ბიზნესი კინოს შემქმნელებისგან, სახელმწიფოს მიერ გაცემული კრედიტების ყიდვითა და იმავე კრედიტების ადგილობრივებისთვის მიყიდვისას აღებული ფულით ააწყო. “საგადასახადო შეღავათების პროგრამა სათევზაო ბადეს ჰგავს, – ამბობს ფრენჩი. – კალიფორნია კარგავს სამუშაო ადგილებს. კინოინდუსტრია სხვაგან იმიტომ გადადის, რომ სხვაგან უკეთესი პირობებია”.

როდესაც 2009 წელს ლუიზიანამ გაამარტივა საკრედიტო სისტემა, ხოლო კინოპროდიუსერებისთვის კიდევ უფრო მარტივი გახადა, ჰოლივუდმა გეზი ამ შტატისკენ აიღო. აი, როგორ მუშაობს ეს საკრედიტო სისტემა: პროდიუსერს მიაქვს 35 მილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტი, მაგალითად, ფრენჩის მსგავს ადამიანთან და ეუბნება მას, ამ ბიუჯეტის რა ნაწილი უნდა დაიხარჯოს შტატში. შემდეგ ფრენჩი ყიდულობს საგადასახადო სუბსიდიას, დაახლოებით იმ თანხის 85%-ად, რომელმაც პროდიუსერის მოგება უნდა შეადგინოს ფულის დახარჯვის შემდეგ. ამის შემდეგ ფრენჩი პროდიუსერისგან ნაყიდ სუბსიდიას ისეთ მყიდველს მიჰყიდის, რომელსაც შტატის ფულადი დავალიანება აქვს. ამ ოპერაციის შედეგად პროდიუსერი წინდაწინ იღებს მის კუთვნილ თანხას. ლუიზიანის შტატში არ არსებობს კრედიტის ზედა ზღვარი, ამიტომ თუ პროდიუსერმა მსახიობს, უილ სმიტს, უნდა გადაუხადოს 20 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ ის დათანხმდეს ფილმში მონაწილეობაზე, მას საგადასახადო სუბსიდიას ამ თანხის მიხედვით მისცემენ (მაშინ სმიტს ევალება ლუიზიანის შტატის საშემოსავლო გადასახადის გადახდა).

ეს მაცდური მომენტია და ადგილობრივებმა იციან ამის შესახებ. ანდრე შამპანი, Hollywood Trucks-ის (“ჰოლივუდის სატვირთო მანქანები”) მფლობელი, მისი ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. ის ერთი ადგილობრივი ბიჭია, რომელიც 2007 წელს ლოს-ანჯელესიდან ლუიზიანაში იმისთვის დაბრუნდა რომ პატარა მოცულობის საშინელებათა ფილმის გადამღები პროდიუსერებისთვის შტატის ტერიტორიაზე გადაადგილებაში დახმარებოდა, ახლა კი 400 სატვირთო მანქანის მფლობელია (კონდიციონერიანი ეკოლოგიური ტრაილერების ჩათვლით, ჰოლივუდის კინოვარსკვლავებისთვის). გასაკვირი არაა, რომ მან ჩამოაყალიბა კომერციული ჯგუფი, რომელიც ლობირებას უწევს საგადასახადო სუბსიდიების კანონმდებლობის შენარჩუნებას. “ეს ფინანსური სხდომა ყველაზე რთული იყო, – ამბობს შამპანი. – ნებისმიერი კუპონის მსგავსად, უნდა განისაზღვროს, რა მომენტშია საჭირო მისთვის ხელის მოჭერა, მაგრამ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. ახლა სუბსიდიები რომ შეამცირონ, ამას კატასტროფული შედეგი მოჰყვება”. წელს, ცოტა ხნით ადრე, შამპანმა დაარწმუნა შტატის გუბერნატორი, ბობი ჯინდალი და საკანონმდებლო ორგანო, თავი შეეკავებინათ სუბსიდიების შეთავაზებული შემცირებისგან. ჯინდალმა უარი განაცხადა ამასთან დაკავშირებით კომენტარი მიეცა Forbes-თვის.

ამას არა აქვს მნიშვნელობა. მან ალბათ იცის, რას იტყვის ფილმ Selfless-ის პროდიუსერი ჰოლივუდის შესაძლო ბედის შესახებ მდინარე მისისიპის დელტაზე. “კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები თავიანთი ბუნებით მომთაბარენი არიან, – ამბობს ბერგმანი, – ჩვენ იქ მივდივართ, სადაც უკეთეს პირობებს გვთავაზობენ”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *