კოლეჯების რიცხვის ზრდა არ ნიშნავს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას

კოლეჯების რიცხვის ზრდა არ ნიშნავს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას

კონგრესისადმი თავის პირველ მიმართვაში პრეზიდენტი ობამა ამტკიცებდა, რომ აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს კოლეჯებში გაცილებით მეტი ახალგაზრდის მიზიდვას იმისათვის, რომ ამერიკის ეკონომიკამ სხვა ქვეყნებთან მიმართებით კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. მან წინა პლანზე წამოსწია საკითხი იმის შესახებ, რომ ქვეყანამ კვლავ უნდა დაიბრუნოს “მსოფლიოში კოლეჯდამთავრებულთა მაღალი რიცხვით” ლიდერობა.

ჩვენი საგანმანათლებლო სწავლების დონის ამაღლების უუნარობა, თავის მხრივ, “ეკონომიკური ვარდნის მზა რეცეპტს“ წარმოადგენს.

პრეზიდენტის თვალსაზრისს ბევრი სხვაც იზიარებს. ეკონომიკურ წარმატებას, როგორც ინდივიდუალურ, ისე ეროვნულ დონეზე, განათლებასთან კორელაციის ტენდენცია ახასიათებს. განათლების დაბალი დონის მქონე ხალხი (და ქვეყნები) უმეტესწილად ღარიბები არიან, მაშინ როდესაც ხალხი (და ქვეყნები) უაღრესად წინწასული განათლებით, უმეტეს შემთხვევაში, მდიდრებს წარმოადგენენ. ამიტომ დიდია ცდუნება, ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ: : მეტ განათლებას მეტი ინდივიდუალური შემოსავალი მოაქვს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა, განათლების ზრდაში „კაპიტალდაბანდებით“.

წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ ცდუნებას, რადგან ის მცდარ არგუმენტაციას ემყარება.

მართალია, განათლება კორელირებს კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდასთან, მაგრამ ლოგიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ კორელაცია სულაც არ ნიშნავს მიზეზშედეგობრივ კავშირს. ჩვენს შემთხვევაში, ამ გაკვეთილის გათვალისწინება არ უნდა დაგვავიწყდეს.

მაღალი ინტელექტისა და დიდი ამბიციის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უმეტესწილად კოლეჯის დიპლომს და სამეცნიერო ხარისხს იღებენ. ზოგჯერ ეს ოფიციალური განათლება მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებისთვის, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მიღებულ განათლებას ძალიან ცოტა საერთო ჰქონდა მიღწეულ წარმატებასთან და პირიქით, ზოგიერთ უაღრესად წარმატებულ ადამიანს, თავის დროზე, მიუტოვებია კოლეჯი, ან არასოდეს უსწავლია მასში. როგორც იმ სასაცილო „დაიკავეთ უოლ-სტრიტის“ პროტესტებმა გვასწავლა, კოლეჯდამთავრებულთა უდიდესი რიცხვი უმუშევარია, ან ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომლისთვისაც დაწყებითი განათლებაც საკმარისია.

დასკვნა: კოლეჯის განათლება არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობაა პირადი წარმატების მისაღწევად. ბევრი ადამიანი ამას კოლეჯის გარეშეც აკეთებს, ხოლო მრავალი იმათგანი, ვისაც ბაკალავრის, ან უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი აქვს, პირიქით, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე იტანჯება. მათ ასევე ხშირად მაღალპროცენტიანი სტუდენტური სესხები მხრებზე აწევთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური პროგრესი განათლებაში „კაპიტალდაბანდებით“ არ მიიღწევა. მერხებთან გატარებული მეტი დრო, კრედიტები და დიპლომები ავტომატურად ვერ გადაიქცევიან პროდუქტიულ ადამიანებად.

თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, გირჩევთ, განათლების დარგში ბრიტანელი პროფესორის, ელისონ ვულფის წიგნი, Does Education Matter? (აქვს განათლებას მნიშვნელობა?, Penguin Books,2002) წაიკითხოთ. ამერიკის საგანმანათლებლო ისტებლიშმენტი იგნორირებას უწევს ამ წიგნს, რადგანაც მას სააშკარაოზე გამოაქვს (და ეს არის მისი ქვესათაური) მითი ეკონომიკურ ზრდაზე განათლების ზემოქმედების შესახებ. ამ წიგნით ვულფი ხსნის, რომ მთავრობები, რომლებიც ცდილობენ, ეკონომიკური პროგრესის დაჩქარების მიზნით, საგანმანათლებლო სფეროში მეტი კაპიტალდაბანდებები განახორციელონ, როგორც წესი, ამით მათ განკარგულებაში არსებულ რესურსებს ანიავებენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითი ეგვიპტეა. ქვეყანამ უმაღლეს განათლებაში უდიდესი კაპიტალდაბანდება განახორციელა, თუმცა ამ ძალისხმევას ეკონომიკური აღმავლობა არ მოჰყოლია, რადგანაც სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნის ძალიან მცირე ნაწილი იყო კოორდინირებული იმ უნარებსა და ცოდნასთან, რომელიც საჭირო იყო მეწარმეობისა და ეგვიპტური ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებისთვის. შედეგად, ეგვიპტემ მიიღო დიდი რაოდენობის უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ხალხი, რომლებიც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოლოდინში იყვნენ. ასეთი სამუშაო ადგილები კი არ არსებობდა და ვერც იარსებებდა.

მთავარი ის არის, რომ ფორმალურ განათლებას აუცილებლად არ მოაქვს ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც ადამიანები ნაყოფიერად გამოიყენებენ.

ეს მოსაზრება გამართლდა ეგვიპტის მაგალითზეც და ბევრი ამერიკელი კოლეჯდამთავრებულის შემთხვევაშიც. აკადემიურად სუსტი და უსაქმური ბავშვების ლაშქარს კოლეჯში შესვლა გადააწყვეტინა იდეამ იმის შესახებ, რომ დიპლომის მიღება – ნებისმიერი სახის დიპლომის, ნებისმიერი სასწავლებლიდან – მათ მაღალი შემოსავლებით ტკბობის ბედნიერებას მიანიჭებდა. სამწუხაროდ, ბევრმა მათგანმა ისე დაამთავრა სწავლა, რომ არაფერი მიუმატებია საკუთარი ადამიანური კაპიტალისთვის. შესაძლოა, ჰქონდეთ დიპლომი, მაგრამ მისი მოტანილი 3 დოლარი საათში მათ Starbucks-ის ყავისთვის თუ გასწვდებათ, სადაც ისინი ჩვეულებრივ არჩევენ ხოლმე მუშაობას.

ადამიანებს კარგად შეუძლიათ გამოთვალონ, თუ როგორ უნდა გაზარდონ მაქსიმალურად საკუთარი ადამიანური კაპიტალი, მაგრამ გარკვეული სახის, ოფიციალურად დამტკიცებული განათლების მისაღებად საჭირო სახელმწიფო წახალისების სისტემას, ხშირ შემთხვევაში, ბევრისთვის დროისა და ფულის უმიზნოდ ხარჯვა მოაქვს შედეგად. ქვეყნის პროდუქტიულობის ზრდის მაგივრად, ის იწვევს მის დასუსტებას, ზუსტად ისევე, როგორც სამუშაო ადგილების ზრდის სამსახურები და უსარგებლო სამთავრობო პროექტები. ერთ-ერთი მაგალითი ამისა გახლავთ პროექტი – „ხიდი არსად“.

საუკეთესო საგანმანათლებლო პოლიტიკა ასეთია: ადამიანებს თავისუფალ ბაზარზე ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *