სტუდენტური სესხები საქართველოში

საქართველოში სულ 21 ბანკი ფუნქციონირებს. მათგან ნახევარზე ნაკლები სთავაზობს სტუდენტებს სესხებს სწავლის დასაფინანსებლად, მეტ-ნაკლებად განსხვავებული პირობებით.

“ბანკი რესპუბლიკა”

“ბანკ რესპუბლიკას” ორი ტიპის სტუდენტური სესხი აქვს: სტუდენტური სესხი საქართველოში და სტუდენტური სესხი საზღვარგარეთ.

ბანკი საქართველოში ბაკალავრიატის პროგრამებზე სასწავლებლად სტუდენტებს 10 ათას ლარამდე სესხს სთავაზობს მაქსიმუმ 12 თვის ვადით, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25%-ია. მსესხებლის მინიმალური შემოსავალი 200 ლარს უნდა შეადგენდეს ერთი მსესხებლის შემთხვევაში, ხოლო თუ მსესხებელი ორია – 400 ლარს. სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა და მისი ერთადერთი ბენეფიტი ისაა, რომ სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბანკი მომდევნო წლის საპროცენტო განაკვეთს 1%-ით ამცირებს.

რაც შეეხება მაგისტრატურას, საქართველოს უნივერსიტეტებში მაგისტრანტებს “ბანკი რესპუბლიკა” მაქსიმუმ 15 ათასი ლარის სესხს აძლევს, ან ამ თანხის ეკვივალენტს აშშ დოლარით. ლარის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 23,1%-ია, ხოლო აშშ დოლარისა – 22,1%. ლარით გაცემულ სესხებზე მაქსიმალური ვადა 12 თვეა, ხოლო აშშ დოლარით გაცემულ სესხებზე – 48 თვე. მსესხებლის მინიმალური შემოსავალი ერთი ადამიანის შემთხვევაში 400 ლარია, ხოლო თუ მსესხებელი ორია – 800 ლარი.

საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაცემ სტუდენტურ სესხებზე ბანკს უფრო მეტი წინაპირობა აქვს განსაზღვრული. სესხის მაქსიმალური მოცულობა 60 ათასი აშშ დოლარია, თუმცა უზრუნველყოფის გარეშე ბანკი მხოლოდ 10 ათას დოლარს გასცემს. სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 18,5%; მოქმედებს საშეღავათო პერიოდიც – 30 თვე.

ამასთან, პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბანკი 1%-ით ამცირებს სესხის მომდევნო წლის საპროცენტო განაკვეთს, ხოლო სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – 0,5%-ით ამცირებს არსებული სესხის განაკვეთს. სწავლის დასრულების შემდეგ, 3,6 ან უფრო მაღალი GPA-ს მიღების შემთხვევაში, სტუდენტებს საშუალება აქვთ 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ “ბანკ რესპუბლიკაში”, ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალში”.

“ლიბერთი ბანკი”

“ლიბერთი ბანკი” სტუდენტურ სესხებს უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის გასცემს. კერძოდ: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, თავდაცვის ეროვნული აკადემიისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ბაკალავრისა და მაგისტრის სესხის მიღება შესაძლებელია სხვა სასწავლებლებში სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, სესხის მისაღებად ბანკი მოითხოვს უზრუნველყოფის (უძრავი ქონება) წარდგენას.

რაც შეეხება დანარჩენ პირობებს, ბაკალავრიატის სტუდენტებს ბანკი მთლიანი სწავლის საფასურს მაქსიმუმ 40 ათას ლარს, ხოლო მაგისტრანტებს მაქსიმუმ 20 ათას ლარს უფინანსებს. სესხები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გაიცემა მაქსიმუმ 100 თვის ვადით, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – 60 თვით. პირველ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი სწავლის პერიოდს + 4 თვე შეიძლება იყოს, ხოლო მეორე შემთხვევაში – მაქსიმუმ 18 თვე. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში იფარება მხოლოდ სესხის პროცენტი, ხოლო ძირის დაფარვა ხორციელდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ. ორივე ტიპის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 14%-დან იწყება. სესხებს უზრუნველყოფა არ სჭირდება, თუმცა საჭიროა თანამონაწილეობა სწავლის საფასურის 10%-ით. სესხის მომსახურების საკომისიო თვეში 2 ლარს, ხოლო დამტკიცების საკომისიო 2%-ს, მინიმუმ 25 ლარს შეადგენს.

“საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკი” ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 20-27 წლის სტუდენტებისთვის გასცემს სტუდენტურ სესხებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად.

მსესხებლის შემოსავლის მოცულობა მინიმუმ 200 ლარი უნდა იყოს, ხოლო სესხის თანხა სწავლების საფასურის შესაბამისად გაიცემა 60 თვემდე ვადით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფის შემთხვევაში – 17,83%-დან იწყება, თავდებობით – 21,29%-დან, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე – 23,72%-დან.

TBC ბანკი”

TBC ბანკის”სესხის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს, ბაკალავრიატში სწავლების დასაფინანსებლად, მიუხედავად იმისა, მიიღო მან სახელმწიფო დაფინანსება, თუ არა. სესხის მინიმალური თანხა 300 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 ათას ლარს შეადგენს – სასწავლებელში სწავლების ერთი წლის 100 პროცენტს. სესხი გაიცემა 3-12 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფა არ მოითხოვება, თუმცა მსესხებელს ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი 200 ლარი უნდა ჰქონდეს. სესხის საპროცენტო განაკვეთი 20%-ია, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 26,74%.

სესხებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდიც. საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას სტუდენტი იხდის მხოლოდ სესხის პროცენტს და მისი ვადა 4 წელი და 6 თვეა, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს დაასრულოს სწავლა, 6 თვეში მოძებნოს სამსახური და სესხის ძირის დაფარვა საშეღავათო პერიოდის გასვლიდან 5 წლის განმავლობაში დაიწყოს. თუმცა საშეღავათო პერიოდით “TBC ბანკი” სესხს მხოლოდ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესფაკულტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესფაკულტეტის სტუდენტებისთვის გასცემს. როგორც ჩანს, ბანკი მხოლოდ ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების წარმატებულ დასაქმებაშია დარწმუნებული.

VTB ბანკი”

“ვითიბი ბანკი” სტუდენტებს სთავაზობს სესხს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებისთვის. სესხების მაქსიმალური მოცულობა 5 ათასი ლარია, მინიმალური – 500 ლარი. სესხის საპროცენტო განაკვეთი 14,9%-დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21,14%-დან. ბანკი სესხებს 12 თვემდე ვადით გასცემს და მხოლოდ ლარით. სესხისთვის არ არის საჭირო უზრუნველყოფა, თუმცა მსესხებელს მინიმალური შემოსავალი 300 ლარი უნდა ჰქონდეს, ხოლო სამუშაო გამოცდილება – მინიმუმ 6 თვის.

“ბაზის ბანკი”

“ბაზის ბანკის” სტუდენტური სესხების პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტურ სესხს ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად და მოკლევადიან, სემესტრულ სტუდენტურ სესხს.

ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად ბანკი სესხს 3 თვიდან 2 წლამდე ვადით იძლევა, რომლის თანხა, სწავლის ღირებულების შესაბამისად, მაქსიმუმ 10 ათასი ლარი შეიძლება იყოს. სესხის საპროცენტო განაკვეთი 18%-დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 19,84% –დან. საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ 1 წელს შეადგენს. მსესხებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარის სტაბილური შემოსავლის მქონე ორი პირის თავდებობა.

რაც შეეხება მოკლევადიან, სემესტრულ სტუდენტურ სესხებს, მათ ბანკი 6 თვემდე ვადით გასცემს სწავლის წლიური ღირებულების შესაბამისად. ამ სესხების საპროცენტო განაკვეთი 18%-დან იწყება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 19,84 –დან. მსესხებელს ამ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარის სტაბილური შემოსავლის მქონე ორი პირის თავდებობა.

“ზირაათ ბანკი”

სტუდენტურ სესხებს საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკებიც სთავაზობენ ქართველ სტუდენტებს.

“ზირაათ ბანკი” ქართველი სტუდენტებისთვის 24-თვიან სტუდენტურ სესხებს მათი სწავლის საფასურიდან გამომდინარე გასცემს, თუმცა მხოლოდ სტუდენტის მშობლის, მეურვის, ოჯახის წევრის ან თავად სტუდენტის სახელზე იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სტაბილური შემოსავალი. სესხის მისაღებად მსესხებელმა უნდა წარადგინოს ერთი ან რამდენიმე პირის თავდებობა. სესხის ბენეფიტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სესხის ფარგლებში სტუდენტი იღებს ჯანმრთელობის დაზღვევას.

წინა სტატია

კოლეჯების რიცხვის ზრდა არ ნიშნავს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას
25 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

სუსტი უპირატესობით მიღწეული სრულყოფილება
29 მარტი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა