შერილ სანდბერგი და სხვა მილიარდერი ქალები

შერილ სანდბერგი, Facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რადგან ის მილიარდერების სიაში ისე შევიდა, რომ არც თავისი კომპანია დაუფუძნებია და არც რაიმე ბრენდი შეუქმნია. Forbes-ის 2014 წლის მილიარდერთა რეიტინგში 268 ახალი სახიდან 42 ქალია (სულ 172 ქალი 1645 მილიარდერიდან). ქალ მილიარდერთა დიდ ნაწილს ქონება მშობლებისგან და/ან ქმრებისგან აქვთ მიღებული და მხოლოდ 32-მა შეძლო თავისით მიეღწია ასეთი წარმატებისთვის. ესენი არიან, მაგალითად, Spanx-ის დამაარსებელი სარა ბლეიკლი, დიზაინერი ტორი ბერჩი და ოპრა უინფრი (ცნობილი თოქ-შოუს წამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი).

შერილ სანდბერგიც სწორედ იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც კაპიტალი ოჯახის წევრების დახმარების გარეშე დააგროვეს. Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სანდბერგი ქალებს მოუწოდებს, რომ  მათ მეტი ენერგია ჩადონ კარიერის  განვითარებაში, შეწყვიტონ უმოქმედობა და მრძანებლობის მოყვარული მამაკაცი კოლეგების მორჩილება, პირად ცხოვრებაშიც ისეთი პარტნიორები აირჩიონ, რომლებსაც საოჯახო საქმეებს თანაბრად გაუნაწილებენ. 44 წლის ამერიკელი შერილ სანდბერგის ქონება ამჟამად $1.05 მილიარდს შეადგენს. წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე გამორჩეულ ქალს, რომლებიც წელს შევიდნენ Forbes-ის მილიარდერთა სიაში:

ფოლორუნშო ალაკიჯა - $2.5 მილიარდი, ნიგერია, 63 წლის. ალაკიჯა მდიდარი მამის შვილია, რომელსაც 8 ცოლი და 52 შვილი ჰყავდა. ფოლორუნშო ნიგერიის პირველი ქალი მილიარდერია და ფლობს მსხვილი ნავთობის მწარმოებელი კომპანიის აქტივებს. 

დენის კოუტსი - $1.6 მილიარდი, დიდი ბრიტანეთი, 46 წლის. სკოლაში სწავლის დროს, კოუტსი მამის აზარტული თამაშების დაწესებულებაში მოლარედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბუღალტერი გახდა და მამის საქმეებს გაუძღვა. 2000 წელს დენისმა იყიდა დომეინი (Bet356.com) და 2001 წლის მარტში აამუშავა ონლაინ-გემბლინგის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვებგვერდი. Bet365-ი ასევე ფლობს ინგლისური პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ Stoke City-ის.

აირინ ლაუდერ ცინტერჰოფერი - $1.1 მილიარდი, აშშ, 44 წლის. აირინს ქონება მემკვიდრეობით ერგო. მისი დიდი ბებია კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ცნობილი ბრენდის “Estée Lauder”-ის დამფუძნებელი იყო. 2012 წელს მან თავისი ეპონიმური ბრენდი, Aerin დაარსა.  

სანდრა ორტეგა მერა - $6.1 მილიარდი, ესპანეთი, 46 წლის. მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანის ამანსიო ორტეგას და როსალია ორტეგას ქალიშვილი. სანდრა ორტეგა მერას ქონება 2013 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ ერგო.

წინა სტატია

მოემზადეთ, ცეცხლი, დაუმიზნეთ!
30 მარტი, 2014

შემდეგი სტატია

დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესი დაიწყო
01 აპრილი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა