Carpe Diem - "კულას" წარმატების ისტორია

Carpe Diem - "კულას" წარმატების ისტორია

2008-2009 წლებმა მსოფლიოსა და საქართველოს საკმაოდ მძიმე მოვლენებით დაამახსოვრა თავი. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო შემცირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე ძალების მოკრებას ცდილობს, მსოფლიო კი ეკონომიკური კრიზისის შედეგებს ითვლის.

სწორედ ამ პერიოდში იწყებს საქმიანობას “კულა” – წვენების მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც უკვე 8 წელია ბაზარზე ოპერირებს.

ფაქტია, 2009 წელს “კულამ” წარმატების წამი დაიჭირა. ვანო გოგლიძემ კი მის პარტნიორებთან ერთად საკმაოდ მაღალრისკიან გარემოში მომგებიანი კომპანიის ჩამოყალიბება შეძლო.

 “რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო. იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. რუსული ბაზარი დაკეტილი იყო ქართული პროდუქციისთვის. საქართველოში კი იყო ბევრი ხილი, რომელსაც ვერ იყენებდნენ, რადგანაც ვერ გაჰქონდათ ექსპორტზე. ყველაფერთან ერთად, შიდა ქართლში ხილის გადამუშავების კულტურა და ტრადიციები არსებობდა. სწორედ ეს გარემოებები გახდა ჩვენი ძირითადი მოტივაცია, როდესაც “კულას” წარმოება დავიწყეთ”,- ამბობს ვანო გოგლიძე.

ვაშლისა და ატმის წვენების წარმოება დაბომბილ გორში, ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს დაიწყო. წლებთან ერთად გაიზარდა კომპანიაც – თავდაპირველად ადგილზე 35-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს კი კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 250-ს აჭარბებს. გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტიც. ბიზნესმენი ამბობს, რომ დასაწყისში 15 დასახელების პროდუქტს აწარმოებდა, დღეს კი “კულას” ბრენდის ქვეშ 200-მდე სახეობის წვენი, მურაბა, სალათი თუ საწებელი გამოდის.

კომპანია ნედლეულს მთლიანად ადგილობრივებისგან იბარებს, წელიწადში კი  7 ათას ტონა ხილსა და ბოსტნეულს ამუშავებს. ვანო გოგლიძე ამბობს, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილი არ ყოფილა.

შრომა, შრომა და შრომა,- ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა. ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს მოსახლეობას გაესინჯა ჩვენი პროდუქტი. მასობრივად ვაწყობდით დეგუსტაციებს. დაგემოვნების შემდეგ მომხმარებლები რწმუნდებოდნენ, რომ პროდუქტი ნატურალურია და ჩვენი კლიენტები ხდებოდნენ,- აცხადებს ბიზნესმენი.

პირველი ექსპორტი დაარსებიდან მალევე, 2010 წელს, უკრაინაში განხორციელდა. დღეს კომპანია პროდუქტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, მათ შორისაა: ისრაელი, აშშ, კანადა, კუბა, კატარი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, დუბაი, ჰონგ კონგი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი.

“ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიური მოხოვნა აქვს, მაგალითად, ისრაელში უფრო შინდის და კაკლის მურაბები იყიდება, ასევე ტყემლები. ევროპაში უფრო უშაქრო პროდუქტს ეტანებიან. დსთ-ის ქვეყნებში უფრო საწებლები აინტერესებთ”,- აცხადებს ვანო გოგლიძე.

არაერთი წარმატების მიუხედავად “კულა” არ ჩერდება. ხორცისა და ქართული ტრადიციული კერძების კონსერვების მწარმოებელი ქარხანა ახლახანს გაიხსნა. პროექტში 1,5 მილიონი დოლარი უკვე ჩაიდო, სამომავლოდ კი ინვესტიციის გაზრდა 2 მილიონ დოლარამდე იგეგმება. ახალ საწარმოში ვანო გოგლიძემ 40-მდე ადამიანი დაასაქმა.

გაფართოება იგეგმება ბიოწვენების წარმოების მიმართულებითაც. ბიზნესმენი ახალი ქარხნის გახსნას ახალციხეში აპირებს. ინვესტიციის სახით აქაც დახალოებით 1,5 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება. აქცენტი ისევ ადგილობრივ ნედლეულზე გაკეთდება.

ახალ პროექტებთან ერთად კომპანია ახალ აღიარებებზეც ზრუნავს. კომპანია წელს “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. “კულას” “წლის ქართული პროდუქტის” სტატუსის მოპოვება სურს.

“გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაში დაგვეხმარება. ამასთან, სტიმულს მისცემს სხვა დამწყებ საწარმოებს – თუ ომის შემდეგ და კრიზისის დროს შესაძლებელია ბიზნესის კეთება ე.ი. შესაძლებელია ახლაც, როდესაც ყველა კარი ღიაა”,- აცხადებს ვანო გოგლიძე.

ქართულ ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა უჭირს და ამბობს, რომ გართულებების გარეშე არცერთი პერიოდი არ ახსოვს, თუმცა, ბიზნესში ოპტიმიზმია მთავარი.

კითხვაზე, რატომ ვერ გახდა საქართველო ამ დრომდე ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, ვანო გოგლიძე ოპტიმიზმს აქაც არ კარგავს და ამბობს, რომ “საქართველო აუცილებლად შეძლებს ამას”. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამისთვის მთავარი ხელშეწყობაა, როგორც სახელმწიფოს ისე ბიზნესის მხრიდან, რამდენადაც დამოუკიდებლად მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

ფოტოები: ირაკლი შალამბერიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *