ქვეყნები, რომლებსაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ვალი აქვთ

ქვეყნები, რომლებსაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ვალი აქვთ

წელს აშშ-ის ვალმა ისტორიაში პირველად, $20 ტრილიონს გადააჭარბა, გაერთიანებული სამეფოს ვალი კი $2,5 ტრილიონია. 

აშშ და გაერთიანებული სამეფო ყველაზე მაღალი ვალის ქმონე ქვეყნები არ არიან. იაპონიის ვალმა 2015 წელს ქვეყნის მშპ-ს 221%-ს მიაღწია. თუკი იაპონია საკუთარი სახელმწიფო ვალის სრულად გადახდას გადაწყვეტს, ქვეყნის თითო მოქალაქეს $90,345  გადახდა მოუწევს. 

OECD-ის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ვალის მოცულობით შემდეგ ადგილებს ირლანდია ($62,687) , ამერიკის შეერთებული შტატები ($61,539) და იტალია ($58,693 ) იკავებს.

OECD-ის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი $50,245-ია, ამ მაჩვენებელს აღმეატება ბელგიის სახელმწიფო ვალის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე და ის $58,134-ს შეადგენს.

WEF-ის კვლევის მიხედვით, ავსტრიას, საფრანგეთსა და საბერძნეთს ერთ სულ მოსახლეზე მეტი ვალი აქვთ, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს, – ამ ქვეყნების მოსახლეობას საშუალოდ $50,000-ის გადახდა მოუწევთ თუკი ვალის გადახდას თავად გადაწყვეტენ. 

ერთ სულ მოსახლეზე ვალი OECD-ის ქვეყნებში 2007 წლიდან დღემდე საშუალოდ 5,9%-ით გაიზარდა. ქვეყნებს შორის ერთ მოსახლეზე ვალის მოცულობა მკვეთრად განსხვავდება და თუკი იაპონიაში ის $90,345-ია, ესტონეთში მხოლოდ $3,761-ს შეადგენს. 

2015 წელს OECD-ის ქვეყნებში შიდა სახელმწიფოებრივმა ვალებმა მშპ-ს საშუალოდ 112% შეადგინა, ფინანსური კრიზისის დაწყებამდე – 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი 73% იყო. ამ პერიოდში ვალის მოცულობა ყველაზე მეტად ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში გაიზარდა. ბოლო ათ წელში, საკუთარი ვალის მოცულობის შემცირება ორგანიზაციის წევრმა მხოლოდ სამმა ქვეყნამ შეძლო – ნორვეგია, შვეიცარია, ისრაელი. საბერძნეთის ვალი 2015 წელს მშპ-ს 181%-ს შეადგენდა, იტალიის 157%-ს, ხოლო პორტუგალიის 149%-ს. 

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით ნაკლებია იაპონიაზე, ქვეყანა ვალებმა უფრო საგრძნობლად დააზარალა, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ სახელმწიფოს ვალი უმეტესად უცხოელი კრედიტორების მიმართ აქვს. 

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 16.4 მლრდ აშშ დოლარი (39.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 113.1 პროცენტია. მხოლოდ საგარეო ვალის მოცულობა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე $4397 (10 590 ლარი) გამოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *