ტურიზმის ახალი პრიორიტეტი

ტურიზმის როლი მსოფლიო ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს საერთაშორისო საზღვრები 1,2 მილიარდზე მეტმა ვიზიტორმა გადაკვეთა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს ციფრი 1,8 მილიარდს გაუტოლდება. ზრდას ახალი გამოწვევებიც თან ახლავს. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. 

საერთაშორისო და შიდა ტურიზმის შედეგების კომბინირებით, ტურიზმის წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის 10%-ია, ხოლო გლობალურად ყოველი ათი სამუშაო ადგილიდან ერთი სამუშაო ადგილი ამ ინდუსტრიის მიერაა გენერირებული. 

თუ ადრე არსებობდა სტანდარტული ხედვა, რომ ტურიზმში პრიორიტეტების მიხედვით ძირითადი მიმართულებები იყო განთავსება, ტრანსპორტი, კვება და გართობა, დღეს, ბოლო კვლევების მიხედვით, პრიორიტეტული სიის სათავეში ინფორმაცია და მისი გავრცელება მოექცა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და მოლოდინები. აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ მოგზაურთა უმრავლესობა ახასიათებს საკუთარ თავს როგორც ინტელექტუალს, თვითორგანიზებულს და ახალი იდეების გენერატორს, რომლებიც ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს და მზად არიან აღმოჩენებისათვის (Paige P.Viren, Ph.D.,and Alison K. Murray, Ph.D., of East Carolina University). 

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველო ჯერ კიდევ რჩება ახალ მიმართულებად. ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორთა უმეტესობა პირველად სტუმრობს საქართველოში, ხელმეორედ ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში იზრდება სხვადასხვა ქვეყნიდან პირდაპირი რეისების რაოდენობა, ვიზიტორთა სტატისტიკაში მზარდია როგორც ტურიზმის, ასევე ტრანზიტის წილი. იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურიზმი მდგრადი განვითარების გზაზე დადგეს, საჭიროა ვიზიტორთა ზრდის სტაბილური დინამიკა და ხელმეორედ ჩამოსულ მოგზაურთა წილის ზრდა. 

კონკურენციის პირობებში ყველა მცირე, საშუალო თუ დიდი მოთამაშე ცდილობს, ბაზარზე თავისი კონკრეტული ნიში დაიკავოს. საქართველოს დღემდე არა აქვს მკაფიო კურსი, თუ რა პოზიციის დაკავება სურს საერთაშორისო ბაზარზე. აუცილებელია საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით განისაზღვროს, რა ადგილის დაკავება გვსურს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

რა იქნება ჩვენი მთავარი გზავნილი? მაგალითად, რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომლის საზღვრებიც უკვე დიდი ხანია, გახსნილია; თუ ის, რომ ჩვენ ვართ ტურისტულად მზარდი ქვეყანა მდგრადი რესურსებით; ან იქნებ ის, რომ ჩვენ ვართ აღმოჩენების ქვეყანა, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს...

საერთაშორისო პოზიციონირების პარალელურად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება - როგორც საჯარო, ისე კერძო, მათ შორის ღამისთევის, კვების, გართობისა და დამხმარე ტურისტული ობიექტების მშენებლობისა და მოწყობის კუთხით.

ინფორმაციის სწრაფი გაცვლის საშუალებებმა აქტუალურობა შესძინა ტრადიციული ბაზრებისთვის ნაკლებად ცნობილ ახალ მიმართულებებს. პოპულარული ხდება ინდივიდუალურ ტურიზმზე მორგებული დასასვენებელი ადგილები.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის ყველა მოთამაშეს უწევს არსებულ მძიმე შედეგებთან ადაპტირება. მყინვარების შემცირება, წყალდიდობების რაოდენობის მატება, თოვლის კლება, ქარიშხლები და გვალვა - ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც დიდი ეკონომიკური ბლოკების რეაგირებას მოითხოვს. არსებული რეალობიდან გამომდინარე იცვლება ბიზნესის გათვლები და მოლოდინები, იმატებს ყურადღება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ახალი პროექტების გეგმარების დროს.

განვითარებად ქვეყნებში თითქმის ყოველთვის მოთხოვნა ქმნის მიწოდებას. ვინაიდან საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა დინამიკა მზარდია, მოთხოვნა უკვე გამოკვეთილია. ახლა მიწოდების ნაწილში ჯეროვანი განვითარების დროა. კერძო სექტორი ჯერ კიდევ არასაკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ მასშტაბური პროექტები განახორციელოს, ამიტომ მთავარი ბერკეტი ისევ სახელმწიფოს ხელშია. სახელმწიფომ უნდა განავითაროს საჯარო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რომელზეც, თავის მხრივ, ბიზნესი დააშენებს საკუთარ აქტივებს.

გლობალური ტურიზმის განვითარების კლასიკური რეცეპტი კი უცვლელია: გრძელვადიანი გეგმარება და მდგრადი განვითარების ტემპი; ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო; ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა სამუშაო პირობები და მომხმარებელთა უსაფრთხოება.

რა თქმა უნდა, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს გარეშე შეუძლებელია ტურიზმის მდგრადი განვითარება. ნებისმიერი რყევა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კატაკლიზმი პირდაპირ აყენებს ზიანს ტურიზმის ინდუსტრიას. პატარა ქვეყნები ვერ იქნებიან რეგიონული სტაბილურობის გარანტორები, თუმცა ძლიერი ეკონომიკით და მიზანმიმართული პოლიტიკით შესაძლებელია ტურიზმის დინამიკური განვითარება და ამ ინდუსტრიისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება. 

ტურიზმი გლობალური ტურიზმი ვიზიტორები საერთაშორისო და შიდა ტურიზმი

წინა სტატია

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები იზრდება
12 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს
12 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა