ბაზრის, ფინანსებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა

ქართული მცირე და საშუალო კომპანიების გამოკითხულთა ნახევარი მთავარ გამოწვევად ბაზარზე წვდომას ასახელებს, დარჩენილი 40% ძირითად პრობლემად ფინანსებზე წვდომას მიიჩნევს და მხოლოდ 10%-ს მიაჩნია ცოდნაზე წვდომა მთავარ ბარიერად.

მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ (მსბ) უამრავი რამ იწერება საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. წერენ ეკონომისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვანი. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესი იყო და რჩება ამოუწურავ თემატიკად, ვინაიდან სწორედ ის გახლავთ ეკონომიკის ძირითადი მასა, არა იმდენად მონეტარული თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის ჩართულობისა და შემოსავლების გადანაწილების კუთხით.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეს, მგონი, ყველას კარგად ესმის. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს საშუალო კლასის ხერხემალს, იმ კლასისას, რომლის განვითარებაც აბსოლუტურად აუცილებელია სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მდგრადი ქვეყნის შესაქმნელად.

სანამ უშუალოდ არსებულ ვითარებას შევეხები, მნიშვნელოვანია გავიგოთ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და რომ ეს საკითხი საკუთრივ წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას. სამწუხაროდ, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს. ეს თავისთავად გაუგებრობას იწვევს. ადამიანები ბევრს საუბრობენ მსბ-ებზე, ოღონდ ყველა მათგანი გულისხმობს იმას, რასაც თავად გულისხმობს და არა რაიმე განზოგადებულ მოცემულობას. ორ სხვადასხვა კანონში, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი განმარტებებია მოცემული. ეს გახლავთ საგადასახადო კოდექსი, რომელიც დაბეგვრის მიზნებისათვის მცირე და მიკროსაწარმოების კრიტერიუმებს ადგენს და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი, რომელიც ასევე საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ახდენს საწარმოების მცირე და საშუალო ზომისად კლასიფიცირებას. საკუთარი განმარტებები აქვთ ბანკებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სპეციალურად მსბ-ების დაფინანსების მიზნით აღებული სასესხო რესურსების ფარგლებში არსებულ განსაზღვრებას მისდევენ. ყველა ცალკე აღებული სახელმწიფო პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო თუ სხვა უწყება, რომელიც მსბ-ებს ეხმარება, საკუთარ დეფინიციას იყენებს და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის მიღმა ასევე არსებობდა საქსტატის განმარტება, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაიხვეწა და ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ ანალოგთან. პრაქტიკულად ის ევროსტატის მეთოდოლოგიას ეფუძნება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის კოეფიციენტის მიყენებით, რამაც საგრძნობლად გააადვილა საქართველოს მსბ-ის შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნებთან მიმართებით. აქვე აღვნიშნავდი, რომ გარდა მსბ-ების მაკროსტატისტიკისა, რომელსაც საქსტატი აწარმოებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა დეტალური სტატისტიკების არსებობა სხვადასხვა ჭრილში, მაგალითად, როგორიცაა ბანკების მიერ მსბ-ის დაკრედიტება და სხვა, თუმცა მსგავსი კრებსითი სტატისტიკა არ იწარმოება, რაც უკიდურესად ზღუდავს ანალიტიკას და ამცირებს მსბ-ებზე მიზნობრივი გავლენის პროგრამების ეფექტიანობას.

საქსტატის ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, 2015 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის 98 პროცენტამდე მცირე და საშუალო საწარმოებია, მათზე მოდის დასაქმებულთა 68 პროცენტი და კერძო სექტორის გამოშვების 58 პროცენტი. ანალოგიური მაჩვენებლები ევროკავშირში შემდეგნაირად გამოიყურება: მსბ-ი მთლიანი ბიზნესის 99,8 პროცენტს შეადგენს, მათზე მოდის დასაქმებულთა 67 პროცენტი და გამოშვების დაახლოებით 58 პროცენტი. არსებული სტრუქტურა ადასტურებს, რომ საქართველოში ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილია და მასში მონაწილეობის ბარიერები დაბალია, განსაკუთრებით - არაფორმალური ბარიერების მოშლის ხარჯზე.

ეკონომიკის ზომიერი კონცენტრაცია კარგი დასაწყისია, თუმცა მთავარი - მსბ-ის ზრდის პოტენციალია. ქართული მსბ-ების პრობლემებიც სწორედ აქ იწყება. ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის წახალისებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების მთავარ პრინციპად მსბ-ების სტაბილური ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის მიღწევა ითვლება. საქართველოში კი სტაბილური ზრდა მსბ-ებისა და განსაკუთრებით მცირე საწარმოებისათვის ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელი ფუფუნებაა და მათი განვითარება დაახლოებით „ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან“ პრინციპით ხდება.

ცნობილი საერთაშორისო მკვლევრები მსბ-ის წინაშე მდგომ პრობლემებს ოთხ ბლოკში აერთიანებენ, ესენია: ადმინისტრაციული, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, ბაზართან ხელმისაწვდომობა და ცოდნასთან ხელმისაწვდომობა.

ადმინისტრაციულ ნაწილზე საუბარი საქართველოს პირობებში აზრს მოკლებულია, ამ კომპონენტში, როგორც წესი, კორუფცია და ბიუროკრატია მოიაზრება საბაჟო, საგადასახადო და სხვა მარეგულირებლებში. საქართველოში არსებული კორუფციის დონის გათვალისწინებით ის ნამდვილად არ გახლავთ მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, შედარებით. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბლოკს, სწორედ მათ მიმართ ქართული მსბ-ის დამოკიდებულება შეფასდა მიმდინარე წლის მაისში მცირე და საშუალო ბიზნესის მსოფლიო ფორუმის (World SME Forum) მიერ ჩატარებული გამოკითხვით.

ქართული მცირე და საშუალო კომპანიების გამოკითხულთა ნახევარი მთავარ გამოწვევად ბაზარზე წვდომას ასახელებს, დარჩენილი 40 პროცენტი ძირითად პრობლემად ფინანსებზე წვდომას მიიჩნევს და მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნია ცოდნაზე წვდომა მთავარ ბარიერად. თუმცა საინტერესოა, რომ შეკითხვის გამეორების შემთხვევაში იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც მთავარ გამოწვევად ცოდნაზე წვდომა დაასახელეს, გაორმაგდა ბაზრისა და ფინანსების ხარჯზე თანაბრად.

ასევე საინტერესოა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი საკუთარ თავს საშუალო ზომის კომპანიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და საქსტატის ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, მცირე ზომის კომპანიებს განეკუთვნებიან. კომპანიები, რომელთა წლიური ბრუნვაც 2 მილიონ ლარს აღემატება და რამდენიმე ადამიანი მუდმივად ჰყავთ დასაქმებული, ხშირად თავს საშუალო ზომისად თვლიან, მაშინ როდესაც რეალურად მცირე და მიკროსაწარმოთა რიცხვს განეკუთვნებიან.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ფინანსებზე წვდომის სირთულეები გამოკითხულთა მიერ პირველ წინაღობად არ სახელდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსებზე წვდომის კრიტიკულობას ბოლო პერიოდში ბანკებიც დაბეჯითებით უარყოფდნენ. აღნიშნულს, როგორც ჩანს, ორი ახსნა აქვს: ერთი, რომ საქართველოში საკრედიტო რესურსი ყოველწლიურად იზრდება და, რაც მთავარია, იაფდება, მეორე ის, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას არ იღებდნენ ე.წ. სტარტაპები, არამედ უკლებლივ ყველა რესპონდენტს რამდენიმეწლიანი ისტორია ჰქონდა.

ბაზარზე წვდომა

ბაზარზე წვდომა მსბ-ის მიერ მთავარ გამოწვევად სახელდება. აბსოლუტური უმრავლესობა პრობლემად ბაზარზე წვდომის ტექნიკურ მხარეებს მიიჩნევს და არც ერთი რესპონდენტი პრობლემად სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც ბაზარზე წვდომას მთავარ გამოწვევად ასახელებენ, საშუალო ზომის საწარმოების რიცხვს განეკუთვნებიან. კომპანიები ბაზარზე წვდომის სირთულეებს ხუთ ძირითად პრობლემას უკავშირებენ, ესენია: ა) შესაბამისი კლიენტის/ პარტნიორის მოძიების შესაძლებლობა, ბ) მარეგულირებელი ნორმების დაკმაყოფილება, გ) ბაზრის ხარისხის დაკმაყოფილება, დ) საბაჟო და სხვა საზღვართან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების ცოდნა და ე) ენის ცოდნა.

გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია თავისუფალი სავაჭრო არეალის გაფართოების მხრივ, თუმცა მაინც შეზღუდულია მსბ-ებზე ორიენტირებული ისეთი ექსპორტის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამებით, რომლებიც მეწარმეებს დაეხმარებოდა საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ტექნიკური ბარიერების გადალახვაში. ფინანსებზე წვდომა

ფინანსებზე წვდომა

მსბ-ის წინაშე მდგომ სირთულეებს შორის მეორე ადგილზე დგას და მას მთავარ გამოწვევად ძირითადად მცირე და მიკროზომის კომპანიები ასახელებენ. თუმცა მათი რეალური პრაქტიკა ფინანსებთან წვდომის კუთხით საგრძნობლად განსხვავებულია და ორ თანაბარ ჯგუფად იყოფა: ისინი, ვისთვისაც სასესხო რესურსი მიუწვდომელია და ისინი, ვისაც სასესხო რესურსით მინიმუმ ერთხელ მაინც უსარგებლია. აქვე ხაზგასასმელია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსებზე წვდომის ქვეშ საბანკო კრედიტს გულისხმობს, რაც თავისთავად ალტერნატიული ფინანსების განუვითარებლობაზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ ისინიც კი, ვისაც ბანკებთან ურთიერთობაში გაუმართლა, სესხის აღების პროცესს „ძნელად და გართულებულად“ ახასიათებენ. მსბ-ები სესხის აღების ძნელ და გართულებულ პროცესს სამი მიზეზით ხსნიან: ა) ბანკებს არ სჯერათ მსბ-ების განვითარების შესაძლებლობების; ბ) ბანკები არ არიან დაინტერესებულები მსბ-ების დაფინანსებით, ვინაიდან საკმარისი ოდენობის მსხვილი კლიენტები ჰყავთ; გ) მოთხოვნილი გირაო ძალიან მაღალია.

გამოკითხვის შედეგები ნათელყოფს,რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აღარ არის მსბ-ების მთავარი სატკივარი და ისინი რეალურად ახერხებენ ბანკებთან ურთიერთობას, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ბანკებისა და მცირე ბიზნესის ურთიერთობის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა, ბანკების სურვილი, დააფინანსონ მცირე კომპანიები, მაინც ნაკლებია, ვინაიდან კვლავ მაღალია შედარებით დიდ და მსხვილ კომპანიებში ზრდის პოტენციალი. საგულისხმოა, რომ საქართველოში ბანკებს, მაგალითისთვის, არ გააჩნიათ რაიმე უნიფიცირებული გამარტივებული პროცედურა მცირე მეწარმეებისათვის, ამგვარი რამ მხოლოდ სპეციალური პროგრამების შემთხვევაში მოქმედებს ხოლმე და ისიც დროებით. ასეთი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობდა ბანკებსა და მცირე საწარმოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და ნეგატიური პერცეფციის შემცირებას, ასევე შეამცირებდა მცირე მეწარმეების საბანკო სექტორიდან განრიდების პროცესს, რომელსაც მასიური ხასიათი აქვს. ეს თავისთავად იწვევს მათთვის ხელმისაწვდომი სასესხო რესურსის საგრძნობ გაძვირებას, ვინაიდან მათი გადამისამართება ხდება მიკროსაფინანსო, ხოლო ხშირ შემთხვევაში - არაფორმალურ სასესხო ორგანიზაციებში.

ცოდნაზე წვდომა

ცოდნაზე წვდომა მსბ-ების მიერ მესამეხარისხოვან პრობლემად სახელდება. ისინი, ვინც ცოდნაზე წვდომას მთავარ გამოწვევად ასახელებენ, გამოკითხულთა 10 პროცენტს შეადგენენ და მათი უმეტესობა მცირე ზომის კომპანიაა. აქვე ხაზგასასმელია, რომ ამ რესპონდენტთა რაოდენობა ორჯერ იზრდება განმეორებითი შეკითხვის შემთხვევაში, წინა ორივე გამოწვევის - ბაზრებისა და ფინანსების თანაბრად შემცირების ხარჯზე. როგორც ჩანს, რესპონდენტების მხრიდან უკეთესად ხდება გააზრება, თუ რის გამო აქვთ მათ შეზღუდული წვდომა ბაზარსა და ფინანსებზე და ამ შეზღუდვის მიზეზებს უშუალოდ ცოდნაზე წვდომის სიმწირეს უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ცოდნაზე წვდომის გამოწვევებში კომპანიები ძირითადად გულისხმობენ ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ისეთ თანამედროვე პროფესიებზე, როგორიცაა: ციფრული დიზაინი, ელექტრონული მარკეტინგი, ეკოლოგიისა და მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები და სხვა.

კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მცირე და განსაკუთრებით დამწყებ კომპანიებს სჭირდებათ მიზნობრივი პროგრამები, რათა მათ ან თავად შეიძინონ, ან/ და მათთვის რაიმე სხვა ფორმით ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე უნარ-ჩვევები, მაგალითად, როგორიცაა ელექტრონული მარკეტინგი და გაყიდვები. კვლევის შედეგად ასევე გამოჩნდა, რომ იმ კონტინგენტში, რომელიც ცოდნისადმი წვდომას მთავარ გამოწვევად მიიჩნევს, ძალზე დაბალია ინტერნეტრესურსების გამოყენების მაჩვენებელი. ამ კატეგორიის რესპონდენტთა მხოლოდ 17 პროცენტს აქვს საკუთარი ვებგვერდი.

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგომი გამოწვევები უნიკალური ნამდვილად არ არის და ბევრმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ, მათ შორის ჩვენთან საერთო ისტორიით დაკავშირებულმა ქვეყნებმა, აღნიშნული პრობლემები წარმატებით დაძლია. იმის გათვალისწინებით, რომ მსბ-ების განვითარებას ადმინისტრაციული ფაქტორი არ აფერხებს, ყველა სხვა პრობლემის მოგვარება უფრო ადვილია, თუმცა ყოველ მათგანს კარგად გააზრებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი ძალისხმევა სჭირდება.  

მცირე და საშუალო ბიზნესი კვლევა World SME Forum მოსაზრება

წინა სტატია

Global Business Forum
18 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Liberty Bank-ს ახალი მფლობელი ჰყავს
16 ოქტომბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა