"დასტა" - ბიზნესის პირადი არქივარიუსი

"დასტა" - ბიზნესის პირადი არქივარიუსი

„დასტა“ საქმისწარმოებისა და არქივის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს დოკუმენტების შენახვის, მათი ციფრულ ფორმაში გადაყვანისა და განადგურების მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია 2014 წელს ქართული, ჰოლანდიური, ფრანგული და ამერიკული ინვესტიციით ჩამოყალიბდა. „დასტას“ დღესაც საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფი ხელმძღვანელობს. 3 წლის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის საქმიანობასა და დოკუმენტების მენეჯმენტის მნიშვნელობაზე კომპანიის დირექტორი დაან ჰარმსენი საუბრობს:

ჩვენ ვეხმარებით ქართულ და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებს დოკუმენტების მართვაში. დასტას სერვისები ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს, საბუთების ფიზიკური შენახვა, მათი ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უსაფრთხო განადგურება. ჩვენ კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას უფრო მარტივად მართონ საკუთარი არქივი, დაზოგონ დრო და სხვა რესურსები და ფოკუსირება მოახდინონ მათ ძირითად საქმიანობაზე.

ვინ არიან თქვენი კლიენტები, რა სეგმენტს ემსახურებით და რამდენ კომპანიას ფარავთ ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით?

ამჟამად 30-მდე კლიენტი გვგყავს და მოვიცავთ საკმაოდ დიდ სპექტრს. მათ შორის არიან როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, როგორებიაა: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, GWP, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და ა.შ.

„დასტა“ 2014 წელს ამოქმედდა. რა იყო საქართველოში მსგავსი კომპანიის ჩამოყალიბების მოტივაცია?

არქივის აუტსორსინგი მსოფლიოში საკმაოდ განვითარებული სექტორია. ამ სერვისით სარგებლობს Fortune 500 – ის წევრი ყველა კომპანია. საქართველოში მსგავს სერვისს არცერთი კერძო ორგანიზაცია არ სთავაზობდა მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა პირველი პროფესიონალური არქივის აუტსორსინგის კომპანიის ჩამოყალიბების მიმართულებით. საქართველოს შესახებ უკვე ბევრი ვიცით, ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, ასევე ვისწავლეთ სხვა ქვეყნებიდანაც.

შეიძლება ითქვას, მონოპოლისტი ხართ?

არ ვუწოდებდი ამას მონოპოლიას. უბრალოდ ამჟამად ბაზარზე ამ მიმართულებით სხვა მოთამაშე არ არსებობს. ვფიქრობ, 5-10 წელიწადში ბევრი კომპანია დაკავდება ანალოგიური საქმიანობით.

რატომ არის მნიშვნელოვანი და საჭირო არქივის პროფესიონალურ დონეზე მართვა, რა ბენეფიტებს აძლევს ეს კომპანიებს?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კომპანიებმა არქივის მენეჯმენტი აუცილებლად უნდა განახორციელონ. მაგალითად, თუ კომპანიაში დაიკარგა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა შემოსავლების სამსახურისთვის, ან რომელიმე სხვა უწყებისთვის, ორგანიზაციას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. დასტას მომხმარებელს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგანაც მისი დოკუმენტები დაცულია, დალაგებულია და უსაფრთხოდაა. ამასთან, თუ კომპანია დოკუმენტის მოძიებას თავისი ძალებით ვერ ახერხებს, ამაში დამატებით დრო და ფული უნდა დახარჯოს, რაც ბიზნესს ნაკლებეფექტიანს ხდის. ჩვენ დავნერგეთ მსოფლოში წამყვანი საოპერაციო სისტემა რომელიც არქივის მართვას ძალიან ეფექტიანად ანხორციელებს.

როგორ იცავთ თქვენი კლიენტების კონფიდენციალურობას?

კონფიდენციალურობა ჩვენი მართვის სტილის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ეს არის ის, რის გამოც კლიენტები ჩვენთან თანამშრომლობენ.  ინფორმაციის დაცულობისთვის სპეციალური სისტემები გაგვაჩნია, ეს უკავშირდება როგორც IT ტექნოლოგიებს, ასევე ფიზიკურ დაცვას. ჩვენს თანამშრომლებს დოკუმენტებთან წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მათ საქმე აქვთ ამ დოკუმენტებთან, სხვა შემთხვევაში მათთვის ისინი ხელმიუწვდომელია. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემები, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, შესასვლელების კონტროლი, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ა.შ. ასევე, დროდადრო მონიტორინგს ვუწევთ დოკუმენტებს, რომ ისინი არ დაზიანდნენ.

„დასტა“ მონაწილეობას იღებს „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ბიზნესდაჯილდოებაში. რატომ გადაწყვიტეთ ღონისძიებაში მონაწილეობა და რას ელით?

“თიბისი ბანკთან” დიდხნიანი წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს. “თიბისი ბანკმა” ინსტრუმენტალური როლი შეასრულა დასტას განვითარებაში. არქივის აუტსორსინგის გარდა “თიბისი ბანკიდან” მოვიზიდეთ ფინანსური რესურსები, რომ ნაწილობრივ დაგვეფინანსებინა ჩვენი თანამედროვე საარქივე საცავი. “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ დამწყებ და უკვე ჩამოყალიბებულ ბიზნესებს თავი გააცნონ უფრო ფართო მასებს. ეს კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. კომპანიები ერთმანეთ ინსპირაციას ანიჭებენ და უფრო მეტ ხალხს უჩნდება ბიზნესის კეთების სურვილი.

რას ფიქრობთ ზოგადად საქართველოს ბიზნესგარემოზე? რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები აქვს მას?

დადებით მახასიათებლებზე საუბრისას გამოვყოფდი იმას, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, ეს საერთაშორისო რეიტინგებიდანაც ჩანს. ახლახანს ავაშენეთ ახალი საცავი მიწაზე, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინეთ. ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვქონდა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში.

რაც შეეხება გამოწვევებს, ვფიქრობ, აქაც იგივე პრობლემაა, რაც ყველგან – რთულია პროფესიონალი კადრების პოვნა. საქართველოში განათლების სისტემა არ იძლევა განვითარებადი კომპანიებისთვის კარგი თანამშრომლების მოძიების საშუალებას. ჩვენი თანამშრომლები ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდი დრო დავხარჯეთ როგორც მათ შერჩევაზე ასევე დიდ დროს ვხარჯავთ მათ მუდმივ განვითარებაზე. 

რას ფიქრობთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე და დოკუმენტების შენახვის ამ სისტემაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი გამოყენება უფროდაუფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში?

ვფიქრობ, ეს სისტემა ძალიან საინტერესოა. საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს პროექტს მისი გამოყენებით, საუბარია საჯარო რეესტრზე, სადაც ქონების რეგისტრაცია სწორედ ამ სისტემაში ხდება. ამჟამად, ამ პროგრამას ჩვენ არ ვიყენებთ, თუმცა, ვაკვირდებით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, საპილოტედ ჩვენც დავნერგოთ აღნიშნული სისტემა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *