გამოძახილი საუკუნის გამოძახილზე

Forbes-ი უკვე ასი წლისაა, ბიზნესმედიაში ყველაზე მძიმეწონიანი მედიაბრენდის ქართველი ნათესავი სულ ხუთის, მაგრამ ამ მცირე დროში ბევრი მოასწრო. წელს ქართული Forbes-ი უკვე მეასე გამოცემას იზეიმებს. ჩანს, ეს მრგვალი თარიღი მხოლოდ ჩვენ არ გვიხარია!

დავით ბეჟუაშვილი

Forbes-ის 100 წლის ისტორია პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის წარმატებისა თუ დაცემის კონკრეტულ ისტორიებს, რომლებსაც მის ფურცლებზე შეიძლება გაეცნო. Forbes-მა დაამკვიდრა ქონებრივი და ფინანსური წარმატების შესადარი სტანდარტი, რაც მსოფლიოს მდიდარი ადამიანებისა თუ წარმატებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებით გამოიხატება. მოხვდე Forbes-ის გარეკანზე – ეს უკვე წარმატების ყველაზე მაღალი საფეხურია. 

ცეზარ ჩოჩელი

თქვენ ეს შეძელით! თქვენ ნამდვილად ხართ წარმატებული ბიზნესმაცნეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მედია, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და უზარმაზარი პოტენციალი. ასე რომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე, მსოფლიოს პირველ ბიზნესჟურნალ Forbes-ს საქართველოში ჰყავს ღირსეული პარტნიორები თქვენი სახით.

ლაშა პაპაშვილი

Forbes-მა მნიშვნელოვნად აამაღლა ინფორმირებულობა საბაზრო ეკონომიკის, მეწარმეობისა და ინვესტიციების, ასევე, საქმიანი ინიციატივებისა და სიახლეების შესახებ. ყველა გამომცემლობა ვერ ახერხებს ინფორმაციის სიზუსტის დაცვას, საკითხის ღრმა ანალიზს და მკითხველისთვის პროფესიულად მიწოდებას. ამიტომ ყოველთვის აქტუალური იქნება ის კომპეტენტური გამომცემლობა და მედიასაშუალება, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. 

თემურ ჭყონია

Forbes-ი არის ბრენდი, რომელიც თავად მედიაბაზარს სჭირდება. გამოცემას ვუსურვებ სტაბილურობას. მე თავად შენახული მაქვს ის ჟურნალი, რომლის გარეკანზეც ვიყავი და ვტრაბახობ, რომ Forbes-ის ჟურნალში ვიყავი. Forbes ყოველთვის ასოცირდება სიმართლესთან, სიმდიდრესთან, ინტელექტთან და მოდასთან.

ზურაბ ჩხაიძე

Forbes-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ქართული ბიზნესისთვის, რომელსაც არსებობის სულ რაღაც 20-წლიანი გამოცდილება ქვს, რაც საკმაოდ მცირე დროა, თუ მას ევროპულ და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ. ბიზნესისთვის უცხოური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და Forbes-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სწორედ ეს გამოცდილება.

სოსო ფხაკაძე

Forbes-ში მოხვედრა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ კომპანიასა და საქმიანობას კარგი იმიჯი ჰქონდეს – პიარი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, პრაგმატიკოსი ბიზნესმენი ვარ – ჩვენ ყველანი ვცდილობთ, საკუთარ კომპანიებზე ინფორმაცია გამოვიტანოთ და ვთქვათ, თუ რას და როგორ ვაკეთებთ, – Forbes-მა კი ამაში ხელი შეგვიწყო. 

ავთო სვიმონიშვილი

რატომღაც ჩვენთან ინფორმაციის გაანალიზება ნაკლებად ხდება. იმისთვის, რომ მსგავს ანალიზში შევიდეთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი და დადებითი Forbes-ის არსებობა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ალბათ ინფორმაციის მიღებაა, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება. 

აიეტ კუკავა

Forbes-ის მსგავსი გამოცემები საზოგადოებას უჩვენებს, თუ რამდენი შრომა სჭირდება სრულყოფილი პროდუქტის შექმნას. გამოცემის ყველაზე დიდი აუდიტორია ალბათ სტუდენტები არიან. როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, უნივერსიტეტში დავალებად გვაძლევდნენ, რომ Forbes-ის მსგავსი გამოცემები გვეკითხა. იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესში ნაბიჯების გადადგმას დღეს იწყებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შედარებებისა და ანალიზის გაცნობა, რომელსაც Forbes-ის სტატიები გვთავაზობს.

ბეჟან წიქაძე

ბევრი დამწყები და მომავალი ბიზნესმენი ცდილობს დაემსგავსოს იმ პერსონებს, ვისზეც Forbes-ი მოგვითხრობს სტატიებში, ან თუნდაც გააკეთოს ისეთი რამ, რომ თავად მოხვდეს Forbes-ის ფურცლებზე. თითქმის ყოველდღიურად ვეცნობი Forbes-ის სტატიებს, თავიდან ბოლომდე ვკითხულობ და ვენდობი მათ. 

ვალერი ჩეხერია

Forbes-ი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალი. ბაზარზე ყველანაირი მედიის არსებობა მისასალმებელია, განსაკუთრებით კი ისეთის, როგორიც Forbes-ია. Forbes-მა შექმნა ახალი კულტურა, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩემთვის Forbes-ის გარეკანზე მოხვედრა მეტ ცნობადობას, საკუთარი პერსონისა და საქმიანობის მიმართ მეტი ადამიანის დაინტერესებას ნიშნავდა. 

გიორგი სურგულაძე

ისეთ პრესტიჟულ ჟურნალში მოხვედრილი ბიზნესმენები, როგორიც Forbes-ია, თავს გრძნობენ წარმატებულად. საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმატების ის ისტორიები, რომელთაც თითქმის ყველა ნომერში ვხვდებით. საყურადღეობა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანის გამოცდილების გაზიარება. მსგავსი გამოცემების არსებობა ქვეყნის წინსვლაზე მიანიშნებს, თუკი მსგავსი გამოცემა არაა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება.

ქეთი ბოჭორიშვილი

ჩემთვის გამოცემის გარეკანზე მოხვედრას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც 18-წლიანი სამუშაო გამოცდილების შეფასება იყო, – სწორედ ჩემი პროექტების წარმატებამ მომცა საშუალება, Forbes-ის გარეკანზე მოვხვედრილიყავი. Forbes-ში გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ისტორიები ქართული ბიზნესის წარმატებაზე მიანიშნებს, ეს კი ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

მაია სიდამონიძე

ისეთი მაღალი ხარისხის გამოცემა და კონტენტი, რომელსაც Forbes-ი ქმნის, საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებს. Forbes-ი გვაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას საბაზრო ტენდენციებზე, ასევე სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის კუთხით მრავალფეროვან სიახლეებს. მსგავსი ინფორმაცია კი საჭიროა, რათა ბიზნესმა სწორი პროგნოზები გააკეთოს და მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოს. 

რემი ურუმაშვილი

სასიხარულოა, რომ ისეთი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც Forbes-ია, ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. გამოცემას აქვს ინტერესი ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და ქართული ბიზნესის მიმართ. ყოველთვის ვეცნობი ინფორმაციას, რომელსაც ქართული Forbes-ი უცხოური გამოცემებიდან ტირაჟირებს, ასევე საკმაოდ ბევრ სიახლეს ვიგებ დამწყებ ბიზნესმენებსა და ბიზნესზე. დღეს Forbes-ს ანალიტიკური მიმართულება აქვს აღებული და ვუსურვებ ეს კურსი შეინარჩუნოს. 

ნინო ზამბახიძე

სადაც მივდივარ, ყველგან Forbes-ი მხვდება. კონტენტი რაც Forbes-ში იბეჭდება, ის აუცილებელი ნიშია, რომელიც აქამდე არავის ჰქონდა. ვისურვებდი მეტ აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესზე. Forbes-ის გარეკანზე მოხვედრამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მინდა, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებაც ასე შეიცვალოს. გარეკანზე მოხვედრა ნიშნავდა უფრო მეტ პასუხისმგებლობას, ჩემი ცნობადობა კი ბევრად გაიზარდა და რეიტინგმაც აიწია.

თამაზ დაუშვილი

ყოველთვის ველოდებით ახალი ნომრის გამოსვლას – საინტერესოა, იცოდე, როგორ ვითარდება ქვეყნის ბიზნესი, რა პრობლემები და მიზნები აქვთ საქართველოში წარჩინებულ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს. Forbes-ი ბიზნესის თანამდევი ინსტიტუციაა და, მგონი, მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ბიზნესი. 

ლადო გურგენიძე

Forbes-ს (ამერიკულ გამოცემას) უკვე 25 წელია, ვკითხულობ. მის გარეშე საერთაშორისო ბიზნესმედია ეკოსისტემა ვერც წარმომიდგენია. მიხარია, რომ Forbes-ი საქართველოშიც გამოიცემა და თავის როლს ასრულებს ბიზნესისთვის საჭირბოროტო საკითხების გაშუქებაში. 

ქეთი ებანოიძე

Forbes-მა რიგითი მკითხველისთვის საინტერესო გახადა ფინანსური, ეკონიმიკური თუ ბიზნესსიახლეები. თავი მოუყარა ინფორმაციის ზღვა მასალას და ხელმისაწვდომი გახადა ყველასათვის. იყო ერთ-ერთი პირველი მედიასაშუალება, რომელმაც შექმნა ვებგვერდი, რის შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა წვდომა ინფორმაციაზე და საფუძველი ჩაუყარა ონლაინმედიის განვითარებას.

ოთარ შარიქაძე

Forbes-ის გამომცემლობამ შეძლო დაემკვიდრებინა თავი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სანდო სარეიტინგო ორგანიზაციამ ბიზნესის მიმართულებით, რომელსაც ენდობიან და რომელში მოხვედრისთვისაც იღვწიან, ვინაიდან ეს წარმატების ერთგვარი პრერეკვიზიტია. აუცილებელია, რომ Forbes-ის გამომცემლობამ გააგრძელოს იმ მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რასაც ღირებული და სანდო ბიზნესინფორმაციის გავრცელება ჰქვია.

ირაკლი გილაური

Forbes-ი არ არის უბრალოდ სიახლის წყარო. ეს არის დიალოგის, მსჯელობისა და შეფასების გაზიარების შესაძლებლობა. Forbes-მა შეძლო და თავი მოუყარა ქვეყანაში საუკეთესო ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რითაც მედიაბაზარზე ახალი სტანდარტი შემოიტანა. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტ დამწყებ ახალგაზრდა მეწარმეს მიეცეს შესაძლებლობა, მოხვდეს ჟურნალის ფურცლებზე, რაც, ვფიქრობ, მათ მოტივაციას გაზრდის.

ეკა გიგაური

Forbes-ს მკითხველი ენდობა და პატივს სცემს, რაც, ვფიქრობ, მისი არსებობის 100-წლიანი ისტორიის წარმატების ყველაზე კარგი ინდიკატორია. ის, რომ Forbes-ი საქართველოშია, ჩვენს ქვეყანას თანამედროვე და განვითარებული ბიზნესსამყაროს ნაწილად ხდის და ხაზს უსვამს მის მიმართ მზარდ ინტერესს.

თამაზ მჭედლიძე

დაარსების დღიდან, Forbes-მა უამრავი ერთგული მკითხველი შეიძინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესჟურნალია, არამედ გავლენიანი, სანდო ბრენდი, რომელმაც შეძლო ბიზნესის სამყაროში თავისი სტილი და კულტურა დაემკვიდრებინა. გამოცემას დიდი წვლილი შეაქვს ბიზნესის კულტურისა და სფეროს განვითარებაში.

მინდია საბანაძე

Forbes-ი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიაგამოცემაა, რომელიც დიდი სანდოობით სარგებლობს ბიზნესსაზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე. ეს ყველაფერი აისახება Forbes-ის როგორც იმიჯზე, ასევე მის წარმატებაზე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ვთვლი, რომ Forbes-ი როგორც დამწყები, ასევე უკვე წარმატებული ბიზნესმენებისთვის სამაგიდე ჟურნალია. 

 

ქართველი ბიზნესმენები Forbes Forbes Georgia ბიზნესმედია

წინა სტატია

Georgia’s Position In The World With Regard To Quality Of Education
17 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

ტრანსკასპიური მილსადენი ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებას ელოდება
18 ოქტომბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა