ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა: პოლიტიკური სპეკულაციების თემა

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა: პოლიტიკური სპეკულაციების თემა

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, წინა წლებისგან განსხვავებით, კლების ტენდენციით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, ეს მოვლენა საზოგადოების დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. საპარლამენტო ოპოზიცია („ნაციონალური მოძრაობა“) ეკონომიკის ზრდის შეფერხების მთავარ მიზეზად მთავრობის არასწორ პოლიტიკას ასახელებდა. არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთ ინდიკატორად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რიცხვის მკვეთრი შემცირება მოჰყავდათ. დასაქმებულთა რაოდენობის თემა დღის წესრიგში, განსაკუთრებით მწვავედ, გასული წლის ივნისის შემდეგ დადგა.

2013 წლის 4 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის პირველი კვარტალის მიხედვით, ბიზნესსექტორის მდგომარეობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 485 700 ადამიანი იყო დასაქმებული. მის წინა, ანუ 2012 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 527 800-ს შეადგენდა. იმ დროისთვის საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ამ მონაცემებს იშველიებდა და ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში 42 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფიციალურადაც განაცხადა. ოპოზიციური პარტია ამ მონაცემების საფუძველზე უმუშევრობის სწრაფ ზრდაზე მიუთითებდა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით, მთავრობას კონკრეტულ რჩევებსაც სთავაზობდა. უმუშევრობის ზრდის შესახებ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტშიც არაერთი განცხადება გაკეთდა.

ოპოზიციის ბრალდებებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თავისი არგუმენტებით პასუხობდა. ის ამტკიცებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მონაცემებს არასწორად ადარებდნენ. ხადურის თქმით, პირველი და მეოთხე კვარტალის მონაცემების შედარება არამართებული იყო და პირველი კვარტალის მონაცემები წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან უნდა შედარებულიყო.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებულ შედარების მეთოდს არც „საქსტატში“ იზიარებდნენ. „საქსტატის“ იმდროინდელი აღმასრულებელი დირექტორი და სხვა წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მეოთხე და პირველი კვარტალების შედარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მე-4 კვარტალში პიკს აღწევს ბიზნესის აქტივობა. სოფლის მეურნეობის მოსავლის აღებისას იზრდება ბრუნვა, ვაჭრობა და დასაქმება. ასევე დიდია მომსახურების სფეროში არსებული აქტივობა. წინასაახალწლო პერიოდში იზრდება საცალო ვაჭრობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია მშენებლობაც, რადგან სამშენებლო პროექტების დამთავრება ძირითადად საბიუჯეტო წლის დასრულებას ემთხვევა. პირველ კვარტალში კი მსგავსი აქტივობა არ არის არც სოფლის მეურნეობაში, არც ვაჭრობაში და არც მშენებლობაში. „საქსტატის“ წარმომადგენლების განმარტებით, ამა თუ იმ კვარტალის წინა კვარტალთან შედარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მონაცემთა დათვლისას ზემოჩამოთვლილი, სეზონურობასთან დაკავშირებული, ფაქტორები გამოირიცხება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტალის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტალის შედარება მხოლოდ წინა წლის იმავე კვარტალთანაა შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, როცა მონაცემთა დათვლისას სეზონურობის ფაქტორი გამორიცხული არ არის, კვარტალის წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარება არა მხოლოდ საქართველოში გვხვდება. ამის საილუსტრაციოდ გერმანიის მაგალითის მოყვანაც შეიძლება, რომლის სტატისტიკის სამსახური დასაქმებულთა რაოდენობას, მართალია, ორივე მეთოდით ითვლის, მაგრამ „საქსტატის“ მსგავსი მეთოდით დათვლისას, ამა თუ იმ კვარტალს წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან ადარებს.

თუ დასაქმებულთა რაოდენობას „საქსტატის“ მიერ რეკომენდებული მეთოდის მიხედვით (კონკრეტული კვარტალის წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარება) დავითვლით, აღმოჩნდება, რომ დასაქმებულთა რიცხვი 2013 წლის პირველ ოთხ თვეში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არ შემცირებულა. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი 15 700–ით გაიზარდა.

<

წყარო: „საქსტატი“

დასაქმებულთა რაოდენობის კლება (მონაცემთა რეკომენდებული შედარების მიხედვით) არც 2013 წლის მეორე კვარტალში შეინიშნებოდა. 2012 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი ზრდა (400 ადამიანი) მაინც შეიმჩნეოდა. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში 42 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.

<

წყარო: „საქსტატი“

 

2013 წლის 4 დეკემბერს ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში დასაქმებულთა რიცხვის ამსახველი სტატისტიკა გამოქვეყნდა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ გასული წლის მესამე კვარტალში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი 9 200-ით შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის შეფერხებული ტემპის ლოგიკური ეფექტი იყო.

წყარო: „საქსტატი“

 

ზემოთ მოყვანილი მონაცემების გამოქვეყნებას ფინანსთა მინისტრის საკმაოდ საინტერესო კომენტარი მოჰყვა. ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ „2013 წელს დაფიქსირებული შეფერხებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტალის ჩათვლით დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება“. ამ განცხადებაში მინისტრი, სავარაუდოდ, 2013 წლის პირველი და მესამე კვარტალის მონაცემებს ადარებდა, რადგან მსგავსი შედარების შედეგად მიღებული რიცხვი (21,700) უფრო ახლოსაა ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ მონაცემთან (30,000). თუმცა, როგორც უკვე განვმარტეთ, ასეთი შედარება არასწორია, რადგან „საქსტატის“ მიერ დათვლილი მონაცემები სეზონურობის ფაქტორს ვერ გამორიცხავს და მსგავსი შედარება ნაკლებად იძლევა რეალური სურათის დანახვის საფუძველს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა შედარების ამ მეთოდს (კონკრეტული კვარტალის წინა კვარტალთან შედარება), თავად ნოდარ ხადური რამდენიმე თვის წინ აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. იგი აცხადებდა, რომ ამა თუ იმ კვარტალის შედარება მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან იყო შესაძლებელი. მის ამ არგუმენტზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ამჯერად იგი სხვაგვარად მოიქცა და 2013 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა პირველი კვარტალის მონაცემებს შეადარა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ დასმულ კითხვებსა და ბუნდოვან სიტუაციას ნათელს 2013 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები მოჰფენდა. აღნიშნული სტატისტიკა მიმდინარე წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის მეოთხე კვარტალში 519 ათასი დასაქმებული აღირიცხებოდა, რაც 8 800-ით ჩამორჩება 2012 წლის იმავე მაჩვენებელს.

წყარო: „საქსტატი“

დღეს, ერთწლიანი ურთიერთბრალდებების მოსმენის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რიცხვი მართლაც შემცირდა, თუმცა არა 42 ათასით, როგორც ამას საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2013 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 8 800-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში. აქვე უნდა ითქვას, რომ შეიძლება ეს ციფრი ასპროცენტიანი სიზუსტით არ ასახავს რეალობას, თუმცა დღეს ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებიდან ყველაზე უფრო ახლოს დგას სინამდვილესთან.

მარტში გამოქვეყნებული მონაცემი 2013 წელს დასაქმებულთა საშუალო რიცხვის გამოთვლისა და მისი 2012 წლის საშუალო რაოდენობასთან შედარების შესაძლებლობასაც გვაძლევს. „საქსტატის“ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი 503 900 -ს შეადგენდა, რაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება 2012 წლის საშუალო (504 375) მონაცემს.

დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის პათოსი სამუშაო ადგილების მკვეთრ (42 000–ით) შემცირებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სიმართლეს არც ფინანსთა მინისტრის მიერ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ გაკეთებული განცხადება შეესაბამება. დასაქმების მხრივ რა ვითარება იქნება წელს, ან შემდგომ წლებში, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი რეალობა ასეთია: 2013 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, მეტიც, ოდნავ შემცირდა კიდეც.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *