პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უსვამს ხაზს და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის შიგნით განხორციელებულ მთლიან ინვესტიციაში სახელმწიფოს მონაწილეობის შემცირება, მაშინ როცა არ მცირდება მთლიანი ინვესტიციის ჯამური ოდენობა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წლის დაზუსტებული მონაცემებით ეს მაჩვენებელი 912 მლნ აშშ დოლარი იყო. როგორც ვხედავთ, 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

2013 წლის II და III კვარტალებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა ფიქსირდება როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ასევე წინა კვარტალთან შედარებით. თუმცა 2013 წლის I და IV კვარტალებში აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ასევე წინა კვარტალთან შედარებით.

პირველი კვარტალი ეკონომიკურად ყველაზე პასიურად მიიჩნევა, ყოველი მომდევნო კვარტალი კი წინამორბედზე აქტიურია. შესაბამისად, ყველაზე აქტიური მეოთხე კვარტალია და ეკონომიკური აქტივობაც, ინვესტიციების ჩათვლით, როგორც წესი, ყველაზე მაღალია. თუმცა, 2013 წლის IV კვარტალი 2013 წლის სხვა კვარტალებთან შედარებით ყველაზე პასიური აღმოჩნდა.

2013 წლის IV კვარტალში 217 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 7%-ით ნაკლებია. 2013 წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია III კვარტალში დაფიქსირდა – 239 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატებოდა. 2013 წლის II კვარტალის მონაცემები კი 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2013 წლის I კვარტალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 226 მლნ აშშ დოლარი შეადგინეს, რაც 16%-ით ნაკლები იყო წინა წლის ამავე კვარტალთან შედარებით.

<

2013 წლის წინასწარი მონაცემებით უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობენ: ნიდერლანდები – 20%-ით ; ლუქსემბურგი – 16%-ით, ჩინეთი – 11%-ით. შემდეგ ადგილებს იკავებენ აზერბაიჯანი – 10%-ით, თურქეთი – 8%-ით, აშშ – 6%-ით და სხვები.

2013 წლის 9 თვის მონაცემებით ყველაზე დიდი ინვესტიცია ეკონომიკის შემდეგ სექტორებში განხორციელდა: ენერგეტიკა – 198 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციის 22%-ია. საფინანსო სექტორი 170 მლნ აშშ დოლარი – 19%, ტრანსპორტი/კავშირგაბმულობა 138 მლნ აშშ დოლარი – 15%, დამამუშავებელი მრეწველობა 124 მლნ აშშ დოლარი – 13%, მშენებლობა 54 მლნ აშშ დოლარი – 6% და სხვები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 2 015 მლნ აშშ დოლარი 2007 წელს დაფიქსირდა, რაც 69,3%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. ინვესტიციების მაღალი ტემპი შენარჩუნებული იყო 2008 წლის აგვისტომდე. 2012 წელს, საქართველოში 912 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 18%-ით ნაკლებია 2011 წლის მონაცემებზე. 2013 წლის წინასწარი მონაცემები 2012 წლის მონაცემებს 0,3%-ით აღემატება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პარალელურად, ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ინვესტიციებში სახელმწიფოს წილი შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა (როგორც პროცენტულად, ასევე რაოდენობრივად).

2013 წლის ნაერთ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების შეძენამ (რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს) 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მონაცემებით 544.5 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ 2013 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, 4 მილიარდ 193 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2013 წელს (სამი კვარტალის მონაცემებით) სახელმწიფოს ინვესტიციამ მთლიან ინვესტიციაში დაახლოებით 13% შეადგინა, ხოლო კერძო ინვესტიციის მოცულობამ – 87%.

2012 წელს არაფინანსური აქტივების შეძენამ 1 მილიარდ 498 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ 6 მილიარდ 496 მლნ ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს ქვეყნის შიგნით განხორცილებულ მთლიან ინვესტიციაში სახელმწიფო ინვესტიციის ოდენობამ დაახლოებით 23%, ხოლო კერძო ინვესტიციებმა 77% შეადგინა.

2009 – 2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში მცირდება (როგორც პროცენტულად, ასევე თანხობრივად). როგორც ვხედავთ, ეს პროცესი კი 2013 წელსაც გაგრძელდა.

2013 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა. 2013 წლის მეორე და მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე ყურადღებას ხელისუფლების წარმომადგენლები ამახვილებდნენ. მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ისევ შემცირდა. საბოლოო ჯამში კი 2013 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის გაანალიზების შედეგად ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა ან გაუმჯობესდა.

წინა სტატია

სტალინის ღამის კოშმარი
15 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

აღდგომის სტატისტიკა
17 აპრილი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა