ფული, როგორც თავისუფლება

ფული, როგორც თავისუფლება

გერმანული კომპანია “მარტინ ბაუერი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში მსხვილი ინვესტირება განახორციელა. “ჩაის ბიზნესით ასტრონომიულ თანხებს ვერ დააგროვებ, თუმცა იმ პერიოდში ჩვენი წლიური ბრუნვა 7-8 მილიონ დოლარს შეადგენდა”, – ამბობს “მარტინ ბაუერ გეორგიას” პრეზიდენტი დავით დუმბაძე.

ჩემი სტატიის გმირი არ ჰგავს სხვა მდიდარ ადამიანებს. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ არსებობს სტერეოტიპი, რომელიც არცთუ ისე იშვიათად მდიდარ ადამიანებს ანიჭებს მოსაწყენი, ერთფეროვანი, ციფრებში გახვეული და დაკარგული ადამიანის იარლიყს, რომლებსაც გათვლილი აქვთ ყოველი წამი, დაგეგმილი აქვთ მომდევნო 20 წელი და თითქმის არასდროს სცალიათ ოჯახისთვის. საქმიან შეხვედრებსა და შეხვედრებს შორის ჟურნალისტებს ინტერვიუებსაც აძლევენ და ცდილობენ საქმიანი იმიჯი არც ასეთ დროს დაკარგონ: ინტერვიუს დროს ტელეფონს არ თიშავენ, დროდადრო ფოსტას ამოწმებენ, თანაშემწეებს დავალებებს აძლევენ და ძვირფას საათზეც იყურებიან, ანუ ირიბად განიშნებენ, დრო ცოტა მაქვსო.

მოკლედ, ეს შესავალი დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა: მე არასდროს მყოლია რესპონდენტი კაცი კოპლებიანი შარფით. უფრო ზუსტად ლურჯი შარფით, რომელსაც მუქი ყვითელი კოპლები აქვს. კიდევ არ მყოლია რესპონდენტი, რომლის პიჯაკსაც სახელოზე წითელი, ყვითელი, მწვანე და ცისფერი ღილები აქვს. არა, გამახსენდა, გატყუებთ: მე მყოლია მსგავსი ჩაცმის სტილის რესპონდენტები, ოღონდ არა “ფორბსისთვის” და არა საქმიანი მდიდრები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი დავით დუმბაძე არღვევს ჩარჩოში მოქცეული საქმიანი ადამიანის ყველანაირ სტერეოტიპს და მეტიც, სამუშაო ოთახში, აივანთან მოწყობილ ტელესკოპს მაჩვენებს, საიდანაც, როცა ღრუბლები არ არის, დიდხანს აკვირდება ვარსკვლავებს.

მაგრამ მხოლოდ ამ თვისებებით არ გამოირჩევა იგი სხვა საქმიანი ადამიანებისგან. ამაზე შემდეგ გვერდებზე წაიკითხავთ, ამიტომ მოგიწევთ ბოლომდე ჩაიკითხოთ სტატია ბიზნესმენ დავით დუმბაძეზე, რომელსაც თოვლის ეშინია, უფრო სწორად, კი არ ეშინია, როგორც მითხრა, რაღაცნაირ ემოციას იწვევს, რომ ვერ ავხსენი ისეთსო. მისი მახსოვრობა თოვლიდან მოდის. ანუ, პირველი კადრი, რაც მის მახსოვრობას შემორჩა, დიდი თოვლია, ის ავად არის და მშობლები ეუბნებიან, “გარეთ თუ გახვალ, ვეღარ მორჩები”…

ტანტე ლილიდან “მარტინ ბაუერამდე”

დავით დუმბაძე 1957 წელს თბილისში, გერმანისტების ოჯახში დაიბადა და მის მშობლებსაც დიდხანს არ უფიქრიათ, ოთხი წლის ასაკში ის აღსაზრდელად გერმანელ ქალს, ტანტე ლილის მიაბარეს, რომელმაც გერმანული ენა თამაშით შეასწავლა. მას შემდეგ დავით დუმბაძისთვის გერმანული მეორე მშობლიურ ენად იქცა და მოგვიანებით მის წარმატებულ ბიზნესკარიერაში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორადაც იქცა.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით და სწავლა ამჯერად მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა. დისერტაციის დაცვის შემდეგ, რომელიც გერმანიის ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს ეძღვნებოდა, საქართველოში დაბრუნდა და ჯერ სავაჭრო პალატის საზღვარგარეთის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა წამყვან სპეციალისტად, შემდეგ კი მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად. 1990 წელს დათო დუმბაძე საქართველოს ტოვებს და გერმანიაში მიდის საცხოვრებლად.

სამსახურის პოვნა გერმანიაში არ გასჭირვებია. დავით დუმბაძემ ჯერ მანქანათმშენებლობის ფირმა “KOMEG GMBH” -ში დაიწყო მუშაობა, სადაც აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების გამგედ დაინიშნა, მოგვიანებით კი მსოფლიოში ცნობილ ჩაის მრეწველობის კომპანია “მარტინ ბაუერში” გადაინაცვლა: “მარტინ ბაუერში გადასვლა კომპანიის მფლობელმა ადოლფ ვედელმა შემომთავაზა. დიდხანს არ მიფიქრია, კომპანიაში აღმოსავლეთ ევროპის მიმართულება ჩამაბარეს. სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში იწყებდა “მარტინ ბაუერი” აღმოსავლეთ ევროპაში აქტიურ შემოსვლას და სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა რამდენიმე უცხო ენაზე და შეეძლო კურატორობა გაეწია სხვადასხვა პროექტისთვის”, – მეუბნება დავით დუმბაძე და იმ წლებს იხსენებს, როდესაც “მარტინ ბაუერმა” რუსეთში პირველი ქარხნები იყიდა, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს და სადაც ძირითადად სამკურნალო მცენარეებისა და ჩაის დასამზადებლად განკუთვნილი ხილის დაფასოება ხდება. რუსეთს მოჰყვა პოლონეთი და სლოვენია, თუმცა დავით დუმბაძის ერთ-ერთ მთავარ მიზანს “მარტინ ბაუერის” საქართველოში შემოყვანა წარმოადგენდა.

გერმანული კომპანია “მარტინ ბაუერი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში მსხვილი ინვესტირება განახორციელა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდნენ, შეისწავლეს არსებული მდგომარეობა, ნახეს, რომ აქ სამრეწველო პოტენციალი და პლანტაციები გადარჩენილი იყო, დააარსეს კომპანია “მარტინ ბაუერ გეორგია” და შეისყიდეს 15 ფაბრიკა სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში: “ინვესტიციამ პირველ ეტაპზე 30 მილიონი დოლარი შეადგინა. მე ამ კომპანიის პრეზიდენტად დავინიშნე. სრულად გადავაიარაღეთ ფაბრიკები და, რაც მთავარია, იქ ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმეთ”, – ჰყვება დავით დუმბაძე.

“ცაში ვიყავი გამოკიდებული”, – მეუბნება ის. როცა “მარტინ ბაუერი” საქართველოში შემოვიდა, დავით დუმბაძე ჯერ კიდევ გერმანიაში მუშაობდა, ამიტომ თითქმის ყოველკვირა უწევდა გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლა და შემდეგ უკან გაბრუნება: “ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი და ამ სირთულეების არ მეშინოდა. დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა საქმის აწყობა, მით უმეტეს, რომ ჩაის დარგში აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. თუმცა, საბედნიეროდ, მყავდა ბევრი მეგობარი, რომლებიც ამ დარგში კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი და მათმა პროფესიონალიზმმა და ჩემმა მენეჯერულმა გამოცდილებამ მოახერხა ის, რომ იმ დროისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რამაც ჩვენი კომპანიის წარმატება განაპირობა”, – მეუბნება დავით დუმბაძე და ამატებს: “ჩაის ბიზნესით ასტრონომიულ თანხებს ვერ დააგროვებ, თუმცა იმ პერიოდში ჩვენი წლიური ბრუნვა 7-8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ცოტა არ იყო. ეს ძალიან შრომატევადი დარგია, რომელიც ხარისხისთვის დაუღალავ ბრძოლას მოითხოვს”.

დაწყევლილები” გაფართოებისთვის

მოგვიანებით “მარტინ ბაუერ გეორგიას” სახელი შეეცვალა და მას “გეოპლანტი” ეწოდა. თუკი თავდაპირველად კომპანია დაუფასოებელი ჩაის წარმოებაზე მუშაობდა, დღეს ის ოთხი ბრენდის ქვეშ 25-მდე დასახელების ჩაის აერთიანებს. “გეოპლანტმა” 2010 წელს ქართული ჩაის ბრენდი “გურიელი ექსპორტი” წარუდგინა მომხმარებელს. როგორც დავით დუმბაძე მიხსნის, კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა არომატული თვისებებით და არის საექსპორტო პოტენციალის მქონე უმაღლესი ხარისხის ჩაი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოყვანილი, სეზონის საუკეთესო პერიოდში ხელით იკრიფება და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე მუშავდება.

მიმდინარე წელს “გურიელი” ქოლგა-ბრენდად ჩამოყალიბდა. თებერვალში გაყიდვაში პრემიუმ-კლასის “პრინცი გურიელი” გამოვიდა. დასაყენებელ ჩაისთან ერთად “პრინცი გურიელი” პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ქართული ჩაის ორასწლოვან ისტორიასა და ტრადიციას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს და მომხმარებელს ჩაის “პირა-პაკის” (პირამიდა) დაფასოებას სთავაზობს. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარადგინა “გურიელი მცენარეული ჩაი” – დასაყენებელი გვირილის, დეკისა და პიტნის ჩაის სახით. განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს დავით დუმბაძე “გურიელი ხილის ჩაის” შესახებ, რომელიც ქართული კენკრის, სუბტროპიკული და ტყის ხილის სახეობებს მოიცავს და, მისი თქმით, უნიკალური პროდუქტია: “ამჟამად პლანტაციები გვაქვს სამეგრელოსა და გურიაში, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე. ქარხნები გვაქვს ზუგდიდში, ოზურგეთსა და სამეგრელოში. დღესდღეობით “გურიელის” წლიური ბრუნვა 4 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა აუცილებლად ვგეგმავთ ექსპორტის გაზრდას, რასთან ერთად გაიზრდება ჩვენი წლიური ბრუნვაც”, – მეუბნება დავით დუმბაძე და “მარტინ ბაუერის” პრეზიდენტის სიტყვებს იხსენებს, რომელიც ადოლფ ვედელმა მას წლების წინ უთხრა: “კომპანიას, რომელიც არ ფიქრობს გაფართოებაზე, დიდი დღე არ უწერია. ჩვენ “დაწყევლილები” ვართ გაფართოებისთვის”…

ეს ფრაზა ჩემი ბიზნესკარიერის ერთ-ერთ მთავარ კრედოდ იქცაო, მეუბნება დავით დუმბაძე და მის მიერ შექმნილ კიდევ ერთ კომპანიაზე –”გეოფლაუერზე” მიყვება:

“ამბროლაურში ავაშენეთ ფაბრიკა, სადაც ჩაის საწარმოებლად ხილს ვამუშავებთ. მაგალითად, პანტა ვაშლის, რომელსაც საოცარი არომატი აქვს. რაც მთავარია, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობა აბარებს პანტას, ჩვენს ფაბრიკაში კი მისი გადამუშავება ხდება. ქარხანა სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ცოტა ხნის წინ მოგვენიჭა ISO სტანდარტი. ამას გარდა, ამბროლაურის ქარხანაში ვამუშავებთ სამკურნალო მცენარეებს, რითაც ძალიან მდიდარია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი. ამჟამად “გეოფლაუერს” წელიწადში მილიონ ევრომდე აქვს ბრუნვა. ერთი პატარა საწარმოსთვის და იქაური ხალხისთვის, ვფიქრობ, ამ საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს”, – როგორც ჩანს, “გეოფლაუერი” დავით დუმბაძის ერთ-ერთი საამაყო საქმეა.

ნიკორა” – ერთი ფარდულით დაწყებული წარმატებული ისტორია

კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დავით დუმბაძეა, კომპანია “ნიკორაა”, რომელიც 1998 წელს დაფუძნდა. დავით დუმბაძე “ნიკორას” მეგობრების თხოვნით დაფუძნებიდან ერთ წელიწადში შეუერთდა და როგორც მეუბნება, მას მერე ყოველდღიურად ადევნებს თვალს კომპანიის განვითარებას: “ნიკორამ” საქმიანობა ერთი პატარა ფარდულითა და ორი სახეობის სოსისით დაიწყო, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ პირველი წლები კომპანიიდან დივიდენდები არ აგვეღო და მუდმივი რეინვესტირების რეჟიმში გვემუშავა. ამ სტრატეგიამ გაამართლა. 2013 წელს “ნიკორას” წლიურმა ბრუნვამ 160 მილიონი ლარი შეადგინა. 15-წლიანი არსებობის მანძილზე კომპანია “ნიკორამ” ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა“, – მეუბნება ბიზნესმენი.

ამჟამად კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, “ნიკორას” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია “ინტრეიდი” არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სხვადასხვა გერმანული ლუდის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში, საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში და სასაქონლე ფერმა გარდაბნის რაიონში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ “ნიკორა” გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

დღეს “ნიკორა” ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით – 92 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 2200-ს აღწევს. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატებს: “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ნდობის მოპოვება. როცა საქმე კვების პროდუქტთან გაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხზე ზრუნვა. ამ დარგში თუ ხარისხზე არ ხარ ორიენტირებული, წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია. ერთხელ თუ გაგეპარა შეცდომა, ჩათვალე, რომ ყველაფერი დამთავრებულია. არასდროს გაგვიწევია ეკონომია ხარისხის ხარჯზე. როცა საქმეს ხარისხიანად აკეთებ, არ არსებობს, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნას”, – მეუბნება “ნიკორას” პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ბიზნესმენი, რომელსაც კონკურენტების შესახებ ვეკითხები.

“რა თქმა უნდა, არის ქართული კომპანიები, რომლებსაც მე კონკურენტებად მივიჩნევ, თუმცა მათი ჩამოთვლისგან ამჯერად თავს შევიკავებ და მადლობა ღმერთს, რომ კონკურენტები არსებობენ, რადგან ყოველთვის მობილიზებული და მოტივირებული ხარ. კონკურენცია ეკონომიკის ლოკომოტივია. როგორც კი კვდება კონკურენცია, კვდება ეკონომიკაც”, – ამბობს დავით დუმბაძე.

ბიზნესის ნაირსახეობა

თუკი დავით დუმბაძის ბიზნესსაქმიანობის ჩამონათვალს გადავხედავთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ თბილისში მდებარე რესტორანი “მეტეხის ჩრდილი”. დუმბაძე რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელია და როგორც მეუბნება, თავის პარტნიორებთან ერთად საქმიანობის გაფართოებას ამ მიმართულებით გეგმავს.

სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო დავით დუმბაძე სამშენებლო ბიზნესშიც. მის მფლობელობაშია სამშენებლო კომპანია DUD Construction-ი. ამჟამად კომპანია აშენებს საცხოვრებელ სახლს ავლაბარში და როგორც ყველა სხვა ბიზნესში, დავით დუმბაძე სამშენებლო საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომლის დამფუძნებელიც დავით დუმბაძეა, არის აგურის ქარხანა სამტრედიაში, სადაც იწარმოება რამდენიმე სახეობის აგური და მათ შორის – ქართული აგური. როგორც ბიზნესმენი მეუბნება, ქართულ აგურზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და ქარხანაც საკმაო წარმატებით ფუნქციონირებს.

თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით დუმბაძემ პირველი ნაბიჯები გადადგა ბიზნესში და, როგორც მეუბნება, ახლა უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც მან დააფუძნა, ჰყავდეს თავისი მენეჯმენტი, პროფესიონალების გუნდი, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ განვითარებაზე ზრუნავს: “წავიდა ის დრო, როცა მე ვიყავი კომპანიების გენერალური დირექტორი. ახლა მხოლოდ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ და ყოველდღიური რუტინა მე აღარ მეხება. ჩემ მიერ დაფუძნებული ყველა კომპანია ნამდვილი პროფესიონალების ხელშია. ასე რომ, სანერვიულო არაფერი მაქვს”, – მეუბნება დავით დუმბაძე.

–         ფიქრობთ, რომ წარმატებული ბიზნესმენი ხართ? – ვეკითხები მას, რაზეც დაუფიქრებლად მპასუხობს.

–         ბიზნესი რთული საქმეა, ნურავინ იფიქრებს, რომ ბიზნესმენის ცხოვრება ადვილია, გადაიდებს ფეხს ფეხზე და ფული თავისით მოდის. წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, ხან ცაში ვიყავი გამოკიდებული, ხან გზაზე გადებული. მთელი ამ წლების მანძილზე ერთ რამეს მივხვდი: თუ შენი საქმე არ გიყვარს, იმ საქმეს სულ რომ თავი დააკლა, წარმატებას ვერ მიაღწევ. დღეს ისეთი კონკურენციაა, თუ არ გაუთანაბრდი მსოფლიო დონეს, ჩაიძირები. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ბიზნესმენის წარმატებას განაპირობებს, ის სამუშაო პირობებია, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს. ვთვლი, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე ექსპორტისთვის, სახელმწიფომ განვითარების პირობები უნდა შეუქმნას.

თავის წარმატებას ბიზნესმენი, გარდა შრომისმოყვარეობისა, ალღოსაც უკავშირებს: “ალბათ ვხვდებოდი, რა დროს რა უნდა გამეკეთებინა და კიდევ ერთი: არასდროს გამიწევია უაზრო რისკი”…

რა არის ფული? – ვეკითხები ბიზნესმენს. თავისუფლებაო, დაუფიქრებლად მპასუხობს: “შეგიძლია ბევრი რამის კეთება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც. თუმცა რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ ფული არ არის მთავარი ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, ახლა აღარ ვფიქრობ ფულზე. იმ დღეს სადღაც წავიკითხე მუსიკოს ერიკ კლაპტონის სიტყვები: “მე ფულს ფანჯრიდან ვყრი და კარიდან მიბრუნდებაო”. აი, ამ პრინციპით უნდა იცხოვრო. ძალიან არ მიყვარს ქველმოქმედებაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენს კომპანიებს აქტიურად შეაქვთ ქველმოქმედებაში წვლილი. სხვანაირად არც წარმომიდგენია. და საერთოდ მე მიყვარს ფულის ხარჯვა. არასდროს ვაგროვებ ფულს და ნურც იმას მკითხავთ, რა თანხის მფლობელი ვარ”…

ამპირი” – ინტერიერი წინა საუკუნეებიდან

და, როგორც ჩანს, დავით დუმბაძეს ფულის ხარჯვა მართლა უყვარს. ეს აზრი იმ წუთიდან გამიჩნდა თავში, რაც მის სახლში შევდგი ფეხი. წყნეთში, თანამედროვე დიზაინით ნაგები სახლი საოცარ სიძველეს იტევს. ნაცრისფერი კარის მიღმა, სამსართულიანი, დიდფანჯრებიანი სახლი “ამპირის” სტილის ავეჯითა და აქსესუარებით არის გაწყობილი. თითოეული ნივთი, სკამი, სავარძელი, მაგიდა თუ სარკე თავის ისტორიას ატარებს. მათი დიდი ნაწილი დავით დუმბაძეს საქართველოში აქვს შეძენილი. თუმცა მათ შორისაა, Christie’s-ის აუქციონზე შეძენილი ნივთებიც. დავით დუმბაძე გატაცებით მათვალიერებინებს მისთვის განსაკუთრებით საყვარელ ავეჯს, რომელთა შორისაა ხის ტახტი ოქროსფერი ორნამენტებით: “როგორც მითხრეს, ეს შალიაპინის ნაქონი ტახტია”, – მეუბნება დავით დუმბაძე.

ანტიკვარული ავეჯითა და ნივთებით გატაცებას კი ბავშვობას უკავშირებს: “პლეხანოვზე გავიზარდე. მთელი ბავშვობა აღმაშენებლის გამზირის საოცარ არქიტექტურას ვუყურებდი და ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი სიყვარული სიძველისადმი”…

დავით დუმბაძის სახლის კედლებზე, გარდა “ამპირის” სტილის სარკეებისა და შანდლებისა, ბევრია ნახატებიც, მათ შორის ისეთი ცნობილი ავტორების, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, ირაკლი ფარჯიანი, კოკა იგნატოვი, პეტრე ოცხელი, ირინა შტემბერგი…

დათო + The Beatles

და არის კიდევ ერთი გატაცება, რაშიც არ ენანება ფულის ხარჯვა დავით დუმბაძეს. მას გიტარების კოლექცია აქვს. გიტარების შეგროვება კი იმ სიყვარულს უკავშირდება, რასაც 60-იანი წლების მსოფლიო ახალგაზრდობისა და არა მხოლოდ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი “შეეწირა”. The Beatles – ოთხეული, რომელმაც დავით დუმბაძე ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში მოაჯადოვა და მათი სიყვარული ჰობიდ ექცა.

“მახსოვს, ჩემი მეზობლის აივნიდან ზაფხულში საოცარი მუსიკა ისმოდა ხოლმე და ეს მუსიკა ჩემგან დამოუკიდებლად, გაუცნობიერებლად მიპყრობდა. მერე ტრანზისტორიდან, ჩემი ძმის წყალობით უფრო ახლოს მოვისმინე ეს მუსიკა. ის კონკრეტული სიმღერაც კი მახსოვს, Roll Over Beethoven…და მივხვდი, რომ შეპყრობილი ვიყავი. მერე გიტარა ჩამივარდა ხელში და რასაც ვისმენდი, სმენით ვაწყობდი. იმის გამო, რომ გამეგო, რაზე მღეროდა “ბიტლზი”, ინგლისურის სწავლა დავიწყე. ეს იყო გატაცება, რომელიც სხვას არაფერს ჰგავდა. და წლების მერე, როცა წყნეთში გადმოვედი საცხოვრებლად, გადავწყვიტე, საკუთარი მინისტუდია გამეკეთებინა, სადაც მეგობრებთან ერთად დავუკრავდი”…

გიტარები, დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიშები, მიკროფონები, ნოტები, პოსტერები, ფოტოები, ავტოგრაფები, ალბომები და საერთოდ ყველაფერი, რაც კი “ბიტლზისა” და 60-იანი წლების ბრიტანულ მუსიკას უკავშირდება – დავით დუმბაძის მინისტუდიიდან ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკის ხმა. ის თავის მეგობრებთან ერთად საღამოობით უკრავს და მღერის: “ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. როცა სახლში დაღლილი ვბრუნდები, გიტარას ვიღებ და ვუკრავ. ვერ წარმოიდგენ, როგორ მამშვიდებს, სულ სხვა სიბრტყეში გადავყავარ მუსიკას”, – მეუბნება ის და თან თორმეტსიმიან აკუსტიკურ გიტარაზე აკორდებს იღებს…

…და სხვა

დათო დუმბაძის კიდევ ერთი გატაცება მოგზაურობაა. “ვმოგზაურობ ხშირად და მინდა კიდევ უფრო ბევრი ვიმოგზაურო. ცოტა ხნის წინ სეიშელის კუნძულებზე ვიყავი ჩემს მეგობართან. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა იქაურობამ. დავბოდიალობდი სანაპიროზე და ბავშვობაში მეკობრეებზე წაკითხული წიგნები მახსენდებოდა. ახლა გემით კარიბის კუნძულებზე მოგზაურობას ვაპირებ”.

მოგზაურობის სიყვარულით იყიდა დათო დუმბაძემ აპარტამენტი თურქეთში, ქალაქ ალანიაში, სადაც ხშირად ჩადის დასასვენებლად, თუმცა ამბობს, რომ მეტი სახლის ყიდვას საზღვარგარეთ არ აპირებს, “უაზროდ დახარჯული ფულია. რა საჭიროა გქონდეს სახლი იქ, სადაც არ იცხოვრებ”…

“ბოლო პერიოდია, ერთ რამეზე მწყდება გული, მეუბნება ბიზნესმენი და თან სიამაყით მათვალიერებინებს კარადას, სადაც “ბიტლზის” შესახებ გამოცემული თითქმის ყველა ალბომი თუ წიგნი აქვს შენახული. – ოცნების გარეშე ვიძინებ. ძირითადად პრობლემებზე ფიქრში მეძინება ხოლმე, რამდენი ხანია, ოცნებით აღარ დამიძინია, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს საშინელებაა”…

–         ძალიან ბანალური კითხვაა, მაგრამ რა არის თქვენი ბედნიერება?

–         ჩემი ბედნიერება ჩემი ახლობლების ბედნიერება და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებაა.

–         რისი გეშინიათ?

–         მეშინია არეულობის, ომისა და სისხლისღვრის.

–         როგორ წარმოგიდგენიათ 20 წლის მერე თქვენი თავი?

–         მე ყოველთვის შორს ვიყურები. ვიცი, ვერც 20 წლის მერე გავჩერდები უსაქმოდ, მაგრამ ყოველდღიურ რუტინაში ალბათ ვეღარ ვიქნები ჩართული. რაც ნამდვილად ვიცი, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ.

–         თვისება, რომელიც არ გაქვთ და გინდათ რომ გქონდეთ?

–         ძალიან მინდა დილით ადრე ადგომა და ნორმალური ვარჯიში მოვახერხო. არა, ახლაც კი ვვარჯიშობ, მაგრამ ისე ვერ, როგორც მე მინდა.

–         თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში?

–         ვარ მომთხოვნი და მიყვარს დეტალებში გარკვევა.

მაია დათოს ცოლია. ელენე – დათოს შვილი. ელენე ნიუ-იორკში ცხოვრობს. მაია წუხს, რომ ელენეს ხშირად ვერ ხედავს და დროში განსხვავების გამო ვერც ტელეფონით ელაპარაკება ხშირად. დათოსა და მაიას სახლში გერმანული ნაგაზი ჰელგა ჰყავთ. მაია დარდობს, რომ ჰელგა დაბერდა. დათოს, მაიასა და ჰელგას ფეხით სეირნობა უყვართ. დათო ხუმრობს, მე და ჰელგა მალე ვიღლებით, მაია ჩვენზე ყოჩაღიაო. მაია მეუბნება, რომ მის ბაღში მოყვანილი ყვავილები იჭმევა და ისპანახის ხვეულთან ერთად, თეფშზე დაყრილ ყვითელგულა იასამნისფერ ფურისულას მაწვდის. ფურისულა მართლაც გემრიელია.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *