ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში

ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში

“ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის, აკაკი სონგულიას მიერ დაარსებული Alliance Vacation Club-ი სახეს უცვლის საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესს. 2018 წლის სექტემბრიდან “ალიანს ჯგუფის” უძრავი ქონება RCI Registry Collection-თან გახდება აფილირებული-40-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე 200 საუცხოო დასასვენებელი ადგილის ელიტურ ქსელთან. აპარტამენტების მფლობელები მსოფლიოს ამ უმსხვილესი ე.წ. გაცვლითი დასვენების ქსელის, RCI-ის, პლატინუმ-წევრები გახდებიან. წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია $210 მილიონს აბანდებს მიმდინარე ინოვაციურ პროექტებში. აჭარაში, ბოლო 12 წლის მანძილზე, “ალიანს ჯგუფს” პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. საერთაშორისოდ აღიარებული დეველოპერის მომდევნო სამიზნე თბილისია.

“ალიანს ჯგუფის” აპარტამენტების მფლობელებს ძალიან გაუმართლათ. მათ მყისვე ეძლევათ წვდომა ყველაზე მდიდრულ დასასვენებელ ადგილებზე მთელ მსოფლიოში”, – აღნიშნავს “ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია ჩვენი საუბრის დასაწყისში. წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროების ქსელებთან ერთად, ოთხ სამშენებლო პროექტზე მუშაობს, ეს ინოვაციური პროექტები კი გახლავთ ALLIANCE PALACE-ი ბათუმში, სადაც COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი განთავსდება, ALLIANCE PRIVILEGE-ი ბათუმში, სადაც MARRIOTT HOTEL-ია წარმოდგენილი, ALLIANCE RESORT-ი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც RAMADA HOTEL-ს წარმოგვიდგენს, და ALLIANCE HIGHLINE-ი თბილისში WYNDHAM GARDEN HOTEL-თან ერთად. ინოვაციური და მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული პროდუქტები და სერვისები ამ ოთხი პროექტის ოთხკომპონენტიანი ბიზნესმოდელის საძირკველს წარმოადგენს: პირველი – მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სასტუმროების ბრენდი კონცეფციასა და მშენებლობაშია ინტეგრირებული; მეორე – მაღალი კლასის უძრავ ქონებაში დაბანდებული კაპიტალი წლიდან წლამდე 15%-ით იზრდება; მესამე – გულგრილს ვერ დაგტოვებთ სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფციასთან დაკავშირებულ ინვესტიცია და მოგებები, რომლებიც საკუთრების მფლობელთ საშუალებას აძლევს, შეძენილი აპარტამენტის ხარჯები ხუთ წელიწადში აინაზღაურონ; დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი- RCI REGISTRY COLLECTION-თან აფილირება აპარტამენტების მფლობელებს მსოფლიო მასშტაბით ელიტარულ დასვენებას სთავაზობს, რაც “ალიანს ჯგუფის” უძრავ ქონებას მართლაც უნიკალურს ხდის. უძრავი ქონების მფლობელთათვის ამ უპრეცედენტო შესაძლებლობის შესათავაზებლად, სონგულიამ ერთი წლის წინ ALLIANCE VACATION CLUB-ი დააარსა.

“ჩვენი აპარტამენტების მფლობელები კლუბის წევრები ხდებიან. ეს კი მათ საშუალებას აძლევთ, საკუთარი აპარტამენტის გაცვლით, წელიწადში ერთი კვირიდან ერთ თვემდე ვადით საოცნებო დასვენება მოიწყონ”, – განმარტავს სონგულია. ყველაზე მომხიბლავი კი ისაა, რომ კლუბი მთელ მსოფლიოში 6,300-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს ისე, რომ “ალიანს ჯგუფის” მიერ აშენებული აპარტამენტების მფლობელებს, როცა კი კლუბის პლატინუმ-წევრები გახდებიან და ექსკლუზიური უფლებებით აღიჭურვებიან, პრემიუმ-წვდომა ექნებათ საუკეთესო დასასვენებელ ადგილებზე. სასტუმროების გლობალური ბრენდების სტრატეგიული პარტნიორი, “ალიანს ჯგუფი”, საკუთარ უძრავ ქონებას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ეკომეგობრული მასალებით აშენებს და, შედეგად, ეს უძრავი ქონება ძვირფასიცაა და ენერგოეფექტიანიც. სწორედ მაღალ ხარისხზე ორიენტირებაა მიზეზი, რატომაც მოიპოვა ქართველმა დეველოპერმა პლატინუმის წევრობა ე.წ. გაცვლითი უძრავი ქონების ინდუსტრიის მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციაში.

“ამას მე ცხოვრების წესის შემცვლელს ვეძახი”, – ამბობს სონგულია და ვაკეში მშენებარე ALLIANCE HIGHLINE-ის მულტიფუნქციური კომპლექსის სამშენებლო მოედანს მათვალიერებინებს. მართალია, მომავლის მოდური კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, სონგულიას თქმით, აპარტამენტთა 30% უკვე გაყიდულია. ALLIANCE HIGHLINE-ი, სადაც ამჟამად მიწისქვეშა სამუშაოები სრულდება, სამცათამბჯენიანი პრემიუმ-კლასის კომპლექსია. აქედან ერთი – ორმოცსართულიანი საცხოვრებელი შენობა იქნება, ორი კი უფრო პატარა ზომის შერეული ტიპის ცათამბჯენი, სადაც WYNDHAM GARDEN-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. ეს უკანასკნელი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო-ბრენდია, რომელსაც WYNDHAM HOTEL GROUP-ი ფლობს – მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე მრავალფეროვანი სასტუმრო-გიგანტი, რომლის გლობალურ ცნობადობას 73 ქვეყანაში 19 სასტუმრო-ბრენდის ქვეშ გაერთიანებული 8,000 სასტუმრო განაპირობებს.

“ალიანს ჯგუფის” ისტორია გია ბიწაძემ 12 წლის წინ დაიწყო”, – ამბობს სონგულია და “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებლისკენ მიმითითებს, რომელიც თავისი LEXUS LX-იდან გადმოდის და სწრაფი ნაბიჯით ჩვენკენ მოემართება. “იმედია, აკაკი უკვე არ მოჰყვა მთელ ისტორიას”, – ამბობს ის და მარცხენა ხელით ჩაფხუტს ისწორებს, მარჯვენათი კი ტელეფონს თვითმფრინავის რეჟიმზე აყენებს. “ასე, არავინ შეგვაწყვეტინებს”, – ამბობს კეთილგანწყობილი ღიმილით. 52 წლის ბიწაძე და 40 წლის სონგულია თავიანთ საქმეში გამოცდილი და თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. არც ისაა გასაკვირი, ამბიციურები რომ არიან: ამ ორმა ქართველმა ბიზნესმენმა თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ პროექტებში მსოფლიოში განთქმული ოთხი სასტუმრო-ბრენდის ინკორპორირება მოახდინა. ბიწაძისა და სონგულიას ბიზნესპარტნიორობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა ფინანსისტი, სონგულია, რომელიც იმ დროს წარმატებით მართავდა საკუთარ აუდიტორულ კომპანიას, სამშენებლო დეველოპმენტით დაინტერესდა და “ალიანს ჯგუფს” შეუერთდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიწაძე გახლდათ – სერიული ანტრეპრენიორი გვიანი 80-იანებიდან მოყოლებული. “სწორედ ინოვაციაა ის, რითაც “ალიანს ჯგუფს” იცნობენ. 2005-ში სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი საქართველოში განვითარების ადრეულ ფაზაში იყო და ინოვაციის ბევრ შესაძლებლობას იძლეოდა. ჩვენ მოვახერხეთ და წარმატებით გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, – ამბობს ბიწაძე. – პირველივე დღიდან ადგილობრივი ბაზრის პიონერები ვართ”, – ამატებს ის.

2005-ში “ალიანს ჯგუფმა” ბათუმში პირველი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა; 2009-ში პირველმა ჩაუშვა სასტუმრო-აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში, რამაც შავიზღვისპირეთის დედაქალაქად წოდებული ქალაქი ბათუმი უცხოელთათვის მნიშვნელოვან ტურისტულ პუნქტად აქცია; 2015-ში კვლავ პირველმა მოახდინა საერთაშორისო სასტუმრო-ბრენდის ინკორპორირება მულტიფუნქციურ კომპლექსში (იგულისხმება ALLIANCE PALACE-ი ბათუმში COURTYARD MARRIOT-თან ერთად) და ახლაც, ტრადიციისამებრ, პირველია, ვინც მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსისა და საერთაშორისო სასტუმრო-ბრენდის კომბინაციას შემოგვთავაზებს (იგულისხმება ALLIANCE HIGHLINE-ი, რომელიც საცხოვრებელ ცათამბჯენსა და WYNDHAM GARDEN-ის სასტუმროებსა და აპარტამენტებს აერთიანებს). მეტიც, როგორც ზემოთაც ითქვა, წამყვანმა ქართულმა დეველოპერულმა კომპანიამ თავისი ოთხივე პროექტი RCI-ს დასვენების გაცვლის მსოფლიო ქსელთან გახადა აფილირებული. 

“ალიანს ჯგუფამდე”, მუდამ ინოვატორი ბიწაძე სხვა ბიზნესების პიონერობით იყო დაკავებული. ის ქართული 1990-იანების ველურ ქაოსს გადაურჩა. ჭკვიანი ანტრეპრენიორის უნარები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა ყოველ ჯერზე, როცა კი საქმეში წინააღმდეგობები ჩნდებოდა. მიზანზე ორიენტირებულ ბიზნესმენს ვერაფერს აკლებდა გამოწვევები, ვერც როცა 1990-იანების ადგილობრივი მთავრობის უკანონო პოლიტიკური ჩარევის გამო მისმა იმპორტზე დაფუძნებულმა ბიზნესმა მარცხი განიცადა ვერც როცა მისი ბენზინგასამართი სადგურები იმავე მიზეზით დახურეს. მისი ხასიათის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ მანამდე არ წყვეტს გულმოდგინე შრომას, სანამ მისია არ შესრულდება. მოთმინების უნარი და დისციპლინა ბიწაძემ ჯარში, საჰაერო ძალების რადიოტექნიკურ დანაყოფში მსახურობის დროს გამოიმუშავა. არაერთი დაბრკოლების გადალახვამ ის წარმატებულ ბიზნესმენად აქცია. 2005-ში, როცა საქართველოში დაწყებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების შედეგად, კერძო სექტორი გარკვეულ ფორმას იძენდა, ბიწაძემ, გამოცდილმა ანტრეპრენიორმა, გამჭრიახი გადაწყვეტილება მიიღო და სამშენებლო დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი” დააფუძნა. ახლა კი უკვე მშვიდად შეუძლია, ახალ დეველოპერულ პროექტებზე ილაპარაკოს. 

“ვაკე, სადაც ALLIANCE HIGHLINE-ი შენდება, პრესტიჟული ადგილია, WYNDHAM GARDEN HOTEL-თან ერთად კი ეს უბანი სხვა ღირებულებასაც შეიძენს – თბილისის ახალი ტურისტული ცენტრი გახდება”, – მეუბნება ბიწაძე. “ალიანს ჯგუფი” ხარისხიანი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტს უყრის თავს: ოთხსართულიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, საცურაო აუზს, ფიტნეს-და სპა-ცენტრებს, რესტორანსა და საჯარო სივრცეებს, კონსიერჟის სერვისს. პროექტის ინფრასტრუქტურაცა და შიდა ფუნქციური ნაწილებიც თანამედროვედაა აღჭურვილი. მათ რიცხვშია ალტერნატიული ენერგოწყაროები, ტექნიკური ოთახი ყოველ სართულზე, ბარათი-გასაღებები, საერთო სივრცეები, ფოიე,ლიფტების მომსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პრივილეგიის ბარათები, რაც მცხოვრებლებს ექსკლუზიურ ბონუსებზე წვდომით უზრუნველყოფს.კიდევ ერთი გარემოება, რაც ALLIANCE HIGHLINE-ს განსაკუთრებულად მიმზიდველ პროექტად აქცევს, მისი ეკოლოგიურად ჯანმრთელი ადგილმდებარეობაა. ALLIANCE HIGHLINE-ის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, წყნეთის ტყეებიდან მობერილი სუფთა ჰაერი ისუნთქონ, და საკუთარ ტერასებზე მოკალათებულებმა, იმ პრივილეგიებით ისარგებლონ, რაც “თბილისის ფილტვებად” წოდებულ ტერიტორიაზე ცხოვრებას ახლავს თან. ხელმისაწვდომი ფასები და შესყიდვის მოქნილი პირობები კომპლექსს კიდევ უფრო მომხიბლავს აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კლიენტებისთვის. ALLIANCE HIGHLINE-ში საცხოვრებელი აპარტამენტების ფასები კვადრატულ მეტრზე $1,300-იდან იწყება, ხოლო WYNDHAM-ის აპარტამენტების საწყისი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,100-ია. ჯამში, “ალიანს ჯგუფი” $75 მილიონზე მეტს დააბანდებს ALLIANCE HIGHLINE-ის პროექტში, რომელიც 2019-ში დასრულდება. COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს 2017 წლის კვლევის თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში, ჯამში, 580 საცხოვრებელი კომპლექსი (33,575 საცხოვრებელი აპარტამენტი, ჯამში 3.47 მილიონი კვადრატული მეტრის სივრცით) შენდება. 2017 წლის პირველ ხუთ თვეში გაყიდული აპარტამენტების რიცხვმა 9,609-ს მიაღწია, რაც 17%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი ვაკეში კვადრატულ მეტრზე $805-ს შეადგენს და სიძვირით მხოლოდ მთაწმინდის უძრავი ქონების ფასებს ჩამოუვარდება. 

კვლავ WYNDHAM GROUP-თან ერთად, თუმცა ამჯერად აჭარის მაღალმთიან ზონაში, “ალიანს ჯგუფი” ასოთახიან ALLIANCE RESORT-ს აშენებს, სადაც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი RAMADA იქნება წარმოდგენილი, რომელიც სასტუმროების გლობალური ქსელის, RAMADA WORLDWIDE-ის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, 67 ქვეყანაში 850 სასტუმროს ამუშავებს. “ალიანს ჯგუფი” პირველი დეველოპერია, ვინც კურორტ გოდერძიზე შედგამს ფეხს.  ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე და შავი ზღვის სანაპიროდან მხოლოდ 100 კილომეტრით დაშორებულ გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტს, რომელიც სახელწიფოს მხარდაჭერით ვითარდება, საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა.  “უცხოელებს აქვთ მოლოდინი, რომ გოდერძის სათხილამურო კურორტი შვეიცარიული ალპების საუკეთესო ალტერნატივა გახდება”, – ამბობს სონგულია. როცა 2018-ში ექვსსართულიანი GODERDZI SKI RESORT RAMADA COMPLEX-ი გაიხსნება (რომელიც ასევე RCI REGISTRY COLLECTION-თან არის აფილირებული), ის ერთდროულად 250 სტუმრის მასპინძლობას შეძლებს. “ალიანს ჯგუფმა” ამ პროექტში $10 მილიონი დააბანდა.

“ალიანს ჯგუფი” ფრანშიზულ პროექტებზე კიდევ ერთ მსოფლიო დონის სასტუმროების ქსელთან, MARRIOT INTERNATIONAL-თან ერთად მუშაობს. ქართველმა დეველოპერმა გლობალურ სასტუმრო-გიგანტებთან პარტნიორობა ჯერ კიდევ 2015-ში დაიწყო.

“ეს ამბავი სამი წლის წინ დაიწყო. უძრავი ქონების ბაზარი აჭარაში სასტუმრო-აპარტამენტებით იყო გაჯერებული, ეს კონცეფცია კი რეალურად საქართველოში ჩვენმა კომპანიამ 2011 წელს შემოიტანა. ვიცოდით, რომ რაღაც ახალი უნდა შეგვეთავაზებინა პოტენციური ინვესტორებისთვის და საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად მივიჩნიეთ”, – ამბობს სონგულია. სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ “ალიანს ჯგუფმა” ხელი მოაწერა ფრანშიზულ ხელშეკრულებას MARRIOT INTERNATIONAL-თან და ბათუმში მსოფლიო კლასის ცათამბჯენის, ALLIANCE PALACE-ის მშენებლობას შეუდგა, რომლის პირველ ხუთ სართულზე COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი იქნება წარმოდგენილი. MARRIOTT INTERNATIONAL-ის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიაში წამყვანი მულტიეროვნული კომპანიაა და 120 ქვეყანაში 6,000 სასტუმროს ამუშავებს, კიდევ უფრო გააძლიერებს ბათუმის, როგორც მაღალი საერთაშორისო დონის ტურისტული ქალაქის, იმიჯს. 41-სართულიანი მულტიფუნქციური ALLIANCE PALACE-ის ზედა სართულები პრემიუმ-კლასის აპარტამენტებს ეთმობა. ამ კომპლექსის ყველა აპარტამენტს ზღვაზე და მთაზე ხედი და აივნები აქვს. მომავლის მოდური კომპლექსი ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოს, ევროპაში ყველაზე გრძელ, განთქმულ ბულვართან შენდება. ALLIANCE PALACE-ის კიდევ ერთი ღირებულება მისი კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურაა: მიწისქვეშა ავტოსადგომი, შენობის შიდა და გარეთა აუზი, სპა, ფიტნესი, კაზინო და რესტორნები. აპარტამენტების ფასი აქ კვადრატულ მეტრზე $1,600-დან იწყება, რაც სამართლიანი ფასია, იმ ფუფუნებას თუ გავითვალისწინებთ, რასაც ეს კომპლექსი გვთავაზობს. აპარტამენტთა 90% უკვე გაყიდულია. მფლობელთა დიდი უმრავლესობა (დაახლოებით 80%) უცხოელები არიან.

“ამ ხალხს, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ინვესტორებს, რომელთაც გარკვეული დანაზოგები აქვთ, ჩვენ ფულის დაბანდების ერთ-ერთ საუკეთესო გზას ვთავაზობთ, – ამბობს ბიწაძე. – მშენებლობის ორი წლის მანძილზე ისინი თავიანთი უძრავი ქონების ღირებულების 210%-იანი ზრდის მომსწრენი შეიქნენ, ამასთან, ეს გამზადებული ბიზნესია, რომელსაც ფული მოაქვს. ეს ადამიანები ჩვენი ახალი პროექტების პირველ კლიენტებად იქცნენ. ეს არც არის გასაკვირი: თუ ერთგული კლიენტები გენდობიან, ისინი შენთან ბრუნდებიან კიდეც”, – დასძენს სიამაყით ბიწაძე. გაყიდვების თვალსაზრისით, “ალიანს ჯგუფი” გლობალური ცნობადობით სარგებლობს. ქართულ დეველოპერულ კომპანიას რვა საერთაშორისო ოფისი აქვს: რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ისრაელში, ყატარში, ბენელუქსის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში. კომპანია კიდევ ორის გახსნას გეგმავს აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. “ალიანს ჯგუფი” ALLIANCE PALACE-ის პროექტში $45 მილიონს დააბანდებს. აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, ხოლო COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი ოფიციალურად 2019 წლის აპრილში გაიხსნება. იმავე ბიზნესმოდელს “ალიანს ჯგუფი” კიდევ ერთი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსისთვის იყენებს, რომლის მშენებლობასაც ის MARRIOTT INTERNATIONAL-თან ერთად ასევე ბათუმში იწყებს. ქართველი დეველოპერი $80 მილიონს დააბანდებს ALLIANCE PRIVILEGE-ში, რომელშიც “ალიანს ჯგუფის” აპარტამენტები და MARRIOT HOTEL-ი იქნება წარმოდგენილი. “მართალია, თბილისში დეველოპერული აქტივობები დავიწყეთ, აჭარაში მაინც კვლავ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ვინაიდან ეს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, – ამბობს ბიწაძე, როცა რუსთაველის გამზირზე, BILTMORE HOTEL-ში შევდივართ, სადაც “ალიანს ჯგუფის” თბილისის ოფისია. – ახალი თაობის სამშენებლო-დეველოპმეტის არაერთი იდეა სწორედ ამ ახალ სათავო ოფისში დაიხვეწება”, – ამბობს ის. 2005 წლიდან მოყოლებული, “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო-აპარტამენტი აქვს აშენებული, ჯამში – 5,000 აპარტამენტი, რომლებიც 1.2 მილიონ კვ.მ. სამშენებლო ტერიტორიას მოიცავს. კომპანიის პორტფოლიოში შესულ პროექტთა უმეტესობა ბათუმში მდებარეობს. “ალიანს ჯგუფზე” საუბრისას, აკაკი და გია საქართველოს ტურიზმის პოტენციალზეც გვიყვებიან.

“საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ქვეყანად იქცეს მსოფლიოში”, – ამბობს სონგულია. “მე და გია საკმაოდ მტკიცედ ვდგავართ ამ აზრზე”, – ამატებს ის. სონგულია, გლობალური შესაძლებლობების ფართო ხედვით და კარგი საერთაშორისო კონტაქტებით, ბიწაძე, წარმატებული ანტრეპრენიორი არაერთ სექტორში მდიდარი გამოცდილებით, შესაშური უნარებისა და ექსპერტულობის ერთობლიობას ქმნიან. საერთაშორისოდ ხელშეწყობილი ოთხი მიმდინარე პროექტითა და უნიკალური სერვისებით, რომელთაც ALLIANCE VACATION CLUB-ი მომხმარებელს მომდევნო წელს შესთავაზებს, ორმა ქართველმა ინოვატორმა ბიზნესმენმა სწორი სვლები უნდა გააკეთოს დასახული მიზნების მისაღწევად. ბიზნესსამყაროს ტაქტიკები კი უკვე კარგა ხანია, რაც გაითავისა სონგულიამ, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *