Grown In Georgia - იმერული მწვანე ბიზნესი

“ჰერბია” მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარს ეკოლოგიურად სუფთა, უსასუქო პროდუქციას აწვდის. უკვე რამდენიმე წელია კომპანია Global Gap-ის სერთიფიკატს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერეთში, წყალტუბოში მოყვანილ პროდუქციას მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი გზა ხსნილი აქვს.

დღესდღეობით კომპანია წელიწადში 15-მდე სახეობის 500 ტონა პროდუქციას აწარმოებს, დაახლოებით 50 ადამიანს ასაქმებს და საქართველოში შეფუთული მწვანილის ბაზრის 95% უჭირავს. მომავალ წელს გაფართოებას და ყველა მაჩვენებელის გაორმაგებას აპირებენ. “ჰერბიას” გუნდს სურს, რომ შეფუთულ და ეკოლოგიურად სუფთა, თან ქართულ, პროდუქციას ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ჰყავდეს.

“მაგრამ...”

ზევით უკვე წარმატებული “ჰერბიას” შესახებ მოგიყევით, რომელიც საკმაოდ ამბიციური გეგმებით აგრძელებს ბაზარზე მუშაობას. თუმცა, ამ რეალობამდე კომპანიის ისტორიაში იყო ბევრი “მაგრამ...”

კომპანიის ისტორია 2006 წელს იწყება. სოფელ ტყაჩირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძირითად საქმიანობას მწვანილის მოყვანა და პროდუქციის ექსპორტზე რუსეთში გატანა წარმოადგენს. 5 ათასზე მეტი ადგილობრივი მცირე მეწარმე მწვანილის მეზობელ ქვეყანაში გასაგზავნად ემზადება, მაგრამ მოულოდნელად რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს აწესებს და მწვანილის იმპორტზე უარს აცხადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობლის ამ გადაწყვეტილებამ იმ პერიოდში სერიოზული პრობლემები შექმნა, ალბათ, სწორედ ეს იყო დაბრკოლება, რომელმაც დღეს “ჰერბია” თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოდ ჩამოაყალიბა.

“ჩვენთვის გასაღების ძირითადი ბაზარი სწორედ რუსეთი იყო. პროდუქციის 70% აქ იყიდებოდა. როდესაც მათ პროდუქციის მიღებაზე უარი თქვეს, იძულებული გავხდით, გვეფიქრა ახალი მიზნობრივი ბაზრების ძიებაზე, რომელიც აუცილებლად ევროპაში უნდა ყოფილიყო, რამდენადაც რუსეთი უარს გვეუბნებოდა, უკრაინას კი მხოლოდ მცირე მოცულობების წაღება შეეძლო.

მაშინ ვიფიქრე, შემექმნა ისეთი კომპანია, რომელიც მოახერხებდა ამ მეწარმეების პროდუქციის კონსოლიდაციას, მისცემდა სრულყოფილ სახეს და მიაწვდიდა ევროპას. შეიქმნა “ჰერბია”, სადაც მოწინავე ტექნოლოგიები ჰოლანდიიდან და ისრაელიდან გადმოვიტანეთ”,- იხსენებს “ჰერბიას” დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე.

2006 წელსვე კომპანიამ მონაწილეობა ევროპულ გამოფენებში მიიღო, სადაც “ჰერბიას” პროდუქციამ სერიოზული დაინტერესება გამოიწვია, თუმცა, კომპანიის წინაშე კიდევ ერთი “მაგრამ” გაჩნდა.

“ამჟამად ეს “მაგრამ” იყო Global Gap-ის, მაშინდელი EURO Gap-ის სერთიფიკატი. მათ გვითხრეს, რომ პროდუქცია ძალიან კარგია, გემრიელია, კარგი ვიზუალი აქვს, მაგრამ აუცილებელია, ახლდეს შესაბამისი სერთიფიკატი. საქართველოში ამ სერთიფიკატის გამცემი ორგანოც კი არ არსებობდა. ესპანეთში ჩავედით, სადაც გაგვაფრთხილეს, რომ პროცედურებს წლები დასჭირდებოდა. 2 წელი ვიმუშავეთ, რომ წარმოებას სტანდარტები დაეკმაყოფილებინა”,- ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

სასათბურე მეურნეობის მშენებლობა კომპანიამ 2008 წელს დაასრულა. მიუხედავად საქართველო-რუსეთის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა “ჰერბიას” დამფუძნებლებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ - Global Gap-ის სერთიფიკატი კი 2010 წელს მიიღეს.

დაბრკოლებები ამით არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ კომპანიას დიდი ბაზრების დაკმაყოფილებისთვის საკმარისი პროდუქცია არ გააჩნია, რაც მიწოდების უწყვეტობისთვის აუცილებელია. გაფართოებისთვის კი “ჰერბიას” საკმაოდ სერიოზული ფინანსური რისკის აღება უწევს. კომპანიის მენეჯმენტი სტრატეგიას ცვლის და ორიენტირს ადგილობრივ ბაზარზე აკეთებს.

ქართული ბაზარი

2013 წელს “ჰერბია” საქართველოში შეფუთული მწვანილის პირველი მწარმოებელი კომპანია ხდება. პარალელურად მუშაობს უცხოურ ბაზრებზე, თუმცა, არა პერმანენტულად.

“სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - მოსახლეობის უმრავლესობამ კარგად მიიღო ჩვენი პროდუქცია. საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა პროდუქციაზე - მივხვდით, რომ გაფართოება გვესაჭიროებოდა. ამიტომ 3 წლის წინ დავიწყეთ ახალი ცენტრის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე ტიპის შესაფუთი მანქანებით. USAID დაგვეხმარა როგორც ბაზრის მოძიების, ასევე ბრენდინგის საკითხებში. ამას ყველაფერს თავი მოვუყარეთ და დღეს ფაქტობრივად ყველა ქსელურ მარკეტში ვართ წარმოდგენილი”,- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ ამჟამად გაფართოებას და წარმოების გაორმაგებას სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მეშვეობით ახორციელებენ.

რაც შეეხება უცხოურ ბაზარს, “ჰერბიას” პროდუქცია დროდადრო ბულგარეთში გააქვს. ზურაბ ჯანელიძე გვიხსნის, რომ ეს ერთგვარი ფანჯარაა ევროპაში, იმისთვის, რომ “ჰერბია” თანამედროვე მოთხოვნებს არ ჩამორჩეს.

ბიზნესდაჯილდოება

ბოსტნეულისა და მწვანილის მწარმოებელი კომპანია წელს “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ორგანიზებით მიმდინარე “ბიზნესდაჯილდოებაში” იღებს მონაწილეობას.  “ჰერბია” ერთ-ერთი მთავარი პრიზისთვის “წლის ბიზნესის” სტატუსისთვის ფინალში იბრძვის.

პრიზის გადაცემა რომ შემეძლოს საუკეთესო პასუხისთვის კითხვაზე, რატომ იღებს კომპანია მონაწილეობას “ბიზნესდაჯილდოებაში” და რა მოლოდინი აქვთ დამფუძნებლებს, დაუფიქრებლად “ჰერბიას” და მის ხელმძღვანელს დავაჯილდოვებდი:

- ბოლო წლებში არაერთი ჯილდო გვაქვს მიღებული. კონკურსებში მონაწილეობას კი ვიღებთ იმიტომ, რომ გავიგოთ  - რამდენად სწორად ვვითარდებით არა ჩვენი გადმოსახედიდან, არამედ უცხო ადამიანების ობიექტური შეფასებით. რითი გვჯობია სხვა? დავინახავთ რა გვაკლია და გამოვასწორებთ,- ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

გეგმები

“ჰერბია” მხოლოდ წარმოების გაფართოებაზე არ ჩერდება. სამომავლოდ კომპანიას საკუთარი ტრენინგ ცენტრის დაარსების გეგმა აქვს. ზურაბ ჯანელიძეს მისი დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის სხვა მეწარმეებისთვის გაზიარება სურს.

ცენტრი აგროტურიზმის მიმართულებითაც იმუშავებს, რაზეც, როგორც დამფუძნებელი ამბობს, ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა.

ჰერბია

წინა სტატია

გული და ნება
21 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია
21 ნოემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა