ვალერი ვავილოვი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა

ვალერი ვავილოვი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა

Bitfury ჯგუფის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელში მონაწილეობს, ამბობს, რომ საქართველო ინოვაციური ქვეყანაა და იგი მხარს უჭერს ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას.

სიტყვით გამოსვლისას, ვავილოვმა აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან: 

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ვალერი ვავილოვი.  მანვე განსაკუთრებული აქცენტები საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა. 

„სანამ საქართველოში ბიზნესს დავიწყებდი, ბევრი რამ მქონდა გაგებული ქართული რეფორმებისა და ბიზნესის კეთების შესახებ. მაგრამ ერთია, როცა გესმის და მეორეა, როცა საკუთარი თვალით ხედავ. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. 

საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის ძალიან კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის.“- განაცხადა Bitfuty ჯგუფის დამფუძნებელმა.

ვალერი ვავილოვმა ასევე ისაუბრა BitFury Group-ის ტექნოლოგიების შესახებ და ხაზი გაუსვა მათ სამომავლო პოტენციალს. 

„ბევრ ადამიანს გაუგონია ალბათ უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ, თუმცა, ძალიან ცოტას ესმის თუ რას ნიშნავს ეს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეუძლია მას შეცვალოს მთელი სამყარო. ინტერნეტის შექმნის შემდეგ, მოხდა ე.წ. დიჯიტალიზაცია სხვადასხვა სფეროებში. თუმცა, ყველაფერი მაინც რჩებოდა ქაღალდზე, რადგანაც ინტერნეტს არ შეეძლო უსაფრთხო ტრანზაქციები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სწორედ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემს უსაფრთხო ტრანზაქციების საშუალებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. სწორედ აქ მოგვყავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მაგალითი, აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის წაშლა და მანიპულირება შეუძლებელია, სწორედ ეს არის მისი უმნიშვნელოვანესი თვისება. ჩვენს სამყაროში კიბერ დანაშაულების დიდი საფრთხეა. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნის დაცულ პლატფორმას ნებისმიერი მთავრობის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციებისთვის.“- აღნიშნა ვავილოვმა. 

ვალერი ვავილოვი მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ კომპანიის Bitfury-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია. The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *