სრულიად წვნიანი - Suja Juice

სრულიად წვნიანი - Suja Juice

ორმა ახალგაზრდა მეწარმემ, ორ უფროსი ასაკის პარტნიორთან ერთად და მათი ზედამხედველობით შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი სასმელების მწარმოებელი კომპანია – Suja Juice-ი.

„უბრალოდ, ჯანსაღი საჭმლის მომზადება მიყვარდა, საკმაოდ მშვიდი ცხოვრების სტილი მქონდა, მივდევდი სერფინგს და ძალიან ინტენსიურად ვიყავი ჩაბმული იოგაში“, – ამბობს 30 წლის ერიკ ეთანსი. დაჭმუჭნილ შავ მაისურსა და ნაცრისფერ ჯინსში გამოწყობილი ერიკი ჯამში ახლად დაჭრილ ავოკადოს ლიმონს აწურავს, შემდეგ ხელით ცდილობს უკან გადაიწიოს თვალებზე ჩამოყრილი, მზისგან გახუნებული თმის კულული, რომელსაც წყნარი ოკეანის მარილიანი სურნელი ასდის. „ამან, – ამბობს ის და მიუთითებს თავის 26 წლის კომპანიონზე, ენი ლოლესზე, – მართლაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე საკუთარ ძალებში დავრწმუნებულიყავი და დამეჯერებინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის უზრუნველყოფას შევძლებდი“. ლოლესი იცინის: „არაააა, არა, ამაზე ნუღარ ლაპარაკობ“.

ეს, ერთი პატარა, ლამაზი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ შეამხანაგდნენ პიჟონი სერფერი, რომელიც ამასთანავე თვითნასწავლი მზარეული იყო და იურიდიული სასწავლებლიდან გარიცხული სტუდენტი, რომელიც იოგას ინსტრუქტორად გადაქცეულიყო და როგორ შექმნეს ორგანული წვენების მწარმოებელი ყველაზე სწრაფად ზრდადი საწარმო. წელიწად-ნახევარზე ნაკლებ დროში, სან-დიეგოს გარეუბანში, ბუჩქნარით დაფარულ მიდამოში, საოფისე კომპლექსში განლაგებული მათი კომპანიის, Suja Juice-ის მინიმალურმა შემოსავალმა 18 მილიონ დოლარს მიაღწია 2013 წელს, რომელიც მისი ოპერირების პირველი სრული წელიწადი იყო. წელს საწარმო მზადაა პროდუქციის გაყიდვით 50 მილიონი დოლარის გამოსამუშავებლად. „არა მგონია, ვინმე ოდესმე ვარაუდობდა, რომ ასეთ კარგ შედეგს მივიღებდით“, – ამბობს ეთანსი.

 „ანუ ყველაზე საუკეთესოს“, – წარმოთქვამს საკონფერენციო ოთახში მყოფი მეორე დამსწრე. ეს ჯეფ ჩერჩია, 52 წლის, ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული, კერძო სააქციო კაპიტალის ვეტერანი და 2012 წლის მაისიდან Suja-ს გენერალური დირექტორი. მის გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტების სამზარეულოში დამზადებისა და რამდენიმე საწური აპარატით წვენის გამოწურვის პროცესი და მრავალჯერად ბოთლებში ჩამოსხმული ქოქოსის წვენი იქნებოდა. Suja გახლავთ ამბავი ახალგაზრდა მეწარმეებისა, რომლებმაც კარგი ინტუიციის წყალობით, რამდენიმე უფროსი თანამშრომელი დაიქირავეს მათ მიერ შექმნილი საწარმოსთვის ზედამხედველობის გასაწევად. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ველური, ინსტინქტებით ნაკარნახევი და ინსტრუქციების გარეშე ჩატარებული მოგზაურობა აღმოჩნდა.

დღეს Suja აწარმოებს ხილის, ბოსტნეულისა და ეგზოტიკური კომპონენტებისგან დამზადებული წვენების სამ ხაზს. საცალო ვაჭრობის მაღაზიებში ერთი ბოთლი The Classic-ის მარკის წვენი 8,99 დოლარად იყიდება; ექვსი სხვადასხვა გემოს მქონე ამ წვენების ნაკრებს (დიახ, თითქმის 54 დოლარად) შეუძლია ჩაანაცვლოს მთელი დღის კვების რაციონი განტვირთვის დიეტისას. ნაკლებად რადიკალური მარკაა Elements-ი, რომელიც ცხრა სხვადასხვა გემოსგან შედგება და თითოეული 4,99 დოლარი ღირს; ეს უფრო მსუბუქი საუზმე, ან დანამატია. მალე ახალი მარკის გამოსვლა იგეგმება სახელწოდებით Essentials-ი, რომელიც მკვებავი ნივთიერებების შედარებით მცირე რაოდენობით ხასიათდება და რომლის ერთი ბოთლი 3,99 დოლარი ეღირება. ეთანსის თავდაპირველმა რეცეპტებმა გრძელი გზა გამოიარა, სანამ იმ პროდუქტებად იქცეოდა, რომლებსაც კომპანია ამჟამად აწარმოებს.

საშუალო სკოლის უფროს კლასში მყოფ ეთანსს, გარკვეული დროის განმავლობაში, სახლში ამეცადინებდნენ. მან მხოლოდ ორი წელიწადი გაძლო Golden West-ის კოლეჯში, სანამ ენსინიტასში (კალიფორნია), უმი საკვების რესტორანს გახსნიდა, სახელწოდებით Raw Food Guy („უმი კვების ყმაწვილი“); მაშინ ეთანსი იქვე, საწარმოს მახლობლად მდებარე პროფესიონალი სერფერის სახლში ცხოვრობდა. როდესაც მისმა საქმემ მარცხი განიცადა, ის ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გადაიხვეწა, რასაც ოთხი წლის განმავლობაში წყნარი ოკეანის გარშემო, ისეთ ადგილებში მოგზაურობა მოჰყვა სადაც სერფინგის სპორტი იყო გავრცელებული – ავსტრალია, ფიჯი, ჰავაის კუნძულები – რომლის დროსაც რესტორნებში უბრალო მზარეულად და დამსვენებლებისთვის კერძო შეფ-მზარეულად მუშაობდა.

კალიფორნიაში 2007 წელს დაბრუნდა და გახსნა რესტორანი, სახელწოდებით Blissfull-ი („ნეტარებით სავსე“), ასევე კლიენტებისთვის წვენის მიტანის მომსახურება სან-დიეგოში. ის ექვსი თვის შემდეგ დაიხურა. „საკმარისი კაპიტალი არ გვქონდა“, – ამბობს ეთანსი. კიდევ ერთ მარცხს კვლავ კუნძულ ბალიზე მოგზაურობა მოჰყვა და ისევ უკან, კალიფორნიაში დაბრუნება. იოგას ცენტრში, La Jolla-ში სიარულის დროს გაიცნო ლოლისი, მიმღებში მომუშავე რეგისტრატორი, იოგას მასწავლებელი და სან-დიეგოს საუნივერსიტეტო კოლეჯის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.

ფინიქსში დაბადებული ლოლისი ჩვეულებრივი ცხოვრების წესს მისდევდა, სწავლობდა ფილოსოფიას არიზონის შტატში, მუშაობდა კომერციული უძრავი ქონების ფირმაში და დადიოდა სან-დიეგოში. წებოგვარათი დაავადებულმა (წებოგვარას გადამუშავების უუნარობა) გოგონამ ბავშვობიდან დაიწყო სახლში წვენების გამოწურვა საკუთარი ორგანიზმის საკვები დანამატებით გასამდიდრებლად. ერთ დღეს, 2011 წლის მარტში, მან თვალი მოჰკრა ეთანსს, რომელიც სახლში დამზადებული მწვანე წვენით ხელში, იოგას ცენტრში შედიოდა.

მალე ახალგაზრდებმა საკმაოდ ცუდად ორგანიზებული, საკუთარი წარმოების წვენებით ვაჭრობის ბიზნესი წამოიწყეს. მათი მომხმარებლები იოგას სტუდენტები იყვნენ. ლოლესი ერთი ხელის მოსმით არჩევდა იდეალური, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნარევის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს, ეთანსი კი იმაზე იმტვრევდა თავს, როგორ მიეცა მათთვის გემრიელი და პიკანტური გემო ისეთი უცნაური ინგრედიენტების დამატებით, როგორიცაა ამერიკული შავი კაკლის ნაჭუჭი და ლავანდა. Whole Foods-ში ისინი ქოქოსის წყალს ყიდულობდნენ და შემდეგ დაცარიელებულ ბოთლებში საკუთარ პროდუქციას ასხამდნენ. მალე ათი თანამშრომელი აიყვანეს, რომლებიც საათობრივი ანაზღაურებით მუშაობდნენ; ისინი, ეთანსის ლა-ჯოლას მახლობლად მდებარე ზღვისპირა ბუნგალოდან, „იგლუს“ გამაგრილებელ კონტეინერებში ჩაწყობილი წვენის ბოთლებით ამარაგებდნენ. „მათ, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, მომხმარებლისთვის პირდაპირ სახლში მიჰქონდათ პროდუქტი და თვითონვე აკურატულად უწყობდნენ ბოთლებს მაცივარში, – გაკვირვებას ვერ მალავს ჩერჩი, – ამ დროს ალბათ უამრავ კანონს არღვევდნენ“.

რესტორნისა და ღამის კლუბის მფლობელი ჯეიმს ბრენანი რომ არა, ეთანსი და ლოლესი, შესაძლოა, არასოდეს შეხვედროდნენ ჩერჩს. და მაინც შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა. 40 წლის ბრენანი, რომელსაც ტალღოვანი თმა უკან აქვს გადაწეული, უფრო ნიუ–იორკ-სიტის მეხანძრეს მოგაგონებთ, ვიდრე ცივი წნეხის მეთოდით დამზადებული წვენების დიდ მოყვარულს. სწრაფად მოლაპარაკე ნიუ-იორკელი მათ მგზნებარე კლიენტად იქცა მას შემდეგ, რაც მისმა ფეხმძიმე ცოლმა დაიწყო ამ წვენების ყიდვა 2011 წლის შემოდგომაზე. მან მეუღლისგან გაიგო, თუ რა ძვირი იყო ეს წვენი და ძალიან გაუკვირდა. „ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა 11 დოლარი ღირებულიყო სასმელი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავდა“, – იხსენებს ბრენანი.

მან, ეთანსის ხელმძღვანელობით, წვენებით ორგანიზმის წმენდის ათდღიანი პროცედურა ჩაიტარა, შემდეგ კიდევ 30 დღის განმავლობაში წვენების, როგორც საკვები დანამატების მიღება საჭმელთან ერთად გააგრძელა. „ორ კვირაში მთლიანად წამოვეგე ანკესზე, – ნაჩქარევად და დაუფიქრებლად შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვების შემდეგ, ბრენანმა ახალგაზრდებს დახმარება შესთავაზა: „მე ვუთხარი, თუ ოდესმე რამის გაკეთება მოგინდეთ, ძალიან ბევრი რესურსი გამაჩნია ამისათვის. მზარეულები და სამზარეულოები, რასაც კი მოისურვებთ“. (ბრენანმა არც ისე დიდი ხნის წინ მისი Enlightened Hospitality Group-ის 51% კომპანია Hakkasan-ს მიჰყიდა.) ეთანსმა და ლოლესმა ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს ეს შემოთავაზება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, გვიან ღამით, ბოთლების წვენით ავსებით გადაღლილმა პარტნიორებმა, რომლებიც ძლივს ინაზღაურებდნენ დანახარჯს, ბრენანის წინადადება გაიხსენეს.

ბრენანმა გააცნო მათ ჩერჩი, ადგილობრივი მეწარმე და ბაი-აუტების (კომპანიის ყიდვა და შემდეგ მისი გაყიდვა) ოსტატი; ორივეს, ბრენანსა და ჩერჩს, ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული Flank Marketing-ში, ციფრულ მარკეტინგულ სტარტაპში. კლივლენდში დაბადებულმა და გაზრდილმა, შრომითი კარიერა Ernst & Young-ში ბუღალტრად მუშაობით დაიწყო, შემდეგ მან ბიზნესის მართვის დიპლომიც აიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში. ის 10 წელი მოღვაწეობდა კლივლენდის სამრეწველო ელექტრონული აღჭურვილობის საწარმოს Erico-ს მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. მისი კუთვნილი აქციების ღირებულება 100 000 დოლარიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე გაიზარდა 1998 წელს, როდესაც ის სამუშაოდან წავიდა.

მას დიდი სურვილი ჰქონდა, საკუთარი შენაძენი გაეკეთებინა და ამ მიზნით იმავე წელს ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც 13 მილიონ დოლარად Aztec Concrete Accessories-ი იყიდა, რომელიც ბეტონის კონსტრუქციებისთვის პლასტიკურ სამაგრებს ამზადებდა. როდესაც მან ეს კომპანია 2000 წელს ინვესტორებს მიჰყიდა, საწარმო შვიდჯერ მეტ მოგებას იძლეოდა. 2006 წელს გაყიდა Lynx Grills-ის აქციები. ამ პერიოდისთვის კომპანიის მოგების სიდიდე რვაჯერ უფრო მაღალი იყო თავდაპირველ მონაცემებთან შედარებით. ნაკლები წარმატება ხვდა წილად სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელ კომპანია Universal Building Projects-ს, რომელიც მან 2006 წელს შეიძინა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კომპანია ბანკროტად გამოცხადდა.

თვითაღიარებული, შუა დასავლეთის „ძალზე მნიშვნელოვანი“ პერსონა, ჩერჩი, დაეთანხმა კურატორის რანგში ეთანსთან შეხვედრას, მაგრამ წინასწარ გააფრთხილა მეწარმეები, რომ მათი წვენი, შეიძლება, არ მოსწონებოდა. „გავსინჯე და გავშეშდი“, – იგონებს ჩერჩი. ეთანსთან არცთუ დიდი ხნის ვაჭრობის შემდეგ თანხმობა შედგა. ჩერჩმა შეკითხვები დააყარა მას ბიზნესის, მათი ვებგვერდის ადმინისტრაციული პაროლების შესახებ, ეთანსს კი თითქოს ენა ჩაუვარდაო, ხმას ვერ იღებდა. „მე და ენი საკმაოდ პარანოიდულები ვართ ამ საკითხში“, – იხსენებს ეთანსი. მათი შიში გაქარწყლდა, როცა შეხვედრის შემდეგ ჩერჩმა მათ 1000 დოლარის შეკვეთა მისცა.

ამ ორი თაობის წარმომადგენლების რეგულარულმა შეხვედრებმა და საუბრებმა ისინი ერთმანეთთან დააახლოვა. ჩერჩმა გადაწყვიტა, უფრო მეტი გაეკეთებინა მათი კომპანიისთვის და მხოლოდ კურატორად არ დარჩენილიყო. მისი მეუღლე ეთანსისა და მისი პარტნიორის წვენების დიდი გულშემატკივარი გახდა, რადგან ეს წვენები ართრიტის ტკივილების დაძლევაში ეხმარებოდა ქალს. ჩერჩმა და ბრენანმა გადაწყვიტეს თავ-თავიანთი წილი ფინანსური დახმარება გაეწიათ საქმისთვის, რაც ჯამში 1,2 მილიონ დოლარს შეადგენდა. მაგრამ მთავარი მათი საფიქრელი ბიზნესის გაფართოება იყო.

ცივი წნეხის ტექნოლოგიით დამზადებული წვენი ძალიან ფასდება, რადგან არ იკარგება არც ერთი მკვებავი ნივთიერება, ტრადიციული ცხელი პასტერიზაციის პროცესისგან განსხვავებით, მაგრამ იმის გამო, რომ ის უმია, მისი ვარგისობის ვადა მხოლოდ 3-4 დღეა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ეთანსსა და ლოლესს არასოდეს უცდიათ მისი გაყიდვა დისტრიბუტორების მეშვეობით, რადგან ასეთ შემთხვევაში პროდუქტი უკვე ვადაგასული იქნებოდა, როდესაც მაღაზიის თაროებამდე მიაღწევდა. მაგრამ ჩერჩმა აღმოაჩინა მაღალწნევიანი გადამუშავების მეთოდი (HPP), რომელსაც მათი კონკურენტი ფირმა BluePrint-ი იყენებდა წვენების დამზადებისას, პათოგენების განადგურების მიზნით, მისი გაცხელების გარეშე. HPP გადამუშავების ტექნოლოგია შემდეგში მდგომარეობს: წვენით სავსე პლასტიკური ბოთლები თავსდება სპეციალურ მექანიზმში, სადაც ისინი ექვემდებარება ძლიერ წყლის წნევას, რომელიც ერთ კვადრატულ ინჩზე 87 ფუნტს შეადგენს, რაც ხუთჯერ აღემატება ოკეანის ფსკერზე მდებარე ყველაზე ღრმა მარიანის ღრმულში არსებულ წნევას. ეს კლავს მიკრობებს, მაგრამ საკვებ ნივთიერებებს ცოცხალს ინახავს, სამაგიეროდ, პროდუქტის ვარგისობის ვადას ათჯერ ზრდის.

ეთანსს შიში ჰქონდა, რომ ეს პროცესი პროდუქტს გემოს დაუკარგავდა. როდესაც ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში, რამდენიმე ბოთლზე გამოსცადეს HPP-ის მოქმედება, ეთანსი დარწმუნდა, რომ გემო იგივე დარჩა, მაგრამ არ სჯეროდა, რომ ამ ბოთლებმა საერთოდ გაიარეს გადამუშავების პროცესი. „ჯერაც არ შემიმჩნევია რაიმე განსხვავება“, – აღიარებს ის. გაფართოების პერსპექტივის მქონე მოდელით შეიარაღებული ჩერჩი იმავე წლის მაისში კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა.

შემდეგი საფეხური პროდუქტის ხელახალი ბრენდირება იყო. წვენს სახელი და ბოთლის ახალი დიზაინი სჭირდებოდა. ერთი თვის უშედეგო ძიების შემდეგ, ერთხელაც ეთანსმა ადგილობრივი ჯანსაღი საკვების მაღაზიის ერთ-ერთ ფარდულში, ერთ ქალბატონთან გააბა საუბარი. ლაპარაკში ქალმა ახსენა, რომ სუჯა ერქვა, რაც ინდურ ენაზე „ხანგრძლივ და ლამაზ სიცოცხლეს“ ნიშნავდა. ეთანსი გახარებული გამოვიდა მაღაზიიდან; დიზაინერულმა ფირმამ სწრაფად დაამზადა იარლიყი და ლოგო (რამდენიმე თვის შემდეგ, სუჯა გაოცებული დარჩა, როდესაც ერთ-ერთ გამოფენა-ბაზრობაზე მან დაინახა, როგორ ავსებდა ეთანსი რომელიღაც უცნობი წვენების კომპანიის ჯიხურს მისი სახელის მქონე პროდუქციით. სამაგიეროდ, ეთანსი ამბობს, რომ სუჯა სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს მის პროდუქციას).

შემდეგ ეტაპზე დისტრიბუციის საკითხი დგებოდა. ჩერჩის კუთვნილი სტარტაპის, ბოთლებში ჩამოსხმის კომპანიის Nika Water-ის წყალობით, რომელიც საკუთარ მოგებას სწირავს წყლის რესურსების ინიციატივებს განვითარებად ქვეყნებში, ის ადგილობრივ მყიდველებს იცნობდა Whole Foods-დან. „როგორც წესი, ერთწუთიანი შეხვედრისთვის ოთხი თვე გიწევს ლოდინი, ისიც, თუ ბედმა გაგიღიმა“, – ამბობს ის. მაგრამ Presence Marketing -ში, რომელიც ნატურალური საკვების ბრენდებს მიჰყიდის საცალო მოვაჭრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიის პროდუქციის მიერ შექმნილმა კარგმა რეპუტაციამ დიდი როლი ითამაშა. Presence Marketing-მა Suja-ს პროდუქციის ნიმუშები კლიენტებს დაურიგა სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში. „ისინი გაოგნებულები დარჩნენ“, – ამბობს ჩერჩი. აღფრთოვანებულმა Whole Foods-მა იმავე წლის სექტემბერში Suja-ს 2500 ბოთლი შეუკვეთა.

ამ შეკვეთის შესრულება იოლ ამოცანას არ წარმოადგენდა. Suja-მ, დროებითი საწარმოო ხაზისთვის, მიითვისა ბრენანის, სან-დიეგოს ღამის კლუბის მესამე სართულზე მდებარე ყინულის კარადა. კომპანიის შესამოწმებლად, FDA-ის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ბრენანმა სასწრაფოდ დაავალა თავისი გუნდის წევრებს კიბის უჯრედების შეღებვა და იატაკების გაპრიალება, შემდეგ კი ინსპექტორები საგულდაგულოდ ორგანიზებული მარშრუტით გაუშვა საწარმოს დასათვალიერებლად.

„ღამის კლუბები არც ისე კარგად გამოიყურებიან დღის სინათლეზე“, – სიტყვამოსწრებულად შენიშნავს ჩერჩი. სანამ ის და ლოლესი გაყიდვებსა და მარკეტინგზე ზრუნავდნენ, ეთანსი კონცენტრირებული იყო პროდუქციის ბოლო ვადებზე, ის თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დღეში ასობით ბოთლს უტარებდა გადამუშავებას ღამის კლუბის გარეთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩერჩმა თვითონ წაიღო ბოთლები ლონგ-ბიჩზე მდებარე HPP-ის ქარხანაში გადასამუშავებლად და გზად ზედამხედველობას უწევდა მობილური ტელეფონის საშუალებით.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც გუნდმა Whole Foods-ის მიერ მიცემული შეკვეთის შესრულება დაასრულა, ჩერჩმა აღმოაჩინა, რომ Suja-ს იარლიყს არ ჰქონდა სპეციალური ლაქი, რომელიც მას HPP-ის ჰიდრავლიკური წნევისგან დაიცავდა. Whole Foods-ის შეკვეთით დამზადებული პროდუქციის მთელი პარტია ისეთი იარლიყით იყო აღჭურვილი, რომელიც თითის ერთი დაჭერით იკაწრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, Whole Foods-ს არ შეუმჩნევია ეს და პრობლემა ახალ შეკვეთასთან ერთად გადაიჭრა. ლოლესს, რომელმაც წინა გაზაფხულზე თავი დაანება იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას, მშობლებთან ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია თავისი ახალი პროექტის შესახებ, სანამ ბოთლები Whole Foods-ის თაროებზე იდგა. „არ ვაპირებდი მათთვის იმის თქმას, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას წვენის საკეთებლად დავანებე თავი“, – ამბობს ლოლესი.

2012 წლის შემოდგომაზე სამხრეთ კალიფორნიაში Suja-მ 45 მაღაზია გახსნა. ისინი ხშირად მთელ პროდუქციას რამდენიმე დღეში ყიდდნენ. „ხალხს ეს აოგნებდა“, – ამბობს ეთანსი. მას შემდეგ კომპანია Whole Foods-თან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ამჟამად ყოველ კვირას 250 000 ბოთლს უშვებს სასურსათო მაღაზიებისთვის, ასევე Kroger, Costco და Safeway-თვის. გასულ წელს გაყიდული საქონლის დაახლოებით ნახევარი, 7,5 მილიონი დოლარი, გასულ კვარტალზე მოდის. კომპანია ჯერ არ არის მოგებიანი, მაგრამ, მისი განცხადებით, მთლიანი მოგება 40%-დან 50%-მდეა.

ჩერჩმა 10 მილიონი დოლარი, ან მიახლოებით ამდენი, ადგილობრივი ქარხნის მშენებლობაში დააბანდა, რომელიც მალე დაიწყებს დღეში 200 000 ბოთლის წარმოებას; წელსვე, ცოტა მოგვიანებით, ახალი ქარხანა გაიხსნება ფილადელფიაში.

კომპანიის კუთვნილ ორგანულ ფერმებში მოყვანილი ახალი ხილი და ქორფა ბოსტნეული ხაზის ერთ ბოლოში დაწყებული წარმოების პროცესს გადის და სულ რამდენიმე საათის შემდეგ ხაზის მეორე ბოლოში ბოთლებში ჩამოსხმულ წვენად იქცევა. მზარეულები, რომლებიც სწავლას Culinary Institute of America-ში („ამერიკის კულინარული ინსტიტუტი“) გადიან, თითოეულ პარტიას სინჯავენ. ისინი ხშირად თვითონვე წყვეტენ პარტიის წარმოებას გემოსა და სურნელის შესამოწმებლად. ამ თვეში Suja საკუთარ HPP-ის დანადგარს დაამონტაჟებს.

როგორ უნდა გადაიხადონ ამ ყველაფრის საფასური? 2012 წლის მარტში საწარმოს ამუშავებიდან ექვსი თვის შემდეგ, სექტემბრის თვეში, Suja-მ კიდევ ერთი $2,5 მილიონიანი დაფინანსება მიიღო გარე ინვესტორებისგან. გასული წლის ივლისში ბულდერ ბრანდსმა, Smart Balance-ის მესაკუთრემ, უხელმძღვანელა $10-მილიონიან რაუნდს, ხოლო დეკემბერში Suja-მ კიდევ 17,5 მილიონი დოლარი მიიღო Alliance Consumer Growth-გან, ნიუ-იორკის კერძო სააქციო ფირმისგან, რამაც კომპანიის ღირებულება 150 მილიონ დოლარს გაუტოლა. Suja-ს კვარტეტი ამბობს, რომ კომპანიის აქციების 50%-დან 60%-მდე მაინც მათ ხელშია და დაახლოებით ოთხად იყოფა.

Suja აწარმოებს 20 სხვადასხვა ტიპის წვენს. მისი თავდაპირველი Classic-ის მარკის გემო შეიცავს Fuel-ს, რომელიც მზადდება სტაფილოს, ფორთოხლის, ლიმონისა და ყვითელი კოჭასგან; 12 Essential-ის მარკის წვენი კი შედგება ნიახურის, კიტრის, კომბოსტოს, წითელი მხალისა და ჩვეულებრივი კოჭასგან. Elements-ის ცხრა ნაირსახეობას შორის, Whole Foods-თვის ექსკლუზიურად დამზადებული ხაზის სახელწოდებაა – Mango Fuego, ანუ „მანგოს ცეცხლი“ (ვაშლი, ბანანი, მანგო, ბაობაბი, ჭოტა, ჩილი, ლაიმი, კამუ-კამუ, ასევე ამაზონის ტყის ისეთი ხილი, როგორიცაა ალუბალი) და Green Charge (ვაშლი, ანანასი, ბანანი, მანგო, კივი, კომბოსტო, ისპანახი, ჩიის მარცვლები, სელის თესლი და სხვ.). Elements-ის ახალი ხაზის დასამზადებლად ნაკლებად ეგზოტიკური კომპონენტები გამოიყენება და გურმანების უფრო ფართო წრისთვის არის განკუთვნილი; სულ ცოტა ხანში მისი შეძენის შესაძლებლობა გექნებათ Safeway-სა და Costco-ს მაღაზიათა ქსელში.

ამჟამად Suja წარმოადგენს მხოლოდ ცივი წნეხის ტექნოლოგიით დაწურული წვენების დამოუკიდებლად მწარმოებელ მსხვილ კომპანიას. ანალოგიურად აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას მისი ბევრად უფრო დიდი კონკურენტები, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Starbucks-ის Evolution Fresh-ი და Hain Celestials-ის Blue-Print-ი, რომლებიც დაჟინებით უთვალთვალებენ Suja-ს ყოველ ნაბიჯს.

 „ბედნიერი ვიქნებოდი, ჩვენი ფირმა იმ კომპანიების მეოთხედი მაინც რომ იყოს“, – ამბობს ეთანსი.

კომპანიების გაფართოების (და ყიდვა-გაყიდვის) დიდი გამოცდილების მქონე ჩერჩი, როგორც ჩანს, ცოტა სხვანაირად ფიქრობს. ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ Suja-ს გააჩნია პოტენციალი, რომ გახდეს მომავალი Chobani – დამოუკიდებელი საკუთრება – ბერძნული იოგურტის ბრენდი, რომლის გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უნდა შეგახსენოთ, რომ Suja-ს მსგავსად, Chobani-იც Whole Foods-ის მიმწოდებელი იყო, სანამ გასულ წელს მოულოდნელად არ შეწყვიტა ეს საქმიანობა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ Whole Foods-ზე მოდიოდა Chobani-ის საცალო გაყიდვების 0,5%-ზე ნაკლები, მაშინ როცა Suja-ს ბიზნესის 30% მასთან არის გადაჯაჭვული.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *