ქრაუდსორსინგის კაპიტალისტები

ქრაუდსორსინგის კაპიტალისტები

როდესაც ვერაკრუსში, მექსიკაში, ღამის ცაზე ვარსკვლავები ჩნდება , 23 წლის უსიელ ალეხანდრო ლოპესი სახლში ბრუნდება თავის ანდროიდულ სმარტფონზე სათამაშოდ. მისი თითები დასრიალებენ კაშკაშა ფერებით განათებულ ეკრანზე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი თამაში არ არის. ის ინგლისურს სწავლობს Duolingo-ში, სმარტფონების უფასო აპლიკაციაში, რომელიც შეიქმნა ალეხანდროსგან 1700 მილით დაშორებულ ადგილას, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში მდებარე ტექნოლოგიურ სტარტაპში. ლოპესმა უამრავი გაკვეთილი გაიარა ერთი თვის განმავლობაში, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ენის შესასწავლ ათზე მეტ სხვა აპლიკაციაში გაუკეთებია.

Duolingo-ს პროგრამის უკან კომპიუტერული მეცნიერების დარგში მოღვაწე, ბიჭური სახის მქონე 34 წლის Carnegie Mellon-ის უნივერსიტეტის პროფესორი დგას. მას ზოგჯერ ქრაუდსორსინგის მამასაც ეძახიან, რადგან ის ცნობილია მის მიერ შექმნილი პროგრამის CAPTCHA-ს წყალობით, ეს არის ტალღოვანი სიტყვა (თუ სიტყვები). ეს სიტყვა თუ სიტყვები უნდა შეიყვანო პაროლით დაცულ ველში. Google-მა იყიდა მისი კომპანია reCAPTCHA და ყოველგვარი საფასურის გარეშე იყენებს ინტერნეტის მომხმარებელთა შრომას წიგნებიდან ამოღებული ასობით მილიონი სიტყვის ამოსაცნობად, რომლებსაც მისი სკანერები ვერ არჩევენ.

ანალოგიური ქრაუდსორსინგული თვისების გამო, Duolingo ბევრად უფრო მეტ სტაბილურობას ინარჩუნებს ბიზნესში, ვიდრე ისეთი საგანმანათლებლო არაკომერციული ორგანიზაცია, როგორიცაა Khan Academy. როდესაც ამ აპლიკაციის საშუალებით ახალგაზრდა ლოპესი ენის რამდენიმე გაკვეთილს სწავლობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის და შესაძლოა Duolingo-ს კიდევ 30-მდე სხვა მომხმარებელი თავიანთი უნარების სრულყოფას Wikipedia-ს სტილის სარედაქტორო გვერდებზე განსაზღვრული ტექსტების თარგმნით ახორციელებენ. თუ ისინი „The 35 Gayest Moments From Duck Dynasty“ -ის („35 ყველაზე მხიარული მომენტი Duck Dynasty-დან) გარჩევის პროცესში აღმოჩნდებიან, ეს იმის მაუწყებელია, რომ ახალი ამბების ვებგვერდ BuzzFeed-ის სტატიას წასწყდომიან.

2013 წლის შემოდგომაზე BuzzFeed-მა და CNN-მა დაიწყეს Duolingo-თვის ფულის გადახდა, დღეში რამდენიმე ათეულობით სტატიის ესპანურ და სხვა ენებზე თარგმანის შესრულებაში. ვონ ანი და მისი 29 წლის პარტნიორი, სევერინ ჰაკერი (ეს მისი ნამდვილი გვარია, ის ბავარიელია), ამბობენ, რომ სხვა გამომცემლობებთან პარტნიორობა გარდაუვალია. ლოპესის მსგავსი მომხმარებლები დღეში დაახლოებით 600 სტატიას თარგმნიან, მაგრამ მხოლოდ მათი 10%-ია Duolingo-თვის შემოსავლის მომტანი, ამიტომ ჯერ კიდევ ფართო სივრცე არსებობს შემოსავლის გასაზრდელად.

ზოგიერთის მტკიცებით, ასეთი მოდელი არაეთიკურია. „მოსწავლეები ისეთი აბსტრაქტული საფასურის სანაცვლოდ მუშაობენ, როგორიც ცოდნაა“, – ამბობს მაიკლ თომსენი, მრავალენოვანი ტექნოლოგიური მწერალი, რომელმაც Duolingo-თან გახურებული ელექტრონული მიწერ-მოწერა გააბა მას შემდეგ, რაც თომსენმა გამოაქვეყნა ბლოგი იმის შესახებ, თუ რაოდენ ექსპლუატატორული ხასიათი აქვს Duolingo-ს. „ბევრი მსგავსი მომსახურება არსებობს, რომელიც დასაბამს სილიკონის ველიდან იღებს. ისინი ამ იდეალისტური რიტორიკის ნაკადით შემოდიან, მათ სათავეში კი ძირითადად მოგებისა და ზარალის სქემა დგას“.

Duolingo, ისევე როგორც მისი კლიენტი BuzzFeed-ი და Facebook-ის მსგავსი სხვა ინტერნეტკომპანიები, მასშტაბურ ბიზნესში არიან. Duolingo-ს ათობით მილიონი მომხმარებელი ესაჭიროება იმდენივე შემოსავლის მისაღებად, რამდენსაც მასზე უფროსი და ტრადიციული მეტოქე ბევრად ნაკლები რაოდენობის მომხმარებლით ახერხებს. ეს ენის შესწავლის „იაფფასიანი და არაეფექტიანი ვერსიაა“, – ამბობს თომსენი.

ჰაკერი ძლივს იკავებს თავს ამ შენიშვნის მოსმენისას. „უფასო განათლება მართლაც შეცვლის სამყაროს, – ამბობს ის. – თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, მაშინ ყველა სხვა პრობლემებს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს“.

დასაწყისში Duolingo-ს მესვეურებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ეს აპლიკაცია, Khan Academy-ის მსგავსად, არაკომერციული ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ვონ ანი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში ეს ბიზნესი სტაბილური არ იქნებოდა. „იძულებული ხარ დაარწმუნო მილიარდერები, რომ მუდმივად გაფინანსონ“, – ამბობს ის კალიფორნიაში, მაუნტინ-ვიუს სასტუმროში. (Khan Academy-მ 15 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა გეიტსების მსგავსი ფონდებისა და Google-ის საშუალებით.)

Duolingo არა მარტო 500 000 დოლარის ოდენობის ყოველთვიური ხარჯების დაფარვას იმედოვნებს, არამედ წელს პირველი მოგების მიღებასაც ელის. Duolingo, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით 8 მილიონი აქტიური და მზარდი მომხმარებელი ჰყავს, ახლა ყველაზე პოპულარული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა. ის ასწავლის ექვს ენას, ხოლო რუსული, იაპონური და ჩინური პროგრამები შექმნის პროცესშია. სტარტაპი იმოწმებს დამოუკიდებელი კვლევის შედეგებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მის მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ კოლეჯის 34-საათიანი პირველი სემესტრისა და როსეტა-სტოუნის 55-საათიანი ესპანური ენის კურსის ეკვივალენტური ცოდნა.

ეს კომპანია მას შემდეგ დაიბადა, რაც ვონ ანმა თავისი კომპანია reCAPTCHA Google-ს 25 მილიონ დოლარზე მაღალ ფასად მიჰყიდა და უფრო მსხვილი ამოცანების გადაჭრაზე ფიქრი დაიწყო. ჰაკერი ვონ ანის დოქტორანტურის სტუდენტი იყო და სწორედ მის ოფისში, მათი ყოველკვირეული ნახევარსაათიანი შეხვედრებისას, რომლებსაც 2009 წლიდან 2011 წლამდე მიმდინარეობდა, განიხილავდნენ ენასთან დაკავშირებული პროექტის შექმნის საკითხებს. ვონ ანი დაიბადა და გაიზარდა გვატემალაში და საკუთარი გამოცდილებით იცოდა, თუ რამდენად ძვირად ღირებული სიამოვნება იყო ინგლისურის შესწავლა, მაშინ როდესაც ჰაკერი შვეიცარიაში გატარებული ბავშვობისას მომსწრე იყო – ოთხენოვანი სასურსათო ეტიკეტებისა და საგზაო ნიშნებისა. მათ დაიწყეს ფულის მოზიდვა და 18,3 მილიონი დოლარი შეაგროვეს ისეთი ვენჩურული კომპანიებისგან, როგორიცაა Union Square Ventures-ი, ამ საქმეში ასევე ჩაერთო ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კატჩერი.

„მსოფლიოში 1,2 მილიარდი ადამიანი სწავლობს უცხო ენას“, – ამბობს ვონ ანი. დაახლოებით 800 მილიონს სურს ინგლისურის შესწავლა უკეთესი სამუშაოს შოვნის მიზნით და მათ ძალიან აღიზიანებთ ის გარემოება, რომ ბევრი იძულებულია როსეტა სტოუნის პროგრამის ყვითელ ყუთებში 125 დოლარი გადაიხადოს. უფასო ინტერნეტალტერნატივები, როგორიცაა Duolingo, Anki და Memrise-ი უკვე ზეწოლას ახორციელებენ 22-წლიანი სტაჟის მქონე როსეტა სტოუნის პროგრამაზე. ახლა როსეტა სტოუნი ვარაუდობს, რომ ზედიზედ მესამედ წაგებული დარჩება; 2009 წელს აქციების გასაყიდად გამოტანიდან მოყოლებული მისი აქციების ფასი ორჯერ შემცირდა.

BuzzFeed-ის აღმასრულებელი დირექტორი დაო ნგუენი ამბობს, რომ Duolingo-ს ქრაუდსორსინგით, ანუ ინტერნეტის მომხმარებელთა უფასო შრომით შესრულებული თარგმანები კარგია, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ისეთი რამ შეიქმნებოდა, რაც უზრუნველყოფდა მუშაობის გაგრძელებას ტექსტზე, შეცდომების გასწორებასა და სწორი ტექსტის უკან გაშვებას Duolingo-ს ალგორითმის გავარჯიშების მიზნით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თარგმანი ბევრად უფრო იაფი ჯდება ჩვეულებრივი თარგმანის საშუალო ფასთან შედარებით, რაც სიტყვაში 5 ცენტიდან 20 ცენტამდე მერყეობს – ხარისხის შესაბამისად.

კომპანია Duolingo ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს ლათინური ამერიკის მობილურ ოპერატორებთან ახალ სმარტფონებზე ამ აპლიკაციის წინასწარ დაყენების შესახებ; ერთ-ერთი უდიდესი მთარგმნელობითი კომპანია დაინტერესებულია მათთან კონტრაქტის დადებით. „მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები, – ამბობს მარკ ლანკასტერი, SDL-ის დამფუძნებელი, რომლის მთლიანი შემოსავალი 330 მილიონ დოლარს შეადგენს და აღნიშნულ შემოსავალს ფირმა სათარგმნი პროგრამებისა და ადამიანური მომსახურების გაყიდვით იღებს. – თარგმანის უკმარისობის პრობლემა ნამდვილად არ არის“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მთარგმნელობითი მომსახურების პროვაიდერები სათარგმნი მასალების მხოლოდ 00000068%-ის თარგმანის განხორციელებას ახერხებენ ყოველდღიურად. „მთავარია, რამდენად ეფექტიანად იქნება სამუშაო შესრულებული“, – ამბობს ის.

ვონ ანს მსხვილმა კომპანიებმა უკვე შესთავაზეს მისი აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვა და უარიც მიიღეს. მას შემდეგ, რაც Google-მა მისი ბოლო ორი კომპანია შეისყიდა, ის ყველაზე უფრო სავარაუდო მეტოქედ ისახება. ამ აპლიკაციის მყიდველი შეძლებდა აპლიკაციაში ჩაეტვირთა განაცხადი, ან მოთხოვნა Nike-ის, ან Pepsi-ის მიერი თარგმანისა. ვონ ანი თანახმაა ამაზე იმ პირობით, რომ აპლიკაცია კვლავ უფასო იქნება. თუ ეს მას კაპიტალისტად აქცევს, ის ამაზეც თანახმაა: „მე კაპიტალიზმის წინააღმდეგი არ ვარ“.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *