კანდიდატი პროგრესული ხედვით

დავით ასათიანი თითქმის ორი ათეული წელია, კანონის სადარაჯოზე დგას და, როგორც თავად აღნიშნავს, მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, როგორც ასოციაციაში საქმიანობის, ისე დამოუკიდებელ ადვოკატად მუშაობის პერიოდში არასდროს წასულა ამ დარგის არაკეთილმოსურნეებთან კომპრომისზე. Forbes Georgia დაინტერესდა, რა გეგმები აქვს დავით ასათიანს საკუთარი კოლეგების მიერ 9 დეკემბერს ნდობის გამოცხადებისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.  

როგორი იქნება თქვენი პრიორიტეტები ასოციაციაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თავმჯდომარედ არჩევის შემთვევაში? 

ჩემთვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. რადგანაც მე უკვე 18 წელია, პრაქტიკოსი ადვოკატი გახლავართ, შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პირობებში ცხოვრების წესს რადიკალურად შევცვლი. ეს დროისა და ფუნქციების თვალსაზრისით აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში მაყენებს. ეს იყო ჩემი და მთლიანად ჩვენი გუნდის შეგნებული გადაწყვეტილება და არჩევანი, რადგანაც 2005 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ადვოკატთა გაერთიანების გაძლიერებაში, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ინსტიტუციონალურად ფეხზე დაყენებაში. ეს იყო მართლაც რომ უპრეცედენტო ბრძოლა როგორც სახელისუფლებო, ისე სხვა წრეებთან, ვინც ასოციაციის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის წინააღმდეგი იყო. გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი კანდიდატურა დაგვეყენებინა, მე კი არ მჩვევია ბრძოლიდან გასვლა და ბოლომდე ვიბრძოლებ თავისუფალი ადვოკატურის გაძლიერებისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძლიერი იურიდიული პროფესია სჭირდება მართლმსაჯულების სისტემას და ზოგადად სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას საქართველოში.

რა პრინციპებს დაეფუძნება თქვენი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის რანგში საქმიანობა? 

ასოციაციის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, და ასევე დიდი პატივია კოლეგების მხრიდან ნდობის გამოცხადება, თუ, ცხადია, ასე მოხდება. არჩევის შემთვევაში ჩემი საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. მე ვარ და ვიქნები აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ერთიანი ადვოკატურის მხარდამჭერი, ამისათვის ბევრი გაგვიკეთებია მე და ჩემს გუნდს და მომავალშიც ძალებს არ დავიშურებთ, რაც უნდა ზეწოლა და წინააღმდეგობა შეგვხვდეს გზაზე ნებისმიერი ჯგუფების მხრიდან. ამავდროულად მე აუცილებლად ვიქნები ხელისუფლებისა და სხვა გავლენიანი წრეების ოპონენტი იმ საკითხებში, რაც ეხება მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებს, თუმცა მე არასდროს ვიქნები ვინმეს ოპოზიცია და არ ჩავრთავ ასოციაციას რაიმე სახის პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ ვიქნებით სამართლიანი და კრიტიკული ოპონენტები და წერტილი! 

მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ გვერდში ვედგები ყველა იმ ადვოკატს, ვისი უფლებებიც დაირღვევა, ვის შევიწროებასაც ეცდებიან. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ განვითარებული ევროპული და დიდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანა, სადაც ზემოაღნიშნული ფაქტები ვერ წარმოუდგენიათ და ადვოკატებს სრული გარანტია აქვთ იმისა, რომ თავისუფლად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ჩვენ მაინც პოსტსაბჭოთა სისტემიდან გამოსული ქვეყანა ვართ, სადაც სამართალდამცავი და საპოლიციო ორგანოების გავლენა მაღალია. თავმჯდომარეობის შემთხვევაში მე პირადად ვიქნები გარანტი, რომ სადაც კი დაირღვევა და შეიზღუდება ადვოკატის უფლებები, უკიდურეს პრინციპულობასა და სიმკაცრეს გამოვიჩენ. 

გარდა ზემოაღნიშნული პრინციპებისა, ვიტყვი იმასაც, რომ უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ადვოკატის ინსტიტუტის მიმართ ნდობის ამაღლება და ამაზე აქტიური მუშაობა. ეს არასდროს მოხდება, თუ თავად ადვოკატები არ იქნებიან მაღალკვალიფიციურები და პროფესიული ეთიკით აღჭურვილები, ამიტომ აუცილებლად ვიმუშავებთ იმ ეთიკის უმაღლეს ნორმებთან მათი დაქვემდებარებისთვის, რომლებიც თავად ადვოკატთა კორპორაციას გვაქვს დაწესებული. 

როგორი იყო თქვენი ადვოკატად საქმიანობის 18 წელი? რა გამოწვევების წინაშე დამდგარხართ ამ პერიოდის განმავლობაში?

საადვოკატო საქმიანობა 1999 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც სრული მოდერნიზება მოხდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის, შესაბამისად, იმ თაობამ ადვოკატებისა, რომლებიც მანამდე საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდნენ, ფაქტობრივად, ტრანსფორმაცია განიცადა და ქვეყანაში ახალი ადვოკატურის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ჩვენ მაშინ მოსამართლეებთან ერთად აქტიურად ვამკვიდრებდით ახალ პრაქტიკას, მათთან ერთად ვსწავლობდით ახალ კანონმდებლობას და ვარგებდით იმდროინდელ რეალობას. ძალიან საინტერესო წლები იყო და შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და განვითარებაზე ორიენტირებული იყო, თუმცა ამასთანავე გარკვეულმა კორუფციულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა სასამართლოს ფორმირება, მოკლედ, ჩემ თვალწინ გაიარა თანამედროვე საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარების ისტორიამ თავისი შუქჩრდილებით. 

მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 25 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი დიდი კომერციული დავა მანდო ჩემმა უცხოელმა კლიენტმა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადვოკატის სტატუსით სასამართლოში მოვხვდი. ახლაც მიკვირს, როგორ მანდო ჯერ კიდევ ახალბედა და გამოუცდელ ადვოკატს ასეთი მნიშვნელოვანი და იმ დროისთვის ძალიან სოლიდურ თანხად ღირებული საქმე. როდესაც ამ ჩემს გამოცდილებაზე უცხოელ კოლეგებს ვუყვები ხოლმე, მათაც უჭირთ დაჯერება. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, თუ რა გვაკლდა იმ პერიოდში დამწყებ ადვოკატებს. ჩვენ გვაკლდა გამოცდილი კოლეგების რჩევა და მათი მითითებები. ამის დეფიციტის გამო ყველაფრის ათვისება და შესწავლა თავად მოგვიწია. მივიჩნევ, რომ ეს არ იყო სწორი და ახლაც სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სტაჟირების პროექტზე და მენტორ-ადვოკატთა სისტემის დახვეწაზე. 

თქვენ ახსენეთ, რომ დასავლური ღირებულებების დეფიციტი დღემდე შეიმჩნევა საქართველოში და მათი ქართულ პრაქტიკასა და კანონმდებლობაში ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ ამისათვის უცხოელი კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარებაა აუცილებელი. რადგან თქვენ უკვე წლებია, ასოციაციაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას უდგახართ სათავეში, გვითხარით, რა ნაბიჯები გადაიდგა სამართლებრივი მოდერნიზაციისკენ და რას აპირებთ მომავალში? 

მინდა ვთქვა, რომ იმ ბრძოლაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლებისთვის მიმდინარეობდა, ასოციაციის მხრიდან უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს. მათი დახმარების გარეშე ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმატების მაგალითია მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცესა და შუა აზიაში. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. დღეისათვის 15-მდე ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა წერილობითი შეთანხმებების საფუძველზე. ამ ჰარმონიზებული საკონტაქტო ბაზების მეშვეობით საზოგადოებას საშუალება აქვს, მოიძიოს კვალიფიციური და სასურველი ადვოკატი თითოეულ ქვეყანაში. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა როგორც ბიზნესისთვის, ისე ადვოკატებისთვის. ჩვენ შეგნებულად შევარჩიეთ ისეთი ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო ბიზნესურთიერთობები აქვს, ასევე, რომლებთანაც მიმოსვლა მაქსიმალურად თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს ქვეყნებია: თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ჰონკონგი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი და ასე შემდეგ. 

მინდა, თქვენი ყურადღება ბიზნესდავებზე გავამახვილო. ადვოკატთა და მოსამართლეთა კვალიფიკაცია ამ ვიწრო სპეციალიზაციით არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა და ქილიკის საგანი, თქვენ თუ აპირებთ, აქცენტი ამ საკითხზე გააკეთოთ და პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშაოთ? 

ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ, რომ ვიწრო სპეციალიზაციით ადვოკატებს ტრენინგები შევთავაზოთ. ასეთია ზოგადად ევროპული ტენდენცია. ადვოკატი არ შეიძლება იყოს ზოგადი სპეციალიზაციის, ფიზიკურად შეუძლებელია, ყველა მიმართულებას ერთნაირად და საფუძვლიანად ფლობდეს. კომერციული და ბიზნესდავები ერთ- ერთი გამორჩეულად სპეციფიკური მიმართულებებია, ასევე გამორჩეულია სადაზღვევო, სამედიცინო და ეკოლოგიური სამართალი. უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული სამართლის კუთხით აქტიურად ვმონაწილეობთ საკანონმდებლო განხილვებსა და ზოგადად სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვაში. ძალიან ცუდი ტენდენციაა ის, რომ ბიზნესდავები ორი და სამი წლით ჭიანურდება სასამართლოში, რასაც, თავის მხრივ, კატასტროფული შედეგი მოაქვს ბიზნესისთვის, იქნება ეს უცხოური თუ ქართული ინვესტიცია. დღეს მართლმსაჯულება ადეკვატურად ვერ პასუხობს ბიზნესის მოთხოვნებსა და დინამიკას და ეს თავისთავად გამოსასწორებელია. ჩვენ ვიცით, რომ ქართულ სასამართლოს უკვე დაემატა ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულება, რომელიც 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავებს განიხილავს, თუმცა მე პირადად არ ვემხრობი დავის გადაწყვეტის ვადების განსაზღვრას დავის საგნის ღირებულების მიხედვით. ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მართლმსაჯულება ყველასთვის ერთია, შესაბამისად, გაუმართლებლად მიმაჩნია ეგრეთ წოდებული მდიდარი კასტის სასამართლო პროცედურის შექმნა. ამის ნაცვლად მიზანშეწონილად მიმაჩნია ისეთი პალატების შექმნა, რომლებიც საქმეს კონკრეტული კატეგორიების მიხედვით განიხილავენ. როდესაც კომერციულ დავებზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხი. არ შეიძლება, მაგალითად, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, როდესაც გამოყენებული იქნება ყადაღა სახლზე, მიწაზე და სამკვიდრო მიწაზე, ეს დავა ისეთივე წესით და ვადებით განვიხილოთ, როგორითაც, მაგალითად, ბიზნესდავის დროს გამოყენებული ყადაღა. თითო დღის პარალიზებამ შეიძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს ბიზნესს. 

მოდი, ადვოკატის პროფესიას განსხვავებული რაკურსით შევხედოთ და სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ვისაუბროთ. რამდენად გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას?

ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი რეპუტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ჩვენი მთავარი აქტივი ჩვენი რეპუტაციაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ მას. ცხადია, ეს რეპუტაციაა ის, რასაც ჩვენთვის შემოსავლები მოაქვს. საქართველოში მოქმედ ადვოკატთა უმეტესობა ახორციელებს ეგრეთ წოდებულ პრო-ბონო იურიდიულ დახმარებას. მოგეხსენებათ, საქართველო ეკონომიკურად მაღალი კეთილდღეობის ქვეყანა არ გახლავთ. ჩემს გუნდზე თუ ვისაუბრებ, ჩვენი ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი პრო-ბონოა და აქ ასოციაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტი ძალიან მწირია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასოციაციის დამოუკიდებლობისთვის 12 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ მიგვიღია. ის, რასაც დღეს ასოციაცია წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ საწევრო გადასახადებისა და უცხოელი დონორების დახმარებით მოვახერხეთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქველმოქმედო აქტივობები ჩვენს პროფესიაში მისასალმებელი და, ჩემი აზრით, აუცილებელიც კია, რათა საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. 

დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაცია არჩევნები

წინა სტატია

Incomes Of The Georgian Railway Are Declining
04 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Bitfury Group ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ დატაცენტრს ააშენებს
05 დეკემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა