მიმართვა კონგრესს: გადაარჩინეთ ინტერნეტი

მიმართვა კონგრესს: გადაარჩინეთ ინტერნეტი

კონგრესი ატარებს მოსმენებს ობამას ადმინისტრაციის, სხვა მრავალთა შორის, ყველაზე აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების თაობაზე: გადასცეს თუ არა ინტერნეტზე კონტროლი აშშ-მ ჯერ კიდევ დაუდგენელ საერთაშორისო ორგანიზაციას. ღმერთო ჩემო, მემარცხენეები ხომ მაინც უნდა ხედავდნენ ამაში დამღუპველ სისულელეს! როგორც გორდონ გროვიცმა, Wall Street Journal-ში დაწერა: “აშშ-ის უწყვეტი ძალაუფლების ალტერნატივა გახლავთ კონტროლის განხორციელება საერთაშორისო ორგანოს მიერ, რომელშიც ავტორიტარული რეჟიმები დომინირებენ”.

პირველივე დღეებიდან აშშ საგულდაგულოდ მიჯნავდა პოლიტიკასა და თანამედროვეობის ყველაზე ექსტრაორდინარული გამოგონების ფუნქციონირებას.

წლების მანძილზე ავტორიტარული რეჟიმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ეს ძლიერი და ხალხისთვის ძალაუფლების მიმცემი ინსტრუმენტი. ჩინეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს და ასობით ათას ბიუროკრატს ასაქმებს იმისათვის, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ცენზურა დაუწესოს.

თეთრი სახლის ამჟამინდელ ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, ამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვირტუალური კვალი მის საზღვრებს გარეთ და ყველაფერი ის, რაც სხვაგან ხდება, გაეროს უნდა გადაეცეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა ან სხვა დისფუნქციური მრავალეროვნული ორგანიზაციების განკარგულებაში. გადაწყვეტილება იმის შესახებ, ინტერნეტი პუტინის სამყაროს გადაეცეს, არის განუყოფელი ნაწილი იმ აზრისა, რომ ამერიკა არის ცუდი.

იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტის კონკურენტული ქსელები ორიგინალისთვის დამახასიათებელ თავისუფლებას გაიმეორებდნენ, ისინი ძალიან პატარები იქნებოდნენ იმისთვის, რომ მსგავსი მასშტაბი და გავლენა ჰქონდეთ.

კონგრესმა უნდა განაცხადოს უარი ამ მოსმენებზე და მიიღოს კანონი, რომელიც კომერციული დეპარტამენტის ნებისმიერ მსგავს კატასტროფულ გადაწყვეტილებას უმოქმედოდ გამოაცხადებდა.

თუ სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჰარი რეიდი შეეცდებოდა მსგავსი კანონპროექტის დაბლოკვას, სილიკონის ველის დემოკრატებს უნდა გაეხსნათ თავიანთი საბანკო წიგნაკები სენატის კანდიდატებისთვის რესპუბლიკური პარტიიდან. ვინაიდან რეიდმა იცის, თუ რამდენად მოწყვლადია მისი უმრავლესობა, ის კაპიტულირებას მოახდენდა.

საბოლოო ჯამში თეთრი სახლი ისე გააკეთებს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც მისაღებად იყო მომზადებული კანონი, რომელიც ვითომცდა მეკობრეობას ებრძოდა, მაგრამ სინამდვილეში ინტერნეტს მიაყენა ზიანი.

კონგრესმა და პრეზიდენტმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ანტისათავისუფლებო ჰაკერებისა და დიქტატორების მიერ ქსელის დაბინძურებასა და განადგურებას.

დიდი ნახტომი წინ

ამ თვეში გამოქვეყნებული იქნება ეკონომიკის შეფასების ახალი მეთოდი, რომელიც დროთა განმავლობაში მყარ და უდავოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

სტატისტიკას ეწოდება მთლიანი პროდუქცია და ის გამოქვეყნებულია ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ (შედის კომერციულ დეპარტამენტში), რომელიც ასევე აქვეყნებს მშპ-ის მონაცემებს.

რატომ არის მთლიანი პროდუქტის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის ეკონომიკას უფრო ვრცლად და ზუსტად აფასებს. მშპ პროდუქტებისა და მომსახურებების საბოლოო ღირებულებას წარმოადგენს. ის იგნორირებას უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ ყველაფრის გასაკეთებლად გადაიდგმება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ყურადღება მიაქციო რძის შეფუთვას და არ დაინტერესდე, რა გაკეთდა ამ რძის წარმოებისა თუ მისი მაღაზიის თაროზე მოხვედრისთვის.

ამიტომ მშპ გვიჩვენებს ეკონომიკის დამახინჯებულ სურათს. რამდენჯერ წაგვიკითხავს, რომ მოხმარება ეკონომიკის 70%-ია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი “მოთხოვნის სტიმულირება” სამთავრობო ხარჯების გაზრდის საშუალებით?

მშპ-ის გაანგარიშებისას ამბობენ, რომ სამთავრობო ხარჯები ეკონომიკის 20%-ს წარმოადგენს, ინვესტიციები – სულ 13%-ს. (საკვირველია, ითვლება, რომ იმპორტი ეკონომიკისთვის ნეგატიურია და მას მშპ-ის 3% უკავია. (პროტექციონისტებს ეს აბსურდულობა მოსწონთ).

მთლიანი პროდუქცია ითვალისწინებს ყველა შუალედურ ნაბიჯს პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნაში. შედეგები საოცარია: მოხმარება შეადგენს ეკონომიკის 40%-ს და არა 70%-ს; სამთავრობო ხარჯები შემცირდა 9%-ით; და სამეწარმეო ხარჯები 50%-ით გაიზარდა.

ახალი სტატისტიკა ასევე უკეთესად ასახავს ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და ვარდნის ცვალებადობას. 2007-09 წლების კრიზისი იყო უფრო ღრმა, ვიდრე ეს მშპ-ის მონაცემებმა გვიჩვენა, აღდგენა კი ოდნავ უკეთესი.

ცნობილი ეკონომისტი, მარკ სკოუსენი, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ეკონომიკის შეფასების უფრო ზუსტი ზომების შემოღებას და გაწეული შრომისთვის ნობელის პრემია დაიმსახურა (დღევანდელი ეკონომისტების პოლიტიკის გამო მან ის არ მიიღო). სკოუსენმა კარგად იცის, რას ნიშნავს მთლიანი პროდუქცია. Forbes.com-ზე მან დაწერა: “სამომხმარებლო ხარჯები უმეტესწილად კეთილდღეობის შედეგია და არა მიზეზი”.

მთლიანმა პროდუქციამ ინვესტიციებსა და ბიზნესს სწორად გამოუყო მათი სამართლიანად დიდი ადგილები.

მთლიან პროდუქციას თავისი ნაკლი აქვს. ის არ ითვალისწინებს საბითუმო და საცალო დონეზე განხორციელებულ ზოგიერთი სახის გაყიდვებს – იმ მიზეზით, რომელიც მხოლოდ თეოლოგებისათვის შეიძლება იყოს მისაღები, რომლებიც განიხილავენ, თუ რამდენ ანგელოზს შეუძლია ნემსის წვერზე ცეკვა. ის სამთავრობო ხარჯებს, უარყოფითის ნაცვლად, კვლავ დადებითად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მთლიანი პროდუქცია მსოფლიოსთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

ეკონომიკურ დებატებს ახლა უკეთესი ფოკუსი ექნებათ. კეინზიანელები ლაქუცსა და კივილს დაიწყებენ, ვინაიდან მათი მოთხოვნაზე ფოკუსირება აღიქმება, როგორც უაზრო და მცდარი. საბოლოოდ, ჩვენ უფრო კეთილგონიერ საგადასახადო პოლიტიკას მივიღებთ შედეგად.

გაუმარჯოს BEA-ს. ცივილიზაცია მის წინაშე ვალში იქნება. გადაწყვეტილების მიღების დროა.

ფედერალური სარეზერვო სისტემა

რატომ არის ფედერალური სარეზერვო სისტემა ამერიკული პოლიტიკის წმინდა ძროხა?

არა იმიტომ, რომ ის ბრწყინვალედ მუშაობს. მისი ფუნდამენტალური სერიული შეცდომებით 70-იან წლებში, მას შემდგომ, რაც აშშ-მ უარი თქვა ბრეტონ ვუდის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე, ჩვენ მივიღეთ დიდი ინფლაცია და თავგზის ამაბნეველი და შემასუსტებელი სტაგნაციის ათწლეული. 2000 წლების დასაწყისიდან ფედერალური სარეზერვო სისტემა სუსტ დოლარს დაედევნა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ამან უძრავ ქონებაზე ფასების საშინელი ზრდა გამოიწვია. ბენ ბერნანკეს დესტრუქციულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ცნობილია, როგორც რაოდენობრივი შემსუბუქება, დააზიანა საკრედიტო ბაზარი, რამაც არასამართლიანად შეუწყო ხელი ვაშინგტონის მიერ დავალიანებების აღებას (“დეფიციტი ცრემლების გარეშე”) და უფრო რთული გახადა კრედიტების მიღება მცირე და ახალი საწარმოებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან.

ის, რომ 2008-09 წლების კრიზისიდან გამოსვლა ამერიკის ისტორიის უმძიმესი პერიოდი გახდა, გარკვეულწილად, ფედერალური სარეზერვო სისტემის დამსახურებაცაა.

ფედერალური სარეზერვო სისტემა არის ვაშინგტონის ყველაზე გავლენიანი სააგენტო ზედამხედველობის განყოფილებით, რომელიც ჩვენს სპეცსამსახურებსა და აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსაც აქვს. კონგრესს არა აქვს უფლება, გააკონტროლოს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხარჯები. სააგენტო იღებს ოპერაციულ თანხებს არა კონგრესის ასიგნირებით, არამედ თავისი ფასიანი ქაღალდების პროცენტებიდან, რომლებსაც ის ჰაერიდან მიღებული თანხებით ყიდულობს.

დადგა ორი გონიერი ნაბიჯის გადადგმის დრო.

ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტი. არც მთავრობა და არც მთავრობის მიერ შექმნილი სააგენტო არ უნდა იყოს განთავისუფლებული გარე შემოწმებისგან, ვინაიდან მათ მართავენ ადამიანები, რაც, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ ისინი უნაკლოები არ არიან. დემოკრატიაში განსაკუთრებით აღმაშმოთებელია ის, რომ ძლიერი სამთავრობო დაწესებულება ანგარიშგებისგან გათავისუფლებულია. ყოფილ კონგრესმენსა და პრეზიდენტობის კანდიდატს, რონ პოლს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა.

ბრედი-კორნინის კანონპროექტის მიღება. ეს კანონი შექმნის კომისიას, რომელიც შეამოწმებს ფინანსურ პოლიტიკას – იმას, თუ სად იმყოფება ის ამჟამად და სად უნდა მიემართებოდეს. ჩვენ დიდი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ჩანაწერი, რომლის შექმნა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ერთი საუკუნის წინ დაიწყო და დღემდე ახორციელებს. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ძირითადი რეფორმები, მათ შორის, ახალი ოქროს სტანდარტის განხორციელება, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არღვევენ გაბატონებულ საყოველთაოდ მიღებულ აზრს. კონგრესმენებმა, კევინ ბრედიმ (რესპუბლიკელი ტეხასიდან) და სენატორმა, ჯონ კორნინმა (რესპუბლიკელი ტეხასიდან) ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ასეთი კვლევა გატარებულიყო კონგრესის ძირითადი წევრებისა და მცოდნე ადამიანების მიერ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების სკოლების წარმომადგენლები არიან.

ჩვენ ვიმყოფებით საშიშ ჩიხში, საიდანაც გამოსასვლელად ამ ორ ნაბიჯს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მაისის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *