Hennessy-ის ქართული ოდისეა

Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მსოფლიოში კონიაკის წამყვანმა მწარმოებელმა Hennessy-მ დაიწყო. პროექტი აბრეშუმის გზის მარშრუტს იმეორებს და შვიდი ქვეყნის შვიდ ხელოვანს აერთიანებს. ოდისეის ფარგლებში არტისტები კონიაკის წარმოების საიდუმლოს საფრანგეთში გაეცნენ და ამ შთაბეჭდილებებით ხელოვნების შვიდი ნიმუში შექმნეს. თითოეული მათგანი Hennessy X.O.-ს ინდივიდუალური ხედვა და ინტერპრეტაციაა.

აბრეშუმის გზის ოდისეის ერთ-ერთი მთავარ გაჩერებად, რა თქმა უნდა, თბილისიც შეირჩა. Hennessy-ის სახლმა კონიაკის მოყვარულები და ხელოვანები ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, MomaTbilisi-ში, შეკრიბა.

წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ მიწვეული სტუმრები საგამოფენო სივრცეში ინაცვლებენ, სადაც Hennessy-ის ოდისეის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. დამსწრე საზოგადოება პროექტში მონაწილე არტისტების ნამუშევრებს და მათი თვალით დანახულ Hennessy X.O.-საც აფასებს.

კედლებზე ნახავთ თავად Hennessy-ის ბრენდის შექმნის ისტორიასაც, რომელიც 1765 წელს საფრანგეთში იწყება და ჰენესებისა და კონიაკის სპირტების დიდოსტატების, ფილუების, დინასტიას უკავშირდება. ამ ყველაფრის აღქმას კიდევ უფრო აადვილებს თავად კონიაკი Hennessy, რომლის დაგემოვნების საშუალებაც სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში აქვთ.

დღის გმირი ქართველი არტისტი როკო ირემაშვილია, რომელმაც პროექტის ფარგლებში ინსტალაცია „წონასწორობა“ შექმნა. მისი ნამუშევრის პრეზენტაცია საღამოს კულმინაციურ და ყველაზე გასაიდუმლოებულ ნაწილად რჩება, მანამდე კი შეკრებილ საზოგადოებას Maison Hennessy-ს ამბასადორი გიომ დე გიტო მიმართავს.

ჭიქა კონიაკით ხელში ამბასადორი სტუმრებს კონიაკის დაგემოვნებას მასთან ერთად სთავაზობს. შემდეგ კი დეტალურად ჰყვება იმ განსაკუთრებული არომატების შესახებ, რომლებიც ყოველი მომდევნო დეგუსტაციის შემდეგ გემოთა შეგრძნებას ამძაფრებს.

"როგორც ჩანს, იღბლიანები ხართ, რადგანაც Hennessy X.O.-ს ყინულთან ერთად მიირთმევთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ყველა გემო ჩვენ წინაშე გადაშლილი წიგნივით აღქმადი გახდეს. როგორც ხედავთ, Hennessy X.O. გასინჯვისას სასმელი თავიდან უფრო დელიკატურია, თანდათან კი სხვადასხვა არომატის ორომტრიალში ექცევით: დარიჩინი, ცოტა შოკოლადი, ვანილის ნოტები. კარგად ნაცნობი ხილის ტონებიც თავს იჩენს: ფორთოხალი, გარგარი და სხვა არომატები...", – ამბობს ელჩი და სტუმრებს კონიაკის კიდევ ერთხელ დაგემოვნებისკენ მოუწოდებს.

საღამოს კულმინაცია ახლოვდება. დაცვა დარბაზის შესასვლელს ათავისუფლებს და სტუმრები სპეციალურ სივრცეში ინაცვლებენ, სადაც ქართველი როკო ირემაშვილის „წონასწორობა“ უნდა შეაფასონ. რეაქცია არ აყოვნებს, სტუმრები ოვაციებით ხვდებიან ინსტალაციას, რომელიც არტისტმა საკულტო კონიაკის Hennessy X.O.-ს „არომატების პალიტრის“ შვიდი ქვეთავიდან ერთ-ერთს – „უსასრულო ექოს“ – მიუძღვნა.

დარბაზის ცენტრში ორი მამაკაცის ფიგურა დგას, რომელთა გარშემოც წრე იკვრება. როკო ირემაშვილმა ინსტალაციით, ერთი მხრივ, X.O.-ს გამოსახულება გაიმეორა, მეორე მხრივ კი მასში საინტრესო შინაარსი ჩადო:

"ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება წაქცევისკენ მიდრეკილი ორი ადამიანი, ერთმანეთის დამაბალანსებელი იყოს", – ამბობს როკო ირემაშვილი.

მისივე თქმით, მამაკაცების ფიგურები ჰენესისა და ფილუს დინასტიების სიმბოლოს წარმოადგენს. ხოლო წრე, რომელიც ამ ორ სილუეტს აერთიანებს, თაობებში გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემის პირობითი ნიშანია.

როკო ირემაშვილის ნამუშევრის მსგავსად დანარჩენი ექვსი არტისტის ქმნილებაც Hennessy X.O.-ს არომატებიდან ერთ-ერთს ეძღვნება: მწველი ალი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები. ქართველ ხელოვანთან ერთად პროექტში ასევე მონაწილეობენ: ბურჩაკ ბინგოლი (სტამბული, თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (ბაქო, აზერბაიჯანი), ვიაჩესლავ უსეინოვი (ფერგანა, უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ასტანა, ყაზახეთი) და ინ შიუჟენი (პეკინი, ჩინეთი).

რაც შეეხება Hennessy X.O.-ს, სასმელი ამ პროექტისთვის შემთხვევით არ შერჩეულა. ბრენდის მფლობელებმა X.O.(Extra Old), რაც განსაკუთრებულად ძველს ნიშნავს, სიმბოლურად ასევე განსაკუთრებულად ძველი და უმნიშვნელოვანესი მარშრუტის გასაცოცხლებლად გამოიყენეს. Hennessy-ს სახლს მიაჩნია, რომ აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი პროექტი იმ კულტურული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელმაც საუკუნეების წინ სხვადასხვა ეროვნება და ხელოვნება ერთ ისტორიაში მოაქცია.

აბრეშუმის გზის არტისტული თავგადასავლის შედეგების პრეზენტაცია სულ შვიდ ქალაქში გაიმართება და ის აბრეშუმის გზას – პეკინიდან კონიაკამდე – კიდევ რამდენჯერმე გააცოცხლებს.

 

Hennessy აბრეშუმის გზა კონიაკი

წინა სტატია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10
11 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Airport Passenger Flow And Cargo Turnover Increases
08 დეკემბერი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა