კლაუდია ოსვალდი, H&M: “საუკეთესო მოდა საუკეთესო ფასად - ეს არის ჩვენი მიზანი”

ცნობილი ბრენდის - H&M-ის საქართველოში შემოსვლას ხმაური მოჰყვა. ჯერ იყო და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, “გალერია თბილისის” ახალი შენობის თავზე ქართული ასოებით თარგმნილი ბრენდი - ჰ და მ მივიღეთ, რამაც ჯერ ძალიან გაგვახალისა, მერე კი ბრენდის რაობაზე სერიოზულად დაგვაფიქრა: იქნებ ბრენდი მხოლოდ იმიჯია, რომელსაც ჩვენ ხარისხს ვუკავშირებთ? ლოგიკურად - ასეა. მერე იყო H&M-ისთვის დამახასიათებელი რამდენიმედღიანი გახსნა. ხან ფეშენისტა ვერ გავიგეთ, რას ნიშნავდა, ხან გავლენიანი ადამიანების ე.წ. ინფლუენსერების ჩამონათვალზე ვერ შევთანხმდით. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, H&M-ის მაღაზია უკვე თბილისში გვაქვს - არჩევანის გაფართოება კი ტანსაცმლის სეგმენტში (ისე როგორც ნებისმიერ სეგმენტში) ცუდი ნამდვილად არ არის. Forbes Georgia H&M-ის რეგიონალურ დირექტორს კლაუდია ოსვალდს ესაუბრა:

რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ 2017 წელია შესაფერისი დრო საქართველოში მაღაზიის გასახსნელად?

მივხვდით, რომ ჩვენს პროდუქციაზე აქაური მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნა არსებობს.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბაზარზე შემოსასვლელად სწორი დროა. საქართველო უკვე დიდი ხანია, ჩვენი სურვილების ნუსხაშია.

მოთხოვნის გარდა, კიდევ რა აჩვენა საქართველოს ბაზრის კვლევამ: ვინ არიან თქვენი მთავარი კონკურენტები ბაზარზე?

ჩვენ ყოველთვის შევისწავლით, რა ალტერნატივები არსებობს ბაზარზე. კონკურენცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ფართო არჩევანს ვთავაზობთ. უკვე თბილისშიც შეეძლებათ H&M-ი ალტერნატივად განიხილონ. ჩვენი ხარისხის ნიშანია: საუკეთესო მოდა საუკეთესო ფასად.

საუკეთესო ფასს როცა ახსენებთ, შეგიძლიათ გვითხრათ, რა ფასად იყიდება საერთაშორისო ბაზრებზე ზოგადად H&M-ის პროდუქცია და როგორი იქნება მიდგომა საქართველოს შემთხვევაში?

ფასები შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს ქვეყნების მიხედვით. ეს ძირითადად დამოკიდებულია დაბეგვრის რეჟიმზე, საბაჟო მოსაკრებლებზე და ა.შ. თუმცა H&M-ი ყველგან ცდილობს, არ უღალატოს თავის მთავარ პრინციპს, რომელიც ზემოთ ვახსენე.  ამ მხრივ მიდგომა არც საქართველოს შემთხვევაში იქნება გამონაკლისი.

ლარის გაცვლით კურსს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასებზე?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელზე არ აისახოს ამ ტიპის სირთულეები. H&M-ის მთავარი ამოცანაა, მომხმარებელმა დამატებული ღირებულება მიიღოს იმ ფასად, რასაც ის ჩვენს პროდუქციაში იხდის. კურსი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ამან გავლენა არ იქონიოს მომხმარებელზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი მიზანია - საუკეთესო მოდა  საუკეთესო ფასად.

ვინ არის H&M-ის სამიზნე მომხმარებელი?

რა თქმა უნდა, ქალია. 15-დან 50 წლამდე - თუმცა ჩვენთვის ემოციური ასაკი უფრო მნიშვნელოვანია - მთავარი ის კი არ არის, რა გიწერია პასპორტში, მთავარია, რას გრძნობ. ისე კი, ჩვენი მოდა ყველასთვის არის:ბავშვებისთვის, ჩვილებისთვის, კაცებისთვის. თუმცა აქცენტი მაინც ქალზეა.

თქვენ თქვით, რომ თბილისში H&M-ის შემოსვლამ ალტერნატივა გააჩინა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამან უფრო ფართოდ იმოქმედოს ბაზარზე და, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ფასების შემცირებას შეუწყოს ხელი?

ეს არ ვიცი. ჩვენ აქცენტსჩვენს ბრენდზე და მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩვენს სტრატეგიაზე  ვაკეთებთ, თუმცა თუ ეს იქნება ბაზარზე ჩვენი შემოსვლის თანამდევი ეფექტი, ცხადია, ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რა იქნება საუკეთესო ჩვენი მომხმარებლებისთვის და მათთვის, ცხადია, ჯობია, როდესაც საუკეთესო ფასად უფრო ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი.

საქართველოს ბაზრის შემთხვევაში, მხოლოდ ეს ბაზარი გაინტერესებთ, თუ უფრო ფართოდ - სამხრეთ კავკასიის ბაზარი? ინვესტორები საქართველოს ხშირად განიხილავენ, როგორც რეგიონის ბიზნესჰაბს - თქვენი მიდგომაც ასეთია?

გაფართოება H&M-ისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოს ბაზარზე ვკონცენტრირდებით. ძალიან გვიხარია, რომ უკვე ამ ქვეყანაშიც ვართ  წარმოდგენილები.

რა წვლილს შეიტანს H&M-ი საქართველოს ეკონომიკაში?

მხოლოდ დადებითს. ჩვენ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ვქმნით. 80 ადამიანი უკვე დავასაქმეთ და ჩვენი საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, მეტის დაქირავებას შევძლებთ. ეს პირდაპირი გავლენაა. არაპირდაპირ კი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, ამ მაღაზიის მშენებლობაზე, რომელშიც ადგილობრივი კომპანიები იყვნენ ჩართულები, ან თუნდაც მარკეტინგულ აქტივობებზე, სადაც ასევე ადგილობრივ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ.

რა თვისებებს აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას პოტენციურ დასაქმებულებში?

მთავარია, ისინი ჩვენს კულტურას მოერგონ.H&M-ს ძალიან მდიდარი კორპორაციული კულტურა და ღირებულებები აქვს. მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა უნდოდეს, კარიერა ჩვენთან გაიკეთოს. ძალიან მიხარია იმის აღნიშვნა, რომ ასეთ ხალხს ნამდვილად მივაგენით საქართველოში. ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლებით ძალიან ვამაყობთ.

საქართველოზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

უკვე ერთი წელია, რაც ეს ქვეყანა გავიცანი. მიყვარს ის. ამას მთელი გულით ვამბობ. თბილისი ერთი ნახვით შემიყვარდა.

ადვილია აქ ბიზნესის წარმოება?

უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ ადვილია. ჩვენ თავიდანვე საქართველო მოვინიშნეთ, როგორც სტაბილური ეკონომიკური ზრდის ქვეყანა. სწორედ ამიტომ ვართ აქ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც მას კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და კიდევ უფრო მარტივს გახდის აქ ბიზნესის წარმოებას.

სად ხედავთ თქვენს ბიზნესს საქართველოში 5 წლის თავზე?

ჩვენი ამბიციაა, H&M-ის ბრენდი დავამკვიდროთ საქართველოში, როგორც ყველაზე საყვარელი და პოპულარული ბრენდი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას 5 წელი არ დასჭირდება. ამ შედეგს გაცილებით მალე ველოდებით.  

ინტერვიუ ინგლისურად.

H&M კლაუდია ოსვალდი ინტერვიუ

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა
13 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Claudia Oszwald: “Best fashion for the best price in a sustainable way”
13 დეკემბერი, 2017
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა