ქვეყნის მთავარი მომმარაგებელი

ქვეყნის მთავარი მომმარაგებელი

კომპანია “აგრიკომი” საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, ადგილობრივი ბაზრის 30%-ს მარცვლეულით ამარაგებს და რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ხორბლის ტრანზიტს უზრუნველყოფს.

გამიმართლა – მივედი თუ არა, ისიც მოვიდა. სანამ გამოჩნდებოდა, საყვირის ხმა იყო – ნიშანი, რომ პორტში ხორბლით დატვირთული გემი შემოდიოდა. ნავმისადგომში გემის შემოსვლას რა ხიბლიც აქვს, ალბათ ბევრს გიგრძნიათ, მაგრამ ის, რაც მე იქ ვნახე – ნაკლებს. საიდან მოდის “პური ჩვენი არსობისა”? მანამდე – “აგრიკომის” მარცვლეულის ტერმინალში – მე ხორბლის მოსვლა ვნახე.

“აგრიკომი” 2005 წელს შეიქმნა, თუმცა მისი ისტორიის დასაწყისი ეს არ ყოფილა, დღევანდელ კომპანიას წინ სხვა ეტაპი და სხვა გამოწვევები უძღოდა. მსგავსი სახელით, თუმცა განსხვავებული ფორმით 1995 წელს დაარსდა და რამდენიმე წელი სახელმწიფოს დაფინანსებით იარსება, თუმცა წლებთან ერთად დრომ სხვა მოთხოვნილებები გააჩინა და 2005 წლის 14 სექტემბრიდან “აგრიკომის” ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

“ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ, წელს მეთორმეტე დაბადების დღეც ვიზეიმეთ”, – ამბობს “აგრიკომის” დირექტორი, რომელიც სამუშაოდ ჯერ კიდევ ძველ კომპანიაში მივიდა. კარიერულ კიბეზე პირველი ნაბიჯები 1995 წელს გადადგა, როცა გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის პირველი კურსის სტუდენტმა კომპანიაში თარჯიმნად მუშაობა დაიწყო.

პატარა კომპანიაში ბევრი საქმე ყველასთვის ერთი იყო. როცა ხუთმა ადამიანმა ერთ საქმეს მოჰკიდა ხელი, პასუხისმგებლობაც და მოვალეობებიც თანაბრად, თუმცა ჩარჩოების გარეშე გადანაწილდა. მისთვის მუდმივი სწავლის, კომპანიისთვის კი განვითარების ეტაპი ერთდროულად დაიწყო და გამოცდილებაც ასე დაგროვდა. კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების მართვაში აქტიურად ჩართვამ ეტაპებიც შეცვალა და კარიერული წინსვლაც დააჩქარა. უკვე ცხრა წელია, კომპანიას, რომელიც დღეს უკვე ხორბლის ბაზარზე ლიდერია, ქეთი კუბლაშვილი მართავს და ხუთის ნაცვლად ახლა 100 ადამიანის უფროსია. თუმცა, როგორც ჩანს, ყოველდღიურობაში დღესაც ყველა ჩართულია და გადაწყვეტილებების გუნდურად მიღება – უკვე ჩვევაა.

ახალი კომპანიის მთავარი კაპიტალი დამფუძნებლის – კონსტანტინე ოსიპოვის პირადი ინვესტიცია იყო. სხვა ფინანსები სხვა ბანკებში მოიძიეს. მაგრამ მთავარ ფინანსურ პარტნიორს მოგვიანებით შეხვდნენ – ყველაზე გადამწყვეტ დროსა და მომენტში. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომმა “აგრიკომისა” და “საქართველოს ბანკის” გზები ერთმანეთს დააკავშირა.

ქეთი კუბლაშვილი ისხენებს, რომ გადამწყვეტ მომენტში კომპანიამ სესხი ვერ აიღო, ომის დროს სასურსათო უსაფრთხოების მთავარი საგნის, პირველადი მოხმარების პროდუქტის – ხორბლის შემოტანის პრობლემა გაჩნდა. “აგრიკომი” “საქართველოს ბანკამდე” სწორედ ამ პრობლემამ მიიყვანა. ბანკმა პრობლემა გადაჭრა. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და მეტი ურთიერთობა უკვე ყოველდღიურობაა, პარტნიორობა –თანადგომა, თანამშრომლობა, მეგობრობა – “მუდმივად ვგრძნობთ, რომ ჩვენი განვითარება მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენთვის”, – ამბობს ჩემი რესპონდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით “საქართველოს ბანკის”, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო კომპანია “ბუნგეს” პარტნიორობის სიკეთეებზე გვიყვება.

2008 წელს, მას შემდეგ რაც რეგიონში ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთი გახდა, საქართველო, ისევე როგორც შავი ზღვის სხვა ქვეყნები, ამ ბაზარზეა დამოკიდებული. რასაც თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მთავარი პლუსი მანძილი და, როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, მისაღები ფასია, მინუსი – მუდმივი რისკი და არასაიმედოობა – არაერთხელ ჩაკეტილი ბაზარი. ამ რისკებს “აგრიკომის” საერთაშორისო პარტნიორი “ბუნგე” აზღვევს.

“აგრიკომის” ძირითადი მომხმარებელი ათი წისქვილია. კომპანიამ ამ საქმეზე თავად უარი თქვა. მთავარი საქმის კარგად საკეთებლად დროც დაზოგა და ენერგიაც. ფქვილის ფერხულში არ ჩაება და ფინანსურად და პროცედურულად უფრო საინტერესო გზას დაადგა – ხორბლის ტრანზიტს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, არ ჩავრეულიყავით სხვა პროცესებში და ის საქმე გვეკეთებინა, რაც ვიცით, ანუ მოგვემარაგებინა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეზობელი ქვეყნის ბაზარიც “, – ამბობს ჩემი რესპონდენტი და გადაწყვეტილების მიზეზებსა და მთავარ მიზანზე მიყვება, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო და ამბიციურია.

“აგრიკომის” მთავარი აქტივი დღეს ფოთის მარცვლეულის ტერმინალია – დახურული გადმოტვირთვის ელევატორი, რომელიც კომპანიამ 2011 წელს შეიძინა. ხორბლის შესანახი მეურნეობა, ნავმისადგომის მიმდებარე ტერმინალი, რომელიც 40,000 ტონა ხორბალს იტევს. “მისი რეკონსტრუქცია მოვახდინეთ, სამი წელი დაგვჭირდა შედეგის მისაღწევად, და ახლა როგორც სახლში, ისე გვიხარია იქ სტუმრების ჩაყვანა და ჩვენება”, – ამაყობს ქეთი კუბლაშვილი და ხორბლით ვაჭრობისას ყველაზე მთავარი აქტივის მთავარ ღირსებას გვიხსნის.

როგორც ყველაფერს, გემით შემოსული ხორბლის სილოსებში დაბინავებასაც თავის წესები აქვს. ხორბალი გემიდან დახურული სისტემით პირდაპირ სილოსში, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე, ამწეებისა და ციცხვების გამოუყენებლად იტვირთება, ასე ხდება როგორც გემის დაცლა, ისე მისი ჩატვირთვაც, რაც მთავარი ფაქტორია, რადგან “აგრიკომის” მთავარი მიზანი ახლა ტრანზიტია.

 “ჩვენ არა მხოლოდ ხორბლის მიღება და ადგილობრივ ბაზარზე განაწილება შეგვიძლია, არამედ უკვე გვაქვს საშუალება, ტრანზიტულ ქვეყნებს მოვემსახუროთ და ეს ჩვენი მომავლის მთავარი მიზანია”, – ამბობს კომპანიის დირექტორი და იმასაც მიმხელს, რომ მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია და ხელშეკრულებებიც არსებობს, მთავარი ტრანზიტი სომხეთია, სამიზნე რიგში – ყაზახეთი. ხორბალს ციფრებში თუ გადავიყვანთ, სომხეთი წლის განმავლობაში 300-350 ათას ტონას საჭიროებს, შესაბამისად, ეს არის პოტენციალი, რომლის ათვისებაც “აგრიკომს” არ გაუჭირდება.

კომპანია დღეს ორადაა გაყოფილი, “აგრიკომი”, რომელიც ხორბლით ვაჭრობას ახორციელებს და ფოთის ტერმინალი, რომელიც ტრანზიტს უზრუნველყოფს. კომპანია ძირითად ფინანსურ ბრუნვას სწორედ ტრანზიტში ითვლის. ციფრი 100 მილიონს აღწევს, საიდანაც 2 მილიონი – მოგებაა.

“ჩვენ გვაქვს ამბიციაც და პოტენციალიც, რომ სომხეთში ტრანზიტი სრულად ავითვისოთ”, – ამბობს ქეთი კუბლაშვილი, რომელსაც ამ მხრივ საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს, სხვა მრავალ კონკურენტთან და საკმაოდ რთულ ბაზართან გამკლავების გზები კი უკვე კარგად იცის, თანაც როცა საერთაშორისო პარტნიორი “ბუნგე” გაზღვევს, ადგილზე კი ზურგს “საქართველოს ბანკი” გიმაგრებს. ნდობა აქაც ორმხრივია. წარმატებული პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება მარცვლეულის ბიზნესისადმი “საქართველოს ბანკის” სწორმა ხედვამ და დამოკიდებულებამ განაპირობა.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ვასილ ხოდელი, იხსენებს, რომ 2008 წელს, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ბანკმა კომპანიებზე სესხების გაცემა არ შეწყვიტა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მარცვლეულის ბიზნესისთვის ხელშეწყობა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. “’აგრიკომის’ პროექტების დაფინანსებას არ განაპირობებდა ფინანსური სარგებლის მიღება, მას კომპანიის მხრიდან ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის დატვირთვა ჰქონდა”, – ამბობს ვასილ ხოდელი, რომელიც არ უარყოფს, რომ რისკები არსებობდა, თუმცა, ერთი მხრივ, ბანკის ძლიერი გუნდის მიერ სწორად განსაზღვრამ და შეფასებამ, მეორე მხრივ კი “აგრიკომის” ზუსტმა ხედვამ ეს რისკები მინიმუმამდე დაიყვანა და პარტნიორობაც მეტად საიმედო გახდა. “აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მათ შორის ფოთის მარცვლეულის ტერმინალი, რომლის დაფინანსებაც 2011 წელს მოხდა და ამ ეტაპზეც მარცვლეულის ბიზნესში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს”, – ამბობს ვასილ ხოდელი.

Forbes Georgia-ს მკითხველისთვის უცხო არაა, რომ “საქართველოს ბანკი”, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკი, ეკონომიკურად გამართლებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარს არასდროს ამბობს და სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა კომპანიებს წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება. რაც საბოლოო ჯამში მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას ემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *