მონაცემთა ფესტივალი

მონაცემთა ფესტივალი

DataFest Tbilisi კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა. 20-ზე მეტი ქვეყნის 40 სპიკერის მიერ გაძღოლილი სემინარები და ვორკშოპები საერთაშორისო ჰაკათონით დაგვირგვინდა, რომელშიც ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა.

– თქვენი სახელი და გვარი?

– ზაზა აბაშიძე

– ერთი წუთით, აიღეთ ჩურჩხელა და შებრძანდით დარბაზში.

მსგავსი რიტუალი ჩემ გარდა იმ 400-ზე მეტმა ადამიანმაც გაიარა, ვინც 15-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში DataFest Tbilisi-ზე იმყოფებოდა. მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე, ჩურჩხელის მირთმევის პარალელურად, ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე საჭირო ინფორმაციებისა და რჩევების მოსმენა ისეთი კომპანიების წარმომადგენლებისგან შეგეძლო, როგორიცაა CNN-ი, ანდაც Zalando. ცხადია, გასაგებია, რა მასშტაბებზე და პროფესიონალებზეა საუბარი, თანაც იმ პირობებში, როდესაც ქართული საზოგადოება მსგავსი კვალიფიკაციის მქონე სპიკერების მოსმენით ძალიან იშვიათადაა განებივრებული.

სამი დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილი 40 სპიკერი წარდგა, რომლებმაც ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა – მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტილებების მნიშვნელობა, დიდი მონაცემების კომუნიკაციისთვის გამოყენება, მონაცემების მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა დასწავლის მნიშვნელობა და მონაცემებზე მომუშავე სტარტაპები.

ცხადია, ზემოჩამოთვლილი DataFest Tbilisi-ის თემების მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს და ცალკე ნაწილად დავიტოვე ისეთი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვისა და მედიაში მომუშავე პირებისთვის იყო. ასეთი კი არაერთი საკითხი იყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემთა კომუნიკაცია და ვიზუალიზაცია, Data ჟურნალისტიკა, ღია მონაცემებისა და კარგი მმართველობის საკითხები იყო. რა უნდა იყოს მედიამუშაკისთვის იმაზე საინტერესო, ვიდრე CNN-ის რედაქტორის მიერ თანამედროვე გამოწვევებსა და მონაცემთა ჟურნალისტიკის შესახებ საკუთარი კომპანიის მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება? თანაც იმ პირობებში, როდესაც სემინარის პარალელურად, დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე CNN-ს გულმოდგინედ და დაუღალავად ლანძღავდა – ისე, როგორც სჩვევია. 

DataFest Tbilisi-ის კიდევ ერთი ღირსება ის იყო, რომ დამსწრეები მხოლოდ სტატიკური მსმენელის როლში არ იყვნენ და ფესტივალის მეორე დღიდან მათაც მიეცათ საკუთარი თავის საქმეში დატესტვის საშუალება, რაც ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ვორკშოპების საშუალებით განხორციელდა. პირველ დღეს მოსმენილი საინტერესო გამოსვლების შემდეგ მონაწილეებმა უკვე უშუალოდ საქმეში გადაინაცვლეს და საკუთარი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა ვორკშოპსა და ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. სამი დღის განმავლობაში სულ 35 ვორკშოპი გაიმართა და დამსწრეებს საკუთარი ინტერესების მიხედვით შეეძლოთ მათთვის სასურველის არჩევა და პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. სპიკერების მსგავსად, ვორკშოპებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გაუძღვნენ.

პირველი დღისგან განსხვავებით, სადაც ძალიან საინტერესო საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერების გამოცდილებას იზიარებდა მთელი დარბაზი, მეორე დღე მთლიანად ვორკშოპებს დაეთმო.

ამ საგანმანათლებლო ღონისძიებას კიდევ ერთი პლუსი ჰქონდა – არც ერთი დღე არ ჰგავდა წინამორბედს, შესაბამისად, მესამე და საბოლოო დღეც განსხვავებული იყო. განსხვავებულთან ერთად, ცხადია, განვლილი დღეების მსგავსად, საინტერესოც. ვორკშოპებისა და პრაქტიკული სემინარების შემდეგ დამსწრეები კვლავ მსმენელის როლში აღმოჩნდნენ, ოღონდ ამჯერად საერთაშორისო ჰაკათონის – Ministry Of Data-ს ფინალისტების პრეზენტაციებისთვის მოუწიათ თვალყურის მიდევნება. აღნიშნული ჰაკათონის ფინალურ ეტაპში ხუთი ქვეყნის – სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ, საიდანაც სამი გამარჯვებული ფესტივალის ბოლო დღეს, ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი იდეების გაცნობის შემდეგ გამოვლინდა. Datafest Tbilisi-ზე გამართული ფინალური რაუნდის შემდეგ მესამე საპრიზო ადგილი ქართულმა გუნდმა – Dominion-მა დაიკავა, მეორეზე ბელორუსული – blaikit გავიდა, გამაჯვებული კი მეზობელი სომხეთის წარმომადგენლები – გუნდი BlackCode გახდა. $7,500-ის ოდენობის საპრიზო ფონდი, პროპორციულად სწორედ ამ სამ გუნდზე გადანაწილდა.

ასეთ მაჟორულ ნოტზე დასრულდა სამდღიანი „მონაცემთა ფესტივალი”, რომელიც განსახილველი თემების, სპიკერთა კვალიფიკაციისა და დამსწრეთა რაოდენობის მიხედვით სრულიად გამორჩეული იყო. მსმენელთა რიგებში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დიზაინერებსა და დეველოპერებს, დატა-ანალიტიკოსებს, საჯარო სექტორის მაღალჩინოსნებს, მარკეტინგის სპეციალისტებსა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენლებს გადააწყდებოდით, რაც პირველ რიგში DataFest Tbilisi-ის მულტიპროფილურობასა და თემების ფართო არჩევანზე მიუთითებს. 

DataFest Tbilisi 2017 პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის ოფისის, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს, თიბისი ბანკისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა. უშუალო ორგანიზატორები კი „ფორსეტი“ და Digital Communication Network-ი იყვნენ, რომელთა წარმომადგენლებმაც ფესტივალის ჩატარება მომავალ წელსაც დააანონსეს.

შეჯამებისთვის ერთი დიდი აბზაცის დაწერას კიდევ ვაპირებდი, თუმცა სათქმელს მოკლედ გეტყვით – წლევანდელ DataFest-ზე ვინც არ იყავით, ძალიან ბევრი დაკარგეთ, შეცდომის გამოსასწორებლად კი ერთწლიანი ლოდინი მოგიწევთ. ჩემ მსგავსად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსწრეების უდიდესი უმრავლესობა კონფერენციასა და ვორკშოპებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას უკვე შეუდგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი წლის „მონაცემთა ფესტივალს“ უკვე ველოდები, იქამდე კი დროებით დაგემშვიდობებით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *