ამერიკული ოცნების მესიჯი

 “გავერთიანდეთ?”

იმეილის სათაური ისეთივე იყო, როგორიც ყველა სხვა სატყუარა, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე იან კუმის შემომავალ ფოსტაში ხვდებოდა, მას ყოველდღიურად აწუხებდნენ ინვესტორები, რომელთაც მისი კომპანიის, WhatsApp-ის ნაწილი სურდათ. მის დაბადების დღეზე, 2009 წლის 24 თებერვალს შექმნილი WhatsApp-ი პერსპექტიული გლობალური მოვლენა იყო. მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ფოტოების უფასოდ გასაგზავნად მას 90 მილიონი ადამიანი იყენებდა. არც ერთი სოციალური ქსელი არასოდეს გაზრდილა ასე სწრაფად. თავისი მესამე დაბადების დღისთვის Facebook-ს სულ 60 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. იმ დროისთვის WhatsApp-ის მომხმარებლების თითქმის ნახევარი სერვისის გამოყენებას ყოველდღიურად უბრუნდებოდა.

კუმმა იმეილის გამომგზავნი შეამოწმა: მარკ ცუკერბერგი. ეს იყო დასაწყისი. Facebook-ის დამაარსებელი WhatsApp-ს იყენებდა და მისი სადილზე მიწვევა სურდა. კუმი ყოყმანობდა, ბოლოს და ბოლოს მისწერა, რომ სერვერთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად მიემგზავრებოდა. ცუკერბერგმა გამგზავრებამდე შეხვედრა შესთავაზა. კუმმა პასუხი თავის თანადამაარსებელს, ბრაიან ეკტონსა და საწარმოს ერთადერთ დამფინანსებელს, ჯიმ გოეტცს, Sequoia Capital-ის პარტნიორს გადაუმისამართა, თან დაამატა: “რა ჯიუტია!”

დათანხმდი შეხვედრაზე, ურჩია ეკტონმა: “როდესაც მარკის სტატუსის მქონე ადამიანი უშუალოდ გიკავშირდება, შენ უნდა უპასუხო ტელეფონს”. იმ თვეში, მოგვიანებით, სადილი ცუკერბერგთან შედგა გერმანულ საცხობში, Esther’s-ში, რომელიც არჩეულ იქნა მისი დაფარული უკანა ეზოსა და Facebook-ის კამპუსის განლაგების ადგილიდან 20 მილის დაშორების გამო. სადილის დროს ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ის, რაც კუმმა შექმნა და მათი ორი ფირმის გაერთიანების მიმართ თავის ინტერესზე მიანიშნა.

ასე დაიწყო ტექნოლოგიის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი ორწლიანი მოლაპარაკება. სიმპათია მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ კი სიმდიდრის უპრეცედენტო გადაცემაში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნა კანონის დაცვით, სოციალური უზრუნველყოფის იმ ოფისში, სადაც 38 წლის კუმი ერთ დროს დადიოდა. გასულ თვეს Facebook-მა WhatsApp-ი შეისყიდა $4 მილიარდად ნაღდი ფულის სახით, $12 მილიარდად აქციების სახით (კომპანიის 8,5%), პლუს $3 მილიარდად ბლოკირებული (შეზღუდული) აქციების სახით. ამ გარიგებამ ცუკერბერგის, როგორც ტექნოლოგიის სფეროს შემქმნელი ახალი მილიარდერის, რეპუტაცია გაამყარა. კუმი – მორცხვი, მაგრამ ნიჭიერი ინჟინერი, რომელიც აშშ-ში უკრაინიდან სრულიად უპოვარი ჩამოვიდა, Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭოში შევა და გადასახადების გადახდის შემდეგ $6,8 მილიარდს მიიღებს. მის თანადამაარსებელს, მშვიდ, 42 წლის Yahoo-ს ყოფილ ინჟინერს, რომელსაც Twitter-სა და Facebook-ში სამუშაოზე უარი უთხრეს, გადასახადების გადახდის შემდეგ $3 მილიარდი დარჩება. ის ამბობს, რომ ამ გარიგებამ “გაოგნებული” დატოვა. Sequoia Capital-ი, ერთადერთი ვენჩურული ფირმა, რომელმაც ნაწილობრივი მონაწილეობა მიიღო ამ გარიგებაში, $3,5 მილიარდს – 60-ჯერ გაზრდილ მოგებას იღებს თავის $58-მილიონიან ინვესტიციაზე.

ეს ციფრები არანორმალურია კომპანიისთვის მხოლოდ 56 თანამშრომლით და დაახლოებით $20 მილიონი შემოსავლით, მაგრამ Facebook-ისთვის ამას აზრი ჰქონდა. WhatsApp-ი გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მომსახურება იმეილისა და Pitelephone-ის შემდეგ, რომელმაც წელს, მოგვიანებით, ხმოვანი დარეკვა უნდა წარმოადგინოს. მისმა 470 მილიონმა მომხმარებელმა უკვე წაართვა SMS-ებიდან მიღებული $33 მილიარდი შემოსავალი უსადენო პროვაიდერებს, რომლებიც უზომოდ გამდიდრდნენ შეტყობინებებზე საფასურის აღებით. WhatsApp-ი პირველ წელს გადასახადს არ ითხოვს, შემდეგ კი იღებს $1-ს წელიწადში. არანაირი რეკლამები, არანაირი სტიკერები, არანაირი პრემიუმ-განახლებები. მოგვიანებით, განხილვების დროს, ცუკერბერგი WhatsApp-ის დამაარსებლებს, ფულის გაკეთების მიზნით, “ნულოვან ზეწოლას” შეჰპირდა და აღნიშნა: “მე გამიხარდებოდა, თუ თქვენ 4-დან 5 მილიარდამდე ადამიანს დააკავშირებთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში”.

საბოლოო ჯამში, WhatsApp-ს შეეძლო ცუკერბერგისთვის დიდი ფული გაეკეთებინა. თითოეული მომხმარებლის მხარდაჭერა WhatsApp-ს ხუთი ცენტი უჯდება. ის ფულს მომხმარებლებისგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იღებს, მაგალითად აშშ-სა და ბრიტანეთში, სადაც მობილური გადახდები შედარებით უფრო განვითარებულია. WhatsApp-ს მიაჩნია, რომ $1 მილიარდი წლიური შემოსავლის მიღწევა 2017 წლისთვის არის შესაძლებელი, რადგან მომსახურება იზრდება და ტარიფიკაცია თავის ადგილზე დგება. ინსაიდერები ამბობენ, რომ აპლიკაციას ასევე შეუძლია დაიწყოს მომსახურების საფასურის გადახდევინება ავიახაზებისთვის ან ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Uber-ი, WhatsApp-ში შეტყობინებების გაგზავნის უფლებისთვის მომხმარებლის ნებართვის საფუძველზე.

დიდი რისკი, როგორც ყოველთვის, მომხმარებელთა შემდგომ ახალ მომსახურებაზე გადასვლაში მდგომარეობს. სავარაუდოდ, ახლა ეს არ მოხდება. ეკტონი ადასტურებს, რომ WhatsApp-ი არეგისტრირებს მილიონ ახალ მომხმარებელს დღეში, 2013 წლის დეკემბრის შემდეგ. ჰონკონგში ყველა, ვისაც სმარტფონი აქვს, WhatsApp-ს იყენებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თქვენ შეგიძლიათ უყუროთ WhatsApp-ის აკადემიას (ტელევიზიით. ნიდერლანდებში, სადაც 9,5 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის ნახევარზე მეტი) აქტიურად იყენებს მას, “Whatsappen” ჰოლანდიურ ლექსიკონში ახალ ზმნად გადაიქცა და ნიშნავს WhatsApp-ის შეტყობინების გაგზავნას. ბრაზილიის პროფესიონალი ფეხბურთელები, მის ჯგუფური ჩათის ფუნქციას, თამაშების დროს გაფიცვების ორგანიზებისთვის იყენებენ. “როდისმე არც ისე შორეულ მომავალში, – ამბობს გოეტცი Sequoia-დან, – WhatsApp-ი, სავარაუდოდ, დაჩრდილავს მთელ SMS ტრეფიკს მსოფლიოში”.

2012 წელს, სიგიჟის დაწყებამდე, კუმს დრო ჰქონდა, ცუკერბერგთან სადილის შესახებ ეფიქრა. მას და ეკტონს Sequoia-სგან $8 მილიონი ჰქონდათ და დამოუკიდებლობა უნდოდათ, ამიტომ Facebook-ის შემოთავაზებები ქაღალდზე მოცემულ განაცხადებად არასოდეს გადაქცეულა. ამის მაგივრად, ცუკერბერგი და კუმი დამეგობრდნენ და დაახლოებით თვეში ერთხელ ერთმანეთს სადილზე ხვდებოდნენ.

მომდევნო წელს WhatsApp-მა ფოკუსი იმაზე გააკეთა, რომ მისი მომხმარებლების რიცხვი 300 მილიონს გადასცდენოდა. 2013 წლის ივნისში ისე მოხდა, რომ დამაარსებლები შეხვდნენ სუნდარ პიჩაის, რომელიც მეთვალყურეობს Android-სა და Chrome-ს Google-ში. მათ ისაუბრეს, თუ როგორ მოსწონთ სუფთა და მარტივი ციფრული პროდუქტები. ერთხელაც, 2014 წლის დასაწყისში, პიჩაიმ გადაწყვიტა, რომ კუმისა და ეკტონისთვის Google-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ლარი პეიჯთან შეხვედრა სასარგებლო იქნებოდა. ისინი შეხვედრაზე სამშაბათს, 11 თებერვალს შეთანხმდნენ.

წინა პარასკევს WhatsApp-ის თანამშრომელი შემთხვევით შეხვდა Facebook-ის დირექტორს ბიზნესის განვითარების დარგში, ამინ ზუფონუნს და უთხრა მას, რომ კუმი აუცილებლად უნდა შეხვედროდა პეიჯს. ზუფონუნი სასწრაფოდ Facebook-ში დაბრუნდა და ყველა ბერკეტი აამოქმედა შესყიდვის შემოთავაზების დასაჩქარებლად, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში უკვე მზადების პროცესში იყო. გზად მისი სახლისკენ, ორშაბათ საღამოს, ცუკერბერგი კუმს შეხვდა და ბოლოს და ბოლოს წამოაყენა შესყიდვის იდეა, რომელიც WhatsApp-ს დამოუკიდებლობას შეუნარჩუნებდა და რაც მთავარია, კუმს Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აქცევდა. “ეს იყო პარტნიორობა, სადაც მე მას დავეხმარებოდი კომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, – იხსენებს კუმი. – სწორედ ყველა განხილული საკითხის კომბინაცია იყო, რამაც ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გახადა”.

მეორე დღეს კუმი და ეკტონი გაემგზავრნენ Google-ის მაუნტინ-ვიუს შტაბ-ბინაში და შეხვდნენ პეიჯსა და პიჩაის კომპანიის ერთ-ერთ კაშკაშა თეთრ საკონფერენციო დარბაზში. ისინი ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ მობილური სამყაროს და WhatsApp-ის მიზნების შესახებ. “ეს სასიამოვნო საუბარი იყო”, – ამბობ კუმი. “პეიჯი, – ამატებს ის, – ჭკვიანი ბიჭია”.

როდესაც ჰკითხეს, ისეთი შთაბეჭდილება ხომ არ შეექმნა, რომ პეიჯი WhatsApp-ის შეძენით იყო დაინტერესებული, კუმი პაუზას აკეთებს. “არა”, – ამბობს ის. შესაძლოა, ამის შესახებ მინიშნება იყო გაკეთებული? “შეიძლება მე კარგად ვერ ვგებულობ მის მინიშნებებს”.

თუ პეიჯი დაინტერესებული იყო WhatsApp-ის შესყიდვით, როგორც ახლა ზოგიერთი ანგარიში გვიჩვენებს, მისი შეხვედრა შეიძლება მეტისმეტად დაგვიანებული და უსარგებლო იყო. მენლო-პარკში მოვლენები უკვე ამოქმედებული იყო და WhatsApp-ის დამაარსებლები და მათი მრჩევლები ითვლიდნენ, თუ, სავარაუდოდ, რამდენის მოთხოვნა შეეძლოთ გარიგების დასადებად მოლაპარაკებების დროს. კომპანიასთან დაახლოებული ერთი წყარო იტყობინება, რომ WhatsApp-ის დამაარსებლები დამოუკიდებლობით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულები, ვიდრე ფულით. მეორე წყაროს ცნობით, დამაარსებლებს მიაჩნდათ, რომ კომპანია $20 მილიარდიც კი ღირდა – თანხა, რომელიც გამოთვალეს Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაციის ($30 მილიარდი), WhatsApp-ის მომხმარებელთა გლობალური ბაზისა და კომპანიის მონეტარიზაციის სამომავლო გეგმების გათვალისწინებით.

ხუთშაბათს კუმი და ეკტონი, საღამოს 7 საათზე, ცუკერბერგთან სახლში სავახშმოდ მივიდნენ. ეკტონი ცუკერბერგს პირველად შეხვდა. “მე მინდა, რომ ერთ დღეს თქვენი მომხმარებლების რიცხვი ჩვენსაზე მეტად გაიზარდოს, – უთხრა მათ ცუკერბერგმა. – ის, რასაც თქვენ აკეთებთ, გაცილებით უფრო ფართოდ არის გავრცელებული”. ცუკერბერგს უნდოდა, მათ განეგრძოთ იმის კეთება, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ Facebook-ის იურიდიული, ფინანსური და საინჟინრო რესურსების გამოყენებით.

საღამოს 9 საათზე ეკტონი სახლში წავიდა, რათა ახალშექმნილი ოჯახისთვის მიეხედა. კუმმა და ცუკერბერგმა პოკერი ითამაშეს მაღალი ფსონებით. ერთი წყარო აცხადებს, რომ ცუკერბერგი $15 მილიარდისა და მეტის დიაპაზონში გადახდას სთავაზობდა, კუმმა კი უთხრა, რომ ის $20 მილიარდთან უფრო მიახლოებულ თანხას ელოდა. Facebook-ის დამაარსებელმა გარკვეული დრო მოითხოვა. მომდევნო დღეს, პარასკევს, 14 თებერვალს, კუმი და ეკტონი თავიანთ ოფისში, Forbes-ის ფოტოგადაღებისთვის პოზირებდნენ. როდესაც ფოტოგრაფი, საღამოს 6:30-ზე წავიდა, კუმი თავის Porsche-ში ჩაჯდა და ცუკერბერგის სახლთან გაჩერდა კიდევ ერთი შეხვედრისთვის. კუმი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ცუკერბერგს ვალენტინის დღისადმი მიძღვნილი ვახშამი შეაწყვეტინა. “ისე არ მომხდარა, რომ ვახშამი და სანთლები ყოფილიყო და მე კარებში შემოვიჭერი”. იქამდე, ის ცუკერბერგების სახლიდან მიდიოდა მაშინ, როდესაც მარკის ცოლი, პრისცილა ჩანი, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. წახემსებისას კუმი და ცუკერბერგი პარტნიორობის საბოლოო დეტალებს გამოიმუშავებდნენ და Facebook-ის ფარგლებში, WhatsApp-ის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ ამ ორს შორის შეთანხმება ჯერ არ იყო მიღწეული.

ბოლოს და ბოლოს, შაბათ საღამოს, კუმი და ცუკერბერგი სამზარეულოში საუბრიდან სასტუმრო ოთახის დივანზე გადავიდნენ, სანამ ცუკერბერგი $19 მილიარდს და ასევე გარიგების ისეთ პირობებს შესთავაზებდა, როგორიც კუმს მოეწონებოდა. “ამის გაკეთება ჩვენ, სავარაუდოდ, შეგვიძლია”, – უპასუხა კუმმა ცუკერბერგს.

კუმმა დაიცადა, სანამ ცუკერბერგი ოთახიდან გავიდოდა და ეკტონს დაურეკა, რომელიც სახლში იყო, საღამოს 9 საათზე. “მე უბრალოდ მინდა დავაზუსტო, რაიმე გადაწყვეტილება თუ მიიღე”, – ჰკითხა მან მეგობარს და საბოლოოდ შეთანხმებული დეტალები გაუზიარა. “გინდა, რომ წინ წავიდეთ? მე მომწონს მარკი. ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა. მოდი, დავდოთ ეს ხელშეკრულება”, – უპასუხა ეკტონმა. კუმი გავიდა ოთახიდან და ცუკერბერგი მოძებნა. “მე ეს-ესაა ბრაიანს ველაპარაკე, – უთხრა მან, – მას მიაჩნია, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და რომ შენ კარგი ადამიანი ხარ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”. ამ ორმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა და შემდეგ გადაეხვია. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ეს “ძალიან ამაღლვებელი” იყო და Johnnie Walker Blue Label-ის ბოთლი ამოიღო, რომელიც, როგორც იცოდა, კუმის საყვარელი სკოტჩი იყო. თითოეულმა მათგანმა დაურეკა თავის კომერციულ დირექტორს, რათა ისინი მოსულიყვნენ და დაესრულებინათ პროცესი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კუმი სახლში დაბრუნდა თავისი პორშეთი და დაიძინა.

იურისტები და ბანკირები, უიკ-ენდის განმავლობაში, გარიგების დოკუმენტაციას სასწრაფოდ ამზადებდნენ, რათა მისი ხელმოწერა ოთხშაბათ დილისთვის მომხდარიყო, სანამ ყველა ყოველწლიურ Mobile World Congress-ზე (მობილური ინდუსტრიის კონგრესზე) გაიქცეოდა ბარსელონაში. იმის მაგივრად, რომ დოკუმენტებისთვის ხელი WhatsApp-ის შტაბ-ბინაში მოეწერათ, მათ, ჯიმ გოეტცის რჩევით, ორი კვარტალი გაიარეს, მოფეტის ბულვარის ნომერ 101-მდე, სადაც კუმი, ოდესღაც, მოზარდობის ასაკში, სასურსათო ტალონებს იღებდა. მიტოვებული შენობის მთავარ კარზე კუმმა დოკუმენტებს ხელი მოაწერა.

როდესაც ისინი ოფისში დაბრუნდნენ, კუმმა WhatsApp-ის შეტყობინება გაუგზავნა “WhatsApp All”-ს, ჩატის ჯგუფს, ყველა თანამშრომლისთვის და შუადღის 2 საათზე საკონფერენციო დარბაზში პერსონალის საერთო კრებაზე დაიბარა.

“მისმინეთ, რა ხდება, – დაიწყო მან მას შემდეგ, რაც ყველა დარბაზში შეიკრიბა, – ჩვენ ვერთიანდებით Facebook-თან”. კუმმა და ეკტონმა შოკირებული თანამშრომლები დაამშვიდეს, დაჰპირდნენ, რომ მათ არაფერი დაემუქრებოდათ და კვლავ დამოუკიდებლად იმუშავებდნენ. შუადღის 2:30-ზე საკონფერენციო დარბაზის კარი გაიღო და შემოვიდა მარკ ცუკერბერგი. ის სწრაფად გაესაუბრა WhatsApp-ის მცირერიცხოვან პერსონალს და ყველას ხელი ჩამოართვა. ინვესტორებთან საკონფერენციო ზარის შემდეგ კუმი სამუშაოს დაუბრუნდა.

“ჩვენ კვლავ გვაქვს კომპანია, რომელიც უნდა ვმართოთ”, – ამბობს ის მშვიდად.

იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რატომაღმოჩნდა WhatsApp-ი იქ, სადაც დღეს არის, თქვენ მხოლოდ უნდა გაიაროთ ორიოდე კვარტალი მისი შეუმჩნეველი შტაბ-ბინიდან, მაუნტინ-ვიუში, გამოუყენებელ თეთრ შენობამდე, სარკინიგზო ლიანდაგებს იქით, ყოფილ ნორთ-ქაუნტის სოციალური მომსახურების ოფისამდე, სადაც ერთ დროს კუმი სასურსათო ტალონებისთვის რიგში იდგა.

კუმი დაიბადა და გაიზარდა პატარა ქალაქ ფასტოვში, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად. ის იყო ერთადერთი შვილი ოჯახში. დედა დიასახლისი გახლდათ, მამა – საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობის ხელმძღვანელი. ელექტროენერგია და ცხელი წყალი შეზღუდულად ჰქონდათ. მისი მშობლები ტელეფონით იშვიათად საუბრობდნენ, შეიძლება იმის გამოც, რომ მათ სახელმწიფო უსმენდა. ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ კუმს კვლავ ენატრება ის პროვინციული ცხოვრება, რომლითაც ოდესღაც ცხოვრობდა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ის სარეკლამო ხმაურის ასე კატეგორიული წინააღმდეგია.

16 წლის ასაკში, 1992 წელს, კუმმა და მისმა დედამ იმიგრაცია მოახდინეს მაუნტინ-ვიუში, რათა შემაშფოთებელ პოლიტიკურ და ანტისემიტურ გარემოს მოშორებოდნენ. მთავრობის დახმარებით, პატარა, ორსაძინებლიან ბინაში დასახლდნენ. მისმა მამამ, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, ეს ვერ მოახერხა. კუმის დედამ ჩემოდნები კალმებითა და საბჭოთა გამოშვების რვეულებით გაავსო, რათა აშშ-ში სასკოლო ნივთების საფასური არ გადაეხადა. მან ბავშვების მოვლა დაიწყო, ხოლო კუმი სასურსათო მაღაზიაში იატაკს გვიდა, რათა დედას დახმარებოდა, რომ თავი გაეტანათ. როდესაც დედამისს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ისინი მისი ინვალიდობის შემწეობით ცხოვრობდნენ. კუმი ინგლისურად საკმაოდ კარგად საუბრობდა, მაგრამ მას, ამერიკულ საშუალო სკოლებში არსებული მეგობრობის შემთხვევითი, არამყარი ხასიათი არ მოსწონდა; უკრაინაში სწავლა ათი წელი გრძელდებოდა მეგობრების მცირე, უცვლელი ჯგუფით. იქ, ამბობს ის, “თქვენ შეგიძლიათ მართლაც გაიცნოთ პიროვნება”.

კუმი გააგდეს საშუალო სკოლიდან და მას ალტერნატიულ პროგრამაზე დასწრებამ მოუწია, მაგრამ 18 წლისთვის მან თვითონ შეისწავლა კომპიუტერული ქსელების აგება, ყიდულობდა რა სახელმძღვანელოებს ნახმარი წიგნების მაღაზიაში და აბრუნდებდა მათ, როდესაც წაიკითხავდა. ის შეუერთდა ჰაკერების ჯგუფს, სახელად w00w00, Efnet-ის ტრანსლირებადი ინტერნეტჩატის ქსელში, Silicon Graphics-ის სერვერებში შეაღწია და Napster-ის თანადამაარსებელს, შონ ფენინგს ესაუბრებოდა. ის ჩაირიცხა სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტში და უშტატოდ მუშაობდა Ernst & Young-ში უსაფრთხოების ტესტირებაზე. 1997 წელს კუმი ეკტონთან, Yahoo-ს ნომერ 44 თანამშრომელთან, ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა. მათ კომპანიის სარეკლამო სისტემა უნდა შეემოწმებინათ. “გასაგები იყო, რომ ის ცოტათი განსხვავებულია, – იხსენებს ეკტონი. – ის იყო ძალიან სერიოზული, მაგალითად ‘როგორი პოლიტიკა გაქვთ აქ? რას აკეთებთ აქ?’” დანარჩენი ხალხი Ernst & Young-ში იყენებდა ემოციურ ტაქტიკას, როგორიცაა ღვინის ბოთლების ჩუქება. “რა მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს ეკტონი.

აღმოჩნდა, რომ კუმს აგრეთვე ეკტონის სერიოზული სტილი მოეწონა: “არც ერთ ჩვენგანს არა აქვს სისულელეების კეთების უნარი”, – ამბობს კუმი. ექვსი თვის შემდეგ კუმმა Yahoo-ში ინტერვიუ გაიარა და ინფრასტრუქტურის მენეჯერის სამუშაო მიიღო. ის კვლავ სან-ხოსეს უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც Yahoo-ში მისი მუშაობის დაწყვებიდან ორ კვირაში, კომპანიის ერთ-ერთი სერვერი მწყობრიდან გამოვიდა. Yahoo-ს თანადამაარსებელმა, დევიდ ფილომ მას მობილურზე დაურეკა და დახმარება სთხოვა. “მე ლექციაზე ვარ”, – ფრთხილად უპასუხა კუმმა. “რა ჯანდაბას აკეთებ ლექციაზე? – თქვა ფილომ, – სასწრაფოდ მოდი ოფისში”. ფილოს სერვერის ინჟინრების პატარა გუნდი ჰყავდა და მათგან ნებისმიერ საჭირო დახმარებას იღებდა. “მე მაინც არ მიყვარდა სწავლა”, – ამბობს კუმი. მან სწავლას თავი დაანება.

როდესაც კუმის დედა 2000 წელს კიბოსგან გარდაიცვალა, ახალგაზრდა უკრაინელი უცებ მარტო დარჩა. ის აღნიშნავს, რომ ეკტონი მას დაეხმარა და მხარდაჭერა შესთავაზა. “მან თავის სახლში მიმიწვია”, – იხსენებს ის. ისინი თხილამურებით დადიოდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს და ალტიმეიტ ფრისბის.

შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში ეს წყვილი Yahoo-ს მრავალრიცხოვან წარმატებებსა და წარუმატებლობებს აკვირდებოდა. არც ერთ მათგანს არ მოსწონდა რეკლამებთან მუშაობა. “თქვენ ვერავის ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებთ იმით, რომ რეკლამებს უკეთესად აამუშავებთ”, – ამბობს ეკტონი. კუმი თავის LinkedIn-ის პროფილში Yahoo-ში გატარებულ ბოლო სამ წელს ენთუზიაზმის გარეშე აღწერს ამ სიტყვებით: “ვასრულებდი გარკვეულ სამუშაოს”.

2007 წელს მათ დაიწყეს ერთწლიანი დეკომპრესია, გაემგზავრნენ რა სამხრეთ ამერიკაში და კიდევ უფრო ხშირად თამაშობდნენ ფრისბის. Facebook-ში სამუშაოზე ორივეს უარი უთხრეს. კუმი ხარჯავდა თავის $400 000-იან დანაზოგს და დინებას მიჰყვებოდა. შემდეგ, 2009 წლის იანვარში, მან აიფონი შეიძინა და App Store-ის გამოყენება დაიწყო. აქ ახალი დარგი ჩამოყალიბების პროცესში იყო. ის სახლში ეწვია ალექს ფიშმანს, რუს მეგობარს, რომელიც რუსულ დიასპორას თავისთან, დასავლეთ სან-ხოსეში ყოველკვირეულ პიცაზე და საღამოს კინოსეანსებზე პატიჟებდა. ხანდახან 40 ადამიანამდე მოდიოდა. ორივე მათგანი საათების განმავლობაში ფიშმანის სამზარეულოს ბუფეტთან იდგა, ჩაის სვამდა და კუმის აპლიკაციის იდეას განიხილავდა.

“იანი მაჩვენებდა თავის მისამართების წიგნს, – იხსენებს ფიშმანი. – ის ფიქრობდა, რომ მართლაც მაგარი იქნებოდა, თუ ცალკეული სახელების გასწვრივ სტატუსები იდგებოდა”. სტატუსები მიუთითებდა: თქვენ ტელეფონზე საუბრობთ, თქვენი ბატარეა ჯდება, იმყოფებით სპორტულ დარბაზში. კუმს ამ სერვისის ძირითადი ნაწილის შექმნა შეეძლო, მაგრამ მას აიფონისთვის დეველოპერი სჭირებოდა. ამიტომ ფიშმანმა კუმი იგორ სოლომენიკოვს წარუდგინა, დეველოპერს რუსეთიდან, რომელიც მან RentACoder.com-ზე მოძებნა.

კუმმა თითქმის მაშინვე აირჩია სახელწოდება WhatsApp-ი, რადგან ის ჟღერდა, როგორც “What’s up?” (რა ხდება). ერთი კვირის შემდეგ, 2009 წლის 24 თებერვალს, მან WhatsApp-ი კალიფორნიაში დაარეგისტრირა. აპლიკაცია ჯერ დაწერილიც კი არ იყო. კუმი მთელი დღეების განმავლობაში პროგრამულ უზრუნველყოფას წერდა თავისი აპლიკაციის მსოფლიოს ნებისმიერი ტელეფონის ნომერთან სინქრონიზაციისთვის და სწავლობდა ვიკიპედიის ჩანაწერს, სადაც საერთაშორისო კოდური პრეფიქსები იყო ჩამოთვლილი – ის მომაბეზრებელი თვეების განმავლობაში აახლებდა მას ასობით რეგიონალური ნიუანსისთვის.

WhatsApp-ის ადრეული ვერსია მუდმივად შეფერხებებს იძლეოდა ან იჭედებოდა. როდესაც ფიშმანმა ის თავის ტელეფონზე დააყენა, მის სამისამართო წიგნში შეყვანილმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გადმოტვირთა ის. სან-ხოსეს რესტორანში, Tony Roma’s ნეკნების მირთმევისას, ფიშმანი პრობლემებს განიხილავდა, ხოლო კუმი ჩანაწერებს აკეთებდა საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილ ერთ-ერთ რვეულში, რომელიც მან მნიშვნელოვანი პროექტებისთვის შემოინახა. კუმმა თითქმის ხელი ჩაიქნია და ეკტონთან ახალი სამუშაოს მოძებნის აუცილებლობის შესახებ დაიჩივლა. “იდიოტი იქნები, თუ ახლა წახვალ, – თქვა ეკტონმა, – დაიცადე კიდევ რამდენიმე თვე”.

დახმარება Apple-სგან მოვიდა, როდესაც მან, 2009 წლის ივნისში, მოშორებული შეტყობინებები (push notifications) გაუშვა, რითაც აპლიკაციების დეველოპერებს საშუალება მისცა, მომხმარებლები დაეპინგათ, როცა ისინი აპლიკაციას არ იყენებდნენ. იანმა განაახლა WhatsApp-ი ისე, რომ ყოველთვის, როდესაც თქვენ შეცვლიდით თქვენს სტატუსს, – “არ შემიძლია საუბარი, სპორტულ დარბაზში ვარ”, – მას ყველა თქვენს ქსელში დაეპინგა. ფიშმანის რუსმა მეგობრებმა მისი გამოყენება ერთმანეთის დასაპინგად დაიწყეს ისეთი სასაცილო ინდივიდუალური სტატუსებით, როგორიცაა: “მე გვიან გავიღვიძე” ან “გზაში ვარ”.

“რაღაც მომენტში ეს გარკვეულწილად მომენტალურ შეტყობინებებად იქცა, – ამბობს ფიშმანი. – ჩვენ დავიწყეთ მისი გამოყენება, როგორც ‘ჰეი, როგორ ხარ?’ და შემდეგ ვიღაცა პასუხს გაგვცემდა”. იანი სტატუსების ცვლილებას თვალყურს ადევნებდა Mac Mini-ზე თავის ქალაქურ სახლში, სანტა-კლარაში და აცნობიერებდა, რომ მან განუზრახველად შექმნა შეტყობინებების სერვისი. “ის, რომ შეგიძლია მომენტალურად დაუკავშირდე ვინმეს სამყაროს მეორე ნახევარში, ხელსაწყოთი, რომელიც ყოველთვის შენთან არის, ძალიან დამაჯერებელი იყო”, – ამბობს კუმი.

ერთადერთი სხვა უფასო მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი იმ დროს BlackBerry-ს BBM იყო, მაგრამ ის მხოლოდ BlackBerry-ს ხელსაწყოებს შორის მუშაობდა. არსებობდა Google-ის G-Talk-ი და Skype-ი, მაგრამ WhatsApp-ი უნიკალური იყო იმით, რომ მომხმარებლის სახელი (ლოგინი) საკუთარი ტელეფონის ნომერი იყო. 2009 წლის სექტემბერში კუმმა ახალი ვერსია გამოუშვა შეტყობინებების კომპონენტით და ნახა, რომ მისი აქტიური მომხმარებლების რიცხვი უცებ 250 000-მდე გაიზარდა.

მას დახმარება სჭრდებოდა და ის წავიდა ეკტონის სანახავად, რომელიც ჯერ კიდევ დაუსაქმებელი, სხვა სტარტაპის იდეაში მონაწილეობდა, რომელსაც არანაირი მომავალი არ ჰქონდა. ოქტომბერში ეკტონმა ხუთი ექს-Yahoo-ს მეგობარი იპოვა. მათ, პირველადი დაფინანსების სახით, $250 000 დააბანდეს და შედეგად თანადამაარსებლის სტატუსი და წილი მიენიჭათ. ის კომპანიას ოფიციალურად 1 ნოემბერს შეუერთდა. ისინი იაფფასიან Ikea-ს მაგიდებთან მუშაობდნენ, ქვეიჯარით აღებულ, Evernote-ის გადაკეთებულ საწყობში, მაუნტინ-ვიუს ცენტრში. რომ არ გაყინულიყვნენ, საბნები ჰქონდათ შემოხვეული. ოფისს არანაირი აბრა არ ჰქონდა. “მათი მისამართი იყო ‘იპოვეთ Evernote-ის შენობა. შემოუარეთ მას უკანა მხრიდან. იპოვეთ კარი აღნიშვნების გარეშე. დააკაკუნეთ’”, – ამბობს მაიკლ დონაჰიუ, WhatsApp-ის ერთ-ერთი პირველი ინჟინერი BlackBerry-დან, როდესაც თავის პირველ გასაუბრებას იხსენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კუმი და ეკტონი, პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, უფასოდ მუშაობდნენ, დასაწყისში მათი ყველაზე დიდი ხარჯი მომხმარებლებისთვის შესამოწმებელი (სავერიფიკაციო) მოკლე შეტყობინებების გაგზავნა იყო. დამაარსებლებს აპლიკაცია, დროდადრო, უფასოდან “ფასიანზე” გადაჰყავდათ, რათა იმაზე უფრო სწრაფად არ გაზრდილიყვნენ, ვიდრე მათი ხელმომწერებისგან მიღებული შემოსავალი იზრდებოდა. დეკემბერში აიფონისთვის ფოტოების გასაგზავნად WhatsApp-ი განაახლეს და შოკირებულები დარჩნენ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდით $1 საფასურითაც კი. “იცი, მე მგონი ჩვენ მართლაც შეგვიძლია მუდმივად მივიღოთ საფასური”, – უთხრა კუმს ეკტონმა.

2011 წლის დასაწყისისთვის, WhatsApp-ი უშუალოდ ქვეყნების უმრავლესობის App Store-ების ტოპ-ოცეულში (აშშ-ში ის ნელა იკრებდა პოპულარულობას, ულიმიტო მოკლე ტექსტური შეტყობინებების სატარიფო გეგმებისკენ მისი მიდრეკილების გამო) იმყოფებოდა. კუმი და ეკტონი ინვესტორების ყველა მოთხოვნას თავიდან იშორებდნენ. ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებას ეკტონი დოტაციად (სასწრაფო სესხად) თვლიდა, მაგრამ Sequoia-ს პარტნიორი, ჯიმ გოეტცი, თავისი კავშირების მეშვეობით რვა თვის განმავლობაში ცდილობდა რომელიმე დამაარსებელი მიეწვია. ის შეხვდა შეტყობინებების მომსახურების მქონე ათიოდე სხვა კომპანიას, მაგალითად, Pinger-ს, Tango-სა და Baluga, მაგრამ აშკარა იყო, რომ WhatsApp-ი ლიდერობდა და, გოეტცის გასაკვირად, ეს დამწყები კომპანია უკვე კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადებს იხდიდა: “ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, რაც მე მინახავს ჩემი ვენჩურული კარიერის განმავლობაში”. ბოლოს და ბოლოს მან კუმი და ეკტონი შეხვედრაზე დაითანხმა. მათ შეკითხვები დააყარეს და უთხრეს, რომ რეკლამები აკრძალული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ისინი დათანხმდნენ $8 მილიონის აღებაზე Sequoia-სგან 2011 წლის აპრილში, კომპანიის $80 მილიონად შეფასების პირობებში.

ორი თვის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში, როდესაც WhatsApp-ის მომხმარებელთა ბაზა დაახლოებით 220 მილიონ აქტიურ მომხმარებლამდე გაიზარდა, ხოლო მისი პერსონალი – 30-მდე, ეკტონი და კუმი შეთანხმდნენ იმაზე, რომ მეტი ფულის მობილიზების დრო დადგა. “დაზღვევისთვის”, – ამბობს ეკტონი, რომელიც იხსენებს, რომ მისი დედა, რომელიც საკუთარ სატრანსპორტო-ექსპედიტორულ ბიზნესს მართავდა, ხშირად გადასახადების დაფარვის გამო მოსვენებას კარგავდა. “თქვენ არასოდეს არ გინდათ აღმოჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც არ შეგიძლიათ ხელფასების გადახდა”. მათ დაფინანსების მეორე რაუნდის საიუმლოდ ჩატარება გადაწყვიტეს. Sequoia-ს უნდა დაებანდებინა კიდევ $50 მილიონი, რათა გაეზარდა თავისი წილი 25%-მდე, აფასებდა რა WhatsApp-ს $1,5 მილიარდად. იმ დროს ეკტონმა გადაიღო WhatsApp-ის საბანკო ბალანსის სკრინშოტი და გაუგზავნა ის გოეტცს. იქ ნაჩვენები იყო $8,257 მილიონი, რაც კვლავ მეტი იყო, ვიდრე ის ფული, რომელიც მათ წლების წინ მიიღეს.

ახლა ცუკერბერგსა და კუმზეა დამოკიდებული იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა გააკეთონ ისე, რომ WhatsApp-ი ღირდეს ის $19 მილიარდი, რომელიც Facebook-მა ეს-ესაა მასში გადაიხადა. პირველი სვლა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აპლიკაციამ მუშაობა განაგრძოს. გარიგების გამოცხადების შემდეგ შაბათს ხალხი, მთელ მსოფლიოში, WhatsApp-ის სერვერებს მიაწყდა ახალი რეგისტრაციებით. აპლიკაციის მუშაობა ოთხი საათით შეფერხდა. დამაარსებლები ამბობენ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაგრამ ეს შეუფერებელი დრო იყო დამწყები კომპანიისთვის, რომელიც თავისი საიმედოობით ამაყობს. კუმი და ეკტონი შეუფერხებელ მუშაობაზე იმდენად არიან კონცენტრირებული, რომ ნებას არავის რთავენ, ელაპარაკონ WhatsApp-ის სერვერებზე მომუშავე პერსონალს თვეებით ადრე შობამდე, რადგან ისინი შეტყობინებების დიდი ნაკადისთვის ემზადებიან. სტუმრებს ოფისში იშვიათად უშვებენ, ყურადღება რომ არ გაფანტონ. თეთრ დაფაზე ბოლო შეფერხების ან ინციდენტის შემდეგ გასული დღეების რაოდენობაა ნაჩვენები, ისევე, როგორც ქარხანამ შეიძლება აჩვენოს ტრავმებისა და სიკვდილიანობის სია. “თითოეული შეტყობინება იგივეა, რაც თქვენი პირველი შვილი, – ამბობს ეკტონი, რომელიც ახლახან მშობელი გახდა. – ჩვენ ვერასოდეს ვერ გავთიშავთ შეტყობინებას”. ის გვიჩვენებს მისი გარდაცვლილი მამინაცვლის ფოტოს, რომელიც მის ტელეფონზე 2012 წლის აპრილში იქნა გაგზავნილი. “სწორედ ამიტომ მძულს Snapchat-ი”, სადაც ფოტოები და შეტყობინებები ნახვის შემდეგ ქრება.

დოლარები უფრო დიდი რაოდენობით დაიწყებენ შემოსვლას, როგორც კი WhatsApp-ი მობილური კავშირის ოპერატორებთან უმარტივესი საგადასახადო პროცედურების მოგვარებას შეძლებს. კუმს არ უნდა გარისკვა, გადახდის მოთხოვნის რთული სისტემით მომხმარებლებში უკმაყოფილების გამოწვევა და იმის დანახვა, თუ როგორ გაიქცევიან ისინი უფასო კონკურენტებთან. ამჟამად ის იღებს გადასახადს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც საკრედიტო ბარათები ძალზე გავრცელებულია და მობილური გადახდაა განვითარებული. Google-ი ბილინგურ გარიგებებს აფორმებს ოპერატორებთან ანდროიდის ყველა აპლიკაციის სახელით, მაგრამ პროგრესი ნელია: ანდროიდის ოპერატორების ბილინგი ხელმისაწვდომია მხოლოდ 21 ქვეყანაში. სხვა დეველოპერებისთვის, სამწუხაროდ, მობილური გადახდები ჯერ კიდევ არ არის სტანდარტიზებული. კუმი ფიქრობს, რომ ნამდვილი ფულის ნაკადის შემოსვლა 2017 წლისთვის დაიწყება. ამ მომენტისთვის ის გეგმავს, რომ 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავდეს. “ჩვენ ძალიან ვაჩქარებთ მუშაობას მონეტარიზაციისთვის, – ამბობს ნირაჯ არორა, WhatsApp-ის მენეჯერი ბიზნესის განვითარების დარგში. – შემოსავალი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი”. არორას შუამავლობით, დაახლოებით 50 ოპერატორთან პარტნიორობა გაფორმდა ტექსტური შეტყობინებების სატარიფო გეგმებში აპლიკაციის წინასწარ ჩატვირთვაზე. კომპანიამ ასევე არაკომერციული პარტნიორობა გააფორმა Nokia-სთან, არცთუ ძვირად ღირებულ ტელეფონზე, Asha 210-ზე, WhatsApp-ის ღილაკის მოთავსებაზე.

ხალხისთვის სხვა სერვისზე გადასვლაში ხელის შეშლა ნომერ ორ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ხელმომწერების დაკარგვის შიშმა გადაახდევინა ცუკერბერგს ამდენი ფული, რადგან მათ არც ისე ბევრი რამ უშლით ხელს WhatsApp-ის მიტოვებაში. “ბოლო ხუთი წლის განმავლობაში whatsapp-ი ფოკუსირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ “sms-ის, მაგრამ უფასოდ” მიწოდებაზე და მათ დიდი სამუშაო ჩაატარეს. მაგრამ გარკვეულ მომენტში მომხმარებელი წინ წავა”, – ამბობს ტედ ლივინგსტონი, BlackBerry-ს ყოფილი ინჟინერი, რომელმაც შექმნა მოზარდებზე ორიენტირებული, მობილური კომუნიკატორი Kik-ი. “სწორედ ამიტომაა, რომ მე აღვიქვამ WhatsApp-ს ისევე, როგორც BlackBerry-ს. წლების განმავლობაში BlackBerry ფოკუსირებული იყო იმეილზე, მაგრამ როგორც კი მომხმარებლებმა ეს გაიაზრეს, მათ იკითხეს, “რა იქნება შემდეგ?” აიფონმა უპასუხა ამ შეკითხვას და BlackBerry უცებ დავიწყებულ იქნა”.

კუმი ორ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული: რომ WhatsApp-ის უწყვეტი მუშაობა უზრუნველყოს და მომხმარებლებს მის მიტოვებაში ხელი შეუშალოს. თვეში ორ საღამოს ის მიდის წიდაბეტონის შეუმჩნეველ შენობასთან სან-ხოსეში, იღებს სპორტულ ჩანთას და შედის ცუდად განათებულ დარბაზში კრივის კერძო გაკვეთილისთვის დაბალ მწვრთნელთან, საღეჭი რეზინით პირში, რომელიც დგას გადასატან მუსიკალურ ცენტრთან, საიდანაც ხმამაღალი რეპი ისმის. “მას მოსწონს კანიე”, – ამბობს მწვრთნელი და იღიმება. ის მაღლა სწევს მოკრივის ხელთათმანებს. 6 ფუტი სიმაღლის კუმი, ნელ, ძლიერ დარტყმებს ახორციელებს. ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ კუმი დასასვენებლად ჯდება, ხელთათმანებს იძრობს და შეტყობინებებს ამოწმებს. კუმის სტილი ძალზე ფოკუსირებულია, – ამბობს მწვრთნელი. მას, როგორც მოსწავლეების უმრავლესობას, კიკბოქსინგით სერიოზულად გატაცება არ სურს, უბრალოდ სწორი დარტყმის შესწავლა უნდა. იმავეს თქმა შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების გარკვეული სერვისის შესახებ, რომელსაც სურს იყოს იმდენად მარტივი, რამდენადაც შესაძლებელია.

ეს სიმართლეა, – ამბობს კუმი, რომელსაც სახე ასწითლებია. ის თან წინდებსა და ფეხსაცმელს იცვამს. “მე მსურს ვაკეთო ერთი რამ, და ვაკეთო ის კარგად”.

წინა სტატია

გეიმ-ჯემი
18 მაისი, 2014

შემდეგი სტატია

8 ივნისს თბილისი რიგით მეორე "Spotlight"-ს უმასპინძლებს
21 მაისი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა