ეკა გიგაურის 7 წელი... და პროფესიული სტანდარტი

ეკა გიგაურის 7 წელი... და პროფესიული სტანდარტი

17 წელია, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არსებობს – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ეროვნული ბიურო და ადვოკატირებაზე დაფუძნებული, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში. 7 წელია, რაც ეკა გიგაური “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორია. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბური ზრდა და ცვლილებები – წარმატებული პროექტები, ეფექტიანი კვლევები და ანგარიშები; რეგიონული ორგანიზაციების ამუშავება; თანამშრომელთა რაოდენობისა და სადონორო დაფინანსების ზრდა. დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, თბილისის გარდა, ოფისები აქვს ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ისეთი სიტყვების მიღმა კი, როგორიცაა კვლევა ან ადვოკატირება, ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თემები მოიაზრება – კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო, პარლამენტი, ეკონომიკა, მედია, არჩევნები. როგორ შეიცვალა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და როგორ შეიცვალა გამჭვირვალობა საქართველოში? რა შეცვალა კორუფციასთან ბრძოლამ ქვეყანაში და რა შეცვალა ეკა გიგაურმა კორუფციასთან “პირად” ბრძოლაში?

“კორუფციასთან მტრობის“ საჯარო და პირადი ამბები

“ჩემთვის კორუფციასთან ბრძოლა ყველაზე მეტად მაინც საბჭოთა წარსულთან ბრძოლაა”, – ამბობს ეკა გიგაური. იმ წარსულთან, სადაც ქრთამს იხდიდნენ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, საბუთების ასაღებად, საკუთრების დასარეგისტრირებლად; ქრთამავდნენ სამართალდამცველებს, საჯარო მოხელეებს, ექიმებს. და საქართველოში ეს წარსული საბჭოთა კავშირთან ერთად არ დამთავრებულა. კორუფცია ცვლის სახელმწიფო მმართველობას, იქ სადაც კორუფციის დონე დაბალია, არის დემოკრატიული ტიპის მმართველობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, განვითარებული ეკონომიკა და კეთილდღეობა. და კიდევ “კორუფციასთან ბრძოლა არის თანაბარი შესაძლებლობებისთვის ბრძოლა! არ შეიძლება, ადამიანი იჩაგრებოდეს იმის გამო, რომ მას არა აქვს სახსრები, სახელმწიფოსგან საბაზისო სერვისების მისაღებად გადაიხადოს ქრთამი და ამის გამო მას ეზღუდებოდეს ყველა ის უფლება, რასაც კანონი ანიჭებს. ჩემი გაგებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან და ქვეყნის განვითარებასთან, მათ შორის – ეკონომიკურ განვითარებასთან. იმ ქვეყანაში, სადაც კორუფციის დონე დაბალია, იოლია ბიზნესის დაწყება და განვითარება; რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყნებში ინვესტიციებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა. ბევრი ინვესტორი ნიშნავს განვითარებულ ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს”.

კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრისას, ის განსაკუთრებულად აფასებს საზოგადოების, მისი თითოეული წევრის როლს ამ საქმეში – რომ არა ხალხის მხარდაჭერა, თითოეული ადამიანის მონდომება, საქართველო არ იქნებოდა ის ქვეყანა, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში დაამარცხა დაბალი დონის კორუფცია:

“ის მიღწევა, რაც საქართველოს აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური. სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, ყველგან იციან საქართველოს ამ წარმატების შესახებ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნება, თუმცა, პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე გააკეთა საზოგადოებამ. დღეს მოქალაქეების უმრავლესობა აღარ ურიგდება კორუფციას. ამ სენთან გამკლავება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ აქტიურ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოებას და ფეხზე მყარად მდგარ ინსტიტუტებს – მედიას, სასამართლოს, პოლიციას. ამ ყველაფერს გადამწყვეტი როლი აქვს ელიტურ კორუფციასთან ბრძოლაშიც”.

დღეს ქვეყანა კარგად უმკლავდება დაბალი დონის კორუფციას, მაგრამ შესაძლოა უსუსური აღმოჩნდეს დიდი გავლენისა და თანამდებობის მქონე პირების წინაშე. როგორც ეკა გიგაური აღნიშნავს, მაღალი დონის, ე.წ. ელიტური კორუფციის დროს, როცა “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თავიანთი მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ ძალაუფლების, გავლენის, შემოსავლის გასაზრდელად, აუცილებელია გარე კონტროლის მექანიზმები. ამ მექანიზმს მხოლოდ სახელმწიფო არ ქმნის, მას ქმნის საზოგადოება აქტიური მედიისა და მოქალაქეების მეშვეობით.

ეკა გიგაურისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” მოვიდოდა. პირველად საჯარო სამსახურში ჯერ კიდევ 1996 წელს, სტუდენტობისას აღმოჩნდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟიორად. შემდეგ იყო ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი; მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. როგორც ეკა გიგაური ამბობს, სწავლის დამთავრების შემდეგ საჯარო სამსახურში მუშაობას აღარ აპირებდა, რადგან იქ მაშინ არც ხელფასი იყო და არც პროფესიული განვითარების დიდი შესაძლებლობა. ამიტომაც არჩევანი კერძო სექტორზე გააკეთა. ჯერ საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი თბილისში Marriott International-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი იყო.

2004 წელს ეკა გიგაური კვლავ დაუბრუნდა საჯარო სამსახურს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გახდა. ჯერ სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იყო და საგარეო და იურიდიულ საკითხებს კურირებდა, მოგვიანებით კი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაწინაურდა.

“2003 წლის შემდეგ, როდესაც მასშტაბური ანტიკორუფციული რეფორმები დაიწყო, გაცილებით დაბალი ხელფასის მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურში გადავედი. იმ დროს ძალიან ბევრი პროფესიონალი კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში წავიდა. ეს იყო შანსი, დაგვემტკიცებინა, რომ კორუფცია არ არის საქართველოს ცხოვრების წესი და კულტურის ნაწილი. მე ვამაყობ იმ რეფორმებით, რაც მაშინ გავატარე სასაზღვრო სამსახურში. გაჩნდნენ ლამაზად ჩაცმული, მოწესრიგებული მესაზღვრეები, რომლებმაც კარგად იცოდნენ კანონი და ემსახურებოდნენ ხალხს. ეს ნამდვილად ჩემი და ჩემი გუნდის დამსახურება იყო. როდესაც საუბარი დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე და შემფასებელთა მისია ჩამოვიდა ევროკავშირიდან, მათ, ფაქტობრივად, შენიშვნაც კი არ ჰქონიათ ჩვენს რეფორმასთან დაკავშირებით. რაც მაშინ გაკეთდა სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კუთხით, სრულიად აკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტებს”.

კორუფციასთან ბრძოლის გზები და ბალანსი

“ხელისუფლებას, მმართველ ძალას ძლიერი ინსტიტუტები და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება უნდა აბალანსებდეს”, – ამბობს ეკა გიგაური. 2007-08-09 წლებში მედიასივრცე თითქმის დაიხურა განსხვავებული აზრისთვის, ადამიანის უფლებათა კუთხით კი ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეკა გიგაურმა სწორედ ამ ვითარებაში, 2008 წელს თქვა უარი კარიერული ზრდის შესაძლებლობაზე და საკუთარი ნებით დატოვა საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობა, რადგან, როგორც თავად ამბობს, მისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული აზრის დევნა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან შეგუება. სწორედ ამ პოზიციის გამო იქცა ის მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან დევნის სამიზნე.

“ვიყავი იქ, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდებოდა. მერე ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა, დიდი წილი უკავშირდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ამის ნაწილი ნამდვილად არ გავხდებოდი. ამიტომაც გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება. შემეძლო კარიერის გაკეთება, მაგრამ არა პრინციპებზე უარის თქმის სანაცვლოდ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარმა პოზიციამ განაპირობა ის ზეწოლა და მუქარები, რაც ჩემს წინააღმდეგ მაშინ ხორციელდებოდა”.

2010 წელს ეკა გიგაური “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში, სხვებთან ერთად, ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ბევრს მიაღწია საარჩევნო გარემოს დახვეწის პროცესში. როგორც ეკა გიგაური აღნიშნავს, დღეს პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის სტანდარტი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ხელმისაწვდომი გახდა აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შესახებ. აღსანიშნავია მედიაკომპანიების მეწილეებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულების შემოღებაც. 2012 წლის შემდეგ, როცა საუბარი დაიწყო წართმეულ მიწებზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დაზარალებულებს უფასო იურიდიული მომსახურება შესთავაზა. რამდენიმე ათეულ ოჯახს სვანეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში ორგანიზაციის დახმარებით მთლიანად დაუბრუნდა უკანონოდ ჩამორთმეული მიწა.

“დავიწყეთ ძალიან აქტიური საპარლამენტო პროგრამაც. ცოტა ხნის წინ გვქონდა დეპუტატების ბიზნესინტერესების შესახებ რიგით მეხუთე კვლევის პრეზენტაცია. ეს არის ჩვენი ანტიკორუფციული კანონმდებლობის მოთხოვნა – მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თავისი საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ბიზნესინტერესების თაობაზე. ამასთანავე, აქტიურად ვიცავთ ბიზნესმენების ინტერესებს. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე არჩევნებზე დაკვირვება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს. აქტიურად ვმონაწილეობდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ჩვენი ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს ამ პროცესში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პარლამენტის საარჩევნო სისტემის დროული შეცვლა იყო. ეს არ მოხდა და ამიტომაც ვართ კრიტიკულები”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სასამართლო რეფორმის აქტიური ლობისტიცაა. რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თავმჯდომარეობა ჩაიბარა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებაა, გრძელდება მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის კონცეფციაზე, რომელიც სწორედ ელიტური კორუფციის წინააღმდეგ იმუშავებს.

კორუფციის აღქმა და გლობალური მიზნები

“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი დისკრიმინაციული სტერეოტიპი ქალებთან დაკავშირებით”, – ამბობს ეკა გიგაური. თუმცა იქვე ამატებს, რომ ამას ხელი არასდროს შეუშლია მისთვის არც განათლების მიღების და არც მუშაობის პროცესში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა კავკასიის ბიზნესსკოლაში განაგრძო და მაგისტრის ხარისხი ბიზნესადმინისტრირებაში მიიღო; 2007 წელს გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში; 2010 წელს მეორე სამაგისტრო პროგრამა გაიარა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში და სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. წელს სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამაში მონაწილეობდა.

“ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. ყველა სამსახურში მივდიოდი ღია კონკურსის წესით, ასე მოვხვდი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოშიც”. მე დღეს უფრო მეტად ვხედავ ჩემ მიმართ აგრესიას, ვიდრე ოდესმე. ზოგჯერ ამას კამპანიური ხასიათი აქვს. ხანდახან ვფიქრობ, კაცი რომ ვიყო, შეიძლება ამდენი ვერ გაებედათ. ზოგჯერ წარმოუდგენელი აგრესიის შემცველ ტექსტებს ვიღებ პირად მიმოწერაში. რაც ვიცი და რაც მესმის ქალებთან მიმართებით, არის ძალიან სამწუხარო – დღეს მათ ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა უხდებათ წარმატების მისაღწევად, თავის დასამკვიდრებლად, თუნდაც თანაბარი ხელფასის მისაღებად, ამ პრობლემების არსებობაზე მიუთითებს გამოკვლევებიც და სტატისტიკაც. სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს, რომ ქალი უფრო მეტად შემოვიდეს პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში!”

ყოველწლიურად “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამზადებს ორ მსხვილ ანგარიშს – გლობალური კორუფციის ბარომეტრსა და კორუფციის აღქმის ინდექსს. ეს გამოკვლევები ხშირად საფუძვლად ედება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კორუფციისა და საინვესტიციო გარემოს ამსახველ მსოფლიო რეიტინგებს.

“ვერაფერს შევძლებდი, ძალიან მაგარი გუნდი რომ არ მყავდეს; ის არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ. ჩემ გვერდით ყოველთვის დგას პროფესიონალი და მოტივირებული ხალხი. ადამიანები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ საკითხებში შეიძლება ჩემზე კვალიფიციურებიც კი იყვნენ და ფლობდნენ ჩემზე მეტ ინფორმაციას. ჩვენ ვიცით ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ვავსებთ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს მყარი რეპუტაცია და ყველამ იცის, თუ ჩვენი ორგანიზაცია ჩაერთვება საქმეში, ეს ნიშნავს მაქსიმუმის კეთებას. ვარ შეწყალების კომისიის წევრი, ასევე ჩვენი ორგანიზაცია ორი ბიზნესასოციაციის წევრია და ესეც უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესსექტორის ინტერესების თანხვდენა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და ჩვენ გვინდა, რომ ეს სტერეოტიპები დაიმსხვრეს და ერთად ვიმუშაოთ ბიზნესგარემოს გაჯანსაღებაზე”.

რაც შეეხება სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ცდილობს იმ ხალხთან გაატაროს, ვისაც “ყველანაირი ეკა” უყვარს. აფასებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების განსხვავებულ აზრსა და გულწრფელობას. ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით თავისი კოკერ-სპანიელი “პაკო”. მოსწონს მოგზაურობა და ტრადიციული ტურისტული მარშრუტებიდან “ამოვარდნა”. მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მისთვის ვარჯიში და ცურვა ენერგიის წყაროა. უყვარს პარაპლანით ფრენა, თხილამურები მისი გატაცებაა. ბოლო პერიოდში დიდი შთაბეჭდილება მიიღო სტენფორდის ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობისგან, როცა “სილიკონის ველზე” აღმოჩნდა. ამბობს, საინტერესო იყო იმის საკუთარი თვალით ნახვა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანამ ტექნოლოგიები და რა სიკეთე შეიძლება ამან მოიტანოს. აქტიური მეგობრების დამსახურებით ზოგჯერ გამოფენებისა და სპექტაკლების ნახვასაც ახერხებს. წიგნებისთვის კი ძირითადად თვითმფრინავში იცლის, რათა ეს თავისუფალი დრო არ დაკარგოს. პირობა დადო, რომ ერთ “წასვლა-წამოსვლაზე” ერთ წიგნს წაიკითხავდა და ასეც იქცევა. კითხულობს ყველაფერს – მხატვრული ლიტერატურით დაწყებული, სპეციფიკური გამოცემებით დამთავრებული. მაგალითად, ბოლო მგზავრობის დროს წაიკითხა “როგორ მუშაობს გუგლი”.

2015 წელს ეკა გიგაური “საერთაშორისო გამჭვირვალობის” გლობალურმა მოძრაობამ სამ საუკეთესო დირექტორს შორის დაასახელა. ბოლო წლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გლობალური ქსელის ყველაზე აქტიური და წარმატებული ბიუროების ხუთეულში შედის; ჰყავს წარმომადგენელი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამეთვალყურეო საბჭოში. ბევრი ბიურო სწორედ საქართველოს მაგალითისა და პრაქტიკის გამოყენებით მუშაობს.

“დღეს ძირითადად სირთულეს ქმნის “საეჭვო წარმომავლობის” სხვადასხვა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის შესახებ – თურმე ჩვენ ვებრძვით ქართულ ტრადიციებს, რომ ჩვენი დაფინანსება უცნობია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, “მონოპოლია” ამ ქვეყნის სიყვარულზე არავის აქვს. მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და პატივს ვცემ იმ კულტურას, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. რაც შეეხება დაფინანსებას, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დეტალურად გაეცნოს. ყოველთვის, როცა პრობლემას დავინახავთ, ამაზე საჯაროდ ვილაპარაკებთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ერქმევა იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში იქნება და მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ის პირი, ვინც პრობლემურ ან კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის პროფესიული სტანდარტი!”

საქართველოში “ცხელი” შემოდგომა დგას – ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამ არჩევნებისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” ემზადება. ორგანიზაციის ოფისში ახლა ჩვეულებრივზე მეტი ხალხი და მოძრაობაა. საარჩევნოდ მოხალისე-დამკვირვებლებს არჩევენ – არ წყდება სატელეფონო ზარები და გასაუბრებაზე მომსვლელთა რიგი. ეკა გიგაურისთვის კი ეს მორიგი სამუშაო თვეა – ობიექტური შეფასებებით, დაკვირვებით, კვლევით, ანალიზით და მედიასთან ბევრი შეხვედრით. ასეთია ეკა გიგაურის პროფესიული სტანდარტი! ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სტანდარტი!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *