ანტრეპრენიორი

ანტრეპრენიორი

თიბისი ბანკი 25 წლის გახდა. თიბისი ბანკის აქციონერსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თიბისი ჯგუფის ხელმძღვანელს, კომპანია “IDS ბორჯომის” დამფუძნებელს, პარტნიორსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, “შატო მუხრანის” აქციონერს, უძრავი ქონების კომპანია GRDC-ის პრეზიდენტს, “ლისი დეველოპმენტის” დამფუძნებელსა და პრეზიდენტს და “ამერიკული აკადემიის” თანადამფუძნებელსა და თანათავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს, ნამდვილად გასიგრძეგანებული აქვს მსოფლიოს უმაღლესი ლიგის ანტრეპრენიორების მთავარი წესი – დივერსიფიცირება. თუმცა ვერაფერი წაშლის იმ ფაქტს, რომ ამ დივერსიფიცირებულ პორტფოლიოში თიბისი ბანკი პირველია. სამომავლო გეგმები უკვე მიღწეულ მიზნებზე არანაკლებ მასშტაბურია.

თიბისი ბანკი იუბილარია. 25 წლის გახდა. დღეს ის საქართველოში ნომერ პირველი ბანკია, თუმცა გზა, რომელიც ამ ბანკმა და მისმა გუნდმა ამ 25 წლის მანძილზე გამოიარეს, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია, თავისი სწორი თუ მცდარი, დამარცხებებისა თუ გამარჯვებების ნაბიჯებით – თიბისი ბანკის ისტორიაც არის, რომელიც ბანკმა, ყველა შეფასებით, წარმატების ისტორიად აქცია.

25 წლის წინ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თიბისი ბანკთან ერთად ბაზარზე რამდენიმე ასეული მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბაზარი მალევე დატოვა. მოთხოვნა ბუნებრივი იყო: საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მისთვის ყველა საბჭოთა ცენტრალური საბანკო არხი მომენტალურად გადაიკეტა.

ნულიდან დაწყების მთავარ გამოწვევად და მთავარ მიღწევად თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნას ასახელებს. მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში, საბანკო სფეროში გათვითცნობიერებული ფინანსისტები თუ სხვა პროფესიონალები ამ ქვეყანაში სანთლით საძებნელები იყვნენ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია – მათ შორის, თიბისი ბანკის დამსახურებით. “პროფესიონალების გაერთიანება – სამშობლოზე შეყვარებული ხალხის, ვისაც ჰქონდა ჩემთან ერთად იმის მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის გამართული ინსტიტუტი შეექმნა – ასეთი გუნდი არა მხოლოდ შევქმენით, არამედ შევინარჩუნეთ და გავზარდეთ”, – სიამაყით ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გუნდისა და გუნდურობის ფაქტორის ხაზგასმა მისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის. რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არ შეუძლია მხოლოდ ციფრებით ელაპარაკოს ადამიანს, რადგან პირველ რიგში, მასთან ურთიერთობა, მეგობრობა აინტერესებს და შემდეგ -ბიზნესი. ამბობს, რომ დღემდე ამ პრინციპით აკეთებს ბიზნესს: გულწრფელი ურთიერთობების ხარჯზე. ვინც გულწრფელობის სტანდარტს არ ცნობს, მისთვის მამუკა ხაზარაძეს მარტივი პასუხი აქვს – მეორედ ასეთ პარტნიორთან საქმეს აღარასდროს დაიჭერს.

“ჩვენ აღმოვჩნდით იმ დროს, იმ იდეით და იმ ქვეყანაში, სადაც ეს შესაძლებელი იყო”, – ასე აჯამებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე 500 დოლარით დაწყებულ ბიზნესს, რომელიც დღეს უკვე 7000 პროფესიონალს ასაქმებს და სამომავლო გეგმებიც უკვე მიღწეულ მიზნებზე არანაკლებ მასშტაბურია.

თიბისი ბანკის დაბადება და განვითარება და დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება და განვითარება – რა პარალელებს გაავლებდით?

ჩვენ გავიზარდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად. ჩვენი ისტორია არის ზუსტად ის ნაბიჯები, რაც ქვეყანამ განვლო. ჩვენ არც ერთ მოვლენას არ გამოვკლებივართ – სასიხარულო იყო თუ სამწუხარო, პრობლემა თუ წარმატება – ჩვენ ვიყავით ამის ნაწილი. და თუ ქვეყანამ რამეს მიაღწია, მათ შორის, იქიდან გამომდინარეც, რომ ყოველთვის გვეკავა ქვეყნის ფინანსური რესურსების დაახლოებით 30%, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის განვითარებაში ყოველთვის ძალიან დიდი წვლილი შეგვქონდა. დღესაც ასეა.

Fitch-ის ბოლო ანგარიშში საუბარი იყო, რომ საბანკო სექტორი იმაზე სწრაფად ვითარდება და იზრდება, ვიდრე მთელი ქვეყნის ეკონომიკა…

დიახ, ასეა და ასე იყო ყო ველთვის. როცა ქვეყანას რეიტინგი არ ჰქონდა, ჯერ ჩვენ, ბანკს გვანიჭებდნენ რეიტინგს და შემდეგ – ქვეყანას. ერთი მხრივ, შეიძლება კარგია, რომ ჩვენ ვვითარდებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება უფრო სწრაფი რეფორმირება და განვითარება. კონკურენცია მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია და, მე მგონი, მეტი მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ წინ უფრო სწრაფად ვიაროთ.

ზოგადად რომ ვთქვათ, რა არის ბანკის მთავარი იდეა?

როდესაც შენ აკრედიტებ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ შენ გინდა, ასწავლო მას ფინანსური დისციპლინა, დაეხმარო მას საკუთარი ბიზნესის აწყობაში, იდგე მის გვერდით და გაზარდო. ჩვენ გვაქვს ასობით და ათასობით მაგალითი, როდესაც ძალიან მცირე ბიზნესები ძალიან დიდ კორპორაციებად გადაქცეულა და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ვედექით მათ გვერდით.

რა იყო თიბისი ბანკის მთავარი ხედვა?

მარტო ქართველებს უნდა გაგვეკეთებინა ეს ბანკი. ეს ჩემთვის სპორტული ინტერესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბიზნესებში ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი მყავს, მინდოდა, რომ ბანკი – რომელიც, ჩემი შეფასებით, ყველაზე რთულად გასამართი ინსტიტუტია – აგვეწყო 100%-ით ახალგაზრდა ქართველებს. დღესაც ვაგრძელებთ მაღალი კლასის მენეჯერების – ქართველების – ჩამოყვანას უცხოეთიდან. დღესაც თიბისი ბანკში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 29 წელია (როცა დავიწყეთ, 25 წელი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი არ ბერდება.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებში არის ენერგია. ხალასი ძალაა, სურვილი აქვთ, რაღაც შეცვალონ. შეარყიონ გაბატონებული სტერეოტიპები. მე ამის მომხრე ვარ: საქმე არ უნდა ჩერდებოდეს. არ ვარგა განცდა, რომ სადგურში მივედით და ახლა შეგვიძლია, დავისვენოთ. ეს არ უნდა გავიფიქროთ. არასდროს.

იცვლება ის მოთხოვნები, რასაც დასაქმებულს უყენებთ?

იცვლება. ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვცვლით, არამედ იმიტომ, რომ ბაზარი უფრო მკაცრი გახდა. მეტია კონკურენცია – არა მხოლოდ შიგნით, გარეთაც. ჩვენ FTSE 250-ის წევრი ვართ. ეს ნიშნავს, რომ ვთამაშობთ იმავე მოედანზე, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს 250 ყველაზე მსხვილი კომპანია, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული. ისინი ჩვენი კონკურენტები არიან. თითქმის ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორი და, შესაბამისად, დასაქმებულებისგანაც პროფესიონალიზმის უფრო მაღალ ხარისხს ვითხოვთ. მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი გუნდი არა მხოლოდ აქ, ჩვენს ქვეყანაშია კონკურენტული, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც არ დაკარგავს კონკურენტულობას. წელს კიდევ ერთხელ ავიღეთ ჯილდო მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტბანკისთვის. ეს ყველაფერი – აპლიკაციები, დიზაინი თუ ფუნქციონალი შექმნილია ქართველებისა და ჩვენი ბანკის თანამშრომლების მიერ. გესმით ხომ, რამხელა ინტელექტუალური ძალაა აქ თავმოყრილი?

რა არ იცვლება?

ეს არის ერთი რამ – გამჭვირვალობა ბანკში. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე ინსტიტუტი. ჩვენ ვიყავით ჯგუფი, რომელმაც 1993 წელს პირველმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩვენი ბიზნესი მხოლოდ თეთრი ბიზნესია. ეს იყო იმ დროისთვის გასაოცარი განცხადება, რადგან ამის თქმა არათუ თავში ვინმეს მოუვიდოდა, არამედ ეს ნიშნავდა, პრაქტიკულად, უარის თქმას ძალიან ბევრ ბიზნესმიმართულებაზე: ბიზნესის თითქმის 80%-ს მაშინ ტყუილის გარეშე ვერ აწარმოებდი. ამის ბევრი მიზეზი იყო: საგადასახადო სისტემა არ ვარგოდა, ამას ემატებოდა ბიუროკრატიული აპარატის საკმაოდ დიდი წნეხი, კრიმინალური დაჯგუფებები და ა.შ. ჩვენ რაც შეგ ვეხება, დღემდე ვართ ძალიან გამჭვირვალე ორგანიზაცია. ვამაყობთ ჩვენი დემოკრატიული მიდგომებით: ჩვენთან არ არსებობს ერთმანეთთან მიმართვა ბატონობით; ჩვენი შიდა დიზაინი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და საქართველოში ეს ჩვენი ინოვაციაა, როცა კლიენტით დაწყებული, ნებისმიერი თანამშრომლით დასრულებული, ყველას შეუძლია დაინახოს, მე როგორ ვმუშაობ და სხვა როგორ მუშაობს. ბარიერები მაქსიმალურად მოხსნილი გვაქვს. ერთადერთი, რაშიც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ეს ინტელექტუალური შეჯიბრია – თუ გაქვს ინტელექტი და უნარი, წინ წაიწიო, ეს ასეც მოხდება და ხელს ვერავინ შეგიშლის. ნეპოტიზმი აქ არ არსებობს. ასეთი მიდგომები ნამდვილად არ შეცვლილა ამ 25 წლის განმავლობაში.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟამდე და მასზე გასვლის შემდეგ – ორი სხვადასხვა ინსტიტუტია?

საფონდო ბირჟაზე გასვლით ფუნდამენტი არ შეცვლილა, რადგან თუ საფუძველი აშენებული არ არის, ძალიან ძნელია მასზე რამის დაშენება. “არ გათეთრდების ყორანი”… ჩვენი ფილოსოფია არ შეცვლილა, მაგრამ ვისწავლეთ ახალი რეგულაციები, რომლებითაც ბირჟა და მასში შემავალი კომპანიები იმართება. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ჩვენთვის – მხოლოდ ტექნიკურად, რადგან გამჭვირვალობა და სხვა მთავარი პრინციპები ისედაც ბიზნესფილოსოფიის უცვლელი ნაწილია. რა თქმა უნდა, გაიზარდა პასუხისმგებლობა: კონკურენცია გვიწევს არა მხოლოდ ლოკალურად, გლობალურადაც.

გუნდი მზად იყო ასეთი კონკურენციისთვის?

თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ შინაგანად გვინდა, სიმაღლეები დავიპყროთ და სულ წინ ვიაროთ, ამის მზაობა იყო – არ დაგვჭირვებია გუნდის გადამზადება, რომ აი, ახლა უნდა წავიდეთ დიდ ნაოსნობაში და ხართ თუ არა მზად – ყვე ლა მზად იყო. შინაგანი განწყობით, პროფესიონალური თვალსაზრისით ყველა მზად იყო. რამდენიმე ადამიანი დავიმატეთ, რომლებსაც უცხოეთში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ – ქართველები დავაბრუნეთ საქართველოში და ამ გუნდით ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი 7 ათასი თანამშრომელი დღეს მსოფლიო სტანდარტით მუშაობს. ეს ხალხი სადაც უნდა ჩასვათ, ევროპის რომელ ქვეყანაშიც, ისინი ზუსტად ისე იმუშავებენ იქაც, როგორც აქ მუშაობენ. მათ გადაწყობა არ დასჭირდებათ, რადგან ჩვენ აქ, თიბისი ბანკში, ზუსტად იმ პრინციპით და იმ რეგულაციებით ვმუშაობთ, როგორითაც მსოფლიოს ნებისმიერი ბანკი ხელმძღვანელობს. მე ამ გუნდის იმდენად მჯერა, რომ დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეშიც არანაკლებ წარმატებას მიაღწევდნენ.

ლონდონის საფონდო ბირჟა ვახსენეთ, საქართველოს ბირჟას რა სჭირს, რატომ ვერ განვითარდა ამდენი ხნის მანძილზე?

მინდა, ცოტა კატეგორიული ვიყო: მე ვფიქრობ, აქ არის მენეჯმენტის პრობლემა. არც საპენსიო რეფორმა განხორციელებულა.

ასეთი პირდაპირი კავშირია საპენსიო რეფორმასა და ბირჟის განვითარებას შორის?

როცა არ არსებობს ქვეყანაში გრძელი ფული, შიდა რესურსი, მაშინ ბირჟა ვერაფრით ვერ განვითარდება. ჩვენთან არსებობს მხოლოდ საკრედიტო რესურსი, ძალიან ცოტაა კაპიტალში დასაბანდებელი ფული, არ არსებობს ვენჩურ-კაპიტალი, არ არსებობს ფონდები, მაშინ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? თან პატარა ქვეყანა ვართ – არ არსებობს ნავთობის წარმოება, რომ შემოსავალი უგროვდებოდეთ კომპანიებს და მერე ეძებდნენ, სად დააბანდონ. ერთადერთი ალტერნატივა რჩება: უნდა ამოქაჩო ეკონომიკა ყველას დანაზოგით. ბირჟის და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარება არ ხდება ერთ დღეში. მის განვითარებას დრო სჭირდება. ჩვენ რომ ადრე დაგვეწყო, უფრო მცირე მასშტაბით, დღეს ის შეცდომები, რომლებიც წინ გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად დავუშვებთ, უკვე დაშვებული გვექნებოდა. შეიძლება ხუთი წლის წინ ბაზარი მოცულობით პატარა ყოფილიყო, მაგრამ მოდელი სწორად გვექნებოდა აგებული. დღეს ჩვენ ვიწყებთ ნულიდან და იმისთვის, რომ მოდელი სწორად ავაწყოთ, სამიდან ხუთ წლამდე დაგვჭირდება

რა მნიშვნელობა აქვს ბირჟაზე აქციების გატანას?

საქართველოში სამი კომპანიაა, რომლებიც საერთაშორისო საფონდო ბირჟაზეა – არც ერთ ჩვენს მე ზობელ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ჩვენ თუ კომპანიების გატანას გავაგრძელებთ  ლონდონის ან ნებისმიერ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება იმიჯი, რომ აქ საერთაშორისო კაპიტალის დაბანდება შესაძლებელია. თიბისი ბანკმა 500 მილიონი დოლარი მოიზიდა, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიტანეთ აქციები. ოთხი კონტინენტი დავაინტერესეთ – ადამიანები, რომლებიც მანამდე საქართველოს მხოლოდ ინტერნეტით თუ ტელევიზიით იცნობდნენ. ისინი დღეს ჩვენი ინვესტორები და პარტნიორები არიან. თუ ადგილობრივი ბირჟა განვითარდება, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნებისმიერი სტარტაპის, რომელსაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით, თანამონაწილე.

თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ბიზნესი თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმეა. რას გულისხმობთ?

მე დიდ პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ნებისმიერ სფეროში. ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ბიზნესში თუ შინაგანად თავისუფალი არ ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ. ბიზნესს რას ვუწოდებთ, ესეც უნდა დავაკონკრეტოთ, რადგან ხალხს ბიზნესმენი ის ჰგონია, ვინც კომერციულ სტრუქტურაში მუშაობს. ესენი არიან მენეჯერები, რომლებიც აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს და ბიზნესის განუყოფელი ნაწილი არიან. მაგრამ კიდევ არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ რისკს, ხედავენ მომავალს – ამ ადამიანებს ანტრეპრენიორები ჰქვიათ – აი, ამ ხალხზე ვსაუბრობ განსაკუთრებით, თორემ თავისუფლება ყველას სჭირდება. მგონია, რომ დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ ბოლომდე თავისუფლები დღესაც არ ვართ. აბა, რით შეგვიძლია ავხსნათ, მაგალითად, ის ფაქტი, რომ დღეს კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ თავისი სახელი დაარქვან ქვეყანას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 25%- ის ოკუპაცია მოახდინა? ამას ზოგიერთი პოლიტიკოსიც ვერ ამბობს, არათუ ბიზნესმენი. ეს ნიშნავს, რომ არათავისუფალ ხალხთან გვაქვს საქმე.

თქვენ გაქვთ იმის ამბიცია, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის ბიზნესთაობა შექმნათ. ეს, მაგალითად, სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამის გაცხადებული მიზანია…

მეც ვიყავი ჩვეულებრივი სტარტაპი 25 წლის წინ და დღე საც ძალიან ბევრ სტარტაპს ვიწყებ. და ვინმეს არ ეგონოს, რომ როდესაც სტარტაპს ვიწყებ, რამე გამზადებული მაქვს – ან თანხა, ან კაპიტალი. დღეს შეიძლება მეტი გამოცდილება მაქვს და სხვანაირად ვაფასებ რისკებს, მაგრამ შესაძლოა ამ ტიპის გამოცდილება შემაფერხებელი ფაქტორიც იყოს. იმისთვის, რომ პროგრესი არ შეჩერდეს, ახალი სახეები, ახალი ენერგია, ახალი იდეებია საჭირო. ამის გამო შევკრიბეთ ერთად სტარტაპერები და ვუთხარით, დაგეხმარებით, რადგან ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ.

მეორე მხრივ, ამ დახმარებით მათ ცოტათი ხომ არ აზარმაცებთ?

ჩვენ არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი, რომ მათ მაგივრად ვაკეთოთ ბიზნესი – ეს გამორიცხულია. ჩვენ მათ ვეხმარებით იმ კომპონენტებში, რაც მათ იდეას დაიცავს შეცდომებისგან – მაგალითად, კონსულტაციებით, ბუღალტერიის კურსებით, მარკეტინგით. ჩვენ ვუქმნით მათ მატრიცას, სადაც მათ იციან, რომ ეს სერვისები მათთვის უფასოა და შეუძლიათ, გამოიყენონ. მათ იციან, რომ მეგობარი ჰყავთ ჩვენი სახით. მე რომ მყოლოდა ასეთი მრჩეველი თავის დროზე, გაცილებით ნაკლებ შეცდომას დავუშვებდი. სტარტაპების ბუნების მიხედვით, ბევრი განითესება, ცხადია, მაგრამ ვინც დარჩება, მათ ფეხზე დადგომაში დავეხმარებით.

ანაკლიის პროექტს სტარტაპს უწოდებთ. რატომ?

დღეს იქ ჭაობია და მხოლოდ იდეაა. ნულიდან ვიწყებთ. იდეა ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ვერავინ განახორციელა. თუ არ ვიჩქარებთ, შეიძლება ყველა ძირითადმა შესაძლებლობამ გვერდით ჩაგვიაროს. საქართველო დღეს სატრანსპორტო ჩიხია. მიახლოებულადაც კი ვერ ვატარებთ იმ მასშტაბის ტვირთს, რის პოტენციალიც არსებობს. ღრმაწყლოვანი პორტი თუ არ იარსებებს, ჩინური ტვირთებიც სხვაგან წავა. ანაკლია განაცხადია, რომ ჩვენ აქ ვართ და ყველაზე მოკლე გზა ვართ აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად.

კონკურენცია თუ თანამშრომლობა – რა უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესში?

სინერგია იქმნება გაზიარებით. დაფიქრებულხართ, რომ საქართველოში არ არის ფინანსური ცენტრი, სადაც ბიზნესი შეიძლება შეიკრიბოს და ერთმანეთს შეხვდეს? კარჩაკეტილი ცხოვრება მიდის ბიზნესში. უნდა მივეჩვიოთ ერთად მუშაობას. უნდა დავინახოთ, რომ კონკურენცია ერთმანეთთან კი არ გვაქვს, ეს კონკურენცია გარეთ არის და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

თქვენ ამბობთ, რომ ბანკირი არ ხართ. ვინ ხართ?

ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ამ ქვეყანაში კერძო ბიზნესი დაიწყო. მიჭირს ჩაკეტილ სივრცეში, მიჭირს რუტინა. იდეები, ხედვა, სტრატეგია – ეს უფროა ჩემი საქმე: ბანკი უკვე 25 წელია, ბაზარზეა და ძალიან წარმატებულია; ბორჯომი დღეს მულტინაციონალური კომპანიაა; ლისი – ერთ დროს ხრიოკი – დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ბანკირი არ ვარ. ანტრეპრენიორი ვარ. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *