გაითვალისწინეთ ეს სამი გარემოება, ვიდრე სამსახურიდან წამოსვლას გადაწყვეტთ

თუკი სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობთ, ნუ იჩქარებთ - ჯერჯერობით მაინც.

ამ სწრაფი ტემპისა და ცვლილებების ეპოქაში, როდესაც ყველა დანარჩენის ცხოვრება ასეთი სრულყოფილი გეჩვენებათ, ადვილია, აჰყვეთ ცდუნებას და სამსახური მიატოვოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ისევე როგორც საცხოვრებლად ახალ ადგილას გადასვლა და განქორწინება, სამსახურის შეცვლაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მოვლენაა.

ასე რომ, ვიდრე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერთ (მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განცხადების წერა სტრესის შემსუბუქების ძალიან კარგი საშუალებაა), აუცილებლად კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა არ გაკმაყოფილებთ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში. უფრო კარგად ანაზღაურებულ სამსახურს ხომ არ ეძებთ? თუკი ასეა, გახსოვდეთ, რომ არაერთმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელფასის მატება თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს სამსახურით კმაყოფილების კოეფიციენტზე. რეალურად სამსახურის შეცვლამ შესაძლოა კიდევ უფრო ქვევით დასწიოს თქვენი შინაგანი მოტივაცია.

შესაძლოა, თქვენ ამის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდით და ეძებთ სამსახურს, რომელიც კიდევ უამრავ სხვა უპირატესობას გთავაზობთ, რაც დადებით გავლენას იქონიებს სამსახურით კმაყოფილების დონეზე: მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ინტელექტუალურად საინტერესო, პრესტიჟული, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, სოციალური ან გარემო ზეგავლენის ფაქტორი, ადგილმდებარეობა ან უკეთესი უფროსი და მენტორები.

ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორი დადებით გავლენას ახდენს სამსახურით კმაყოფილების განცდაზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი სამსახური ყველაფერს მოიცავდეს. ამიტომ, თუკი თქვენ კარგად არ დაფიქრდებით იმაზე, თუ რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერის ამ ეტაპზე, მაშინ ახალი სამსახური ნაკლებად შეცვლის რაიმეს უკეთესობისაკენ.

ანუ, როგორც კი თქვენ მიხვდებით, თუ კონკრეტულად რა გაკლიათ სამსახურის თვალსაზრისით, შესაძლოა თქვენ ეს დაკარგული დეტალი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იპოვოთ. (კარგად გაითვალისწინეთ: ადვილი შესაძლებელია, სათანადოდ ვერ შეაფასოთ ყველა ის ფაქტორი, რომლებიც თქვენს ამაჟამინდელ სამსახურში გაკმაყოფილებთ. ამიტომ აუცილებლად დაფიქრდით ყველა იმ დადებით ასპექტზე, რომლებიც გსურთ, რომ მომავალშიც გქონდეთ.)

ოცნებობთ სამსახურიდან წამოსვლაზე? სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, გთავაზობთ იმ სამი გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა, თქვენ გაკლიათ და სამსახურიდან წამოსვლაზე გაფიქრებინებთ.

ვიდრე ახალი სამსახურის ძებნას შეუდგებით, გადახედეთ ამ სამ ადგილს, სადაც შესაძლოა, თქვენი უკმაყოფილების მიზეზი იმალებოდეს:

თქვენი პოზიცია

ადამიანები ტოვებენ არა თავიანთ თანამდებობას, არამედ მიდიან თავიანთი უფროსებისაგან. ძალიან უსიამოვნო ფაქტორია, როდესაც ცუდი უფროსი გყავს ან უბრალოდ მასთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებ. მაგრამ, თუკი თქვენ სხვას მისცემთ უფლებას, აკონტროლოს თქვენი ბედნიერება ან უფრო მეტიც, განაგოს თქვენი კარიერული წინსვლა, ეს ნამდვილად იქცევა უკმაყოფილების მიზეზად.

ასე რომ, შეეცადეთ თქვენი უფროსის მიღმა განიხილოთ თქვენი სამსახური. რა მოვალეობებს ასრულებთ, კიდევ ვისთან გიწევთ შეხება სამსახურში? რა გავლენას ახდენს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო თქვენს გუნდზე, კომპანიაზე ან ფართო საზოგადოებაზე? იქნებ თქვენი პოზიცია გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ახალი უნარ-ჩვევები შეიძინოთ, გაიცნოთ ახალი საინტერესო ხალხი ან თქვენი წვლილი შეიტანოთ უფრო დიდი მიზნების განხორციელებაში.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დამსაქმებელს საკმაოდ ძვირი დაუჯდება თქვენი შემცვლელის პოვნა და მისი მომზადება. ასე რომ, დიდია ალბათობა იმის, რომ დამსაქმებელმა დააკმაყოფილოს თქვენი გონივრული და კარგად არგუმენტირებული მოთხოვნები, იქნება ეს თქვენი როლისა და ფუნქციების მორგება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა თუ სხვა მიმართულება, რომლისკენაც თქვენ ისწრაფვით.

ასე რომ, გამორიცხეთ თქვენი უფროსი ამ განტოლებიდან და ცალკე განიხილეთ თქვენი პოზიცია სამსახურში. თუკი თქვენს ამჟამინდელ სამსახურში აღმოაჩენთ იმას, რაც გაკლიათ, მაშინ ახალი სამუშაო ადგილის ძებნაზე დაზოგილ ენერგიას რაიმე ბევრად უფრო სასარგებლოს დაახარჯავთ, იქნება ეს სამსახური თუ რაიმე სხვა საქმიანობა.

თქვენი კომპანია

თუკი თქვენი ამჟამინდელი სამსახურის გულწრფელი და საფუძვლიანი შესწავლა ვერ გამოავლენს იმ დაკარგულ დეტალს, მაშინ უფრო მასშტაბურად შეხედეთ ყველაფერს. შეხედეთ პრობლემას თქვენი თანამდებობისა და გუნდის მიღმა და გააანალიზეთ კომპანია, სადაც მუშაობთ. არის თუ არა კომპანიაში თანამშრომელთა რესურს-ჯგუფები, მოხალისეთა ჩართულობის შესაძლებლობები ან კიდევ სხვა რაიმე შესაძლებლობები, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებზე ვრცელდება. თუკი ამის შესახებ არაფერი იცით, ჰკითხეთ თქვენს მენეჯერს ან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში რომელიმე თქვენს კონტაქტს. იქნებ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობა დაგეხმაროთ იმის პოვნაში, რასაც თქვენ ეძებთ? ან, მოდი, სხვაგვარად დავსვათ შეკითხვა: ამჟამინდელ კომპანიაში მუშაობა უზრუნველყოფს თუ არა თქვენთვის იმ დონის სანდოობას, პრესტიჟს ან წვდომას, რაც თქვენ კარიერული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ?

კომპანიის მიერ შემოთავაზებული ბენეფიტები, იქნება ეს სპეციფიკური თუ უფრო ზოგადი სახის, შესაძლოა დაგეხმაროთ იმ ხარვეზების შევსებაში, რაც გადაგაფიქრებინებთ სამსახურიდან წამოსვლას. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად იქნებით ჩართული კომპანიის საქმიანობაში, კარიერული წინსვლის მით მეტი შანსი გექნებათ.

საზოგადოება

მაინც ვერაფერი აღმოაჩინეთ? მაშინ დაიწყეთ გამოსავლის ძებნა კომპანიის გარეთ – რა სახის კურსებზე, მოხალისეთა პროექტებში, მენტორულ შესაძლებლობებში, სტარტაპებსა თუ ოჯახურ აქტივობებში ჩართვა გსურთ? შემდეგ დაფიქრდით, შესაძლებელია თუ არა, თქვენმა კომპანიამ მხარი დაუჭიროს ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას.

იკითხეთ, ახორციელებს თუ არა თქვენი კომპანია პოლიტიკას, რომლის დროსაც თანამშრომლის მიერ საქველმოქმედო მიზნით გადარიცხული თანხის იმავე ოდენობას კომპანიაც რიცხავს ქველმოქმედებაში, ან როდესაც თანამშრომელი სამოხალისო პროექტებშია ჩართული, მას ჩვეულებრივად უნაზღაურდება თუ არა ეს დრო, ხელფასიდან დაქვითვის გარეშე. გაიგეთ, აფინანსებს თუ არა თქვენი კომპანია სასწავლო კურსებზე დასწრების საფასურს ან ნახევარ განაკვეთზე სამაგისტრო პროგრამით სწავლებას?

ხომ არ აფინანსებს თქვენი კომპანია სტარტაპებს, რაშიც შესაძლოა, თქვენი რჩევაც გამოსადეგი იყოს? იქნებ თქვენს კომპანიაში შესაძლებელია მოქნილი გრაფიკით მუშაობა ან ანაზღაურებული აკადემიური შვებულების აღება, რაც თქვენ მოგცემთ საშუალებას, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად ან თქვენს ჰობის გაჰყვეთ? ან იქნებ თქვენი კომპანიის რეპუტაციის წყალობით თქვენთვის ხსნილია სხვადასხვა სტარტაპსა თუ არაკომერციულ პროექტში მონაწილეობის მიღების გზა?

ყველა სამსახურს აქვს ბევრი ისეთი თვისება, რაც სხვა არსებული ხარვეზების კომპენსირებას ახდენს. ზოგიერთი ეს თვისება სულაც არ არის პირდაპირ კავშირში თავად სამსახურთან, არამედ იმ ბენეფიტების, სანდოობისა და წვდომის სახით არსებობს, რომლებიც თქვენ საშუალებას გაძლევთ, სამსახურს მიღმა აკეთოთ ის, რაც ასე ძალიან გიყვართ.

სამსახურიდან წამოსვლა შესაძლოა იყოს გადამეტებული რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბანალური მიზეზებით, როგორიცაა: სამსახური არც ისეთი კარგია, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, იქნება ეს ხელფასის, ინტელექტუალური დატვირთვის, კარიერული წინსვლის თუ ზოგადად ცხოვრების ხარისხის კუთხით.

თქვენი კარიერა არის მარათონი და არა სპრინტი. ნუ აჩქარდებით, ყურადღებით დააკვირდით თითოეულ თქვენს ნაბიჯს და მოიქეცით ისე, როგორც მარათონის მორბენალი მოიქცეოდა: შეჩერდით იქ, სადაც წყლის დალევაა ნებადართული, გადახედეთ სტადიონზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეძახილებით თქვენს გამხნევებას ცდილობენ და არ გამოგეპაროთ გზაზე ამოსული ველური ყვავილები, რომლებმაც შესაძლოა, ფინიშამდე მისვლის ძალა შეგმატოთ.

კარიერა Forbes Woman Georgia

წინა სტატია

რომელი ქვეყნების ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად 2018 წელს
27 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2018 წლის იანვრის ნომერი
28 დეკემბერი, 2017
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა