საქართველოს დემოგრაფიული წარმატება

საქართველოს დემოგრაფიული წარმატება

მდედრობითი სქესის ახალშობილთა ოცწლიანი დეფიციტის შემდეგ შობადობა კვლავ იბრუნებს გენდერულ ბალანსს საქართველოში.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები ამას წინათ გახდა ხელმისაწვდომი, ამ მონაცემთა ანალიზი კი მოულოდნელ დადებით სიახლეებს გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობისა და გენდერის სპეციალისტთა მთავარი გულისტკივილი გაქრობის პირასაა. მამრობითი სქესის ბავშვთა მოჭარბებული შობადობა გვაქვს მხედველობაში, რაც ქვეყანაში 1990-იანებიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის შემდეგ აღრიცხულ დაბადებათა შორის ბიჭების პროპორციამ მართლაც იწყო თავისი ბიოლოგიური დონის გადაჭარბება: 105 ახალშობილი ბიჭი 100 ახალშობილ გოგონაზე. ე.წ. ახალშობილთა სქესობრივი პროპორცია (SRB) თანდათანობით 1-დან 110-მდე ავიდა და 115-საც კი მიუახლოვდა 21-ე საუკუნის მიჯნაზე, რამაც თითქმის 10%-იანი დეფიციტი შექმნა მდედრობითი სქესის მოსალოდნელ შობადობაში. ასეთი მკვეთრი ნახტომის მიზეზი გავრცელებულ აბორტებს უკავშირდება, კერძოდ, უვაჟო წყვილების მიერ მდედრობითი ჩანასახის განზრახ მოცილებას.     

ამ პრაქტიკამ, რომელსაც გენდერულად მიკერძოებულ სქესობრივ სელექციას უწოდებენ, ჩინეთი და ინდოეთი ქალების მასობრივ დეფიციტამდე მიიყვანა მსოფლიო მასშტაბით. თუმცა, არც სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და სამხრეთ კავკასიისთვის არის ასეთი რამ უცხო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსგავსი აღმასვლა SRB-ში შეინიშნებოდა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. მართალია, ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რამდენიმე საერთო თვისება მაინც აქვთ. ერთ-ერთი – ღრმად ფესვგადგმული რწმენაა, რომ ვაჟი ოჯახისთვის აუცილებელია, ვინაიდან სწორედ ვაჟებს მოაქვთ ღირსება და საგვარეულო ხაზის გამგრძელებლებიც სწორედ ისინი არიან. მამრობითი სქესის შვილები, დაქორწინების შემდეგ, როგორც წესი, მშობლებთან აგრძელებენ ცხოვრებას და, ამდენად, ხნიერ ასაკში მათთვის ეკონომიკური და ემოციური მხარდაჭერის უნიკალურ წყაროს წარმოადგენენ. ამ კულტურულ დინამიკას აბორტსა და თანამედროვე პრენატალურ დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობაც ემატება, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილების გენდერში მათ დაბადებამდე ჩაერიონ. დაბოლოს, ვაჟიშვილებისთვის უპირატესობის მინიჭება, ზოგადად, შობადობის დრამატულმა კლებამაც გაამწვავა, რაც პოსტსაბჭოთა ტრანზიტული პერიოდის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით იყო გამოწვეული: ოჯახებში შთამომავალთა რიცხვი საგრძნობლად მცირდებოდა და, ვაჟის ყოლის მიზნით, გოგონების დისკრიმინაცია დაიწყეს. 

ახალშობილთა სქესობრივმა პროპორციამ პიკს საქართველოში 2000-იანების დასაწყისში მიაღწია. მაგრამ მოსალოდნელიც იყო, რომ წინა ათწლეულში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები, რამაც გავლენა მოახდინა პოლიტიკურ სტრუქტურებსა და ეკონომიკურ პერსპექტივებზე, ამ ტენდენციაზე იმოქმედებდა. ვითარების დეტალური ანალიზი, ბოლო-ბოლო, 2014-ის მოსახლეობის აღწერის მონაცემთა გამოქვეყნების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომლის მოსაპოვებლადაც კვლევა United Nations Population Fund-მა (UNFPA საქართველო) და ადგილობრივმა სტატისტიკურმა სამსახურმა, საქსტატმა ჩაატარეს. ამ ერთობლივი კვლევის შედეგი გახლავთ მონოგრაფია ახალშობილთა სქესობრივ უთანასწორებაზე, რომელიც 2017-ის ნოემბერში გამოქვეყნდა და რომელიც აერთიანებს, ერთი მხრივ, სისტემატურ სტატისტიკურ ანალიზსა და, მეორე მხრივ, თბილისში, ექსპერტებისგან აღებულ ინტერვიუებსა და კახეთში ჩატარებულ თვისებრივ საველე სამუშაოებს.

კვლევა ადასტურებს სიტუაციის ცვლილებას, რომელიც დაახლოებით  2005-ისთვის დაიწყო და ამ პერიოდის შემდეგ მამრობითი სქესის შობადობის სტაბილურ უკუსვლას ჰქონდა ადგილი. SRB პირველად 2009-ში ჩამოვიდა 110-ზე ქვემოთ, ხოლო ბუნებრივ დონეს, საბოლოოდ, 2016 წელს მიაღწია, როცა 105 მამრობით ახალშობილზე 100 მდედრობითი ახალშობილი მოდიოდა. ეს, 1991-ის მერე, პირველი წელია, რაც ნორმალური, ბიოლოგიური SRB დაფიქსირდა. შედეგი იმასაც აჩვენებს, რომ ტენდენციის თავდაპირველ ცვლილებასთან უფრო ურბანული, განათლებული მოსახლეობა იყო ასოცირებული. საპირისპიროდ, ვაჟების შობადობის დონე ასეთივე სიჩქარით არ შემცირებულა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, კერძოდ, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს იმის მტკიცება, რომ სქესობრივად სელექციურ აბორტებს სამუდამოდ დაესვა წერტილი, მაგრამ ტენდენციები ეტაპობრივ გადასვლას მიუთითებს ბიოლოგიური SRB-ის დონეზე. მიუხედავად ამისა, ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება კვლავაც ღრმადაა ფესვგადგმული მოსახლეობაში: მონაცემები აჩვენებს, რომ გაცილებით მაღალი ალბათობაა, უვაჟო ოჯახებმა კიდევ იზრუნონ შვილის გაჩენაზე, ვიდრე მათ, ვისაც უკვე ჰყავთ ვაჟი.

UNFPA-ს მკვლევართა თანახმად, SRB-ის ნორმალიზებას, სავარაუდოდ, 2005-ის შემდგომ დაფიქსირებული შობადობის მაჩვენებლის გამომჯობინება დაეხმარა. ამ ორი ტენდენციის დამთხვევა აშკარაა და მიუთითებს, რომ სულ უფრო ბევრმა წყვილმა, შესაძლოა, გადაწყვიტა, ოჯახის იდეალური კომპოზიციისთვის მიეღწია და, ამისათვის, პრენატალური სელექციის ნაცვლად, მათ მეორე შვილის გაჩენა არჩიეს. მეორე მხრივ, შესაძლებელია ისიც, რომ სოციალურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა შეამცირა ხელოვნური და ემოციურად ხარჯიანი მეთოდებით ვაჟის ყოლის მნიშვნელობა. მართლაც, ამავე პერიოდში, ქართველი ქალები მეტი დამოუკიდებლობისა თუ ავტონომიის მომსწრენი შეიქნენ და ახალი ღირებულებების გავლენაც უფრო ფართოდ მოედო ქართულ საზოგადოებას. ასევე, 2004-ში წამოწყებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რესტრუქტურიზებამ გააძლიერა სოციალური დაცვის სისტემა პენსიებისა და სხვა სიღარიბის საწინააღმდეგო ზომების საშუალებით. ამ ახალმა პოლიტიკამ ნაწილობრივ გაათავისუფლა ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოება იმ როლისგან, რომელიც მისგან ჯანმრთელობასთან, დასაქმებასა და ასაკთან დაკავშირებული რისკებისადმი ერთგვარ სოციოეკონომიკურ ბუფერობას მოითხოვს.  

ამ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საოჯახო სფეროში გენდერული უთანასწორობა, დაბალი შობადობა და ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა კვლავაც პრობლემებად რჩება, განსაკუთრებით კი რურალურ მოსახლეობასა და უმცირესობებში. მაგრამ საქართველოს უნიკალური გამოცდილება დემოგრაფიული გენდერული უფსკრულის ამოვსების თვალსაზრისით, პოტენციურად ბევრ გაკვეთილს შეიცავს იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ათწლეულებია, აზიურ და ევროპულ ქვეყნებს აწუხებთ.   

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *