ფეხბურთი და გენდერული ოფსაიტი

ფეხბურთი რომ მხოლოდ სპორტი არ არის, ამაზე დიდი ხანია, აღარავინ კამათობს. ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელშიც ასევე უზარმაზარი ფული ტრიალებს. ფეხბურთელების ჰონორარები ჰოლივუდის ვარსკვლავებისას უტოლდება და ხშირად ასწრებს კიდეც მას. სხვადასხვა გუნდისა და კლუბის მაისურებს ყველა სპორტულ მაღაზიაში ნახავთ – იაფფასიანი პატენტით დაწყებულს, წამყვანი სპორტული ფირმების მარკით დამთავრებულს. ის ასევე ცხოვრების წესია, სპორტსმენებისთვის განსაკუთრებულად დიდ შრომასთან დაკავშირებული, ხოლო გულშემატკივრისთვის – რიტუალი. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე დიდი სპორტული მოვლენაა, ოლიმპიადაზე დიდიც კი. მას ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, ხოლო 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს რეკორდულად ბევრი – 715 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფეხბურთის ყურება განსაკუთრებული რიტუალია, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად ატარებს. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სხვადასხვა კაფეში იხსნება ფანკლუბები, სადაც კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები იკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უყურებენ მატჩს. ბევრ ადამიანთან ერთად ყურება უფრო მეტად ემოციურს ხდის სანახაობას, გარკვეულწილად ანაზღაურებს სტადიონზე არყოფნის გულდაწყვეტას. განცდების გაზიარება, ერთად ნერვიულობა განსაკუთრებულ მუხტს აჩენს, რომელიც ერთად შეკრებილ საზოგადოებაში თანაბრად ნაწილდება. ბრბოს ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებული ინსტინქტური იმპულსები ასეთ ფანკლუბებში მკვეთრად არის გამოხატული, მიუხედავად ჯგუფის მოცულობის სიმცირისა, ეგზალტირებული გარემო გავლენას ახდენს საერთო განწყობაზე. ასეთ ფანკლუბში ერთხელ ვარ ნამყოფი და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნეიტრალური განწყობით წავედი, რადგან არც ერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობ, იმდენად ყოვლისმომცველი იყო ის ემოცები, რაც იქ ტრიალებდა, მეც ჩამითრია. ეს საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის, რომელიც ყოფითი პრობლემებისგან და საკითხებისგან გწყვეტს. მთლიანად მოცული ხარ ინტერესით და სხვა არაფერზე გეფიქრება. ემოციების ურთიერთგაცვლა გმუხტავს დადებითი განწყობით. თუმცა მინახავს დამარცხებული გუნდის გულშემატკივარიც, რომელიც მთელი გულით განიცდიდა წაგებას. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო, სახტად დავრჩი. ის, რაც არ მესმის ფეხბურთის ქომაგების, არის წაგებით გამოწვეული ძალიან სერიოზული მწუხარება, რომლითაც შეუძლიათ მთელი დარჩენილი საღამო მოიშხამონ და სხვებსაც გადასდონ. ხშირად ხდება ჩხუბი, გაღიზიანებული გულშემატკივრები აზიანებენ ინფრასტრუქტურას და აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან გამარჯვებული გუნდის გულშემატკივრებთან.

არიან ისეთებიც, ვისაც ფეხბურთის ყურება ვიწრო წრეში ურჩევნია, ოღონდ ეს ვიწრო წრეც აუცილებლად ერთი კონკრეტული გუნდის გულშემატკივრებისგან უნდა იყოს შემდგარი. ასეთ ჯგუფში იმათი ყოფნა, ვინც ფეხბურთის ქომაგი არ არის, არასასურველია, განსაკუთრებით – ქალების. ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ასეთი სახის რიტუალი თავისთავად გამორიცხავს შერეულ შეკრებას. ეს შეხვედრები ძირითადად სახლებში იმართება. რადგან ფეხბურთის დროს ჩვენთან ყოველთვის ღამეა და ხშირად გვიანი ღამეც, წინასწარ ხდება მომზადება,მომდევნო დღის საქმეების გადანაწილება და გადადება.

არიან ისეთებიც, ვისთვისაც ფეხბურთს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მისი ყურება მაინც ანიჭებთ სიამოვნებას. ისინიც თუ სადმე იკრიბებიან მეგობრების წრეში, მატჩის მიმდინარეობის დროს, ფონად ტელევიზორში ფეხბურთი უნდა იყოს ჩართული, მუსიკის ან კინოს ჩამნაცვლებლად.

იმის მიზეზი, რომ ფეხბურთის მაყურებლების უმეტესობა მამაკაცები არიან, ალბათ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ბურთით პატარები ერთნაირად ერთობიან, მაგრამ ცოტა წამოზრდილები, უკვე სკოლის ასაკში, ბიჭები ფეხბურთელობაზე ოცნებობენ, გოგონებს კი ეს სურვილი არა აქვთ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა. დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება და ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭები, ფეხბურთის მაყურებლები ხდებიან. განსაკუთრებით ნიჭიერები ოცნების ასრულებასაც ახერხებენ. ის, რომ ბავშვებს თავიდანვე თავისდაუნებურად ან გამიზნულად ახვევენ გენდერულ როლებს, ნათლად ჩანს ცხოვრებისეულ მაგალითებში. როლების განსაზღვრაში წვლილი პირველ რიგში მშობლებს მიუძღვით. ხშირად მოისმენთ, როგორ ეუბნება დედა პატარა გოგოს – რად გინდა ბურთი ან მანქანა, ბიჭი ხომ არ ხარ? რის შემდეგაც ეს ბავშვის მეხსიერებაში ილექება და მუდმივად ახსოვს, რომ ბურთით დაინტერესება მხოლოდ ბიჭების საქმეა. იგივე ხდება ბიჭებთან მიმართებითაც – როგორც კი პატარა გამოიჩენს ინტერესს „ქალური“ სათამაშოს ან თამაშის მიმართ, მაშინვე საყვედურს იღებს. ამიტომაც, ქალებს ბავშვობიდანვე უყალიბდებათ აზრი, რომ ბურთით დაინტერესება მათი საქმე არ არის და ფეხბურთის გულშემატკივრების რიგებში ისინი უმცირესობაში არიან. ხშირად მათ მიმართ გაღიზიანებასაც გამოხატავენ და მეტიჩრობასა და ზედაპირულობაში სდებენ ბრალს. მათ ინტერესს არაგულწრფელად თვლიან. ამ შემთხვევაშიც ჩვენი საზოგადოება საქმიანობის ან ინტერესების „კაცური“ და „ქალური“ დაყოფით ხელმძღვანელობს. ის, რაც მიიჩნევა კაცის საქმედ, ქალს არ შეეფერება და პირიქით. ისეთ მარტივ რამეშიც კი, როგორიც ფეხბურთის გულშემატკივრობაა, ჩანს ეს დამოკიდებულება. ამ პოსტის წერისას, ტექნიკის მაღაზიების ერთ-ერთი ქართული ქსელის რეკლამას გადავაწყდი სოციალურ ქსელში. რეკლამის მთავარი მესიჯი იყო: „პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ქალებს უხარიათ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება“, ამის მიზეზი კი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასდაკლებაა. „ქალისა“ და „კაცის“ საქმეების კლიშეებით ქართული ბიზნესიც წარმატებით ხელმძღვანელობს და სარეკლამო კამპანიებით სტერეოტიპის გამყარებას უწყობს ხელს.

ფეხბურთის ჩემპიონატი მთლიანად ცვლის ქალაქის ცხოვრების რიტმს. თუ სხვა დროს საღამოს გატარების გეგმები გაურკვეველია ხოლმე, ჩემპიონატის მიმდინარეობისას ეს საკითხი არ დგას. გეგმა წინასწარ არის დაწყობილი. იმ საათებში, როდესაც მატჩებია, ის კაფეები და რესტორნები, სადაც დიდ ეკრანზე არ აჩვენებენ ფეხბურთს, ნახევრად ცარიელია, ან მხოლოდ გოგონებით არის შევსებული. იგივე სიტუაციაა ღამის კლუბებშიც: თამაშის დამთავრებამდე ან ცოტა ხალხია, ან მხოლოდ გოგონები.

წელს მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში იმართება. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი 5-ჯერ გახდა და ამ მაჩვენებლით ლიდერობს. ამ ქვეყანაში რომ ფეხბურთის კულტია, ეს ყველამ იცის. ბრაზილიის სიმბოლო კარნავალთან და ქრისტეს ქანდაკებასთან ერთად, ფეხბურთიცაა. თამაშები ჩვენი დროით ღამის 12 და 2 საათზეა. სხვადასხვა ნაკრების ფანკლუბები უკვე ამზადებენ იმ კაფეებს, სადაც ჩემპიონატის განმავლობაში შეკრებებს მოაწყობენ. ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნება მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ეს ადგილები, ლუდის არომატითა და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი მამაკაცებით სავსე. ტოტალიზატორებთან რიგები დადგება, ზოგი სიმბოლური თანხის დადებით თამაშის ყურების აზარტს გაიმძაფრებს, სხვა კი ცხოვრების მარტივად აწყობის იმედით დიდ ფსონს ჩამოვა და, დიდი ალბათობით, წააგებს.

არ ვიცი, რა სიტუაცია იქნებოდა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დონის გუნდი რომ იყოს. თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვდა მატჩი იტალიასთან, სტადიონზე მიმავალი იტალიის მხარდამჭერ მაისურიანი ხალხი რომ შემხვდა. ყოველთვის მიკვირდა ქართველი გულშემატკივრების, რომლებიც სხვა ქვეყნების გუნდებს ისე ქომაგობენ და მათ გამარჯვებასა და დამარცხებას ისე აღიქვამენ, თითქოს მათი ქვეყნის გამარჯვება იყოს. მაგრამ ალბათ ზუსტად ესაა ფეხბურთის დამახასიათებელი თვისება, მას საზღვრები არა აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აერთიანებს თანამოაზრეებს.

წინა სტატია

ბურთის სისტემაში გადასული მსოფლიო
10 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ლუკა პოლარე აღმაშენებელზე
12 ივნისი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა