გასული წელი და 2018 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება იქნებოდა. ამასთან, აქციზის გადასახადის ზრდა ინფლაციის დონის მატებას გამოიწვევდა.

სამწუხაროდ, ლარის კურსის სტაბილურობა და ინფლაცია (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირება) 2017 წლის მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.37-სა და 2.76 შორის მერყეობდა. ინფლაციის დონემ კი 7%-ს მიაღწია, რაც მაღალი მაჩვენებელია.

2017 წელი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით. მთავრობამ 4%-იანი პროგნოზი წლის ბოლოს 4.5%-მდე აამაღლა, თუმცა იანვარ-ოქტომბრის მიხედვით ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა.

იანვრიდან დაწყებულმა ლარიზაციის გეგმამ მთლიან სესხებში ლარში გაცემული სესხების წილი გაზარდა, მაგრამ ფიზიკურ პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიურმა საპროცენტო განაკვეთმაც მოიმატა.

საერთო ჯამში, ეკონომიკური განვითარების მხრივ 2017 წელი 2016 წელზე უკეთესი იყო. გასული წლის მნიშვნელოვანი დადებითი ეკონომიკური მოვლენები გახლდათ: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, მოგების გადასახადის რეფორმის ძალაში შესვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან გამოფორმებული ხელშეკრულება, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა და ოთხი სამინისტროს გაუქმება. 

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია

2017 წლის ნოემბრამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 4% იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაიზარდა და, მაღალი ალბათობით, ფაქტობრივი მაჩვენებელი (რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდება) 4.5%-ზე მეტი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდამ იქონია, რაც, თავის მხრივ, ჩვენს რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ განაპირობა. შიდა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების ზრდა – 2016 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა ყველაზე მეტად შემდეგმა დარგებმა განაპირობა: მშენებლობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა, ტრანსპორტმა და საფინანსო საქმიანობამ. სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა (დამატებული ღირებულება) კი შემცირდა.

ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 6.9% შეადგინა, რაც საწვავსა და სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდამ (დაახლოებით 3% პუნქტით), ლარის კურსის მაღალმა მერყეობამ და 18%-ით გაზრდილმა ფულის მასამ განაპირობა. რომ არა აქციზის გადასახადის ზრდა, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე – 4%-ზე ქვემოთ იქნებოდა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 19.4%-ით, სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. ტრანსპორტის ფასი 15.8%-ით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.5%-ით გაძვირდა. 6.4%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი. საოჯახო ნივთები 4%-ით გაძვირდა. გაიაფდა მხოლოდ ტანსაცმელი და კავშირგაბმულობა 1.3 და 0.9%-ით. 

საგარეო ვაჭრობა

გასული წელი საქართველოს ექსპორტის ზრდის მხრივ კარგი წელი იყო. იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 27%-ით (519 მლნ დოლარით) გაიზარდა, მაშინ როდესაც 2014, 2015 და 2016 წლებში საქართველოს ექსპორტი მცირდებოდა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემდეგი პროდუქტების გატანის ზრდამ განაპირობა: სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და ღვინის. ყველაზე მეტად თხილის ექსპორტი შემცირდა. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და თურქეთში.

იანვარ-ნოემბერში ექსპორტის პარალელურად იმპორტიც გაიზარდა 8.8%-ით (574 მლნ დოლარით). იმპორტის ზრდა ძირითადად შემდეგი პროდუქტების შემოტანის ზრდამ განაპირობა: ნავთობის, ბუნებრივი აირის ხორბლისა და ტექნიკის. იმპორტი ყველაზე მეტად რუსეთიდან, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა.

ჯამში, იმპორტი ექსპორტთან შედარებით 55 მლნ დოლარით მეტად გაიზარდა და, შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმაც 55 მლნ დოლარით იმატა. 

ტურიზმი

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2017 ძალიან კარგი წელი იყო ტურიზმის მხრივ. იანვარ-ნოემბერში საქართველოში 28%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ვიზიტორების (ტურისტებთან ერთად მოიცავს ტრანზიტს და ერთი დღით ჩამოსულ სტუმრებს) რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმის ზრდა სარეკლამო კამპანიის გააქტიურებამ და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ განაპირობა. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან გაიზარდა.

2016 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2017 წლის მონაცემი მარტის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ ცოტა 2.5 მილიარდი დოლარი იქნება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ამ ეტაპზე 2017 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 1.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 3%-ით მეტია.

სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ 442 მლნ დოლარის, ხოლო დსთ-ის ქვეყნებიდან 413 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია (378 მლნ დოლარი) აზერბაიჯანიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის თურქეთი 259 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა (ბრიტანეთი) 175 მლნ დოლარით.

სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის (მათ შორის მილსადენი ტრანსპორტის) სექტორში შემოვიდა – 415 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის მშენებლობა 241 მლნ დოლარით, მესამეზე კი საფინანსო სექტორია 156 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა – 9 მლნ დოლარი. 

ლარის კურსი

წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც, არამარტო ეკონომიკაში, ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ლარის დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი იყო. 2017 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.76 იყო. 5 იანვრიდან გამყარება დაიწყო და 17 აპრილს 2.37 შეადგინა. აგვისტოს ბოლომდე კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა 2.40-თან ახლოს. აგვისტოს ბოლოდან ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და 28 ნოემბერს 2.72-ს მიაღწია, მომდევნო პერიოდში კი გამყარდა.

წლის დასაწყისიდან ლარის გამყარება ძირითადად ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ზრდამ განაპირობა. გაიზარდა ექსპორტიც, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ექსპორტის ზრდა იმპორტის ზრდამ გადაფარა. სექტემბრიდან დაწყებული ლარის გაუფასურება ძირითადად სეზონურმა ფაქტორებმა და უარყოფითმა მოლოდინებმა განაპირობა. ივლის-აგვისტოსთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა შემოდგომაზე მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ტურიზმიდან შემოსავალიც. გაიზარდა იმპორტის მოცულობა და აქედან გამომდინარე, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ამას თან ერთვოდა წინა წლების პრაქტიკით განპირობებული მოსახლეობაში არსებული მოლოდინი, რომ ლარი წლის ბოლოს უფასურდება.

ლარის კურსზე უცხოური ვალუტის ნაკადების გარდა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმას, თუ რამდენი ლარი იქნება მიმოქცევაში. მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით არეგულირებს. წლის დასაწყისში რეფინანსირების სესხის განაკვეთი 6.5% იყო. იანვრიდან მაისამდე ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი თანდათანობით 7%-მდე გაზარდა და დეკემბრის დასაწყისადმე აღარ შეუცვლია. დეკემბერში კი ინფლაციის დონის მატების (რაც, თავის მხრივ, ლარის გაუფასურებითაც იყო გამოწვეული) გამო განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, ლარის მასა (M2) მაინც მილიარდ ლაზე მეტად გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე საჭიროდ არ ჩათვალა პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება, რადგან ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს – აძვირებს სესხებს და ანელებს ეკონომიკური ზრდის ტემპს.

იანვარ-ნოემბერში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 224 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. 

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი

2017 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები წლის განმავლობაში დაგეგმილზე მეტი შემოდიოდა, ამიტომ ნოემბერში პარლამენტმა ბიუჯეტის კანონი შეცვალა. ცვლილების შედეგად შემოსავლები 207 მლნ-ით, ხოლო ხარჯები 305 მლნ ლარით გაიზარდა. ძირითადად გაიზარდა ფინანსური აქტივების შექმნისთვის გამოყოფილი დაფინანსება (250 მლნ ლარით). ჯამში, 2017 წელს არაფინანსური და ფინანსური აქტივების შექმნაზე დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა, როცა 2016 წელს ამ მიმართულებით ხარჯი 1.2 მილიარდი ლარი იყო.

გასული წლის პირველი იანვრიდან გატარებული მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში შესული თანხა 315 მლნ ლარით შემცირდა. ეს მიანიშნებს, რომ დაბეგვრის ახალი წესის შედეგად ბიზნესმა მინიმუმ 315 მლნ ლარის შეღავათი მიიღო.

კვლავ დააკლდა თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი წლის ბოლოს 40 მლნ ლარით გაიზარდა. გამოყოფილ დაფინანსებაზე მეტი დახარჯა იუსტიციის, გარემოს დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.7%-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად 3.4%-მდე შემცირდა. ეს მშპ-ის თავდაპირველ პროგნოზზე მეტად ზრდამ განაპირობა.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 17.3 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა ახალი ვალების აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 11 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 336 მლნ ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. საგარეო ვალს თუ დოლარებში ვნახავთ, 547 მლნ დოლარით არის გაზრდილი. სახელმწიფო ვალის სიდიდემ მშპ-ის მიმართ 46%-ს მიაღწია. 

2018 წლის გამოწვევები

2018 წლის მთავარი გამოწვევა ინფლაციის დონისა და ლარის კურსის მერყეობის სიდიდის შემცირება იქნება. წელს ეროვნული ბანკი მიზნობრივ ინფლაციად 3%-ს ისახავს. მნიშვნელოვანია ინფლაციის დონე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარეშე შემცირდეს და პირიქით, მოვახერხოთ რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირება.

სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2.6 მილიარდი ლარი აქვს გამოყოფილი. ამას ემატება გასულ წელს გაზრდილი ფინანსური აქტივები, რომლებიც რეალურად ისევ კაპიტალური პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაა. ჯამში კაპიტალური ხარჯები 3 მილიარდ ლარამდე იზრდება. ამ თანხის ათვისებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული 2018 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელსაც მთავრობა 4.5%-ის დონეზე პროგნოზირებს.

4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა მაღალი მაჩვენებელი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2017 წელს მეტი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი იქნება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რასაც რეალურად საშემოსავლო გადასახადის ტვირთის 4% პუნქტით ზრდა მოჰყვება. ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხას დაზოგავს სახელმწიფო ოთხი სამინისტროს გაუქმებით. თუ მნიშვნელოვანი თანხები გამოთავისუფლდება და ამასთან, ოპტიმიზაციის პროცესი გაგრძელდება, ეს ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება.

ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ის დონეზეა დაგეგმილი, მთავრობა 1.2 მილიარდი ლარის ახალ ვალს აიღებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 43%-მდე უნდა შემცირდეს. სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალის მშპ-თან ფარდობა ლარის 2.5 კურსზეა დაგეგმილი.

ეკონომიკური განვითარება ლარის კურსი ინფლაცია საგარეო ვაჭრობა ტურიზმი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წინა სტატია

Global Blockchain Business Council Announces BLOCKCHAIN CENTRAL
14 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოს ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა
15 იანვარი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა