პრეზიდენტი ჰუმანიტარული მისიით

2017 წლის ბოლოს ანტალიაში გამართულ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აირჩიეს მმართველ საბჭოში, სადაც მას პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წარმოადგენს.

ქალბატონო ნათია, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი წარმატების შესახებ, გაგვაცანით, რას წარმოადგენს მმართველი საბჭო და რა იქნება თქვენი როლი?

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის მმართველი საბჭოს წევრი, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩვენი ეროვნული საზოგადოებისთვის.

მე და ჩემს გუნდს გვჯეროდა ამ წარმატების, ჩვენ ოთხი წელი ვემზადებოდით ამ მიზნის მისაღწევად. აი, მომდევნო ოთხი წელი კი გვიჩვენებს, რამდენად დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჩვენ მიერ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც გენერალური ასამბლეა გვავალდებულებს. ზემოაღნიშნულ საბჭოს ირჩევს 190 ქვეყნის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენელი ოთხი წლის ვადით და მის შემადგენლობაში შედის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და 20 ქვეყნის ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

ჩემი, როგორც საბჭოს წევრის როლი, უმნიშვნელოვანესია, რადგან მე წარმოვადგენ არა მარტო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს წითელ ჯვარს, არამედ ყველა იმ ეროვნულ საზოგადოებას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და არჩევანი ჩვენზე შეაჩერა.

ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიქნები ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას მისცემს შესაძლებლობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და კიდევ უფრო გააძლიეროს მისი პოზიცია ჰუმანიტარულ სფეროში.

რაც შეეხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე, ეს უდავოდ დიდი წარმატება და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და ქვეყნისათვის, ასევე ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის და ლიდერისთვის.

მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სწორედ ამიტომ უდიდესი კონკურენციის პირობებში ჩვენ შევძელით მმართველ საბჭოში დაგვეკავებინა ადგილი დონორი ეროვნული საზოგადოებების გვერდით, რომლებიც სხვადასხვა ეროვნული საზოგადოების ძირითადი დონორები არიან. ჩვენს უპირატესობად კი მივიჩნევ მიზანდასახულ, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს, ქართული დელეგაციის წევრებს, თითოეულ მოხალისესა თუ თანამშრომელს, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ ეს დიდი წარმატება მოგვიტანა.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, არ არის რთული იმის მიხვედრა, თუ რამდენად მებრძოლი ხასიათი გაქვთ, ერთი შეხედვით, მოღიმარი ნათია ლოლაძის უკან ძლიერი, ამბიციური ქალი დგას. როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერეს არჩევანი თქვენზე, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, რომ კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმართვა და საქმიანი ურთიერთობების დამყარება ჩემი ძლიერი მხარეა. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პირადად მიწევდა კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელ პირებთან და როგორც საკუთარი თავის, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის პოზიციონირება. ყოველთვის მაქვს ჯანსაღი ამბიცია, ვიყოთ ლიდერთა შორის და ახალი გამოწვევების, ტრენდებისა და ინოვაციების ეპიცენტრში.

ვარ ძალიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე კოლეგების მიმართ და სწორებას ყოველთვის მაღალ სტანდარტებზე ვაკეთებ. ამავდროულად მუდამ ვზრუნავ ჩემი და ჩემი გუნდის წევრების პიროვნულ განვითარებაზე, რის გარეშეც წარმოუდგენლად მიმაჩნია იყო ცნობადი, აღიარებული და წარმატებული.

ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც დაგვიჭირეს მხარი, გახლავთ „სანიმუშო ეროვნული საზოგადოების“ სტატუსი, რომელიც 2015 წელს მოგვენიჭა.

საქართველოს წითელი ჯვარი იყო პირველი ეროვნული საზოგადოება, რომელშიც განხორციელდა ორგანიზაციული შესაძლებლობის შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ეფუძნებოდა წინასწარ შემუშავებულ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა სამართლებრივი ბაზა, ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება, ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა და სერვისების განვითარება, ფინანსური გამჭვირვალობა, ანგარიშგება და ა.შ.

მეამაყება, რომ 190 ქვეყანას შორის ჩვენ პირველებმა მივიღეთ „ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასების სერტიფიკატი“ (OCAC).

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო ჯგუფებში. 

როგორია ნათია ლოლაძის მიერ განვლილი გზა წითელ ჯვრამდე ?

 ძირითადად საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ვსწავლობდი მოსკოვში ფრანგულ-ინგლისურ სკოლაში, ამის შემდეგ სწავლა ინგლისში ჯერ Stonar School-ში, ხოლო შემდეგ St.Clare’s, Oxford-ში განვაგრძე. ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში (BSc Economics) University of Essex-ში, ხოლო მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში (MA Management and Leadership) London School of Economics-ში მივიღე. ჩემს სამაგისტრო ნაშრომში „მართვის სტილი წითელ ჯვარში“ დეტალურად არის განხილული, რა მსგავსება და განსხვავებაა არასამეწარმეო და სამეწარმეო ორგანიზაციების მართვის სტილში.

რაც შეეხება საზოგადოებრივ საქმიანობას, პირველ სერიოზულ წარმატებას მეორე კურსზე დაძაბული, თუმცა სწორად წარმართული საარჩევნო კამპანიის შემდეგ მივაღწიე, როდესაც სტუდენტთა ეკონომიკური საბჭოს პრეზიდენტად ამირჩიეს. მომეცა შესაძლებლობა, სათავეში ჩავდგომოდი მრავალრიცხოვან სტუდენტურ ორგანიზაციას და გამომევლინა ლიდერის თვისებები. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქმიანობა კერძო სექტორში დავიწყე და პარალელურად ჩავერთე საზოგადოებრივ საქმიანობებში. კერძოდ, თავდაპირველად ამირჩიეს თბილისის ფილიალის თავმჯდომარედ, ხოლო 2012 წლიდან ვარ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი. 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. რას მოგვიყვებოდით ორგანიზაციის შესახებ, რით ამაყობს გუნდი? 

კი, უდიდესი ისტორია აქვს და მას უამრავი ადამიანი ქმნის. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის იყო და იქნება იქ, სადაც ადამიანებს თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წლიდან მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია ჰუმანიტარულ სფეროში. იგი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ 2017 წლის 15 ივლისის კანონით „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ". ჩვენი ეროვნული საზოგადოება ახორციელებს საქმიანობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენს ეროვნულ საზოგადოებას ჰყავს 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მოხალისე და გვაქვს 38 ფილიალი, 27 საქმიანობათა ცენტრი, 4 მობილური ჯანდაცვის კაბინეტი და მიმდინარე პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.

ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: კატასტროფების მართვა (მზადყოფნა და რეაგირება), ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ორგანიზაციის განვითარება, ჰუმანიტარული ფასეულობების გავრცელება და კომუნიკაცია.

 მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

2015 წლის 13 ივნისს ჩვენს დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა ჩვენი ორგანიზაციისთვის. მე, როგორც ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი, აქტიურად ვიყავი ჩართული სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საქმიანობებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ჩავაბარეთ კიდევ ერთი გამოცდა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას გულისხმობდა, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენისა და წარმოჩენის კარგ საშუალებად იქცა. ცხადი გახდა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ რჩება ყველასთვის ღირსეულ და საიმედო პარტნიორად. 

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ვფიქრობ, მთავარი ყურადღება უნდა დავუთმოთ პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და რესურსების მობილიზებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზაცია. ჩვენი საქმიანობების ძირითადი ნაწილი ხომ მოხალისეობაზე არის დაფუძნებული. მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს მოხალისეთა მოზიდვის, აღიარებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას, მათი უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ჩვენი სამომავლო გეგმები ითვალისწინებს კარგად ფუნქციონირებადი ეროვნული საზოგადოების იმიჯის შენარჩუნებასა და გამოცდილების გაზიარების გზით ძლიერი ევროპული ქვეყნების ეროვნული საზოგადოებების სტანდარტებთან მიახლოებას.

რაც შეეხება ჩემს, როგორც მმართველი საბჭოს წევრის, ხედვას, პრიორიტეტად მივიჩნევ, მომავალში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამჟამად მმართველი საბჭოს შემადგენლობაში სულ სამი ქალია, ხოლო ევროპის ზონის ხუთი არჩეული წევრიდან მე ერთადერთი ქალი ვარ.

დაბოლოს, მინდა გაგიმხილოთ, რომ არ დავზოგავ ძალას და ენერგიას, რათა მომდევნო არჩევნებზე მომეცეს შესაძლებლობა, საკუთარი კანდიდატურა ღირსეულად წარვადგინო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო, არის და იქნება ჩვენი მხარდამჭერი და მომავალი წარმატებების თანამონაწილე. 

წითელი ჯვარი წითელი ნახევარმთვარე ნათია ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

წინა სტატია

2017 წელს ფულადი გზავნილები 228 მილიონი დოლარით გაიზარდა
15 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

ზაფხულის შემდეგ ნავთობი 47 პროცენტით გაძვირდა
16 იანვარი, 2018
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ბიზნესი და პოლიტიკა
კომპანიები | აპრ, 02, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა