პროფესიული განათლების რეფორმის შეფასება

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. კვლევების თანახმად, უმუშევრობა ადრეულ ასაკში ნეგატიურად აისახება როგორც სამომავლო დასაქმების პერპექტივებზე, ასევე შემოსავლებზე. მეტიც, უმუშევარი ახალგაზრდები განიცდიან როგორც სოციალურ გარიყულობას, ასევე მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებას.

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქართველ ახალგაზრდებში (15-25 წლამდე) 30%-ს აჭარბებს, ხოლო იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არც მუშაობენ და არც სწავლობენ, 26%-ია (საქსტატი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ციფრები ბოლომდე არ ასახავს რეალობას, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობაში მომუშავეებს (რომელთა შემოსავალი უმეტესად საარსებო მინიმუმს არ სცდება) სტატისტიკის სამსახური დასაქმებულებად თვლის.

მოიაზრება, რომ პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ახალგაზრდების დასაქმებისაკენ, გამომდინარე იქიდან, რომ, აკადემიურ განათლებასთან შედარებით, მასში მაღალია პრაქტიკული უნარების სწავლების კომპონენტი. ეს კი გარკვეულწილად აკომპენსირებს გამოცდილების ნაკლებობას, რასაც უმეტესად ახალგაზრდები განიცდიან. ასევე, დღემდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ქართული ეკონომიკის არსებული სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა შრომის ბაზარზე, უფრო მეტად შესაბამისობაშია პროფესიულ, ვიდრე აკადემიურ განათლებასთან.

ამ ფონზე, მთავრობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და შეიმუშავა 2013-2020 პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, სადაც ძირითად მიზნად დასახულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის მთავარ გზად კი სოციალური პარტნიორების (მათ შორის უმთავრესად დამსაქმებლების) აქტიური ჩართულობა მოიაზრება როგორც პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტი „რეფორმეტრი“ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს და განხორციელების პროგრესს. პროექტ „რეფორმეტრის“ განხილვის საგანი პროფესიული განათლების რეფორმაც გახდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. პროექტის ფარგლებში, თითოეული რეფორმის შეფასება ექვს თვეში ერთხელ ხდება. პირველ რიგში სამთავრობო გამოკითხვა ტარდება, რომლის საფუძველზეც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა დგინდება. შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნული კვლევის შედეგები, ობიექტურ ინდიკატორებთან ერთად წარედგინება 15-კაციან შემფასებელთა ჯგუფს, რომელიც იკრიბება და აფასებს რეფორმის პროგრესს. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას და ვინც უშუალოდ არ არის ჩართული რეფორმის განხორციელებაში.

პროფესიული განათლების რეფორმა პირველად 2017 წლის ოქტომბერში შეფასდა. სამთავრობო გამოკითხვის შედეგად მივიღეთ, რომ 2013-2017 წლის სამოქმედო გეგმის 80%-ია შესრულებული, რაც სრული, 2020 წლამდე გაწერილი სტრატეგიით დადგენილი გეგმის 50%-ს შეადგენს.

რაც შეეხება შემფასებელთა ჯგუფის წევრების მიერ რეფორმის შეფასებას, მათ 10 მაქსიმალური ქულიდან რეფორმას 5.76 დაუწერეს. შეფასებას წინ უძღოდა დისკუსია, რომლის დროსაც გარკვეული პრობლემატური საკითხები გაჟღერდა.

რეფორმის გამოწვევებიდან უმთავრესად რჩება კერძო სექტორის დაბალი ჩართულობა პროფესიული განათლების სისტემაში. გამოიკვეთა აზრი, რომ კერძო სექტორი ხშირად თვლის, რომ განათლების სისტემაზე ზრუნვა, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, უმთავრესად სახელმწიფოს ვალდებულებაა და თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთვებიან, მხოლოდ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ბიზნესმა დაინახოს, რომ მათ მიერ პროფესიულ განათლებაზე გახარჯული თანხა რეალურად ინვესტიციაა, თუმცა გარკვეული დრო არის საჭირო ამ ინვესტიციიდან ამონაგების მისაღებად. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იგრძნონ საკუთარი მნიშვნელობა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა, მათი ფუნქციები და როლები პროფესიული განათლების სისტემაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.

მეორე ძირითადი საკითხი, რომელიც დისკუსიის დროს გაჟღერდა, იყო პროფესიული განათლების მიმწოდებლების დაფინანსების მექანიზმი. დღეის მდგომარეობით, მოქმედებს ვაუჩერული დაფინანსების მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება „მიბმულია“ სტუდენტზე და, შესაბამისად, რომელ კოლეჯშიც უფრო მეტი სტუდენტია, ის კოლეჯი სახელმწიფოსგან მეტ თანხას იღებს (კერძო კოლეჯებზე ვაუჩერული დაფინანსება არ ვრცელდება). ერთი შეხედვით, ამგვარი დაფინანსების მოდელი ხელს უნდა უწყობდეს კოლეჯებს შორის კონკურენციას და სურვილს, გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი და ამ გზით უფრო მეტი სტუდენტი მიიზიდონ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სტუდენტების რაოდენობა უფრო მეტად გეოგრაფიულ ლოკაციასა ან/და შეთავაზებულ პროფესიებზეა დამოკიდებული, ვიდრე სწავლების ხარისხზე, რის გამოც ვაუჩერულ სისტემას თავისი დანიშნულება ეკარგება, უფრო მეტიც, ის არათანაბარ პირობებში აყენებს კოლეჯებს. განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად იგეგმება შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემოღება. აღნიშნული მოდელი კერძო კოლეჯებზეც გავრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, რა კრიტერიუმებით შეფასდება კოლეჯები.

ფაქტია, რომ პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არის, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები. რეფორმის შეფასება გრძელდება „რეფორმეტრის“ ფარგლებში და განახლებული შედეგები ექვს თვეში ერთხელ განთავსდება პროექტის ვებგვერდზე.

რეფორმები რეფორმეტრი პროფესიული განათლება ISET

წინა სტატია

2017 წლის 20 ყველაზე აქტიური კომპანია მედიაში
21 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

The Economic History of Independent Georgia
22 იანვარი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა