ქართული დემოკრატიის გენერალური რეპეტიცია

საქართველო მორიგი, ამჯერად მუნიციპალური არჩევნებისათვის ემზადება. ამ არჩევნების მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია: საარჩევნო პროცესი, უფრო სწორად კი მისი დემოკრატიულობა და პროცედურების დაცვა განმსაზღვრელი ფაქტორი და ქართული დემოკრატიის გენერალური რეპეტიციაა 27 ივნისს დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ამ არჩევნების შედეგებს და მათ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზეც, რის შესახებ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს.

ჩვენი სტატიის თემა კი პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაში გამოკვეთილი ტენდენციების წარმოჩენაა. ანალიზისათვის გამოვიყენებთ 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის 2013 წლის სექტემბერ-ნოემბრისა და 2014 წლის აპრილის კვლევების შედეგებს. მაშ ასე, რას გვეუბნება სოციოლოგიური კვლევებისა და არჩევნების შედეგები. დავიწყოთ არჩევნებით.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უმთავრეს მახასიათებლად იქცა მოსახლეობის აქტივობის უპრეცედენტოდ დაბალი დონე (ამომრჩეველთა 46%) და ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ბრძოლის არენაზე დარჩენა მოახერხა და შეინარჩუნა პერსპექტივა, უახლოესი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამ არჩევნებზე  „ქართულმა ოცნებამ“ წელს 1,01 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1,18 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახურა. მისი მხარდაჭერის ბაზა დაახლობით 170 ათასი ხმით, ანუ 15%-ით შემცირდა. შედარებისათვის, გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, შესაბამისად, 354 081 ხმა (2013 წელს) და 867 432 ხმა (2012 წელს) მიიღო და 60%-იანი უარყოფითი (500 000-ზე მეტი ხმა) სალდო „მოაგროვა“.

მაგრამ ასეთი კალკულაციის დროს გასათვალისწინებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების“ ცნება. ამ ცნების ქვეშ ახალ დემოკრატიებში იგულისხმება ამომრჩეველთა გარკვეული კატეგორიები, რომლებიც ამა თუ იმ მოტივით ხმას მოქმედ ხელისუფლებას აძლევენ. საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთ კატეგორიებს წარმოადგენდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოქალაქეები (მოტივი: სამსახურთან დაკავშირებით პრობლემების შექმნის შიში, პოტენციალი: 300 000-მდე ხმა ოჯახის წევრების ჩათვლით) და კომპაქტურად განსახლებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (მოტივი: სახელმწიფოსთან დაპირისპირებისა და დაუცველობის შიში, პოტენციალი: 200 000-მდე ხმა).

2012-ში „ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა და ამ პირობებში მან დაახლოებით 1,2 მლნ ხმა მიიღო. 2013-ში „ოცნებამ“ მიიღო დაახლოებით 1 მლნ ხმა, საიდანაც, ჩვენი დაშვებით, მინიმუმ 250 000 ხმა ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოდის. შესაბამისად, ვიღებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მომენტისათვის „ოცნების“ ერთგულ მხარდამჭერთა რაოდენობა 700-750 ათასი იყო, რაც 2012 წელთან შედარებით 400-450 ათასით ნაკლებია, ხოლო კლების მაჩვენებელი ერთ წელიწადში 30%-ს აჭარბებს.

შედარებისათვის, „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური წნეხისა და მისი ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნის პირობებში მხარი დაუჭირა პოლიტიკური კონიუნქტურისგან გათავისუფლებულმა, მხოლოდ იდეურად მოტივირებულმა 350 ათასმა ამომრჩეველმა, რაც იმ მომენტისათვის „ოცნების“ ერთგულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე მხოლოდ 2-ჯერ ნაკლები იყო.

დაკვირვება N1 – „ქართულმა ოცნებამ“ ორ არჩევნებს შორის ერთ წელიწადში რეალური, 30%-იანი ელექტორალური მხარდაჭერა დაკარგა და სანაცვლოდ „შეიძინა“ ბევრად მცირე და არამყარი ელექტორატი ადმინისტრაციული რესურსის სახით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირიქით, დაკარგა ბალასტად ქცეული ადმინისტრაციული რესურსი და შეინარჩუნა მყარი, ერთგული ელექტორატი.

ახლა საინტერესოა, რას გვეუბნებოდა და გვეუბნება სოციოლოგია მოსახლეობის საარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ შარშან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მათში მონაწილეობის მიღების მსურველი 73% იყო, ახლა კი 60%-ია. რეალურად, შარშან არჩევნებზე ამომრჩევლების 46% მივიდა (ცნობისათვის, 2006 და 2010 წლებში, ადგილობრივ არჩევნებზე დასწრებამ, შესაბამისად, 48% და 49% შეადგინა). იკვეთება აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც, შესაძლოა, აპათიას უკავშირდება. აპათიის მაჩვენებლის ზრდაზე დამატებით ორი მონაცემის შედარება მიუთითებს – შარშან იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერდა, 16% იყო, წელს კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და 25%-ს უდრის.

დაკვირვება N2 – მოსახლეობაში აპათია იზრდება. არჩევნებში მონაწილეობის სავარაუდო მსურველთა რიცხვის მნიშვნელოვანი (18%-იანი) შემცირება სიგნალია იმისა, რომ რეალურადაც შესაძლოა დასწრების კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი (30-40%) მივიღოთ.

საინტერესოა, რა ტენდენციები იკვეთება მმართველი პოლიტიკური ძალისადმი დამოკიდებულებაში. ასე მაგალითად, კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – რესპონდენტთა 50%-მა პირველი არჩევანის, ხოლო 6%-მა მეორე არჩევანის სახით „ოცნება“ დაასახელა. ნოემბერში მაჩვენებლები ფანტასტიკურ 61% და 4%-მდე ავიდა. წელს, აპრილში კი ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 42% და 4%-ს შეადგენს. კლება ფრიად თვალსაჩინოა და სექტემბრიდან აპრილამდე 18% შეადგინა.

ძალიან მეტყველია მმართველი პარტიის წამყვანი პოლიტიკური ლიდერების რეიტინგები და მათი საქმიანობის შეფასება. ქართული მედიისა და პოლიტიკოსების ყურადღება მიიქცია რამდენიმე მონაცემმა, კერძოდ: ივანიშვილისა და მარგველაშვილის რეიტინგების ძალიან მკვეთრმა დაცემამ და ალასანიას პოპულარობის ოდნავ მაღალმა მაჩვენებელმა ღარიბაშვილთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნების“ პრაქტიკულად ყველა ლიდერს აქვს რეიტინგის მაჩვენებლის კლება.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია საქმიანობის შეფასების მაჩვენებლები, რაც პოლიტიკური პერსონის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. ამ თვალსაზრისით კი მმართველ კოალიციას, უფრორე კი მის ნოემბერში ფორმირებულ მთავრობას, დასაფიქრებლად აქვს საქმე. თუ ორ შეფასებას („კარგად“ და „ძალიან კარგად“) გავაერთიანებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ღარიბაშვილის საქმიანობას სექტემბერში (მაშინ ჯერ კიდევ შსს მინისტრის) გამოკითხულთა 43% პოზიტიურად აფასებდა, ახლა კი პრემიერის რანგში მისი მაჩვენებელი გასაშუალოებულ 13%-ს არ სცდება. მთავრობის ყველაზე პოპულარული მინისტრის, ირაკლი ალასანიას შემთხვევაშიც ამ მაჩვენებლის შემცირება ნოემბერთან (51%) შედარებით მნიშვნელოვანია და 7 პუნქტს შეადგენს. მთავრობის წევრთა საშუალო მაჩვენებელი კი მხოლოდ 22%-ია.

დაკვირვება N3 – „ქართული ოცნების“ პოპულარობა განუხრელად ეცემა. ნოემბერში იყო მცირე აღმავლობის პერიოდი, რომელიც, სავარაუდოდ, მთავრობის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პოზიტიურმა მოლოდინმა გამოიწვია, მაგრამ ახლა აშკარა დაღმასვლა იკვეთება. შესაძლებელია ვივარაუდოთ ისიც, რომ პარტიებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების 16%-დან 25%-მდე გაზრდა ძირითადად „ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერების გულაცრუებითაა განპირობებული.

ეს რომ მართლაც ასეა, კვლავ კვლევების იმ მონაცემებით დასტურდება, რომლებიც პოლიტიკური სპექტრის სხვა აქტორებს ეხება. დავიწყებთ იმით, რომ შარშან სექტემბერში ელექტორატის 16% არ ემხრობოდა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ჩამოუყალიბებელი („არ ვიცი“) იყო 6% და გამოკითხვის ამ კითხვაზე უარს 4% აცხადებდა. წელს აპრილში კი ეს ციფრები შესაბამისად ასე განაწილდა: 25%, 7% და 4%.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს („ოცნების“ გარდა), მათი მაჩვენებლები ასეთია:

  • ლეიბორისტებს 2013-ის სექტემბერში – 3% , წელს აპრილში – 4%
  • ქრისტიან-დემოკრატებს 2013-ის სექტემბერში – 2%, ხოლო ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ – 4%. მათ წლევანდელ სიმბიოზს კი აპრილში გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაუჭირა მხარი.
  • „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორივე გამოკითხვაში 12%-იანი ნიშნული აჩვენა
  • სხვა პარტიები და მოძრაობები ორივე გამოკითხვაში ჯამში 2%-ს აღწევენ.

მოყვანილი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისადმი სიმპათიები პრაქტიკულად უცვლელია, რაც მე-3 დაკვირვებაში მოცემულ ვარაუდს მეტ მტკიცებულებას მატებს. თუმცა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიმართ ელექტორატის დამოკიდებულებაშიც იკვეთება უაღრესად საინტერესო ტენდენციები.

უპირველეს ყოვლისა, განუხრელად იზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა. ასეთ მოქალაქეთა რაოდენობა შარშანდელი სექტემბრიდან დღემდე 81%-დან (შარშან ივნისში მხოლოდ 75%) 85%-მდეა გაზრდილი. ბუნებრივია, საზოგადოების მოწიფულობის ნიშნული 100%-თან მიახლოებულ ციფრებში უნდა გამოიხატებოდეს, თუმცა წლიური 4%-იანი ზრდა იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება პოლიტიკური ოპოზიციის გაძლიერების, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი გამაჯანსაღებელი ფაქტორის, მომხრეა.

ელექტორატის ასეთი განწყობა, გარკვეული თვალსაზრსით, ნეგატიურად ეხმიანება ბიძინა ივანიშვილისა და მთლიანად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ კონცეფციას, რომლის არსი არსებული პოლიტიკური სპექტრის განადგურება-გასუფთავებას, შემდეგ კოალიციის დაშლასა და შიდა კონკურენციის (რეალურის , ან მითურის) გაღვივებას გულისხმობდა. ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ „ხიბლავს“ ჯიბის ოპოზიციური პარტიებით მანიპულირება და მას რეალური, იდეებისა და განხორციელებული საქმეების კონკურენციაზე დამყარებული პოლიტიკური ცხოვრება სწყურია.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას ქართველი ამომრჩეველი. მთავარ ოპოზიციურ ძალად სექტემბერში ელექტორატის 42%-ს ნაციონალური მოძრაობა მიაჩნდა – ახლა მათი რიცხვი 51%-მდეა გაზრდილი. საყურადღებოა, რომ ამ პარტიის ავტორიტეტის (და ეს ციფრები არა რეიტინგს, არამედ სწორედ ავტორიტეტს აჩვენებს) ზრდა დაემთხვა მის წინააღმდეგ წარმოებული მაკომპრომეტირებელი კამპანიის პიკს. ამ კამპანიის ნაწილი იყო : ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ამოწევასთან დაკავშირებული ქმედებები, მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და მასზე ზემოქმედების მცდელობა, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება და სხვ.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდისტულმა აქციებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტების ნაცვლად გააძლიერა და მას მოსახლეობის უმეტეს ნაწილში ავტორიტეტი დაუბრუნა, რომელიც – ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში – ძალიან სწრაფად შეიძლება გადაიდნოს ელექტორალურ მხარდაჭერაშიც.

დაკვირვება N4 – მოსახლეობას სურს არსებულ ხელისუფლებას ძლიერი ოპონენტი დაუპირისპირდეს. „ქართული ოცნების“ დასუსტებით მის ოპონენტებს ჯერ პირდაპირი სარგებელი არ მიუღიათ, თუმცა იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მოსახლეობის სიმპათიის (თუ ნოსტალგიის) ზრდის მკაფიო ტენდენცია.

ამავე ტენდენციებს მიანიშნებს კონკრეტული ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მოლოდინების მკვეთრი ცვლილება ნოემბრიდან დღემდე. კერძოდ, შარშან „ოცნების“ მიმართ ყველაზე მაღალი მოლოდინები უკავშირდებოდა ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა (70%), განათლება (68%) და ჯანდაცვა (68%). ამავე საკითხებში „ნაცმოძრაობაზე“ იმედს ამყარებდა, შესაბამისად, 5%, 6% და 5%. წელს კი „ოცნების“ იმედად, შესაბამისად, 56%, 53% და 52%-ია, ხოლო „ნაციონალებს“ უკვე 9%, 11% და 10% ენდობა. იგივე სურათია სხვა სფეროებშიც: „ოცნებისადმი“ ნდობის 20-25%-იანი შემცირება „ნაცმოძრაობისადმი“ ნდობის 80%-100%-იანი ზრდა, რაც სულ ხუთიოდე თვეში დაფიქსირდა.

დასკვნის სახით. ოთხივე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული ტენდენციებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის დუნე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მუნიციპალური არჩევნების შედეგად პოლიტიკური ველის ფრიად საინტერესო კონფიგურაციას მივიღებთ, რომლის მთავარი, განმსაზღვრელი ფაქტორები იქნება: უფრო დასუსტებული „ქართული ოცნება“, უფრო გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობა და იმავე სიბრტყეში დარჩენილი არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც, ადგილობრივი არჩევნების თავისებურებებიდან გამომდინარე, გარკვეულ ლოკალურ წარმატებებს მოიპოვებს.

„ქართული ოცნება“ დგას პრობლემის წინაშე, რომლის გადალახვა მისთვის სასიცოცხლო ამოცანაა – მას თანდათანობით უმტკიცდება არაეფექტური, იაფფასიანი პოპულიზმის ტალღაზე მოსული პოლიტიკური კვაზიგაერთიანების იმიჯი. ამ ამოცანის გადაუჭრელობის შემთხვევაში მისი ავტორიტეტი და თვით კოალიციის ფორმით არსებობა ფრიად პრობლემური იქნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“„სასიკვდილო მარყუჟიდან“ გამოსვლა მოახერხა და ავტორიტეტის აღდგენა-გამყარებისკენ პირველი ნაბიჯებიც გადადგა. ახლა მხოლოდ მის ლიდერებზეა დამოკიდებული ამ თრენდის შენარჩუნება და გამყარება.

წინ საინტერესო ზაფხული გველის!

წინა სტატია

"პაშა ბანკი საქართველოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ შაჰინ მამედოვი დაინიშნა
12 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ნომერი ერთი, რომელიც ყოველთვის მეტად ცდილობს
17 ივნისი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა