ვლადიმირ პუტინი მეორე ადოლფ ჰიტლერია?

როგორც ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf-იდან („ჩემი ბრძოლა“) ირკვევა, ჰიტლერის მიზანი ყველა გერმანულენოვანი და გერმანული კულტურის მქონე ხალხების ერთ სახელმწიფოში, რაიხში გაერთიანება იყო – თუ მოხერხდებოდა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით და თუ არა, მაშინ ცეცხლითა და მახვილით.

ამის განსახორციელებლად ჰიტლერს გვერდი უნდა აეარა „ვერსალის  ხელშეკრულებისთვის“, რომელსაც გერმანიამ 1914 -1918 წლების პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდგომ მოაწერა ხელი. პირველად ის მარშით შევიდა რაინლანდში, რომელიც დემილიტარიზებული იყო ვერსალის ხელშეკრულების თანახმად და იქ რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და სატანკო დივიზიები განალაგა. მოკავშირეებმა – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა – ამასთან დაკავშირებით არანაირი ზომები არ მიიღეს.

ამის შემდეგ ჰიტლერმა ჯარები გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ავსტრიაში შეიყვანა და მისი ანექსია მოახდინა, რაც Anschluss-ის სახელით იყო ცნობილი. რამდენადაც ავსტრიელები თავიანთი იმპერიის გარეშე დარჩნენ, ისინი მძლავრ რაიხში სიხარულით შევიდნენ. ამჯერადაც მოკავშირეებმა უმოქმედობა ამჯობინეს.

ჰიტლერის შემდეგი დანიშნულების ადგილი გახდა სუდეტენლანდი ანუ ჩეხეთის მთიანი რეგიონი, რომელიც გერამანულენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. აქ მცხოვრებნი ძალდატანებით, მათი ნების წინააღმდეგ, ახლადშექმნილ სახელმწიფოში შეიყვანეს. მოკავშირეებმა ჰიტლერის მიერ ახალი მიწების მიტაცებას ხელი კვლავ არ შეუშალეს, რადგან არ სურდათ 1938 წლის სექტემბერში, მიუნხენის სამიტზე მიღწეული შეთანხმების დარღვევა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, ამტკიცებდა, რომ ამ ქმედებით ჰიტლერი, უბრალოდ, სუდეტენლანდელი გერმანელების უფლებებს იცავდა, რომლებსაც რაიხში შესვლის სურვილი ჰქონდათ.

ჩემბერლენის პოზიციის მცდარობა და ჰიტლერის ტყუილი რამდენიმე თვის შემდეგ გახდა აშკარა. სუდეტენლანდის ანექსიის შედეგად ჩეხეთის საზღვარი დაუცველი დარჩა და 1939 წლის მარტში ჰიტლერი ქვეყანაში შეიჭრა. ჩეხებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს გერმანიის ჯარს და ქვეყნის მთელი ტერიტორია ისე აღმოჩნდა ჰიტლერის ხელში, რომ ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა.

ამჯერად მოკავშირეებმა განგაში ატეხეს და პოლონეთთან თავდაცვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. მაგრამ ჰიტლერს პოლონელების მიმართაც პრეტენზიები ჰქონდა, განსაკუთრებით, გერმანულენოვანი მოსახლეობის მქონე საპორტო ქალაქ დანციგთან, დღევანდელ გდანსკთან, დაკავშირებით. როდესაც 1939 წლის სექტემბერში ჰიტლერი მას თავს დაესხა, მოკავშირეები გერმანულ არმიას უხალისოდ შეებრძოლნენ.

 მათ ჰიტლერი დასაწყისშივე რომ შეეჩერებინათ, როდესაც რაინლანდის შეიარაღებას ახორციელებდა, ის უეჭველად დამარცხდებოდა და მეორე მსოფლიო ომი არ გაჩაღდებოდა. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე მიუთითებდა, იყო უინსტონ ჩერჩილი, აქედან გამომდინარე, მისი ხმა იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

დღევანდელ რუსეთთან ომის მიმართულებით დრეიფი წარსულში მომხდარ მოვლენებს ძალიან ჰგავს. პუტინი რუსი ნაციონალისტია, რომლის მიზანია 1989 წლის მდგომარეობაში დაბრუნება, როდესაც საბჭოთა სახელმწიფო უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და გიგანტური იმპერია ნაწილებად იშლებოდა. ის ცდილობს შეაბრუნოს მოვლენები და ამას რუსეთის სტალინისტური მემკვიდრეობის ნარჩენების გამოყენებით ცდილობს: სამხედრო ძალით, ბირთვული იარაღის, ბუნებრივი აირისა და სხვა სახის ენერგიის უზარმაზარი მარაგების ხარჯზე, რაც ძლევამოსილი იარაღია იმისათვის, რომ დაიპყროს მთელი რიგი სუსტი სახელმწიფოები, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდნენ. მათგან არც ერთს არა აქვს ბირთვული იარაღი და მათი უმეტესობა დამოკიდებულია რუსეთის მიერ მიწოდებულ (შედარებით) იაფ ენერგიაზე. ყველა ასეთ ქვეყანას ჰყავს რუსული წარმოშობის ეთნიკური უმცირესობის ჯგუფები, რომლებიც ლაპარაკობენ რუსულ ენაზე, ამაყობენ, რომ წარმოშობით დიად რუსულ კულტურას მიეკუთვნებიან და აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ქცეულან. პუტინს შეუძლია დაეყრდნოს ამ უმცირესობებს იმისათვის, რომ რუსული ინტერვენცია გაამართლოს და ამის გაკეთება ყოველთვის შეუძლია, როცა კი მოისურვებს, განსაკუთრებით ეს საგულისხმოა ბალტიის ქვეყნებთან – ესტონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან – მიმართებით. ყირიმის წარმატებით ანექსიამ მას დიდი გამბედაობა შესძინა მის მიერ დასახული შემდგომი გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად და, ცხადია, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც კი მის ძალებშია, სამხედროს ძალის ჩათვლით, დაკარგული იმპერიის აღსადგენად.

მიუნხენის აჩრდილები

როგორ შეიძლება პუტინის შეჩერება? დასავლეთს სათავეში ჩემბერლენის თანამედროვე ეკვივალენტები უდგანან : საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პოლიტიკური არარაობაა – ასე საკუთარმა თანამემამულეებმა მონათლეს; როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, ისე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კატეგორიულად გამორიცხეს ძალის გამოყენება იმისათვის, რომ შეეჩერებინათ პუტინი და მისთვის უკრაინის ანექსიის საშუალება არ მიეცათ; მაგრამ ყველაზე უარესი მათ შორის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალა პუტინის შესაჩერებლად და ამისათვის არაფერს აკეთებს. მასთან შედარებით ნევილ ჩემბერლენი აგრესიულ აქტივისტად გამოიყურება.

ფიქლის ნავთობის ბუმის წყალობით, აშშ-ს საშუალება აქვს დააკმაყოფილოს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოთხოვნილება ენერგორესურსებზე. მას შეუძლია შეიყვანოს ჯარები და თვითმფრინავები უკრაინაში 24 საათის განმავლობაში, ხოლო მის ფლოტილიას ისე შეუძლია დაიცვას ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომ პუტინი ხმასაც ვერ ამოიღებს. მიუხედავად ამისა, ობამა გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს. რა აწუხებს ამ ადამიანს? ეს სიმხდალე ხომ არ არის? ან გაუბედაობა? ან კიდევ, იქნებ, ხელმძღვანელებისთვის დამახასიათებელი თავისებური დამბლაა? ცხადია, აშშ-ის პრეზიდენტის თავს რაღაც ფუნდამენტურად არასწორი ხდება. ამასობაში პუტინი, რომელიც სათავეში უდგას არსებითად მეორეხარისხოვან ქვეყანას, ისე იქცევა, თითქოს დედამიწის მბრძანებელი ყოფილიყოს.

სამწუხაროა, მაგრამ ამჯერად არ არის ჩერჩილის ხმა, რომელიც განგაშს ატეხდა და დემოკრატიულ სამყაროს ქმედებისკენ მოუწოდებდა.

წინა სტატია

ფსონი მილიარდერებზე და არა ბუშტებზე
19 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

მწვანე მონსტრი
23 ივნისი, 2014
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა